’’20.08. სარკეში ჩახედვაც კი არ მჭირდება იმის სათქმელად, რომ ჩემი სახე გაცრეცილი შეგრძნებების ბუდედ იქცა.’’
როცა მელანქოლიაში ვიხრჩობით, მეზობლად მდებარე სახლიდან მეტყევე დენი თავისი ნავით გვაკითხავს და ჭაობისკენ გვანიშნებს უხეში, მაგრამ თხელი საჩვენებელი თითით. მისი წყლიანი მზერა იმდენად განსხვავდება ჩვენი გამოხუნებული თვალებისგან, რომ ერთადერთი საყრდენია ჩვენი მოდუნებული სულებისთვის. ჯერ ნავში გვსხამს, მერე ხისგან დამზადებულ ყავისფერ ჯამში ბრინჯს, სუფთა წყალსა და წიწილის ხორცს გვილაგებს. ყველაზე უფროსს ნიჩბებს აძლევს და უემოციო სახით გვემშვიდობება. მისი ფეხის ხმა ძილს გვგვრის და გულში ვფიქრობთ, რომ ვერასდროს შევძლებთ ვუთხრათ - ჩვენ წინამძღოლი გვჭირდება. ჭაობი შლამიანი, ბევრი წყალმცენარით დაფარული და ნაცრისფერია. გვეშინია იმის, რომ ნავს შეიძლება ფსკერი გაეხვრიტოს სიძველის გამო. ჩითის ღამის პერანგებზე პლედი გვაქვს მოფარებული და ერთმანეთს სიმშვიდის გასაფანტად იმ საშიშ ისტორიებს ვუყვებით, რომელსაც ადრე ძილის წინ გვიკითხავდნენ და ძილის მოსაგვრელად ვმღერით, შეშინებული და გაყინული ხმით. ექვსნი ვართ. არ გვაქვს კარგი მეხსიერება და დროდადრო ისიც კი გვავიწყდება თუ რა გვაკავშირებს ერთმანეთთან. არც სახლი გვაქვს დიდი, მაგრამ იმდენად ცარიელი, რომ მოჩვენებებს ვგავართ. საჭმლის ჭამის დროს ერთმანეთის თეფშებს ვუყურებთ და თავსაც არ ვიკავებთ იმის საღიარებლად, რომ ჩვენი კუჭიც გონებასთან ერთად ცარიელდება. დღიურები რომ არა, ისიც კი არ გვემახსოვრებოდა, რომ თვეებია ეს სახლი ენერგიას გვპარავს და ყოველ დაბანაზე წყალს მიყვება ძალა და ენერგია.
''30.10.
თავს უნებისყოფოდ და დამნაშავედ ვგრძნობ საკუთარი თავის წინაშე, როცა ვიცინი. მგონია დანაშაულს ჩავდივარ. ყველაფერს მივცემდი იმ შიშის მოსაშორებლად სიბნელეში ვინმე არ შემომეპაროს და მომკლას. სურათები ჩამოვხსენი, მაგრამ ისევ შიშით ვარ გაჟღენთილი. თითქოს ჩემი ნივთებიც ჩემზე ჭორაობენ და ზურგს უკან ინტრიგებს ხლართავენ. მენსტრუაცია შემიწყდა. თავი რომ მოვიკლა, ტყის სულად ვიქცევი და მაინც ვერ მოვშორდები ამ საპყრობილეს, რომელშიც ნეპტუნმა უწყის საიდან მოვედი. იქნებ გავქრე ოდესმე, სულიანად.''
ჭაობში ბევრი სახეობის თევზი არ ბინადრობს, ვერც სასარგებლო წყალმცენარეს გადააწყდები სადმე. თუმცა თევზაობა ერთადერთია, რასაც ჩვენი მუდმივი დეპრესიიდან გამოყვანა შეუძლია. წყალმცენარეების უმეტესობა მუქი მწვანე ფერისაა, ან შავი. შუაღამისას წყალში ნავით სეირნობის დროს იმის შიშს გვიორმაგებს, რომელიმე წყლის ცხოველი ნავზე არ ამოგვივარდეს და არ შეგვჭამოს.
ერთ-ერთის დღიურში ჩუმად ამოვიკითხე, რომ მთელი ცხოვრება უმისამართობის ეშინოდა და გაურბოდა. ახლა მოხეტიალე სულები ვართ.
''05.11. ბრინჯი გემოს კარგავს, როცა ის შეგრძნება მაქვს, თითქოს ჭაობის ფსკერზე ვწევარ და ჩემს სხეულს წყალმცენარეები მიირთმევენ.’’
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. 30.10 ზედმეტი იყო, ჩემი აზრით, თუ არ ჩავთვლით ბოლო წინადადებას.
ამას ახლა არ უნდა ვკითხულობდე, შენი ნაწერები არასოდეს შეეფერება მზიან ამინდებს :)
გამოჩნდი ხოლმე.
30.10 ზედმეტი იყო, ჩემი აზრით, თუ არ ჩავთვლით ბოლო წინადადებას.
ამას ახლა არ უნდა ვკითხულობდე, შენი ნაწერები არასოდეს შეეფერება მზიან ამინდებს :)
გამოჩნდი ხოლმე.
2. ჰო.
ჭაობის მცოცავი სულები.
ჰო.
ჭაობის მცოცავი სულები.
1. მოხეტიალე სულების დღიური-" მთელი ცხოვრება უმისამართობის ეშინოდა "
მაკლდა ეს.
მოხეტიალე სულების დღიური-" მთელი ცხოვრება უმისამართობის ეშინოდა "
მაკლდა ეს.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|