ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
27 აპრილი, 2012


სიბერემ მითხრა - გავივლი...

შენ + ის - მთელ დაფაზე,
ნაბიჯის უშნოდ არევა.
რა სასაცილოდ აფასებ,
წლებს რომ უყურებ გარედან...
როცა გჯეროდა სიტყვების,
როცა ეჭვები არ გღრღნიდა.
რამდენ სიხარულს იტევდი,
როცა იყავი ლაღი და...
არც მიწა გეცვა ქალამნად,
არც თავს გეხურა ქუდად ცა.
ბაგესთან კბილთა გალავანს
აღმართავ, წყრომა თუ დასცდა...
ყოველ გაზაფხულს ელოდი,
ყურზე ალუბლის კუნწულებს.
ნატვრას არ უხმობ - შემოდი!
სიბერე მიგაძუნძულებს...
არ სხვანაირობს ბედი და
აღარც სასწაულს მოელი.
სხვა ფერი გადასდებიათ
შენი ბავშვობის მოედნებს.
სარკისუკანა სამყარო
აღარ გიამბობს გრძნეულზე.
გინდა ცა შეაჭანჭყარო,
ისეთ მაღალს რომ ვერ უმზერ...
გასცქერი მინდვრებს წარსულის,
წლების ნალეწი კალოდან.
შენს ფიქრებს, უკვე ზრდასრულებს,
ისევ სურთ ყმაწვილქალობა...
ქოთანს ჩაგირგავს ყვავილი,
ხსოვნის მღელვარე  ბაღიდან.
სიბერემ მითხრა - გავივლი,
ყმაწვილგულასთან რა მინდა...
            24.04.12

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები