 | ავტორი: ზეუსი ჟანრი: პროზა 3 აპრილი, 2012 |
-ცხოვრება გაფუჭებულ ტელეფონის ყურმილს გავს, შენ ჩასძახი ის კი მაინც თავის ნებაზე ზუზუნებს.-ხმამაღლა როხროხებს ბიძია ჯორჯი, ტაფაზე ერბო კვერცხს ურევს და მსუნაგი თვალებით უყურებს მოშიშხინე მასას.-მომაწოდე მარილი ჰარი, ისეთ გემრიელ საჭმელს გავაკეთებ კეტრინს არც დაესიზმრება. -ცხოვრება გაფუჭებულ ტელეფონის ყურმილს გავს.. იმეორებს ისევ და ისევ. უყვარს საკუთარი გამოგონილი ფრაზების გამეორება. ხანდახან კვირეები გრძელდება ასე, შემდეგ რაიმე ახალს მოიფიქრებს ხოლმე. უკვე სამი თვეა ბიძაჩემთან ვცხოვრობ. მან გაიღო ჩემი უნივერსიტეტში სწავლის ხარჯებიც. ვცხოვრობთ ასე ჩვენ სამნი: მე, ბიძაჩემი და ბიცოლაჩემი, მყუდრო, სამოთახიან ბინაში. ბიცოლა კეტრინი ყოველ დილით, ძალიან ადრე გადის სახლიდან და გვიან ბრუნდება, ხანდახან თუ ასწრებს საჭმელს გვიტოვებს, თუ არადა მზარეულობის მოვალეობის შესრულება ბიძია ჯორჯს უწევს. ბიცოლა კეტრინი კი ამ დროს ერთ-ერთი საკმაოდ გავლენიანი პირის დავრდომილ დედას უვლის,ანაზღაურებაც საკმაოდ მაღალი აქვს, ყოველ შემთხევევაში ბიძია ჯორჯი ბედს ნამდვილად არ უჩივის. მთელი დღე სახლში ზის ან მეზობლებთან დომინოსა თუ ბანქოს თამაშით იქცევს თავს. რა ქნას, ამ ქვეყანაში მისი სამუშაო არაა. სულ იკურთხება მთავრობის მიმართ ამის გამო,მაგრამ მგონი დიდად არც ნაღვლობს,უბრალოდ შეეჩვია ტელევიზორში ვინმე ბობოლას გამოჩენის დროს, მისთვის მკვდრისა და ცოცხალის ამოტრიალებას. მე კი ყოველ დილით, კვირის გარდა, უნივერსიტეტში დავდივარ. ნელ-ნელა შევეგუე სწავლის პროცესს,თანაკურსელებს,თუმცა ამის შესახებ მოყოლას ახლა ნამდვილად არ ვაპირებ. -ჰარი ფეხბურთზე წამოხვალ?-მეკითხება ბიძია ჯორჯი და ისე, რომ პასუხსაც არ მაცლის,იმაში დარწმუნებული, რომ მინდა წასვლა ორ პრიალა ბილეთს მაჩვენებს.-დღეს ჩარლი ტეილორს მოვუგე დომინოში-ეშმაკურად ხითხითებს-აბა მაგ არიფს რა ეგონა? წამოდი ჰარი,ამბობენ ახალი მოთამაშე ყავთო ჩვენებს,ვნახოთ ერთი საქმეში რა ბიჭიცაა. -ბიძია ჯორჯ სამეცადინო რომ მაქვს? -ეგ არაფერი,კეტრინთან მე დაგიცავ-იცინის და ხელს მხვევს და მეც კმაყოფილი და ბედნიერი მაგრად ვეკვრი ბიძია ჯორჯს. რა ვქნა, ძალიან მიყვარს ფეხბურთი, უსაზღვროდ. სტადიონზე თამაშის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე კი მივედით, მაგრამ უზარმაზარ რიგში დგომას თავი მაინც ვერ ავარიდეთ. მოყაყანე, ანერვიულებულ ხალხის ბრბოში ბიძია ჯორჯი თავისი გაბარიტების მიუხედავად სწრაფად მიიკვლევს გზას და თან გაყვირის: -გამეცალეთ, ვერ ხედავთ ბავშვიანი ვარ, იწამეთ ღმერთი თქვე უღმერთოებო-და მერე რა, რომ ხანდახან ჩემზე უმცროსი ბიჭების ნაკადსაც კი მიარღვევს. მაგრად ვყავარ ცალი ხელით ჩაბღუჯული, მეორე ხელით ხალხის მასას გვერდებზე წევს და ასე მიიწევს შესასვლელისკენ. ბიძია ჯორჯი და მე ტრიბუნებზე ჩვენ-ჩვენ ადგილებს ვიკავებთ. უკვე ნაყიდი გვაქვს ბატიბუტი და ოთხი უზარმაზარი პარკი მზესუმზირა. გემრიელად ვაკნატუნებთ და გუნდების მოედანზე გამოსვლას ველოდებით. ბიძია ჯორჯი ხანდახან გვერდით მჯდომ, მელოტ, ჩია კაცს გადაულაპარაკებს ხოლმე, გულმოდგინედ არჩევენ მომავალი მატჩის პერიპეტიებს, ორივენი თანხმდებიან რომ: -5:0-ს მოვიგებთ-უკვე სკამზე ცმუტავს ბიძია ჯორჯი-სად არინ ამდენ ხანს, დაიწყონ თუ იწყებენ. -უნდა მოვიგოთ ბატონო ჯორჯ-კვერს უკრავს ჩია, მელოტიც და ამ დროს მატჩიც იწყება. სტუმრებმა უკვე მე-5 წუთზევე გაგვიტანეს. ბიძია ჯორჯი იხტიბარს არ იტეხს, მაინც მოვიგებთო იძახის. ტაიმის ბოლოს ანგარიში...0:2 ხდება. შესვენებაზე ბიძია ჯორჯი მზესუმზირის საყიდლად მაგზავნის. მეორე ტაიმის დაწყებისთანავე დიქტორი აცხადებს: -მოედანზე შემოდის ჩვენი გუნდის ახალწვეული სემი სტოუკი, გთხოვთ მივესალმოთ. ტრიბუნებზე მყისიერად იგრიალა ტაშმა, რომელიც მალევე ბილწმა გინებამ და ყვირილმა შეცვალა. -ნახე ჰარი, ეს ვინაა? ამ ნაბიჭვარზე მაკვრევინებენ ტაშს?- ღრიალებს ბიძია ჯორჯი, მე კი მოედნის ცენტრში გაშეშებულ ადამიანს ვადევნებ თვალს, მაღალი, ათლეტური აღნაგობის ახალგაზრდას, შავი კანი მზეზე ულაპლაპებს თითქოს, „აი ვინ ყოფილა სემი სტოუკი“-გულში ვფიქრობ. -ჩვენს გუნდში არაფერი გესაქმება ზანგო-გადარეული ყვირის ბრბო ტრიბუნებიდან, სემი კი თავდახრილი,თითქოს არაფერი ესმისო, მხოლოდ ბურთს უყურებს. სემი სტოუკმა ჩემი გული ბურთთან პირველივე შეხებისთანავე მოიგო. ლამაზად , ტექნიკურად ცდება მეტოქეებს, თავბრუდამხვევი ფინტებით აბრუებს მათ და შესანიშნავ პასებს არიგებს, სულ სხვა დონეა,უმაღლესი. შესამჩნევია, რომ თანაგუნდელები დიდად არ წყალობენ, პასს არ აწვდიან,მაგრამ სემი არ ეპუება, იბრძვის,თავისით მოიპოვებს ბურთს და უტევს. მეორე ტაიმის შუაწელს სტოუკიმ შესანიშნავი დრიბლინგით წაიღო ბურთი,საჯარიმოს მიუახლოვდა და უზუსტესი დარტყმით ჩასვა მეკარისგან მარცხენა „ცხრიანში“. ტრიბუნებზე აქა-იქ,კანტიკუნტად გაისმის ტაში. მე ბიძია ჯორჯს აღტაცებული ვკიდებ ხელს ხელზე და ვყვირი: -ნახე რა მაგარია, ხომ მაგარი გოლი შეაგდო ბიძია ჯორჯ? -არის რა-მპასუხობს ის. მოედანზე კი მოვლენები ელვის უსწრაფესად იცვლება, მეტოქე გუნდის ფეხბურთელები სტოუკიზე ნადირობას იწყებენ:მუჯლუგუნი,წიხლი,გინება და თუმცა მსაჯის სასტვენი ამ ყველაფერზე დუმს, სემი მაინც ბოლომდე,თავდაუზოგავად იბრძვის. და დგება ამ ყველაფრის კულმინაციაც. სემი ორ მეტოქეს შორის ძვრება, შედის საჯარიმო მოედანში,ბურთს ისწორებს დასარტყმელად და უკნიდან უხეშად ცელავენ,ერთ-ერთი მეტოქე კი გაშლილი ფეხებით წვივზე ახტება. მთელ სტადიონზე გაისმის ადამიანის განწირული ყვირილი, ტკივილისაგან სასოწარკვეთილი სემი სტოუკი ბალახზე იგრიხება,წამოდგომას ვერ ახერხებს,მაგრამ მსაჯის სასტვენი აქაც დუმს. მე უკვე თამაშს აღარ ვუყურებ, ბალახზე უღონოდ გაწოლილ სტოუკის ვადევნებ თვალს, როგორ ცდილობს მეტოქსი მეკარე მისი მოედნიდან გადათრევას,თანდათან აღშფოთებული ტრიბუნები გუგუნს იწყებენ: -გადადი ბინძურო ზანგო მოედნიდან, შენი მატყუარა დედაც!-ბღავის ხალხი და მათ შორის ბიძაჩემიც. სემი სტოუკი საბოლოოდ საკაცით გაიტანეს მოედნიდან, როგორც მოგვიანებით გაირკვა მას ფეხი ორ ადგილზე ქონდა გადატეხილი. მალე თამაშიც მთავრდება. 1:2 წავაგეთ. ხალხი უცებ იშლება და ტოვებს სანაგვედ ქცეულ სტადიონს,რას არ ნახავთ აქ: გაზეთების ნახევები, მზესუმზირის პარკები და ნაფცქვენები... -ხომ ვამბობდი წააგებენთქო-აღელვებული უხსნის ბიძია ჯორჯი ჩია მელოტს-ეს ზანგი რაღა იყო? ვინ მოიყვანა? ჩვენს ქალაქში ზანგებს არაფერი ესაქმებათ. მე აღარ მოგიყვებით თუ როგორ ვერ იტანენ ჩვენს ქალაქში შავკანიანებს... (გაგრძელება იქნება)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. კარგად მიდის, კარგი თხრობაა. კარგად მიდის, კარგი თხრობაა.
5. ვაა, დავიბენი ზეუს, სულის მიყიდვ Aღ შEDGA, საინტერესოა რა მოხდება სემდეგსი:) ვაა, დავიბენი ზეუს, სულის მიყიდვ Aღ შEDGA, საინტერესოა რა მოხდება სემდეგსი:)
4. მშვენიერია !
ფეხბურთიც კარგი იყო,
ბატიბუტი, რომ დაწერე და არა პრო..... ო , კარგი ხარ!
"მე აღარ მოგიყვებით თუ როგორ ვერ იტანენ ჩვენს ქალაქში შავკანიანებს..." ძალიანაც კარგს იზამ თუ მართლა არ მოგვიყვები .
ბიძია ჯორჯიზე მოგვიყევი1!!
მშვენიერია !
ფეხბურთიც კარგი იყო,
ბატიბუტი, რომ დაწერე და არა პრო..... ო , კარგი ხარ!
"მე აღარ მოგიყვებით თუ როგორ ვერ იტანენ ჩვენს ქალაქში შავკანიანებს..." ძალიანაც კარგს იზამ თუ მართლა არ მოგვიყვები .
ბიძია ჯორჯიზე მოგვიყევი1!!
3. კარგად ჩანს, გამოკვეთილად, ბიძია ჯონის ხასიათი... დაველოდები გაგრძელებას...5 კარგად ჩანს, გამოკვეთილად, ბიძია ჯონის ხასიათი... დაველოდები გაგრძელებას...5
2. მეც ველოდები მოვლენათა განვითარებას.. მეც ველოდები მოვლენათა განვითარებას..
1. თეთრ ქალაქში შავკანიანებს რომ ვერ იტანენ, მაგას მართლა ნუ მოგვიყვები და გაგრძელებას დაველოდები ისევ:) მაგ ქალაქში ნამყოფი ხომ არ ვარ ნეტა? :) თეთრ ქალაქში შავკანიანებს რომ ვერ იტანენ, მაგას მართლა ნუ მოგვიყვები და გაგრძელებას დაველოდები ისევ:) მაგ ქალაქში ნამყოფი ხომ არ ვარ ნეტა? :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|