ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ონისე_ოკ
ჟანრი: პროზა
28 აგვისტო, 2012


მედლის მეორე მხარე, ანუ "მე ეს არ შემიძლია."

თინა და ანდრეა ათი სანტიმეტრის დაშორებით, აუჩქარებლად მიუყვებოდნენ  გზის ტროტუარს, რომელზეც ახალნაწვიმი ალაგალაგ ამოყრილი ასფალტი ნელ– ნელა შრებოდა და თან საამურ სურნელებას უშვებდა. 8 ივნისი იყო, საღამოს საათები,  ზუსტად 2 თვე გასულიყო მას შემდეგ რაც მათ ერთმანეთი გაიცნეს. ხელში ორივეს  თითქმის დაცლილი კოკა–კოლას ბოთლები ეჭირათ და  ათასგვარი თემის  განხილვის შემდეგ ახლა კინომატოგრაფიის ჯერი დამდგარიყო;
– მმ, რეჟისორებიდან ყველაზე მეტად ტარანტინო მიყვარს და ფილმებიდან რა თქმა უნდა მაკულატურა. არ მბეზრდება მაგის ყურება, ყველა დიალოგი ზეპირად ვიცი მგონი, – თქვა და ოდნავ ჩაიცინა ანდრეამ – თან საინტერესოდ არის არეული ფილმის თავი–ბოლო, მუსიკაც გემოვნებიანად ადევს, მოკლედ როგორც ჯულსი იტყოდა Kool and the gang – და ახლა ორივემ გაიცინა.
– აუ კი, მართლა მაგარი ფილმია. ჰამბურგერების სცენაზე გავგიჟდი ისე მომეწონა. აი როგორია, ორი განგსტერი მიდის მისიის შესასრულებლად და სანამ მივლენ მანქანაში ჯერ იმაზე ლაპარაკობენ თუ რა ჰქვია ბიგ მაკს პარიზში და შემდეგ ტერფების მასაჟზე, როგორ გინდა არ მოგეწონოს, – თქვა და კოკა–კოლა მოსვა – ისე მართლა, იმ კეისში რა იდო შენი აზრით?
– ეგ ტარანტინოს ჰკითხა ჟურნალისტმა და უპასუხა ‘’შენ რა, გგონია მე ვიცი?“. ერთერთი ცნობილი ვერსიით, მარსელასის სული რომელიც მან ეშმაკს მიყიდა და უკან დაბრუნება სურდა. ბიბლიურად, თუ ეშმაკს ადამიანისთვის სულის წარმთმევა უნდა, ამას კეფიდან აკეთებს და იმ სცენაში – ცოტა უხერხულად თქვა ბოლოს – თუ დააკვირდები მარსელასს კეფაზე ‘’სანტავიკი“ აქვს მიკრული და კეისზე კიდე პაროლი 666–ა. თან მერე, ის ტიპი ვანიდან რომ გამოვარდება და ტყვიებს დაახლის 3 მეტრიდან ჯულსს და ვინსენტს, ხო ნახე რომ ასცდება და მერე ჯულსი ამბობს ეს ღვთიური სასწაულია და რაღაცის მინიშნებაო. ამის შემდეგ ის გადაწყვეტს ადამიანების კვლას თავი მიანებოს, ვინსი კი იტყვის რომ ეს უბრალო შემთხვევა იყო და ის მოკვდება, ჯულსი კი არა... ეს უბრალოდ ვარაუდია, რას გაიგებ, რავიცი.
– ვაა ეგ არ ვიცოდი. ალბათ მართლა ეგრეა. ყველაზე მეტად ეგ მეწყინა მთელ ფილმში რომ ვინსი მოკლა ბუჩმა.
– ჰო, ჰო...
ცოტა იარეს და ხის, ალაგალაგ საღებავგადაცლილ და ოდნავ ნესტიან სკამზე დასხდნენ. ცოტა ხანი ასე იყვნენ, უხმოდ იყურებოდნენ პირდაპირ, თითქოს ეს იყო ის მომენტი რომელსაც ორივე ელოდებოდა... თითქოს ყველაფერი იდეალურად იყო...
– არ  გეზიზღება ეს? – დაიწყო ანდრეამ ისე რომ თავი არ მოუბრუნებია თინასკენ.
– რა ეს? – თქვა თინამ, ანდრეას გადახედა და თვალები ოდნავ, ცნობისმოყვარეულად მოჭუტა.
– უხერხული სიჩუმე... ეს ისეთი მომენტია, როდესაც იპოვნი ვიღაც განსაკუთრებულს, უბრალოდ გაჩუმდები და თავისუფლად ისიამოვნებ უხერხული სიჩუმით...
თინა ოდნავ დაიბნა, მოიღუშა, შემდეგ კი უცებ წამოენთო თითქოს რაღაც გაახსენდაო:
– ჰაჰა. ძალიან მაგარი სცენაა ეგეც, მია რომ ეუბნება ხო?
– რა სცენა თინა? – თქვა და იმედგაცრუებული და სევდიანი მზერით გადმოხედა მას
– აი ის, რესტორანში რომ ცეკვავენ მერე, რა არა? – გულწრფელად გაიკვირვა თინამ.
– კი, ეგ სცენა არის მაგრამ... ამ შემთხვევაში... მე ეს შენზე ვთქვი...
– რას გულისხმობ? – ჰკითხა თინამ და ახლად განდევნილი უხერხულობა და დაბნეულობა მოურიდებლად და უსწრაფესად დაუბრუნდა მის ცნობიერებას. მან  ძალიან კარგად იცოდა რას  გულისხმობდა ანდრეა, მაგრამ მაინც ჰკითხა, თითქოს არ უნდოდა პასუხის გაცემა და ყველანაირად ცდილობდა ამ სიტუაციის გაწელვას, რადგან ხვდებოდა,  მისი პასუხი ორივეს დაასევდიანებდა. არა მისი პასუხი გონებიდან, არამედ გულიდან...
– კარგი რა თინა, ძალიან კარგად ხვდები რას ვგულისხმობ, – თქვა ისევ სევდიანმა, თითქოს მიუხვდა თინას გულისთქმას – იმის თქმა მინდა რომ მიყვარხარ.
– გიყვარვარ?! – თქვა თინამ და თავი დახარა, ერთი ხანი ასე იჯდა, შემდეგ თავი აწია, აცრემლებული თვალებით თავდახრილ ანდრეას შეხედა, რომელიც როგორც ჩანს უკვე ყველაფერს მიხვდა თქმის გარეშე და დაიწო – მაპატიე ანდრეა. მე არ შემიძლია ისეთი სიყვარულით შეგიყვარო რომელ სიყვარულსაც შენ მთავაზობ. ეჰ, მართლა ბანალურად ჟღერს და ყოველთვის ვკიცხავდი გოგოებს რომლებიც ამას ეუბნებოდნენ ბიჭებს, მაგრამ რა ვქნა. მართლა მხოლოდ და მხოლოდ როგორც მეგობარი, ნათესავი ან როგორც ძმა ისე მიყვარხარ. ყველანაირი წმინდა სიყვარულით, გარდა იმ სიყვარულისა რომელიც შენს თვალებში ჩანდა და შენს სიტყვებში გაისმოდა. ბოდიში. შენ იდეალური ბიჭი ხარ და ამ დროისთვის შეიძლება ითქვას ჩემი საუკეთესო მეგობარიც, რომელიც იდეალურად მიგებს, მისმენს და ასე შემდეგ... შენ, შენი თბილი დამოკიდებულებით ისე შემაყვარე თავი რომ აღარ შემიძლია სხვანაირად შემოგხედო. თითქოს ცუდი არაფერია ამაში და არც დაუშვებელია, მაგრამ ჩემ გულს არ შეუძლია ეს. ჩემ გულს არ შეუძლია რომ შენ ჩაგეხუტო ან ტუჩზე ტუჩით შეგეხო. შენს მიმართ ვნება არ მიჩნდება გესმის? ჩემთვის შენთან შეყვარებულობა ისეთივე დიდი ტრაგედია იქნება როგორც შენი, როგორც მეგობრის და ადამიანის დაკარგვა. ხვდები რა არჩევანის წინაშე ვდგავარ?  უნდა წავიდე ჩემი გულის წინააღმდეგ და სულიერად დავიტანჯო. მატერიალურად ეს არაფერია, გაკოცებ, ჩაგეხუტები და ასე შემდეგ მაგრამ სულიერად დავიტანჯები და ამ ტანჯვით შენც იგივე მდგომარეობაში ჩაგაგდებ. განა აქვს აზრი ასეთ სიყვარულს? მატერიალურად ბედნიერსა და სულიერად უბედურს... ხორციელი სიამოვნება ხომ სხვაა და ნამდვილი სიყვარული სხვა... დარწმუნებული ვარ არც შენ გსურს ასეთი ურთიერთობა. ამიტომ – და ანდრეას ხელის ხელზე დადება გადაწყვიტა მაგრამ მოერიდა და ზევით აიქნია, ვითომ სხვა მიზეზით აამოძრავა – მოდი უბრალოდ ისევ ისე დავრჩეთ მეგობრებად. მეგობრებად რომლებსაც იდეალურად ესმით ერთმანეთის. დამიჯერე, შენი დაკარგვა ჩემთვის უდიდესი ტრაგედია იქნება.
ანდრეამ ახლაღა ამოიხედა როდესაც მიხვდა რომ თინა საუბარს მორჩა. ირონიანარევი და სევდიანი ღიმილით შეხედა, იქამდე უყურა სანამ თინას არ შერცხვა და თავი არ დახარა, თითქოს ამ მომენტს ელოდაო და იმწამსვე დაიწყო:
– კარგი თინა, გასაგებია. უარს ვამბობ შენ განმარტულ „მატერუალურ ურთიერთობაზე“ და მესმის კიდეც შენი. ახლა ერთი რაღაც მეც მაქვს სათქმელი და შევეცდები მეც ისევე გასაგებად განგიმარტო ჩემი გადაწყვეტილება როგორც შენ და იმედია გამიგებ. მინდა გითხრა რომ ჩვენ ისევე არ ვიქნებით მეგობრები როგორც შეყვარებულები. დღეიდან ჩვენი ტუჩის ტუჩზე შეხება და მეგობრული ურთიერთობა ერთმანეთის ტოლფასი იქნება. დღეიდან ჩვენ ერთმანეთისთვის აღარ ვარსებობთ, რადგან ჩემთვის იმის გააზრება, რომ შენ არსებობ და თან ჩემი უახლოესი მეგობარი ხარ, სულიერი ტანჯვის მომტანი იქნება, ისევე როგორც შენთვის ჩვენი ვნებიანი ურთიერთობა. გოგოები თვლიან ხოლმე რომ ბიჭი ასეთი პასუხის დროს გოგოს დამნაშავედ თვლის იმის გამო, რომ საპასუხო გრძნობა ვერ მიიღო, მაგრამ იშვიათად ფიქრობენ მათ გრძნობებსა და ფიქრებზე. ვერ ხვდები, რომ ყოველი  შენი დანახვისას მე შენდამი ვნება მიჩნდება? შენი სიარულის დანახვისას, საუბრის, ღიმილის დანახვისას... დამიჯერე, ამ დროს ერთადერთი სურვილი რაც გიჩნდება არის ის რომ მიხვიდე და ამ ადამიანს ჩაეხუტო, ჩაეხუტო და იმდენ ხანს იყო ჩახუტებული სანამ ამ ადამიანის გული, შენს გულს სიყვარულით არ აავსებს. სიყვარული ხომ ერთი დიდი შენობაა. შენობა რომლის აგურებიც თითოეული შენი ჩემდამი კომპლიმენტი, ღიმილი ან თუნდაც მხრის მოდებაა. შენ, ასე უცებ, ერთი ხელის დარტყმით გინდა ამხელა შენობის ჩამონგრევა. კიმაგრამ, ვერ ხვდები რომ არ შეგიძლია?! არც მე შემიძლია. არავის შეუძლია. ღმერთზე იძახიან ყოვლისშემძლეაო მაგრამ მასაც არ შეუძლია. შენ ჩემი პირველი სიყვარული ხარ, მაშასადამე ჩემი სიყვარულის საფუძველიც შენ ხარ და შენობაც. თუ ჩემს ცხოვრებაში სხვა გამოჩნდება, ის არ ააშენებს ახალ შენობას, ის უბრალოდ შენს მიერ აშენებულ შენობას დაამატებს აგურებს. მან შეიძლება შენზე მაღალი შენობა ააშენოს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ შენ არ მემახსოვრები. შენ სულ მემახსოვრები, შენ ჩემი სიყვარულის შენობის საფუძველი ხარ და გულისა თუ მეხსიერების პატარა კუნჭულებში მაინც იქნება შენი ადგილი. როგორ, ახალ ელოდი რომ გეტყოდი: „კარგი თინა, ვიყოთ მეგობრები, მეც შევეცდები შენს, როგორც დასავით შეყვარებას და ვიყოთ ასე ბედნიერად. იქნებ იმდენ ხანს გაგრძელდეს ჩვენი ურთიერთობა რომ შემდეგ შენი მეჯვარეც კი გავხდე. შენს ქორწილზე ბედნიერი სახე მქონდეს და სრულიად დავივიწყო ის სიყვარული რომელიც შენს მიმართ მქონდა“. არა თინა. ეს მხოლოდ და მხოლოდ ფორმალობა იქნებოდა. მე კი დიდი ხნის წინ ვუთხარი უარი ფორმალურ ცხოვრებას და მას შემდეგ ვცდილობ ყველა ადამიანის მიმართ გულწრფელი ვიყო და სათქმელი არასდროს დავმალო. ვცდილობ გულწრფელი გული მქონდეს და გულწრფელ გულზე დაფუძვნებული გულწრფელი გონება. გთხოვ, ნუ მთხოვ მეგობრობას. მე ეს არ შემიძლია, მე ეს არ შემიძლია... მეც გთხოვ პატიებას, ჩვენ ორივე ჩვენებურად დამნაშავენი ვართ ერთმანეთის წინაშე, უკეთ რომ ვთქვათ ჩვენი სული და გონება, მაგრამ მათ მუდმივ ჭიდილს მატერიალური სიამოვნების გამო ჯობს სამუდამოდ დავაშოროთ ისინი. ნუ ტირი, დრო ყველაფრის მკურნალიაო ხომ იცი. შეიძლება ძალიან გტკენ გულს, მაგრამ დარწმუნებული ვარ მიგებ. ასეთი დარწმუნებული არასდროს ვყოფილვარ ცხოვრებაში. წავედი. მშვიდობით...
ანდრეას სურდა თავზე ეკოცნა მისი სიყვარულისთვის მაგრამ ვერ გაბედა. მისი ცრემლების მოერიდა. ის თავს საშინლად გრძნობდა მაგრამ ამავდროულად არაცნობიერ თვითკმაყოფილებასაც კი განიცდიდა, რამაც გააოცა კიდეც. მძიმე ნაბიჯებით უკან გაუყვა გზას. მიდიოდა თავდახრილი და არაფერზე ფიქრობდა. აღარც თინაზე ფიქრობდა და აღარც თავის თავზე. ერთადერთი გულზე მოწოლილი ათასგვარი ხმაური უქმნიდა დისკომფორტს. უნდოდა ეს ყველაფერი გარემოში ამოეფრქვია. ვერ შეძლო. ვერ იყვირა. უცბად ეს ხმაური ერთ დიდ ცრემლად გადაიქცა, ორივე თვალიდან ჩამოვარდა და ასფალტის ნაპრალებში ჩავარდა. ამან არც შეაშფოთა და არც საკუთარი თავის შეარცხვინა. ეს გულწრფელი ცრემლი იყო, ცრემლი რომლის არ ჩამოვარდნა შეიძლება დანაშაულიც კი ყოფილიყო.





დასასრული

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები