ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირაკლი ბერია
ჟანრი: პოეზია
25 მარტი, 2013


კედარი

მე, კარგად მახსოვს,
(მაშინ ვიქნებოდი, სადღაც შვიდი წლის,)
როცა სახლიდან გამოვედით,
ერთი გუბე შევამჩნიე,
რომელშიც კედრის ანარეკლი ეკიდა...

ვაშლიჯვრის შესახვევთან გკითხე,
თუ რამდენ ხანში მივიდოდით ლამაზ შენობასთან,
შენ მიპასუხე: ძალიან მალე.

ცოტა ხნის მერე,
ვეღარ გავძელი და გამოგიტყდი,
რომ ფეხი ამტკივდა,
შენ ხელში ამიყვანე
და ასე აიარე გაგარინის აღმართი...

მივედით ლამაზ შენობასთან,
ხელში აყვანილმა ამატარე კიბე
და როცა ჩამომსვი,
მე გითხარი, რომ მშია.
შენ მიპასუხე:
- ცოტა უნდა მოითმინო.

შემდეგ შევედით ლამაზი შენობის,
ულამაზო ოთახში
და მახსენდება კანფეტი,
(რომელიც ლამაზმა დეიდამ მაჩუქა
და) რომელმაც შიმშილის გრძნობა გამიქრო.

მე, ხატვა დავიწყე...
შენ შეხედე ლამაზ დეიდას
და უთხარი,
რომ ნიჭიერი ვარ...

მე, აღარ მახსოვს,
როგორ დასრულდა ეგ დღე.
მხოლოდ მახსოვს,
რომ დილას გამეღვიძა საკუთარ საწოლში,
რომელიც შენი საწოლის გვერდით იდგა...

ამის მერე ოცდაშვიდი თებერვალი მოვიდა
(მაშინ თვრამეტის გავხდი.)
და მე ვიჯექი მომაკვდავი პაპის საწოლთან,
(რომელსაც არასდროს უნახავს თავისი შვილების სახე,
არც მათი შვილების...
რადგან თვალები იქ დატოვა,
სადაც მირზა გელოვანმა დაასამარა სიკვდილი...)

მე, მაგრად ჩავჭიდე ხელი პაპას,
მან მთხოვა, წამეკითხა ლექსი,
(რომელიც მაშინ მასწავლა,
როცა შვიდი წლის ვიყავი,
როცა ხელ ჩაკიდებულები მივდიოდით ვენახში,
როცა იწყებდა სხვლას
და როცა მიხსნიდა ვაზის შესახებ,
რომელიც ტირის
და რომლის ცრემლები ხშირად შეუგრძვნია...)

და მე დავიწყე:

“შირაქში ერთმა მეცხვარემ,
სიზმარი ნახა ზიანი,
ადგა და ბიძას უამბო,
ბიძა, რომ ჰყავდა ჭკვიანი.

წუხელ ღამ, ბიძავ, სიზმარში,
ქარი ქროდა და გრიგალი,
მოგლიჯა ჩვენი ფარეხი,
ზეცას გაჰქონდა გრიალი.

ან მე მოვკვდები ამ სამ დღეს,
ან ცხვარს მოუვა ზიანი"...

და მე ავტირდი...
დავტოვე სოფელი,
საღამოს დამირეკე შენ,
(როცა თვრამეტის გავხდი)
და აქვითინებული ხმით მითხარი -
- პაპა აღარ არის.
ამ სიტყვებზე შევწყვიტე ხატვა, -
- დამდნარი კანფეტის სიტკბო...

შემდეგ გავედი გარეთ
და ერთი გუბე შევამჩნიე,
რომელშიც მოჭრილი კედარი ეკიდა...
აღარ მახსოვს, როგორ დასრულდა ეგ დღე...

ახლა კი -

მხრებით ვეყრდნობი გაჯით გალესილ, ცარიელ კედლებს,
ვუყურებ ასფალტს და მხვდება კარგად ნაცნობი გუბე,
ვხედავ გუბეში თავქვე ჩახატულ, გადაჭრილ კედარს, -
- შედევრს, რომელიც უპატრონოა, (მოედო ობი.)

ვშორდები მინას და უდარდელად გულაღმა ვწვები,
(ახლა, რატომღაც წარმოუდგენლად, (ზედმეტად) ვფრთხილობ,)
და მეღიმება, როცა ვიხსენებ,
(ჩემს თავთან ვყვები,)
როგორ გამკაწრა პირველი ქალის წვეტიან ფრჩხილმა...

ამასობაში, (არ მეკადრება), - გამოვიკეტე...
(როგორც ყოველთვის აწმყო ჩარჩია, ვაჭრობს იაფად...)
და მომიხდება მე, ჩემებური აკვიატება
და გავალ გარეთ, ამოვიღებ და აწმყოს მივაფსამ

და დავიძახებ: რომ უბრალოა, რომ ი.ბერია
იჩხუბებს, მაგრამ თავს არ დაუხრის ჩათლახ იდიოტს...
და რომ მეფობა, ლაქუცობანა, მშვიდი სიბერე,
გუბეში ნანახ იმ შედევრივით თავქვე კიდია...

და რომ აივლის სულ ყველა აღმართს, ხუხავს კონიაკს,
შეხვდება ლამაზს, ლექსს წაუკითხავს, სადღაც თაღის ქვეშ,
აიყოლიებს, შეუყვარდება - (ასე გონია)
და მოატყუებს, რომ ძალიან სძულს წვიმა და თქეში...

და რომ აივლის, სოფლის ორღობეს, (თავსხმა წვიმაში,)
სადაც გრილი და ნესტიანია - მწვანე საფარი,
(სადაც დამწყვდეულ, მშიერ ნაგაზებს გადაიმტერებს)
და ვაზს აიტანს პაპის საფლავთან...

ეს ასე არის...
ახლა ვეყრდნობი ცარიელ კედლებს,
ვუყურებ ასფალტს და მხვდება ჩემი ძმაკაცი – გუბე,
ვხედავ გუბეში, თავქვე ჩახატულ, მარტოსულ კედარს,
შედევრს,
რომელსაც მოედო ობი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები