ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მელნისფერი
ჟანრი: პროზა
23 დეკემბერი, 2013


წარმატებული გამოსვლა.

- ჯობდა ნიძლავი წაგეგო, თავის გასამართლებელი პატარა მიზეზი მაინც გექნებოდა.
- ჩემი მიზეზი ყველაზე გასამართლებელია. ემოცია მჭირდება, მორჩა. სულ რამდენიმე წუთის საქმეა, რა. მივალ, ვითამაშებ, მისი გაოგნებით და რეაქციებით თვალებს გამოვკვებავ და წამოვალ. მერე აღარც მივესალმები. მარტივია ძალიან, ნუ ამუქებ.



      ჩვეულებრივი ამინდი, არც ცივა, არც ცხელა. ღრუბლებია, იწვიმოს, შეიძლება.

      სოლოლაკის რომელიღაცა ჩიხში ველოდებოდი და მქონდა პატარა, არარეალური იმედი, რომ ვერ მომაგნებდა.
      როცა გონებაში რეპეტიციის გავლა გადავწყვიტე, თაბახზე აღწერილი მოქმედებები თვალწინ კინოსურათივით აიშალნენ და ერთმანეთში შეცურდნენ. ასოები წელში გაიმართნენ, სწორ ხაზებად იქცნენ და ჩამოდნნენ. მე შემეშინდა, ისიც არ დამვიწყებოდა, რატომ ვიყავი აქ. ვერაფრით აღვიდგინე მისი სახე.
      ხელები ჯერ გაიყინა, შემდეგ დაინამა, ფეხებში ძალა გაქრა. ერთი სიტყვით, ყველაფერი, რაც ჩამოწერილი იყო ფურცელზე, ანუ ,,გეგმაში’’,  ხელების ძალით ფშვნეტა,  ბოლთის ცემა და სხვა, სრულიად ბუნებრივად იქცა ბუნებრივ მოქმედებებად.
- აი, ამისთვის ღირდა! - ვიმეორებდი კმაყოფილი სახით.


 

      მომღიმარი მირიანი ჩემ წინ დგას და შავი თვალები საოცრად უკრიალებს. წარმოვიდგენ, როგორ ვუდგავარ ჩემს თავს წინ, როგორ მიკიდია ჩემსავე მხრებზე ხელები და როგორ ვაჯანჯღარებ მას. ,,მე’’ ყურადღებას არ მაქცევს.
  რა სისულელე იქნება, როგორ ხარ-მეთქი, რომ ვკითხო.
  ტრიალებს ფრაზა:  ,,და იმ ერთ სიტყვას,
    როდესაც გსუნთქავ ყველაზე ახლოს
    და მაშინაც ვერ ვბედავ გითხრა. ‘’ - რა შუაშია, რა შუაშია.!!!


- რას დაწრიალებ? - გაიცინა.
    გავიქეცი ტანიდან და მოშორებით დავდექი. შევათვალიერე მე და სწრაფად მივბრუნდი სხეულში,  რათა  ჩემი თავის ყურებისას მოფიქრებული ერთადერთი დამაჯერებელი პასუხი მეთქვა მისთვის.
- რაღაც უნდა გითხრა.
- ჰოო. - თქვა როგორც იცის ხოლმე, თავის ოდნავი დაქნევით და ,,ო-ს’’ გაგრძელებით. მერე,  უკან წაიწია და აგურებიანი სახლის კიბეზე ჩამოჯდა. სიგარეტი ნელა ამოიღო და მოუკიდა. თვალი არ მოუცილებია ჩემთვის.
      ამ დროს ათას ,,არ შემიძლიად’’ დავიშალე და როცა ოდნავი იმედიც აღარ მქონდა, რომ რაიმე ძალა ჩემს აწყობას შეძლებდა, ტუჩებს ,,მე შენ  მიყვარხარ’’ სულ მარტივად მოწყდა.
      მის სახეზე არაფერი შეცვლილა.  თითქოს, რაიმე უაზრო რეკლამას უყურებს, რომელიც არც სასაცილოა, არც ღიმილის მომგვრელიო.
      მერე თვალები სასწრაფოდ მომაცილა და მე მეგონა, რომ სიგარეტთან ერთად ჩააქრო ისინი.
      ჩასუნთქული ჰაერი გულზე დამეცა.
      ადგა, ახლოს მოვიდა, ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და პირით იმ გზისკენ მიტრიალდა, საიდანაც მოვედით.

    ,,მხოლოდ ეს არის? ეს არის ჩემი წილი ემოცია მასში? მე კიდევ მინდა, არ მეყო. ’’
    თვალწინ ჩემი კალიგრაფია აიშალა. გეგმის ბოლო სიტყვები  - ,,გამოწურე ბოლომდე! ’’.
- მაკოცე შუბლზე. - სიგიჟე აფრთხიალდა ხმაში.
      იღიმოდა და როდესაც გავიფიქრე, არასოდეს შემოტრიალდება-მეთქი, მობრუნდა.
      ქარი რომ ღრუბლებს მიაცურებს, ისე გამეფანტა გარშემო არსებული ყველანაირი სამყარო გონებიდან.
      ხელები მხრებზე.  დახუჭულ თვალებთან ახლოს ნაგრძნობმა, ცოცხალ ორგანიზმად გადაქცეულმა მისმა სუნთქვამ სხეულში მთელი სიმძაფრით დაიწყო გუგუნი.
    მე წამოვედი.



      აღარ ვესალმები.
      ერთი ისაა, როლში ჩავრჩი.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები