ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
20 ივნისი, 2012


ეს კადრი ფილმიდან...

ცეკვავს ამედეო როდენის ქანდაკთან,
ეს კადრი ფილმიდან დალევას მანდომებს.
კარგი მხატვარია განწყობა ხანდახან,
თუმც, ლექსის დონ-ჟუანს კალამსაც ვანდობდი...
ადგილი ვუცვალე ფიქრებს, ნაპარიზალს,
კუნძული ვარჩიე, ფეხთვალდაუდგმელი.
გიჟი წარმოსახვა ჩემთვის რას არ იზამს,
რა მიხვედრილია და თან რა უთქმელი...
ჰოდა, კუნძულზე ვარ, ოთხივე სტიქია
ჩემშია, მე ვარ და ცას თავზე ვიხურავ!
ჩემი პეპლისფრთება ფსიქეაც იქვეა,
და რა მადლიერი თვალებით მიყურებს...
ცეკვავს ამედეო როდენის ქანდაკთან,
ეს კადრი ფილმიდან გაფრენას მანდომებს...
კარგი მხატვარია განწყობა ხანდახან,
მაგრამ, იგვიანებს რატომღაც, ამ დრომდე...
                19.06.12

***
ვეძებ, რაც არ დამიკარგავს,
ხან თავში და ხან თავს გარეთ.
დამხმარედ არ გავიკარე,
არც შვილი და არცა ქმარი...
არც სამოთხის იმედი მაქვს,
არც ”კადრი” ვარ ჯოჯოხეთის.
დაუკარგავს ქუდს ბედი და
სხვამ იპოვა ბოხოხის ქვეშ...
ვეძებ, ვეძებ ჯერ უპოვნელს,
წვიმაში თუ დარიანში.
შემთხვევას ხომ უყვარს ხოლმე
ჩამოგდება ვარიანტის...
ნარდს ვთამაშობთ მე და ნატვრა,
თავის ”დავი- დაუბასეთი”.
თუმც, ნატვრაში სული გასძვრა,
რა ინატრა ან ასეთი?..
მგონი, არარსებულს ვეძებ,
ძებნას მაინც სხვა ხიბლი აქვს.
შეძახილი ალალ ბედზე
სულის სულ სხვა ძახილია!
აღმა-დაღმა, აღმა-დაღმა
ქარს დავყვები ქარაშოტად.
გონებამ კი მითხრა, საღმა,
-რა ბავშვივით თამაშობო...
ვეძებ, რაც არ დამიკარგავს,
ალბათ, უფრო იმედიანს.
მოკლე გზა კი გარბის გან-გან,
მე შორი გზით მიმელიან...
        17.06.12



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები