ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
2 ივლისი, 2012


წრიდან გასვლა

ის რა ბედია, შენს ხელთ როა და როგორც გინდა
ისე მოირგებ, ან გამოჭრი თარგზე, საკუთარ.
იქნება, სჯობდეს, გაიხედო გონების მიღმაც,
და ბედს რაც არ სურს, ყველაფერი ისე აკეთო...
იქნება ჯობდეს, დამორჩილდე გულის თვალებს და,
გულის ოპტიკამ დაგანახოს ნაკლებ საჩინო.
დღეს ვიმეგობრებ ჩემი ვნების სიმხურვალესთან,
ჩემში მთვლემარე გრძნობები რომ აღმოვაჩინო...
იქნება, ჯობდეს გავიხსენო ხერხი ბავშვობის,
და ენკი-ბენკით გავითვალო ჩემგან წამსვლელი.
გული კი ისევ კეთილ თამაშს მეთამაშება,
გაყუჩდება და აჩუყების იმ ერთ წამს ელის...
იქნება, ჯობდეს დავივიწყო დარდის სათავე,
უბის წიგნაკში ჩავუკეცო ფურცლებს წარსული.
სხედან ფიქრები და უცნაურ ბჭობას მართავენ,
როგორ აღმოჩნდა წრეში ბედი, მე კი გასული...
                      01.07.12

***
მოაბდაუბდო ქსელებს ქსელავს ობობა ჭერზე,
ფეხზე მკიდია სახით ყულფზე ქანაობს ჭაღი.
ვეძებ სიგარეტს სახლში, სადღაც შენახულს ენ-ზე,
თუმცა, განწყობის მსგავსად, მასაც გემო აქვს მძაღე...
სულ არაფერი ხდება, ცხელი ქარების გარდა,
ვატყობ, ოსტატი გავხდი თავს დატეხილი შფოთის.
ამ ერთფეროვან დღეთა გამპროტესტები ვარ და,
ეს ქარიშხალიც ჭიქის სულ ერთ მოსმაზე მყოფნის...
                          18.06.12


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები