დედამ თქვა, საბრალოს რაც შვილი გარდაეცვალა , მის მერე თვალისჩინი წაერთვაო... გათხოვებამდე ულამაზესი ქალი იყო, ტანმორჩილი, შავთვალწარბა და ეშხიანიო... ოთხი შვილი გააჩინა: ორი ვაჟი და ორი ქალიო.
გოგოცას გამო ჩემთვის გასაკვირი უამრავი რამ ხდებოდა ჩვენს უბანში: მას ყველაზე სუფთად ეცვა მთელ სოფელში, თვითონაც და მის მეუღლესაც: დაკერებული, დაკემსილი, ოდესღაც შავად შეღებილი, ახლა უკვე მზისგან გადამწვარი და შეწითლებული, მაგრამ სუფთა. ხელმადლიანი ქალი იყო. საკურთხის კვერებს დააცხობდა და სანთელს აუნთებდა თუ არა, ბავშვებს გამოგვიტანდა და ჩამოგვირიგებდა.ჩვენ სიხარულით გამოვართმევდით ხოლმე, როგორც ყველაზე გემრიელ ნუგბარს.
როცა მისი ჩვიდმეტი წლის შვილის, ამირანის, წყალში დახრჩობის ამბავი მოსულა, ერთი კი შეუკივლია და გული წასვლია... მას მერე ორღობესა და შუკაში თვითონ კი არა, მისი ლანდი დადის...შავებში ჩაცმული,თავწაკრული.ისე, თვალებზეც რომ ეფარება ხილაბანდი.. ნელი , მოზომილი ნაბიჯით , თვალისჩინის გარეშე და მუდამ წელში მოხრილი. რაღაცით სულ მუდამ რიდი გვქონდა მისი და , სულო ცოდვილო, ეჭვით ვუყურებდით, ალბათ ხედავს თორემ, ასე ყველაფერი წესრიგში როგორ აქვსთქო. შვილები რომ დააოჯახა, გოგოები გაათხოვა , ქმართან ერთად მარტო დაიწყო ცხოვრება, საკმაოდ მოკრძალებულ სახლში. უფრო სწორად,ცოლ-ქმარმა შვილს სახლი დაუტოვა , სახლს გვერდით პატარა ფიცრული მიაშენა და იქ გადავიდნენ, ჩვენთვის გვირჩევნია, ჩვენ სულ უნდა ვიტიროთ და ემანდ, ახალგაზრდებს თავი არ მოვაბეზროთო. თუ გოგოცა მარტო იყო, ნელა დადიოდა და ნაბიჯებს ითვლიდა, მაგრამ როცა ქმართან ერთად ყანა-ვენახში სამუშაოდ მიდიოდნენ, ქმარს ხელჩაკიდებული მიჰყავდა ...შრომობდნენ, არავის არაფერს ავალდებულებდნენ და არავის აწუხებდნენ.
მე ცნობისმოყვარეობა მკლავდა, მინდოდა გოგოცა ბებოს ოთახში შემეღწია და გამეგო, უსინათლო ქალი საჭმელს როგორ აკეთებდა. ეს დღეც დადგა. მის შვილიშვილთან ერთად ვთამაშობდი, როცა დაუძახა,ბებო, წყალი მომიტანეო.
ვედროთი ჭიდან წყალი შევუტანეთ და იქვე დავჯექი.
ახლაც მახსოვს იქაურობის სუნი.სანთლის თუ რაღაცის. სინათლე არ ენთო, ამიტომ კარგად ვერაფერს ვხედავდი.თუმცა კერასინკაზე დადგმულ კერძს, ფანჯრიდან შემოსული მზის სხივი ირეკლავდა და მადასაც მიღვიძებდა.
ჯერ ბუჯერთან მივიდა, ხელი მოაფათურა და როდინი ჩამოიღო, მერე ხელის ცეცებით ქვა მოძებნა და ტაბურეტზე დაჯდა. როდინში დაჭრილი მწვანილი ჩაყარა, მერე ნიორი დაამატა და დიდხანს, დიდხანს ნაყავდა. შემდეგ კოვზით საკმაზი ქვაბში ჩაამატა და როდინი და ქვასანაყი ხელის სწრაფი მოძრაობით ოსტატურად გარეცხა და ნარეცხი წყალი გარეთ გადააქცია, ბუხარში კეცები გადაეწყო და ზედ მჭადი ცხვებოდა. ჩემს იქ ყოფნაში სამჯერ მივიდა ცეცხლთან და კეცი შეატრიალა. მერე ცხელი მჭადები კეციდან ამოიღო და ტილოში გადაახვია.
___ბებიაო---თაკოს წყნარად უთხრა-- მზადაა და თეფშები მოიტანეთ, გაჭამოთო.
მე სიტყვისუთქმელად გარეთ გამოვედი და სადილად არ დავრჩი, სახე ისე მქონდა აწითლებული, თითქოს რამე დანაშაულზე წამასწრეს და შეცდომის გამოსწორებას ვცდილობდი.
ხანდახან, თუ ახლომახლო არავინ იყო, ბავშვების ერთ -ერთ თავშესაქცევს საფლავების დათვალიერება წარმოადგენდა. ამირანის, გოგოცას შვილის , საფლავზე კი პატარა, საფეხურჩატეხილი, კიბე ჩვენ ინტერესს აღვიძებდა. ჩატეხილი საფეხური მეჩვიდმეტე იყო... სამჯერ შევესწარი, შვილის საფლავზე თავდამხობილს და გარინდებულს. სამივეჯერ შემეშინდა და გავერიდე..
არასდროს უნახავს ვინმეს ნათლობასა და ქორწილში.არც ფერადი ჩაუცვამს როდესმე.
ლანდივით გაილია გოგოცა... ლანდივით გაილია და ერთ დღესაც სამუდამოდ გაქრა. ალბათ შვილის გვერდით დაკრძალეს
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ამ ავტორის ნაწერებში, ეს საუკეთესო მგონია... მე მოვიხიბლე.
+5 ამ ავტორის ნაწერებში, ეს საუკეთესო მგონია... მე მოვიხიბლე.
+5
3. მადლობა ჩემო ერთგულო მკითხველო. ჯაფარ, მოვაცილებ, თუ იქნება უკეთესი. არაა პრობლემა , მადლობა მადლობა ჩემო ერთგულო მკითხველო. ჯაფარ, მოვაცილებ, თუ იქნება უკეთესი. არაა პრობლემა , მადლობა
2. მაინც ბოლომდე ზიდა თავისი ჯვარი გოგოცამ-არავისთვის მოუხვევია თავს... კარგად ჰყვები...მეტკინა. + + მაინც ბოლომდე ზიდა თავისი ჯვარი გოგოცამ-არავისთვის მოუხვევია თავს... კარგად ჰყვები...მეტკინა. + +
1. ბოლო სიტყვა მოაცილე. სხვა კარგია ბოლო სიტყვა მოაცილე. სხვა კარგია
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|