მთელ ზაფხულს დედულში ვატარებდი,იმერეთის ერთ ლამაზ სოფელში.თუმცა რაღა სოფელში. ჩვენთვის სიქთარვა მხოლოდ ბებიაჩემის მაღალი
ტრიფოლიატის ღობით შემოსაზღვრული ვეებერთელა ეზო და კარმიდამო იყო,ორსართულიანი ხის სახლით და უზარმაზარი მუხის ხის ჩრდილით.
სახლი კი მართლაც დიდი გვქონდა, ორსაუკუნეს მიღწეული,ყველა ოთახში ბუხრითა და გუგულიანი საათით.
მაგ ბუხარში დანთებული ცეცხლი იშვიათად მინახავს,რადგან ძირითადად ზაფხულში ვსტუმრობდით იქაურობას. იშვიათად , შობას, როცა ღორს
დაკლავდნენ ხოლმე, გაახურებდნენ ბუხრებს და შიგ მწვადებს ააშიშხინებდნენ.
არდადეგები დაიწყებოდა თუ არა მშობლები მაშინვე სოფლისაკენ გაგვაქანებდნენ. დედაჩემი სამსახურით იყო დაკავებული და ჩვენთვის არ ეცალა.
თან უფრო საიმედო აგარაკს ვერავინ ინატრებდა.თუ ბიძაშვილებიც იქ დაგვხვდებოდნენ, ხომ ნამდვილი საგიჯეთი იყო, გვიანამდე სირბილით და გრძელ
მაისურებში აფოფრილი მოჩვენებებით....
დედას მასზე ხუთიოდე წლით უფროსი ძმა ჰყავდა,დათუნა ბიძია. მისი შვილები ჩემზე უფროსები იყვნენ. ამ "ბანდაში" ერთადერთი გოგონა ვიყავი და
მაგრამ მეტისმეტად ვცელქობდი. გოგონასათვის შეუფერებელ თავგადასავლებზე უარს არ ვამბობდი და მუხლისთავებიც მეტისმეტად ხშირად მქონდა
გადაყვლეფილი,თუმცა ამას მნიშვნელობას არ ვანიჭებდი.ისევ და ისევ დავძრებოდი ღობეებზე და ხეებზე.
დედას და დათუნა ბიძიას მშობლები ადრე ჰყავდათ გარდაცვლილი და მათი გამზრდელი მარიამ ბებია იყო.მისი იმედით დავდიოდით ჩვენც სოფელში. მარიამი დედაჩემის დედა და ჩემთვის დიდი ბებია იყო.
განსაკუთრებული ქალი იყო მარო ბებია. ხიდირბეგიშვილის ქალი გახლდათ და ამაყობდა თავისი წარმომავლობით .თვითონ ხომ თავადური წარმოშობა ჰქონდა და იაშვილის ოჯახში გათხოვებითაც არანაკლებ ამაყობდა. ლამაზიო,ვერ იტყოდი, მაგრამ ეს თხელი და სიფრიფანა ქალი ისეთი იერით დადიოდა, ოთხმოცი წლის ასაკში წელში გამართული, რომ ყველას გვაკვირვებდა, მის შვილსაც და შვილიშვილსაც. ბებიას თავზე მუდამ თეთრი თავსაფარი ეხურა და ისეთი სისუფთავის მოყვარული იყო ,მჭადი ფეხით რომ მოეზილა,შეჭმა არ დაგეზარებოდა.....
დამხმარე ქალი ყავდა,ხაშურელი ვარა,უთვისტომო და ობოლი გოგო.ბებიას ახალგაზრდობაშივე წამოუყვანია ბავშვთა სახლიდან და ახლა საოჯახო საქმეებში ეხმარებოდა.თავზე ვარას მუდამ გახამებული თეთრი ქუდი და წელზე ასევე თეთრი წინსაფარი ეკეთა.მისი საქმიანობა მხოლოდ ოჯახში სისუფთავე და სადილის გაკეთება იყო.ბებია და ვარა საყანე მიწას არ ამუშავებდნენ და მაინცდამაინც ქალისათვის შეუფერებელ , დიდ ჯაფაში არ იყვნენ. აი, როცა ზაფხული დადგებოდა,მაშინ კი თავის მოსაფხანად არ ეცალათ,რადგან ოთხი გადარეული და ცელქი ბავშვი მათი მოსავლელი და საპატრონო ვხდებოდით.
ბებია თავადის ქალი იყო და ცდილობდა, თავადური სიამაყე არ დაეკარგა..მეზობელს უპატივცემულოდ არასდროს გაუშვებდა და ჩაის მიართმევდა ხოლმე. ასეთი დროისთვის სულ ჰქონდა ჩურჩხელა , ხილი და შაქარყინული.. . ამ დროით ჩვენც მოგებული ვიყავით, რადგან ჭამას არავის ვაცდიდით და სხვებზე მეტსაც ვჭამდით.
თუმც მკაცრი ქალი არ იყო, ოჯახში განსაკუთრებული წესრიგი ჰქონდა . შუადღეს, ორი საათისთვის გვასადილებდა და ნასადილევს აუცილებლად დასვენებას მოგვთხოვდა .ყველაზე მეტად ხელების დაბანა და ეს "მკვდარი საათი" მეჯავრებოდა.ხელების დაბანას სასტიკი რიტუალით გვასრულებინებდა.არც მგონია ქირურგი იმდენ ხანს იბანდეს ხელს ოპერაციის წინ,როგორც ჩვენ გვაიძულებდა.
დასვენება ხომ საერთოდ...რა დასვენება მინდოდა ენერგიით სავსე ათიოდე წლის ბავშვს. კვირაში რამდენჯერმე კი დაბანა- გატყავება გარდაუვალი იყო .მე გრძელი თმა მქონდა, ამიტომ თან ლამაზთმებიანი ასულის ამბავს მიყვებოდა , რომ არ მეკივლა და თან აყალოსმაგვარ მიწას თმებში მიზელდა, ასე უფრო ლამაზი და მბზინვარე თმები გექნებაო. არ მჯეროდა,მაგრამ სანამ მერეოდა და მარტოს არ შემეძლო,კი ვემორჩილებოდი,რა მექნა.
მარო ბებიას სასტუმრო ოთახში,კედელზე გენეალოგიის ხე ჰქონდა დახატული,მასზე ყველა მისი წინაპრის და ახლობლის სახელი იყო მითითებული. თუ რომელიმეს გარდაცვალების ამბავს შეიტყობდა,ჯერ დასაფლავებაზე წასვლით დააფასებდა და მერე, სახლში დაბრუნებული , წითელი ფანქრით მის სახელს ჯვრით გადაშლიდა,ხოლო თუ შვილი ან ვინმე ჰყავდა გვარის გამგრძელებლად დარჩენილი, ხეზე ახალ ტოტს გააკეთებდა და მის სახელს მიაწერდა. კედელზე დაკიდებისა და მზის სხივისაგან რამდენჯერმე გადახუნებულა ეს ხე.....ჩემს მახსოვრობაში ორჯერ გადაახატინა ჩემ ძმას და გააახლა. ჩემი გათხოვების მერე , როცა მოვინახულე, ჩემი შვილებიც ჰქონდა დამატებული და ვიცოდი,როგორ ეხალისებოდა ჩემი შვილები და უფრო მეტად კი წყვილი ვაჟი.
(როცა აღარ შეეძლო,ხან ჩვენთან იყო ქუთაისში და ხან ბიძაჩემთან ,წყალტუბოში. ვარა კი საკმაოდ მოწიფულ ასაკში გაათხოვა.მას თავისიანები გამოუჩნდა და ოჯახით რუსეთში წავიდა. )
ვერ ვიტყვი,რომ ბედნიერი ქალი იყო.ახალგაზრდა დაქვრივდა , მერე ობლობაში გაზრდილი შვილიც და მალე მისი მეუღლეც ,საყვარელი რძალიც , თვითონ მისი დასამარხავი გახდა. მერე კი ობლად დარჩენილი შვილიშვილებიც , დედაჩემი და ბიძაჩემი, მარტომ გაზარდა.
ცხოვრებაზე გულდაწყვეტილი თუ კმაყოფილი, თითქმის ასი წლის ასაკში გარდაიცვალა. ბოლო ორი წელი ჩაწოლილი იყო და ვერ მოძრაობდა,თუმცა საღ გონებაზე იყო და მის სიბრძნესა და გონებას პატივისცემით ეპყრობოდნენ ბიძაცა და ბიცოლაც.დასაფლავებაც და ქელეხიც ჩვეული,იმერული წესით გაიმართა.მეორმოცე დღეს კიდევ შევიკრიბეთ შთამომავლები და სტუმრების წასვლის მერე ბიცოლამ გვერდზე გამიხმო: ----მარი,ბიცო,რაღაც მინდა გითხრაო---წამოიწყო უცნაური ხმით. -----რა იყო, ბიცო, მეთქი----გაკვირვებული ვკითხე მეც. ----ბებიაშენის ნივთებს,რომლებიც მის ჩემოდანში არის, რას მირჩევ , რა ვუყოო? შენ გეკუთვნის მაინც, ჯერ მისი მოსახელე და ისედაც, მისი საყვარელი შვილიშვილი ხარ და ძალიან გავხარო. აი, თურმე რა ყოფილა... იაშვილების საგვარეულო ბეჭედი,ზურმუხტისთვლებიანი , გათხოვებისთანავე მაჩუქა ბებიამ .ახლა კიდევ ეს.... მე წავიღებ მეთქი---არცდავფიქრდი. მომცრო ჩემოდანი,ცოტა შელახული, მაგრამ პეწიანად გამოიყურებოდა.მხოლოდ გასაღები ჰქონდა ჩაჯანგებული.როცა თავი ავხადე და ბებიაჩემის ნაქონი,თითქმის უხმარი, ძვირფასი მაქმანებიანი ბატისტის საღამოს პერანგები,ცხვირსახოცები , ერთი წყვილი , მძივებიანი , ნაქარგი ქოში და ძველი გაზეთის ქაღალდში ტკბილიკვერივით გადახვეული რაღაც იდო, გამეხარდა. არც დავფიქრებულვარ , წამოვიღე და მანქანის საბარგულში ჩავდე. ჩემმა ქმარმა იხუმრა, მეორედ გამზითვებენო? პასუხი არ გამიცია, მანქანაში დავჯექით და სახლისაკენ,ბათუმში წავედით.
სახლში მივედი და ჩემოდანი კარადაში შევდე. რამდენიმე დღის განმავლობაში აღარც გამხსენებია. ერთი კვირის მერე, სახლში მარტო ვიყავი და გამახსენდა ბებიაჩემის ჩემოდანი.ვიფიქრე თან გავამზეურებ და თუ საჭიროა გავრეცხავ კიდევაც მეთქი. ჩემოდანი გავხსენი და პერანგები გადავათვალიერე, ნესტისა და ცოტა ობის სული ქონდა თეთრეულს, ცოტა სიყვითლეც აჩნდა.მოსაწესრიგებელი იყო.რად მინდოდა,ჩასაცმელად არ მიფიქრია, მხოლოდ ბებიის სუნის გამო ღირდა მისი შენახვა. რელიქვიად. ახლა გაზეთში გახვეულ გრაგნილს დავხედე. გავხსენი.სამი ძველებური სქელი ქაღალდის წერილი იყო,ბებიაჩემისთვის მოწერილი.ერთი საერთოდ არ იკითხებოდა და ხელში დაიფშვნა. მეორე გავშალე, ბებიაჩემის დის წერილი იყო, ნინა ბებოსი, მარიამისათვის მოწერილი.
მარიამ დაო! შენი მოწერილი წერილის მერე ვდარდობ ძალიან. შეშფოთებული ვარ , რა აზრი გაგივლია თავში. იცოდე, კარგად იფიქრე,მერე არ ინანო. კაი ქალია შენი რძალი და მე მგონი უფრო ჩავარდება უხერხულად, მაგ საქმის გამო. ისე მე როგორც მთხოვე,გავიკითხე მაგნაირი კაცი ,თანახმაცაა შენ რძალზე დაქორწინდეს ოჯახსაც და დათუნასაც მიგიხედოს და თქვენთანაც იცხოვროს. გვარიც კაი აქვს გოგო, არეშიძეა. შენი დაიაქალი ნინო.
მკათათვის 15(ძველით) 1937 წლისა
ეს კი წავიკითხე ,მაგრამ კარგად ვერ გავაცნობიერე,რას წერდა ბებიაჩემი მის დას, ამ წერილით რა წერილზე პასუხობდა. მეორედ წავიკითხე...სკამზე ჩამოვჯექი,თვალები ამიჭრელდა, ყველაფერი თავდაყირა ამოტრიალდა, რამდენიმე წუთს იტრიალა და თაბრუ დამახვია...
თანახმააო,რომ შენ რძალზე,ეკაზე იქორწინოსო....
დათუნას მამობა გაუწიოსო......
დედაჩემი არეშიძე იყო,დათუნა ბიძია კი იაშვილი.ამის მიზეზი სულ სხვა მეგონა, აქამდე რატომ ვერაფერს ვხვდებოდი....
თავდაყირა დადგა , დადგა და აღარ გასწორდა ....
------ ნუთუ ჩემი მარო ბებო მის დას ამას თხოვდა? მისი რძალი, ეკა ოცი წლისაც არ იქნებოდა,როცა დაქვრივდა....ბებიას კი რძალთან ერთად ოჯახის ფეხზე დადგომის ეჭვი გაუჩნდა? მისი შვილიშვილის , დათუნას მარტო გაზრდის შეეშინდა უკაცოდ დარჩენილ ოჯახს? თავისნაირად , უბედური ქვრივობისთვის ვერ გაიმეტა საყვარელი რძალი და როგორც საკუთარ შვილს,ისე მოექცა? როგორც საკუთარი ქალიშვილი,ისე გაათხოვა და სიძეც სახლში შემოიყვანა? ნუთუ ?
ჩემს მდიდარ წარმოსახვასაც კი ვერანაირად ვერ შეეძლო ბებიაჩემის სახე წარმოედგინა მისი რძლის ქორწილში.
დედაჩემმა ყველაფერი დამიდასტურა: მარიამ ბებოს თურმე შეეშინდა,რძალი ახალგაზრდაა,გათხოვდება, დათუნასაც წაიყვანს და ოჯახი უკაცოდ დამირჩებაო. მისთვის ძლიერი ოჯახი მთავარი იყო. ეკაც შვილივით უყვარდა. შვილი ეტირა თუ რძალი?
მაროს დიდსულოვანი ბუნება ეკას უფრო ინაღვლებდა, ოცი წლის ასაკში რომ ჩაუქრა სიყვარული...
და მე ვინ გამოვდივარ??? ერთი წვეთი სისხლიც კი არ გვაქვს მე და მარიამს საერთო? მე მისი ღვიძლი შვილთაშვილი არა ვარ?
მიხაროდა, როცა მეუბნებოდნენ, შენ მარიამივით ჭკვიანი ხარო... მას ძალიან გავხარო.... იაშვილების ქალის ხაზით გამგრძელებელი ხარ და საგვარეულო ,ზურმუხტისთვლიანი, ბეჭედი შენ გეკუთვნისო...
ამის მერე მარო ბებიას შრომისგან დამჭკნარი ხელები,ჩემი ყველაზე დიდი საფიცარია. ის ხელები, რომლებმაც მისი შვილის სახელი, გენეალოგიის ხეზე ჯვრის დასასმელად ვერ გაიმეტა და დათუნა ბიძიასთან ერთად ,დედაჩემი და მისი შვილები ისე მიაწერა, როგორც ღვიძლი შვილის, სინამდვილეში კი რძლის, ეკას შთამომავლები. ჩვენთვის არაფერი დაიშურა, სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე უთქმელად გვემსახურა და მისი დედობრივი თუ ბებიობრივი სითბო თანაბრად გაგვინაწილა.
დასასრული
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. შეიძლება =)
თუმცა ეს არ ცვლის ჩემს შეხედულებას =) შეიძლება =)
თუმცა ეს არ ცვლის ჩემს შეხედულებას =)
6. 'ისეთი სისუფთავის მოყვარული იყო ,მჭადი ფეხით რომ მოეზილა,შეჭმა არ დაგეზარებოდა.....' ეს ჰიპერბოლაა mrs.smith. და იმერეთში ცნობილი გამოთქმაა. `ისეთი სისუფთავის მოყვარული იყო ,მჭადი ფეხით რომ მოეზილა,შეჭმა არ დაგეზარებოდა.....` ეს ჰიპერბოლაა mrs.smith. და იმერეთში ცნობილი გამოთქმაა.
5. ძალიან მოკლედ რომ ვთქვა, არ მომეწონა
განსაკუთრებით ცუდი იყო ბებიის სისუფთავის ხაზგასმა იმ კონკრეტული მაგალითით ძალიან მოკლედ რომ ვთქვა, არ მომეწონა
განსაკუთრებით ცუდი იყო ბებიის სისუფთავის ხაზგასმა იმ კონკრეტული მაგალითით
4. მადლობა, რადგან ეს ისტორია რეალურია. მადლობა, რადგან ეს ისტორია რეალურია.
3. რა დიდსულოვანი და ძლიერი ქალბატონია ბებია მარიამი_ასე მოქცევა ბევრს არ შეუძლია.ახლობლებში მეც მყავდა ერთი ასეთი ქალი,რძალი გაათხოვა და ჩაისიძა..ერთი შვილი თავისი გრდაცვლილი შვილის გვარზე დაწერა.ეტყობა ადრე უფრო დიდსულავანი ადამიანები ცხოვრობდნენ საქართველოში. რა დიდსულოვანი და ძლიერი ქალბატონია ბებია მარიამი_ასე მოქცევა ბევრს არ შეუძლია.ახლობლებში მეც მყავდა ერთი ასეთი ქალი,რძალი გაათხოვა და ჩაისიძა..ერთი შვილი თავისი გრდაცვლილი შვილის გვარზე დაწერა.ეტყობა ადრე უფრო დიდსულავანი ადამიანები ცხოვრობდნენ საქართველოში.
2. თუ ვინმეს გეცნოთ, ნუ "შეიმჩნევთ" ყველაფერს აქ ვუყრი თავს:) თუ ვინმეს გეცნოთ, ნუ "შეიმჩნევთ" ყველაფერს აქ ვუყრი თავს:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|