ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ჩაკვეტაძე.
ჟანრი: პოეზია
9 მარტი, 2014


როგორც ასეთი

დაძინების წინ, გლეხკაცურად ვუყურებ ზეცას,
თითქოს ამინდებს ვამოწმებდე სამკალ-სათესად.
ნეტავი ახლა, მე რომ მიყვარს ის კაბა გეცვას
და გერქვას ჩემზე დანიშნული, როგორც ასეთი.

იყოს სოფელი ჩვენი ეზოს გადასახედზე
და ჩვენი სახლი იდგას სადღაც, უფრო მაღლობზე,
რამეთუ მაშინ დაგაკვირდე მინდა სახეზე,
როდესაც მთვარე გვესტუმრება სამოსახლოზე.

ნეტავი ახლა ასე იყოს, ვინატრე როგორც
და მთები ჩვენი ფანჯრებიდან ჩანდნენ ძმებივით,
ძმებამდე, ალბათ, გენდომება პირველად გოგო.
მაინც, რომ ძმები გაასწრებენ მხრებში მთებივით.

ნეტავი ახლა, შენ რომ გიყვარს ის ჩოხა მეცვას
და მერქვას შენზე დანიშნული, როგორც ასეთი.
დაძინების წინ, გლეხკაცურად ვუყურებ ზეცას,
თითქოს ამინდებს ვამოწმებდე სამკალ-სათესად.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები