ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმბეცილი
ჟანრი: პროზა
6 თებერვალი, 2014


პორტ როიალის დემაგოგები

                               

                                                      Save me, Jebus!       
                                                                ჰომეროსი...        ჰომეროს სიმფსონი



  დომინოს თამაში უყვარდა ბონდოს. ტიპი იყო ეგეთი, ტიპიური დომინოს მაგიდის ატრიბუტი. მაძღარი, ღიპიანი, მოხითხითე, კისერში სველცხვირსახოცჩაფენილი. დიდი ჭკუით ვერ დაიკვეხნიდა, თუმცა უცნაური სიტყვების ხმარება კი უყვარდა ლაპარაკში. მეტად ამოეჩემებინა "დემაგოგია". სხვანიც ბევრი იცოდა, მაგრამ ამას უფრო ხშირად ხმარობდა. ეტყობა პაპამისის სახელი, რომ ერია, ყველაზე ადვილად დაემახსოვრებინა. "ნუ დემაგოგობ ბიჭო", "ეს რა დემაგოგიაა", დაახლოებით ისე ხმარობდა, როგორც საჭირო იყო, თუმცა იმ დროს დემაგოგიას "რიჟა ბაზარი" ერქვა და პირველად როცა გავიგე ეს სიტყვა, ამ უკანასკნელის პირიდან, ერთი პირობა ვიფიქრე, ეს განათლებული ხომ არაა მეთქი, მაგრამ მერე ბიჭები ჰყვებოდენ, მოსწავლეობის დროს დედამისს დაეძახა: შვილო, ბონდუშკა(მეტი უკეთესი მოფერებითი არ აქვს ამ სახელს) მიდი, დედა გენაცვალოს, რუსულის წიგნი მოიტანე გამეცადინოო. ამ განათლების გზას დამდგრას კი გერმანულის და რუსულის წიგნი ერთად მიუტანია და ფრიად სასირცხვილო კითხვაც მიუყოლებია თან: დე, რომელია რუსული, ჰა? - არადა რუსული თითქოს უნდა სცოდნოდა იმ ხანად დაბადებულს, მაგრამ ზოგისა ხომ იცით, იბადებიან, სკოლაშიც დადიან, ზოგი მერე ინსტიტუტსაც ამთავრებს, თაროზე დიპლომსაც შემოაგდებს, მაგრამ თავში მხოლოდ პროფესიული ფაკულტეტის სახელწოდება რჩებათ. სწავლისა რა გითხრათ და დომინოს თამაში კი იცოცხლეთ გამოსდიოდა, გამოსდიოდა კიარადა დრო იყო ვერავინ უგებდა. აბა, მაგ უჭკუოს ეგეთი განა რა იღბალი ჰქონდაო იტყვით, მაგრამ იქნება და გახსოვდეთ, მაშინ მასეთი იღბლიანი უჭკუოებით სავსე იყო ქალაქი. ერთი ეგ იყო ნავმისადგომი არ ჰქონდა, თორემ ჰენრი მორგანი და ფრენსის დრეიკიც უთუოდ შემოსცურავდნენ. პორტ როიალისა რა გითხრათ, პორტ როიალები კი უხვად დახვდებოდათ. მაშინ ასე იყო, ყველას საკუთარი პორტ როიალი ჰქონდა მოწყობილი, ეგ იყო მოდაში. აბა, ევრორემონტი რა იცოდენ იმ დროში?! ამასაც კარგად მოეწყო საკუთარი პორტ როიალი, ბეკოს ტელევიზორი, პანასონიკის მაგნიტოფონი, ძვირფასი ჭაღები, ტყავის სავარძელი, ანტიკვარული ვაზები და რა ნაირნაირი ალაფი აღარ გაებნია ოთახებში. საადვილო საქმე იყო უჭკუო კაცისთვის მეკობრეობა, თუმცა არც ეს ყოფილა ინგლისელი და არც ისინი ყოფილან ფრანგები.
სადღაც უომია, ბევრნი ომობდენო, ბევრი ვაჟკაცებიცო, ზოგი მართლა ომობდაო, ზოგი ტყვილაო, ზოგი წამლისთვისო ზოგი ქვეყნისთვისო, ზოგი დაიჭრაო, ზოგი მოკვდაო, ზოგი დახვრიტესო, ტყვეთაც ჩავარდენო, ზოგმა იჩათლახაო, ზოგმა ივაჟკაცაო. მასაც რაღაცა ისტორია გადახდომოდა, თუმცა ისე დემაგოგურად(დავესესხები ამ სიტყვას) ჰყვებოდა ვერ გაიგებდი ჩამოთვლილთაგან რომელი დაემართა თავად. ბიბილოვის დედას შევეციო იტყოდა ხოლმე, ნატაშასიცო დაამატებდა, ერთი კონკრეტულად მეზობელი იყო კარის, მეორე კი ზოგადად ქვეყნის. დათვრებოდა და მოსაკლავად უნდოდა პირველი, მეორე კი თავადაც მიხვდებით.
შემდეგ გემი ჩაძირვიათ და ზღვის პირას დაბანაკებულან, გაუშლიათ კარვები და ჩაურთავთ ვიდეოპრისტავკები, აბორდაჟით გადასულან ვიდეოთეკაში და სასმელ საჭმელი ხომ არ კლებიათ და საცქერიც ბევრი უშოვიათ. ამას ინდური ფილმები ჰყვარებია, სხვა მეკობრეებს კი ამერიკული ჯახაჯუხები, შეკამათებულან საცქერალზედ და კარვიდან მარტოდ გამოსულა ცოცხალი. კაპიტან ფლინტთან მეტად დაახლოებული ყოფილა და მას ურჩევია, მოდი ცოტა ხანი მეკობრეობას გაერიდე და შეეცადე ადამიანად გადაიქცე, შენთვის ასე აჯობებსო, დამბაჩა მიუცია ყოველიშემთხვევისთვის იქონიეო.
ჰოდა, ასე იყო, ცნობილ მედომინედ, რომ იქცა და ნელნელა ადამიანობასაც აპირებდა, ფლინტის ნაჩუქარ დამბაჩას გვერდიდან არ იცილებდა თურმე, მავანნი ამბობდენ ერთადა სძინავთო. მავანნი, მოერიდეთ ცუდი გაბრაზება იცისო, მაგრამ სად გინდა მოერიდო ადამიანობასა ცდილობდა და ადამიანებს თავად სძებნიდა. ზოგს ბეჭზე ურტყავდა ხელს, ზოგს თავში, მაინცდამაინც კარგად ვერ გამოსდიოდა ადამიანობა. ერთხელ მთვრალმა ბიბილოვიც გამოიჭირა და იმ ილეთის ჩატარება მოუნდომა ზღვის პირას რომ წარმატებით გამოუვიდა. აბა იქ სანაპიროზედ ვის უნდა გაეჩერებინა, სულ მეკობრეები იყვნენ, ნაჩვევები აყალ-მაყალს. აქ კიდე ასეთუისე ადამიანებმა სცადეს მისი შეჩერება, თუმცა მეორე დღეს კი ბიბილოვივით ემალებოდენ, მაგრამ თავად მოძებნა მაინც და ყველას ბეჭზე ურტყა ხელი უკლებლივ, თან ფლინტის დარიგება ახსენდებოდა.
ერთხელ მე და ჩემს ადრინდელ მეგობარ სლავასაც შემოგვეფეთა მთვრალი, სადარბაზოში. ოღონდ უკვე ცოტა სხვა დროს, აი მეკობრეებს, რომ დამბაჩები აართვეს და ევოლუციის პერიოდი რომ ედგათ. უუცნაურესი ევოლუცია გაიარეს მეკობრეებმა. დარვინიც დაიბენოდა. იქ როგორ იყო?! ძაან მაიმუნი, ისე რა მაიმუნი, ცოტა კიდევ მაიმუნი, სულ სულ ცოტა მაიმუნი და ბოლოს ადამიანი. აქ კი, მეკობრე, პოლიტიკოსი, კაი ყმა, ბიზნესმენი, მაიმუნი, მაიმუნი, მაიმუნი, მაიმუნი, მაიმუნი, მაიმუნი, მაიმუნი, მაიმუნი, მაიმუნი, მაიმუნი, მაიმუნი, მაიმუნი...
ყველაზე მურდალი ის იყო რომ მეკობრული ევოლუცია თანმიმდევრულად არ განვითარებულა, ზოგს რა დაემართა ზოგს რა. ამასაც რაღაც გარდამავალი პერიოდივით ჰქონდა, კაი ყმად ყალიბდებოდა და ალკოჰოლს მისძალებოდა მოდისამებრ. არევა ჯერ კიდევ ჰყვარებოდა, თუმცა მთლად ისე მეკობრულად ვეღარ გამოსდიოდა, მაგრამ მაინც სცდიდა ხოლმე.
ასე იყო, რომ გითხარით შემოგვეფეთა-თქო, ბილი ბონსის სიმღერასა მღეროდა და ძველი დროის გახსენება ჰქონია განზრახული, სასმელი იყო, სხვა ყმანთ მოუძიებიათ, მაგრამ მისატანებელი არა და დაგვემუქრა ძველი მეკობრული შემართებით, ჰა, გააჩინეთ საჭმელი, თორემ გადავუსვი თქვენ კაი ბიჭობას წითელი ხაზიო, სრული დემაგოგიაა არა?! მეკობრეები ხომ ასე არ ლაპარაკობენ.

სლავა და ჯიმი ჰოკინგებს შეშინებიათ ფლინტის მეგობრის.

ყმანი სხვანი, სიმართლის დამცველნი კი ჩაცუცქულიყვნენ უხმოდ, მათაც შიებიათ ზაკუსკები.

რომის სუნად ყარდა ესპანიოლას ახალშეკრებილი ეკიპაჟი.

ო, როგორ სძულდა ჰოკინგს ისინი.

ცივი ზამთარი დაეჭირა. იმ წელს იყო და მეტი კარგა ხანს აღარ გადავყრილვართ ერთმანეთს. მერე ამბობდნენ, სორო გათხარა და მიწად ჩავიდაო.
პორტ როიალსაც აუცივდათ თურმე იმ ზამთარს. დაუწყიათ მომარაგება შეშის და შეუყრიათ ახალგაზრდობანი. სლავას სხვებითურთ ისევ შეშინებიათ, მოუგდიათ ზურგზე შეშა და დაუწყიათ აღმასვლა. ჯიმი ჰოკინგს ეშმაკობა უხმარია და მიუგია ეს ერთადერთი ქურთუკი გამაჩნია, რომ დავსვარო სკოლაში რიღათი წავიდეო. მაინც შეუშინებიათ ჰოკინგსი და დაულაგებიათ მის მკლავებზე შეშა. კიდევ დაამატეთო უთქვამს. მძიმედ დატვირთული დაძრულა დანიშნულების ადგილისკენ. იქამდე შვიდი სართული ყოფილა დარჩენილი, რომ ღია საშრობისკენ(ჩვენებურად - სუშილკა) გადაუხვევია და პორტ როიალის გასათბობი შეშა ქალაქის დაბინძურებული დასუფთავების სამსახურისთვის გადაულოცნია. მიბრუნებულა უმალ და კიდევ დამტვირთეთო მოუთხოვია, ასე სამჯერ. სხვები უბრალოდ სპასიბას დასჯერებულან, ჯიმი ჰოკინგს დაუღალავი შრომისთვის კი ბეჭებზე უტყაპუნებდენ ხელს და ეჰ, რა დროა, თორემ შენგან ვინი იცის რა კარგი ბოცმანი დამდგარიყოო.


ჯიმი ჰოკინგს, სულ არ სდომებია ბოცმანობა და ფოტოგრაფი გამოვიდა.


უდამბაჩოდ დარჩენილმა მეკობრეებმა კი დომინოში წაგება დაიწყეს. ნაფეხურებიანებიც ბევრჯერ უნახავთ.


პორტ როიალმა გასცურა ნავსადგურიდან. დემაგოგიაა, არა?!



ფლინტის მეგობარი ბოლოს ერთერთი მივარდნილი ხუროთმოძღვრების ძეგლის მახლობლად ვიხილე. ფოტო რეპორტაჟზე ვმუშაობდი, მოულოდნელად ჯაგებიდან რომ გამოსრიალდა. ბინძურ ანაფორაში დაზმანულიყო, დიდად დაეკლო წონაში და მეკობრული გამომეტყველებაც ისე ოსტატურად შეეცვალა, ვერ გავიხსენე, მაგრამ აშკარად რომელიღაც ფრესკასა ჰბაძავდა. ხელის ზურგზე ნაჩხვლეტარები წყლულად ქცეოდა და მარწმუნებდა, ესენი "სტი-ნ-გმატებიაო". ეჰ, რას იზამ, ისევ ჯიმი ჰოკინგსი ვეგონე.
წამოსვლისას ჯერ ორიო დასცდა, მერე კარგად ამათვალიერა, გადაიფიქრა და ხუთ ფრანკიანი, ხომ არ გექნებაო, შემთხოვა, თან რაღაც წმიდათწმიდა ახსნა-განმარტების მოყოლა დააპირა, მაგრამ გავაჩერე და ოც ფრანკიანი ამოვარჩიე საფულედან. ღმერთმანი, რომ ამდენი ფული მათხოვრისთვის პირველად გავიმეტე.



                                                   
                                                   







                                                  ქარიშხლების კონცხი, 1488 წელი.

 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები