ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნათია პაპიძე
ჟანრი: პოეზია
6 აპრილი, 2012


  ჩამოტვირთვა

== მე ვარ... ==

მე ვარ ბალახი,
ქვის ფილაქანის
ბზარებს შუა  ამოსული
გაზაფხულისას–
მოულოდნელი,
უადგილო.

უპატივო,
მოუხეშავი
გლეხის ხელებით
მოსაკვეთი და გასასხლავი-
ტოტი ვარ ხისა.

უსივრცობა და უჰაერობა
არის ჩემი ცა –
დასატუქსი და გასალახი
ანცი ბავშვივით ატუზული
გასასვლელ კართან–
გასაქცევად რომ გამზადებულა.

მყინვარის კალთას მოწყვეტილი
ყინულის ბლაგვი ნაჭერი ვარ–
წყლის დინებებით ჩამონატანი,
ხის ბურჯებს შორის
გაჩხერილი–
ვერც რომ დნება და
არც წყალს ატარებს.

ბოლომოჭმული,
დაჟანგებული ლიანდაგი ვარ–
ნიშანი იმის – იყო გზა ...იყო...
და... აღარ არის.
* * *
მთელავენ ბალახს.
მწვანე ნაღველი  წვენად დამიდის .
სხვათა სიმძიმის ნაბიჯები
დამკერებია  დასტურად იმის,
რომ ვარსებობდი
უტყუარი ვერარსებობით.
და ჰორიზონტში ჩატანებული
კარის ღრიჭოდან
გასაქცევად გამზადებული
ჩემი ლურჯი ცა
იწრიტება სამყაროს იქით,
სხვა სამყაროში.

მე ვარ ბალახი.
უგემური;
ღეროურძეო;
ღერონაშალი.
ჩემს სუსტ სხეულზე
ფერით– უმზეო:
ჭიამაია დადის,
ფრთაშავობს
და...
ასაფრენად ემზადება.

დღეის ცხოვრებით
დავიწყებული,
ზურმუხტნაღველა –
მე ვარ... ბალახი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები