 | ავტორი: ცალუღელა ჟანრი: პროზა 15 ნოემბერი, 2008 |
მონასტრამდე გზა დამქანცველია, ქვიანი და აღმართიანი... ტყე შემოდგომის ფერადი ფოთლების ცეცხლში იწვის... ჰაერი სიმწიფეშეპარული მაყვლის თავბრუდამხვევი სურნელით არის გაჯერებული. უკან დარჩა ნორიო და მარტყოფი. ნორიოელები და მარტყოფელები მონასტრის გამო კამათობენ. ორივე სოფლის მცხოვრებლებს მიაჩნიათ რომ ღვთაების მონასტერი მათია... იკამათონ, რამდენიც უნდათ... ერთი რამ ცხადია, − ღვთაების მამათა მონასტერში, წმ. ანტონ მარტომყოფელის საფლავთან ლოცვა სასწაულებს ახდენს − რწმენით განკურნებულთა შორის ნარკომანებიც არიან. ფიზიკური ავადმყოფობის გარდა მონასტრის მადლით სულიერი სნეულებებისაგან და ვნებებისგანაც იკურნებიან... მონასტრის კარი ყველასთვის ღიაა... აღმართი როგორც იქნა დასრულდა და ტყეში მონასტრის ხის დიდი კარიბჭე გამოჩნდა... კარიბჭიდან მარცხნივ მტრედების და საქონლის სათავსოებია. პირდაპირ − მყარად ნაგები კოშკის მსგავსი ნაგებობა, რომელიც მთელ კომპლექსს გადაჰყურებს და სამრეკლო აგვირგვინებს. მარჯვნივ ორ მწკრივად ბერების კელიებია. კელიები შემაღლებულზე დგას და ზოგიერთი მათგანის ფანჯრები ეზოს გადაჰყურებს, სადაც ბერებს ბაღჩა აქვთ გაშენებული. იქ სათუთად მოვლილ ვენახსაც ნახავთ... ყურძნის მტევნები ბერის ჩოხასავით მუქია... ეს ყურძენი მალე ზიარების ღვინოდ იქცევა და მთავარ ტაძარში იკურთხება. კელიებს გასცდებით თუ არა, კლდესთან ღია აივანი შეგხვდებათ, იქვე, მარჯვნივ მცირე ტაძარია, შემდეგ დაახლოებით ოცდახუთი ნაბიჯის სიგრძის დახურულ დერეფანს გაივლით და ქვის კიბით მთავარი ტაძრის შესასვლელში ახვალთ... მთავარი ტაძრის იქით კიდევ არის ტაძარი, საიდანაც მარტყოფის ტყის ულამაზესი ხედი იშლება... მთავარი ტაძრის უკან რამდენიმე კელიაა. ერთ-ერთ მათგანში კათოლიკოს-პატრიარქის, კირიონის სისხლი დაიღვარა, რომელიც მაუზერის ტყვიით მოკლული იპოვეს... საღამოს ლოცვას ძლივს მივუსწარი... მანამდე მამა ელიზბარი სასტუმრო ოთახში შემიძღვა, სადაც ღუმელი და ექვსი საწოლი იდგა... ოთახში ბიჭები გავიცანი, რუსთავიდან იყვნენ. მობილურები გამოვრთეთ და მამაოს ჩავაბარეთ, მონასტრის მყუდროება რომ არ დაგვერღვია. მორჩილმა ზოსიმემ ზარი დარეკა და მთავარ ტაძარში ლოცვა დაიწყო... ბერებმა ტაძრიდან ხატები გამოაბრძანეს და მონასტერს გალობით შემოუარეს. ლოცვაზე დგომა არ გამჭირვებია, მაგრამ შინაგანად მაინც დაძაბული ვიყავი, რადგან წინ ცისკრის ლოცვა იყო, რომელიც ღამის სამ საათზე იწყებოდა და დილის რვა საათამდე გრძელდებოდა. მეეჭვებოდა რომ ღამისთევას შევძლებდი. ცისკრის ღვთისმსახურებას მეორედ დავესწარი, პირველად − ბეთანიის მამათა მონასტერში, სადაც მკაცრი მოწესეობაა და ცისკრის ლოცვის განმავლობაში სასურველი იყო ფეხზე მდგარიყავი. საღამოს ლოცვა დაახლოებით შვიდზე დასრულდა. ღამდებოდა მარტოფის ტყეში... მუქი ნავრისფერი ცა მთვარის დაბადების თუ მიცვალების მოწმე იყო. სატრაპეზოს ბუხრიდან კვამლი შენელდა, ზოგიერთი კელიიდან კი − პირიქით. ღუმელი ჩვენც დავანთეთ. ცისკრის ლოცვის დაწყებამდე რვა საათი იყო დარჩენილი. ბიჭები ლაპარაკობდნენ ამ მთისას, იმ ბარისას, მე კი ბნელ ოთახში ღუმლიდან გამომავალ ერთადერთ შუქს ვუყურებდი. არ მეძინებოდა. შეშა ტკაცუნით იწვოდა, წვრილ ნაკვერჩხლებს ისროდა. გარედან ქარს ტოტების ლეწვის ხმა მოჰქონდა. ოთაში ბიჭები ხმამაღლა ლაპარაკობდნენ: − ბითლზების პრომო იყო თურმე, ბითლზები უფრო პოპულარულია, ვიდრე ქრისტეო, აბა, კაცი ამას რომ იტყვი, სატანისტი არ არის, აბა, ვინ არის? − ცოტა ჩუმად ბიჭო? მამა ელიზბარს არ ეძინება და სირცხვილია, ხმა გადის... − მამა ელიზბარმა იმ დღეს სიგარეტი რომ გამომართვა, კინაღამ ვიკივლე... წეღან მოსაწევად გავედი ბიჭო და ნაფაზი დავარტყი თუ არა, კაკლის ხე რომ დგას ქვემოთ, იქიდან ყვავმა დაიჩხავლა, კინაღამ გული გამისკდა, მეორე ნაფაზი დავარტი და კიდევ მურტალი ხმით დაიჩხავლა, სიგარეტი ჩავაქრე და ყვავიც გაჩუმდა, ტო! მეტი სასწაული რაღა გინდა! კიდევ რა გამახსენდა, მორჩილმა აზარიამ ბიჭო, ბზისგან მობილურის კარტა გათალა, ჩემ მობილურში ჩადო და მობილური ჩვეულებრივ ამუშავდა, ტო! პირი ღია დამრჩა, აზარიამ მობილური მომაწოდა, ჩაილაპარაკა, უფალი რას არ შეგაძლებინებსო და გაიარა... − ეგ რომ ”ჯეოსელმა” ან ”მაგთიმ” გაუგოს... − ბზისგან გათლილმა კარტამ როგორ უნდა იმუშაოს? − რა ვიცი, აქ ისეთი სასწაულები ხდება, გასაკვირი არ არის... წამალზე რომ სხედან, ისინი იკურნებიან, აქ ერთი ბიჭი იყო, ისე კარგად ვარო, ამბობდა, თბილისისკენ გახედვა აღარ მინდაო... ან მე რა მინდა რომ მივდივარ იმ ჭაობში... ბავშვები კი მომენატრა, მარა მერე რა, ამოვაყვანინებდი, ვნახავდი და დავრჩებოდი, მაგრამ სამსახურში ვარ მისასვლელი, საქმეები მაქვს და ტეხავს, ტო! − სად მუშაობ? − სამშენებლო ფირმაში... ეხლა რომ ჩავალ, ეგრევე ხინკლის სახლში მივალ... ხინკალი და მწვადი მომენატრა... − მერე სხვა რამეებიც არ მოგინდეს... − არა, ხინკალი და მწვადი მაგრა ”ასწორებს”... მამა ელიზბარმა თქვა, ბევრი ძილი და კარგი კვება ადამიანში სხვა ვნებებს აღძრავსო. მონასტერში ნაკლებად ცხიმიანი საჭმელებია, ძირითადად სამარხვო, ძილიც ნაკლები აქვთ, სულ შრომაში და ლოცვაში არიან და სულიერად ძლიერები იმიტომ არიან... − რა ხმა ისმის? − ეგ ბომბორაა, ჩვენი ძაღლია, ეტყობა აშვებულია. ამ საუბრის ფონზე როგორც იქნა, ჩამეძინა და ზარის ხმამ გამომაღვიძა. სამი საათი იყო და ცისკრის ლოცვა იწყებოდა. სასწრაფოდ ავდექი, არავის დაველოდე და მთავარი ტაძრისკენ წავედი, გზაში გამახსენდა, რომ ძაღლი აშვებული იყო და ჯიბეში ასანთი არ მქონდა. წვიმა წვრილად ცრიდა. დახურულ დერეფანთან გავჩერდი. შიგნით უკუნეთი სიბნელე იყო და ვიფიქრე, იქნებ ვინმემ გამოიაროს და გზა გაანათოს მეთქი. არც კაცის სილუეტი ჩანდა სადმე, არც ფეხის ხმა ისმოდა. პირჯვარი გადავიწერე და გვირაბის მსგავს ბნელ დერეფანში შევედი. ბოლოში ოდნავ განათდა და ქვის კიბეც გამოჩნდა. მთავარი ტაძრის შესასვლელთან ამაოდ ვაკაკუნე. კარი არავინ გააღო. უცებ ზურგიდან ფანარის შუქი ვიგრძენი. ბერი მოდიოდა ფანარით ხელში, დამინახა, მაგრამ არაფერი მითხრა. გავყევი და მის მსგავსად ტაძარში მეც გვერდით შესასვლელიდან შევედი. ბერმა ლოცვის კითხვა დაიწყო... სხვებიც ნელ-ნელა შემოგვიერთდნენ... ლოცვის დროს გუმბათს ვუყურებდი და მომეჩვენა რომ აღარასოდეს გათენდებოდა და სულ ასე ლოცვაში ვიქნებოდით. მიუხედავად იმისა, რომ დაჯდომის კურთხევა გვქონდა, მუხლს მხოლოდ მეტანიების დროს ვიდრეკდით. ტაძრის გუმბათმა ცის სილურჯე აირეკლა და ჩვენც ჯერ წმ. ანტონ მარტომყოფელის საფლავს, მერე კი ხატებს ვემთხვიეთ, ზეთი ვიცხეთ და ნაკურთხი წყალი ვისხურეთ. ცისკრის ლოცვა ამით დასრულდა... მზე ამოდიოდა. მონასტრის კარიბჭეს გავცდი და ფერდობზე ავედი. იქ საქეიფო ადგილია, მაგიდები, სკამები... საიდანღაც ძაღლი ყეფით გამოვარდა და ჩემსკენ გამოექანა... − არ გიკბენს, კენჭი ესროლე! − დამიძახა მორჩილმა, რომელიც მაშინღა დავინახე. საქონელს მწყემსავდა და თან ლოცულობდა... − აი, ხედავ რას ჰგავს აქაურობა, მოვლენ, იქეიფებენ და წავლენ, ნაგავს კი აქ ტოვებენ, აბა, ეს საქმეა?! − დანანებით მითხრა თეთრწვერა მწყემსმა და საქონელს გაედევნა... − უფალო, დალოცე ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი... − მისი ხმა უკვე შორიდან მესმოდა. იქაურობა მართლა ნაომარს ჰგავდა და მაშინ მივხვდი, რამდენად დიდი შეურაცხყოფა იყო ჯერ უფლისთვის, შემდეგ კი მონასტრისთვის ქალაქიდან ასული მოქეიფეების ტაშ-ფანდურისა და ღრეობის ეს უხერხული კვალი, − ძირს დაყრილი ერთჯერადი ჭიქები, სიგარეტის კოლოფები, ”ბიჩოკები”, ხელსახოცები, ბოთლები... ზარს ჩამოჰკრეს და სატრაპეზოში შევედით. მონასტერში ორჯერ მოკრძალებულად ტრაპეზობენ − როგორც წესი, ჩაი, პური და ბოსტნეულის წვნიანი, სულ ეს არის... ტრაპეზის შემდეგ მორჩილების დრო დგება. იმ დღეს შეშა შევიტანეთ ფარდულში წვიმას რომ არ დაესველებინა... თუ მალე მოვრჩებოდით წმ. ანტონ მარტყოფელის სვეტზე ასვლის კურთხევა გვქონდა. შაბათს საღამოს ტრაპეზის შემდეგ ჩვეულებრივ, საღამოს ლოცვაზე ტაძარში ავედით. ლოცვის შემდეგ აღსარების ჩაბარება შეიძლებოდა. იმ ღამით სამ საათზე ზარი აღარ დარეკეს, რადგან კვირა თენდებოდა. დილის 8 საათზე ზიარების ლოცვა დაიწყო, ათზე კი − კვირა დღის წირვა. გზად მამა ალექსის შევხვდი, წირვაზე მიდიოდა. განსაკუთრებულად ემოსა, − შავი საბერო ჩოხა თავსაბურველით... დამლოცა, პირჯვარი გადამსახა... იგრძნობოდა რომ კვირა დღე მისთვის განსაკუთრებული და ამაღელვებელი იყო. ლოცვაში მოხსენიებას დამპირდა და გვთხოვა, ლოცვებში მეც მომიხსენიეთ, როგორც ცოდვილი ბერი ალექსიო. ტაძარში მოკრძალებით მდგარ თეთრწვერა მამა ალექსის გვერდით იდგნენ ექსკურსიაზე ამოსული შარვლიანი ქართველი ქალები, რომლებსაც წელს ქვემოთ, ჯინსებზე თავსაფრები შემოეკრათ. ასე ”გაფორმებული” ღვთისმოსაობა ჩემთვის, მონასტერში თუნდაც დროებით მცხოვრებისათვის უკვე მკრეხელობად ჩანდა, ჯობდა ეს ქალბატონები ტაძარში საერთოდ არ შემოსულიყვნენ. მართალია, ბერები შენიშვნას არავის აძლევენ, ეტყობა, ასეთი მლოცველები თავად ჯერ კიდევ ვერ ხვდებიან, რომ მოდა და ღვთისმოსაობა განსხვავებული ცნებებია და უფალმა რომ გისმინოს, აუცილებელი სულაც არ არის გამომწვევად ჩაცმულმა მაინცდამაინც საკურთხევლის წინ ილოცო... კვირა დღეს ღვთაების მამათა მონასტერში სტუმრების ნაკადი არ წყდება, რომლებიც როგორც წესი, სიწმინდეების მოლოცვის შემდეგ იქვე, ტყეში ქეიფს და დროსტარებას აგრძელებენ... ტალახი იყო, მაგრამ წმ. ანტონ მარტყოფელის სვეტზე მაინც ავედით. VI საუკუნეში მოღვაწე წმინდანმა, იოანე ზედაზნელის ერთ-ერთმა მოწაფემ ანტონმა უკანასკნელი 15 წელი მის მიერვე აგებულ სვეტზე გაატარა. მამა ანტონს მარტომყოფელი ეწოდა, მონასტრის ახლომდებარე სოფელს კი − მარტყოფი. სწორედ, ახლა სვეტიდან მონასტრის ისეთი საუცხოო ხედი იშლება, არასოდეს დაგავიწყდება. მაინცდამაინც წამოსვლისას ვნახე დიდი ხნის უნახავი მამა კირიონი, რომელსაც გული აწუხებს. უფრო სწორად, თავად დამინახა და დამიძახა. მაშინღა გავიგე, რომ მამა კირიონი ფიზიკური უძლურების გამო კელიიდან თითქმის არ გამოდის. მამაო უწინ ქოზიფას მამათა მონასტერში იყო. − აი, ნახე როგორი ნათელი კელია მომცეს, მადლობა ღმერთს, ყურადღება და მოვლა-პატრონობა არ მაკლია, − შინაურულად მითხრა. − ძალიან მინდა რომ კარგად იყოთ, მამაო... − ვიცი, შვილო, ვიცი... მამა კირიონმა დამლოცა და მირჩია, მონასტერში ხშირად ამოდი, შენს პრობლემებს აქედან უფრო უშველიო. მამა ელიზბარს, მამა ალექსის და სხვა მოწესეებსაც დავემშვიდობე და იმავე მაყვლის სურნელით გაჯერებული მიხვეულ-მოხვეული დაღმართით დავბრუნდი შინ... გზა უკვე აღარ იყო დამქანცველი... ეს გზა ზეციური სიწმინდიდან წუთისოფელში ეშვებოდა და ამაოებათა საუფლოს აზვირთებულ მორევში იკარგებოდა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. და ესეც კარგიააა. და ესეც კარგიააა.
13. შენ არ ხარ მარტო, არასოდეს,,,,
პატივისცემით, განდი. არწივი. შენ არ ხარ მარტო, არასოდეს,,,,
პატივისცემით, განდი. არწივი.
12. რა ლამაზად წერ..... რა ლამაზად წერ.....
11. საკუთარი თავის ადვოკატად არ გამოვდგები... დავწერე ის, რაც მაშინ აღვიქვი, ეს არის და ეს... პილატესი არ იყოს „რაც დავწერე, დავწერე...“ - ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა... საკუთარი თავის ადვოკატად არ გამოვდგები... დავწერე ის, რაც მაშინ აღვიქვი, ეს არის და ეს... პილატესი არ იყოს „რაც დავწერე, დავწერე...“ - ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა...
10. ექსკურსიაზე ამოსული შარვლიანი ქართველი ქალები, რომლებსაც წელს ქვემოთ, ჯინსებზე თავსაფრები შემოეკრათ. ასე ”გაფორმებული” ღვთისმოსაობა ჩემთვის, მონასტერში თუნდაც დროებით მცხოვრებისათვის უკვე მკრეხელობად ჩანდა, ჯობდა ეს ქალბატონები ტაძარში საერთოდ არ შემოსულიყვნენ. მართალია, ბერები შენიშვნას არავის აძლევენ, ეტყობა, ასეთი მლოცველები თავად ჯერ კიდევ ვერ ხვდებიან, რომ მოდა და ღვთისმოსაობა განსხვავებული ცნებებია და უფალმა რომ გისმინოს, აუცილებელი სულაც არ არის გამომწვევად ჩაცმულმა მაინცდამაინც საკურთხევლის წინ ილოცო...
ლევან, შენიშვნა მომხვდა გულზე :) მივიღე კიდეც მაგრამ... არსებობს ერთი მაგრამ - ექსკურსიაზე, ტყეში და ღრეში სასიარულოდ შარვალი უბრალოდ, მოხერხებულია, რა უნდა ქნა ადამიანმა, როცა რამდენიმე თვეში ერთხელ გაქვს საშუალება მოინახულო მონასტერი, სადაც ისე, უექსკურსიოდ, შეიძლება ვერც მოხვდე (სამწუხაროდ, ცხოვრება ასე გვიშვება ხოლმე), არ უნდა შეხვიდე და არ ილოცო? არაჩვეულებრივად წერ, პროზა წამაკითხე :) ექსკურსიაზე ამოსული შარვლიანი ქართველი ქალები, რომლებსაც წელს ქვემოთ, ჯინსებზე თავსაფრები შემოეკრათ. ასე ”გაფორმებული” ღვთისმოსაობა ჩემთვის, მონასტერში თუნდაც დროებით მცხოვრებისათვის უკვე მკრეხელობად ჩანდა, ჯობდა ეს ქალბატონები ტაძარში საერთოდ არ შემოსულიყვნენ. მართალია, ბერები შენიშვნას არავის აძლევენ, ეტყობა, ასეთი მლოცველები თავად ჯერ კიდევ ვერ ხვდებიან, რომ მოდა და ღვთისმოსაობა განსხვავებული ცნებებია და უფალმა რომ გისმინოს, აუცილებელი სულაც არ არის გამომწვევად ჩაცმულმა მაინცდამაინც საკურთხევლის წინ ილოცო...
ლევან, შენიშვნა მომხვდა გულზე :) მივიღე კიდეც მაგრამ... არსებობს ერთი მაგრამ - ექსკურსიაზე, ტყეში და ღრეში სასიარულოდ შარვალი უბრალოდ, მოხერხებულია, რა უნდა ქნა ადამიანმა, როცა რამდენიმე თვეში ერთხელ გაქვს საშუალება მოინახულო მონასტერი, სადაც ისე, უექსკურსიოდ, შეიძლება ვერც მოხვდე (სამწუხაროდ, ცხოვრება ასე გვიშვება ხოლმე), არ უნდა შეხვიდე და არ ილოცო? არაჩვეულებრივად წერ, პროზა წამაკითხე :)
8. გვწყალობდეს და გვეწეოდეს ამ მონასტრის მადლი! ამინ! გვწყალობდეს და გვეწეოდეს ამ მონასტრის მადლი! ამინ!
7. ძალიან მომეწონა შენი ნაწარმოებები... 10 ძალიან მომეწონა შენი ნაწარმოებები... 10
6. ლევან, უკვე რამდენი წელია ძმას გიწოდებდი, სულიერ ძმას, ჩემი ტკივილიანი და სულნათელი, შენი ლამაზი თუ აფორიაქებული წარსული, მარტყოფის ტაძარი, ყველაფერი ეს, ერთად , რა ლამაზად მოგიტანია ძამიკო, 5555555555555555555
ლევან, უკვე რამდენი წელია ძმას გიწოდებდი, სულიერ ძმას, ჩემი ტკივილიანი და სულნათელი, შენი ლამაზი თუ აფორიაქებული წარსული, მარტყოფის ტაძარი, ყველაფერი ეს, ერთად , რა ლამაზად მოგიტანია ძამიკო, 5555555555555555555
5. კარგად წერ. 5 კარგად წერ. 5
4. ტაძარში მოკრძალებით მდგარ თეთრწვერა მამა ალექსის გვერდით იდგნენ ექსკურსიაზე ამოსული შარვლიანი ქართველი ქალები, რომლებსაც წელს ქვემოთ, ჯინსებზე თავსაფრები შემოეკრათ. ასე ”გაფორმებული” ღვთისმოსაობა ჩემთვის, მონასტერში თუნდაც დროებით მცხოვრებისათვის უკვე მკრეხელობად ჩანდა, ჯობდა ეს ქალბატონები ტაძარში საერთოდ არ შემოსულიყვნენ ძალიან საინტერესოა! წინასაც დიდი სიამოვნებით წავიკითხავ მაგრამმ ეხლა მაგრამ ეხლა დრო არა მაქვსს... 5 წარმატებები!
ტაძარში მოკრძალებით მდგარ თეთრწვერა მამა ალექსის გვერდით იდგნენ ექსკურსიაზე ამოსული შარვლიანი ქართველი ქალები, რომლებსაც წელს ქვემოთ, ჯინსებზე თავსაფრები შემოეკრათ. ასე ”გაფორმებული” ღვთისმოსაობა ჩემთვის, მონასტერში თუნდაც დროებით მცხოვრებისათვის უკვე მკრეხელობად ჩანდა, ჯობდა ეს ქალბატონები ტაძარში საერთოდ არ შემოსულიყვნენ ძალიან საინტერესოა! წინასაც დიდი სიამოვნებით წავიკითხავ მაგრამმ ეხლა მაგრამ ეხლა დრო არა მაქვსს... 5 წარმატებები!
3. მაგარია ძალიან , მოგიკითხე, აქაურობას კიდევ ერთი ნიჭიერი შემოემატა, მაგარია ძალიან , მოგიკითხე, აქაურობას კიდევ ერთი ნიჭიერი შემოემატა,
2. ლევან საღოლ კაცო! სად იყავი აქამდე? :) ლევან საღოლ კაცო! სად იყავი აქამდე? :)
1. ცალუღელა,
დიდი მადლობა ამ ნაწარმოების გამოქვეყნებსთვის, იმ განცდისთვის რაც მე ვიგრძენი კითხვისას, იმ ენერგიისთვის რითაც მე აღვიჭურვე ნაწარმოების გაცნობისას.
არაფერი არ ხდება შემთხვევით.
მადლობა.
პატივისცემით, განდი. ცალუღელა,
დიდი მადლობა ამ ნაწარმოების გამოქვეყნებსთვის, იმ განცდისთვის რაც მე ვიგრძენი კითხვისას, იმ ენერგიისთვის რითაც მე აღვიჭურვე ნაწარმოების გაცნობისას.
არაფერი არ ხდება შემთხვევით.
მადლობა.
პატივისცემით, განდი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|