ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტენდი
ჟანრი: იუმორისტული
3 დეკემბერი, 2015


წერილი ნ-ი-კ-ი-ს!

 


გამარჯობა, ნიკ!




                  რამდენი ხანია წერილის მოწერა მინდა და ვერ მოვიცალე რა. გელოდებოდი, მეგონა, დამირეკავდი, კაცურად მინდოდა დალაპარაკება შენთან.  ადრე რომ დაგირეკია, მეძინა და ამათ არ გამაღვიძეს. იმის შემდგე გწერ წერილს, გწერ და ახლა ძლივს მოვრჩი წერას.
                    პოჩერკზე ხო მიცანი, ნიკ, - ჯონიკა ვარ.
                    ვიცი, ჩემი ამბები გაინტერესებს. ისევ ისე ვარ რა! გარეთ არ მიშვებენ.
                  ადრე მიშვებდნენ, მაგრამ მერე ცუდად მოვიქეცი და ჩამკეტეს - აი, ზოიას და სედას ქათმებს რო დავერიე და სულ ბუმბული გავაბდღვენი, იმის შემდეგ. ტენდიმ რო დამიჭირა, პირში სუ თეთრი მუმბულები მქონდა გაჩრილი. „ინდიელების“ ბელადს ჰგავდაო, საბრძოლო ვითარებაში-ტენდიმ თქვა ჩემზე.  ვერ ვიტან ქათმებს რა! მითუმეტეს, ზოიას მამალს ვერ ვიტანდი. დილით  ექვს საათზე მაღვიძებდა, ისე ყიოდა, მერე პარახოდივით დადიოდა თავის დედლებში. მაგას ვაპატიებდი?! რო გამოვეკიდე, ეს სამკილოანი მამალი სულ მერცხალივით დაფრინავდა ჰაერში. მაინც დავიჭირე. სულ ბუმბული გავაბდღვენი. სედა ამბობს (ქურთია) - შენი ძაღლი გიჟია, ე! გიჟები მაგის ქათმები არიან! ხო იციან რო ვერ ვიტან რას დატასაობენ ჩემს ფანჯრებთან, ჰა?! საერთოდაც, ქათმებს რა უნდათ ქალაქში!
                  ერთხელ კიდე  უბნის ბიჭებთან მქონდა საქმეების გარჩევა გოგოს გულისთვის და სახლში სულ დაკბენილი მივედი, ქუთუთოც ჩამოხეული მქონდა. ტენდი ტიროდა. ხოდა, იმის შემდეგ გარეთ აღარ მიშვებენ. „ჯონიკა, ძაღლიშვილო, ნახე, გარეთ გასვლას თუ ეღირსები კიდეო“.  ნიკ, დედაჩემი ლონდა ხო ძაღლი იყო და მამაჩემი ბაქსაც ძაღლი, მაგრამ „ძაღლიშვილო“ იცი როგორ მწყინს? ხო სალანძღავი სიტყვაა, არა?  გავაპროტეტესტებდი და მაგ სიტყვაზე ყეფას ავტეხდი, მაგრამ ტენდის ხელში კაცურად დაიყეფები, არ გინდა? მაშინვე იმას მეტყვის: „რა იყო, ბიჭო, რა ძაღლივით იყეფებიო“. აი, რა დღეში ვარ!
                ის კი არა, ფანჯარაზე ვჯდებოდი და ეზოს ვუყურებდი ხოლმე და ახლა  ფანჯარაზედაც იშვიათად მსვავენ. ტენდიმ თქვა „ჯონიკა, ათი კილო ხარ, დავიღალე შენი ხელში აწვითო“ და ფანჯარაზე მაკრატელი დადო. ძაან მეშინია მაკრატლის,რა! . ერთხელ, ბეწვს რო მჭრიდა ტენდი,  ცოტა კანიც მიმიყოლა და ძაან მეტკინა. აქამდე მახსოვს ის სიმწარე.  რა ვქნა, კაცი კი ვარ, მაგრამ მაინც მეშინია. ჰოდა, მომინდება ხოლმე ფანჯარაზე დაჯდომა, მივალ ფანჯარასთან, დავინახავ მაკრატელს, გამოვძუნყულდები უკან, კიდევ მივალ ფანჯარასთან, კიდევ დავინახავ მაკრატელს, კიდევ გამოვძუნყულდები უკან...აბა, ეს არი ცხოვრება?!
                ერთხელ,  მართლა ძალიან ცუდად მოვიქეცი. ერთი გოგო მოვიდა, აი, ისეთი ცუდი გოგო, ჩემნაირი ბიჭები რო არ უყვარს. - „ძაღლის მეშინია! ძაღლის მეშინია!“ თუ ეშინია, რაღას მოდიოდა რა! არა და საბას კლასის დამრიგებელი იყო. ჰოდა ჩამკეტეს ოთახში. ვიყეფებოდი, მაგრამ  სულაც არ აინტერესებდათ, ისხდნენ, ყავას სვამდნენ და ჭორაობდნენ. ჰოდა ავდექი და ბალიში დავხიე. ტენდი რო შემოვიდა ოთახში წივილი დაიწყო - კედლებზედაც კი ბუმბული იყო მიკრული და მე  „ბუმბულებიანი“ ჯონი ვიყავი. სულ მტვერსასრუტით წმინდეს კედლები. მეც მტვერსასრუტით გამწმინდეს, ნიკ. იმის შემდეგ ვეღარ ვიტან მტვერსასრუტს.  თუ დავხიე, ძალიანაც კარგად!.. აბა, რატო ჩამკეტეს რა, არ უნდა გამეცნო ის გოგო, ან მე არ მაინტერესებდა რაზე ლაპარაკობდნენ?
                ამის შემდეგ კი ტენდიმ გამაშვილაააა. „ამ ძაღლს ვეღარ გავუძლებო“. მოვიდა ერთი ვიღაცა ლია წითელი მანქანით, ჩამსვევს და წამიყვანეს. მე მეგონა, უნდა გამასეირნონ-მეთქი. არაა! წამიყვანეს ეზოაინ სახლში, აი, კერძო ბინას რო ეძახიან, ისეთ სახლში. კიდევ ერთი ჩემნაირი გოგო ჰყავდათ. ერთ დღეს კი გავერთე, ვითამაშე, ტელევიზორსაც მაყურებინეს, ძაღლებზე იყო ფილმი. მერე დავწექი, არც ვჭამე, არც დავლიე, აი, ეგრე ვიწექი ორი დღე. ჩემი სახლი მენატრენოდა ძალიან და ჩემები.  კი გამაშვილეს, მაგრამ მაინც მენატრებოდნენ.  იმ ლიამ თქვა, ციცინოს დავურეკოთ, წაიყვანოს, თორე, მოკვდებაო. მერაბა ძიას მანქანით მოვიდნენ წასაყვანად. ისე გამიხარდა, ისე გამიხარდააა, ჯერ ტენდისთან ავხტი, მერე საბასთან, მერე ნინოსთან, სულ ვკოცნიდი, მერე ისევ ტენდისთან და ეგრე წამოვედით სახლში. მერაბა ძიამ ტენდის უთხრა „შენ ქალი ხარ, ეს ბიჭი როგორ გააშვილეო“.  თან,  ლამის ყველა ტიროდა...მეც.  მერე ტენდიმ თქვა, „ჯონიკა, არასდროს, არასდროს აღარ გაგაშვილებ და შენც ნუ დაბდღვენი სახლიო“. ნიკ,  საბაც ხო ყველაფერს აფუჭებდა და რატო ის არ გააშვილეს, ჰა? რატო არ გააშვილეს, აბა? მე რო ძაღლი ვარ იმიტო, ხო? ერთი კვირა არც ერთს არ ველაპარაკებოდი, მაგრამ მერე დამავიწყდა, თან ისეთი რაღაც მოხდა, ძალიან რო გამიხარდა. - ტენდის შვილმა დარეკა, აი, იმან, ბელიგიაში როა, მე და  რენე მოვდივართ და ეგ ძაღლი ორი კვირით სახლიდან მოაშორეთო. ტენდიმ უთხრა „ შვილო, ეს ოჯახის წევრია და თქვენ სტუმრები ხართ. სტუმრების გულისთვის ოჯახის წევრს ნამდვილად ვერ  გავაგდებ სახლიდან, თუ გინდა, ნუ ჩამოხვალთო“.  აი, მაშინ კი დავიჯერე, რომ მართლა ვუყვარვარ და ყველაფერი ვაპატიე რა! 
                        ერთხელ, ნიკ, ნინომ კალბასკა იყიდა და მაგიდაზე დადო. მე მეგონა, ცოტას მაინც  მაჭმევდა. არაა! სამსახურში უნდა წავიღოვო.  ვუყურე იმ კალბასკას, ვუყურე  და სულ ნერწყვები მომდიოდა. ვითმენდი, ვითმინე, ვითმინე...იცი, რამდენი ვითმონეეე?! მთელი ოოორი წუთი მაინც. მერე ავხტი, დავტაცე პირი და სულ სირბილ-სირბილით გავაქციე საძინებელში. იქ ორსაწოლიანი ტახტი ეგდათ მაშინ. შევძვერი ქვეშ, დავაგდე კალბასკა  შუა ადგილას, დავაწექი ზედ და ვიღრინებოდი.  საბამ და ნინომ ხან აქედან მიარეს, ხან იქიდან მიარეს, მაინც ვერ მომწვდნენ. ტახტიც გადასწიეს, მაგრამ მეც ტახტთან ერთად გავჩოჩდი. გიჟი ვიყავი, ერთ ადგილად ვწოლილიყავი?!  ნინოს სამსახურში აგვიანდებოდა, საბას სკოლაში და თავი დამანებეს.  რო წავიდნენ, მერე ვიფიქრე, აი, მე ხო მეწყინა, რო არ მაჭამეს და  იმათაც ეწყინებათ რო არ ვაჭამო-მეთქი. თან, ნინო ისეთი გაბრაზებული წავიდა,  შემეშინდა,  რო მომხვდებოდა. პირი არ დამიკარებია. მთელი დღე იმ კალბასკაზე ვიწექი, ერთი ლუკმაც კი არ მიჭამია, გემოთიც  არ გამისინჯავს, გინდ დაიჯერე, გინდ არა!  ნინო რო მოვიდა და ისევ ტახტის ქვეშ მნახა,  იცინა:  „ სულ შენი იყოს, ჯონიკა, ჭამეო“. მერე კი იცოცხლე, მოვულხინე. ორი დღე ვჭამდი.
                      ტენდიმ  ერთხელ  სოფელში წამიყვანა რამდენიმე თვით.  ეეჰ! ცუდად მაგონდება ის დრო.  აქ რო ტახტზე და სავარძელზე ვნებივრობდი, იქ აგურზე მედო თავი. ძალიან  გაბრაზებული ვიყავი ყველაზე.  მე, ქალაქში დაბადებულ და გაზრდილ ძაღლს, რა მინდოდა სოფელში, ჰა, ნიკ?!  მაგრამ კარგი ის იყო, რო ყოველდღე ნაყინს ვჭამდი.  აი, სამი ტრანგალეტკა დადიოდა უბანში, ერთს გაზი დაჰქონდა, ერთს „შმოტკები“,  ერთს კიდე,  ნაყინი. იმ ნაყინიანი ტრანგალეტკის ხმას მაშინვე ვცნობდი და სულ თათებს ვატყაპუნებდი, „მიყიდე-მეთქი“.  ტენდიც ყიდულობდა. დავწვებოდი,  ორი თათით დავიჭერდი და ვტვლეპავდიი. ვიდრე ტენდი ნახევარ ნაყინს შეჭამდა, მე უცბად გადავსანსლავდი. მერე დავჯდებოდი და ტენდის თვალებში ვუყურებდი, აბა, დამიტოვებს ნაყინს, თუ არა-მეთქი. მაძლევდა თავის ნაყინს.  საბოლოოდ მე ერთნახევარს ვჭამდი, ტენდი-ნახევარს. მაგას ნაყინი მაინც არ უყვარს.
                    ამას წინათ ტენდის სახლიდან გავექეცი, თამაში მინდოდა და იმიტომ. რა ვიცოდი, ეგეთი ცუდი კაცები თუ დადიოდნენ გარეთ. დამიჭირეს იმ ცუდმა კაცებმა  და უპატრონო ძაღლების სახლში წამიყვანეს. არა და ბადე რო ამიქნიეს, მეგონა მეთამაშებოდნენ. რას გეთამაშენიან, ეგეთი ცუდი ვინმეები!  მაგათ  გონი, ბავშვობაშიც არ უთამაშნიათ. ჰოდა ტენდიმ აიკლო, თურმე ქაალქის ცხელი ხაზი, გაიგო, სადაც წამიყვანეს, მოვდნენ ტაქსით საბა და ტენდი და წამომიყვანეს. ისეთი შეშინებული ვიყავიიი!
                    ტენდიმ მითხრა: „ჯონიკა, შე ჩერჩეტო, კიდევ ერთხელ გაიქცევი და აღარ მოგძებნი, დაგტოვებ იმ უპატრონო ძაღლების სახლშიო“ .
                    ჩერჩეტი რაზე ვარ რა! იცი, რამდენი რამე  ვიცი? აი. „დიდი ბურთი“ -  ვიცი,  „პატარა ბურთი ვიცი, „ჯონის ნიკის საჩუქარი“ - ვიცი. შენ რო ჩამომიტანე ჭყვიტინა ზღარბი, ხო გახსოვს, ის ჯერ „ნიკის საჩუქარი“ იყო, ამათ რო არ ეთამაშათ და ვმალავდი, მერე „ჯონის "ნიკის საჩუქარი“ გახდა.
                    ოთხამდე დათვლაც კი ვიცი, ნიკ!
                    აი, გარეთ რო წვიმს ხოლმე და სეირნობიდან სახლში მოვდივარ,  „ჯერ ერთი ფეხი გავიწმინდოთ“, ტენდი მეტყვის, მე ავწევ-ხოლმე ფეხს, „ახლა მეორე ფეხი გავიწმინდოთ“ - მეორე ფეხს ავწევ და ასე, ოთხივე თათის დათვლა ვიცი.
                    სიმღერაც  ვიცი! ძაღლი ვარ, ნიკ, მრავალჟამიერს და კრიმანჭულზე მოძახილს ხო არ ვიტყვი, მაგრამ  მუსიკები რო მესმის, ვყმუი. ცუდია რა, ძაღლების კონსერვატორია რო არ არი. ეგრევე მიმიღებდნენ უგამოცდოდ.
                      აბა, ჩერჩეტი ვარ?!
                      მე რა ვიცოდი, ის კაცები თუ დამიჭერდნენ. იქ კი ირინა დეიდას მოვეწონე ძალიან, ადმინისტრატორს.- მაჭამა, ცალკე ვოლიერში ჩამსვა, „რა კარგი ბიჭია, ამას მე ვიშვილებ, ხვალ წავიყვანო“.  გული გამისკდა, ვაითუ ტენდიმ ვერ გაიგოს სად ვარ და მართლა წამიყვანოს-მეთქი. მიშვილებს რა, ტენდის აღარ ეკითხება?!
                      ტელეფონზედაც ვლაპარაკობ, ნიკ. აი, ნინო რო დამირეკავს ხოლმე,  ჯონიკა, როგორ ხარო, აუუ-მეთქი, ვეუბნები.  ტენდის  ხელში როგორ ვიქნები-მეთქი, რა! თან ტელეფონს ვათვალიერებ ყველა მხრიდან. თან თუ მითხრა, „ჯონი, გარეთ წავიდეთო“, ეგრევე  ვანგრევ ყველაფერს, ვიდრე საბა გარეთ არ გამიყვანს. ნინო მიყვარს, მაგრამ მარტო ერთი დღით, მერე ვემალები.  ნეტა მარტო ტელეფონზე მელაპარაკებოდეს!  რო ჩამოდის, ისეთ ცუდ სიტყვებს მეუბნება, ისეთ ცუდ სიტყვეეებს, ძალიან ვბრაზდები!  იცი, რას მეუბნება?  „წამო ჯონიკა, უნდა გაბანაო! მოდი, ჯონიკა, უნდა გაგაწვალო-გაგაწვალო!“ აბა, შეიძლება, რო გოგომ ეგეთი ცუდი სტყვები თქვას?!  გოგომ კი არა, ბიჭმაც არ უნდა თქვას ეგეთი რამეები. იცი, საბა რატო მიყვარს? ეგეთ ცუდ სიტყვებს არასდროსაც არ იტყვის!  აი, სულ არასდროს!  ტენდიმ რო უთხრას, „საბა,  მოდი, ჯონიკა ვაბანაოთო“,  „უჰ, მოიცა, რა, მერეო“ - აი, როგორი წესიერი ბიჭია!  თან ბურთით მეთამაშება ხოლმე.  ძალიან მიყვარს.
                      საერთოდ ყველა მიყვარს, ნიკ, ნინოც, საბაც, ტენდიც. ოჯახია რა!  ხან ვჩხუბეობთ, ხან ერთიმეორეს ვკოცნით. თუ არაფერს ვაფუჭებ, იცი ტენდი როგორ მეფერება? -  „მთელი მსოფლიოს შავ ძაღლებში ვინ არის ყველაზე ლამაზი?!“,  ან კიდევ: „ვინ არის მთელი მსოფლიოს შავი ძაღლების პრინცი?“ - აი, ესე.  რას მეკითხება რა, თითონაც ხო იცის, რო მე ვარ?!
„მე ვინ მიყვარს მთელი მსოფლიოს შავ ძაღლებში ყველაზე ძალიან?“ - ეგ კითხვაც არ მომწონს რა! მე ხო ვიცი, რო მე ვუყვარვარ.
                    კომპიუტერის გამორთვაც ვიცი. აი, დიდხანს რო არ დამელაპარაკებიან და კომპიუტერთან სხედან, ძალიანაც კარგად ვიცი, სად შევძვრე, რო კომპუტერი გამოვრთო. ერთი-ორჯერ გავაქანავებ კუდს და ვსიო, კომპიუტერი გამორთულია!  ერთ დღეს  ძალიან ბევრჯერ გამოვურთე და ტენდი ძალიან გამიბრაზდა:  „არ გამომირთო-მეთქი არ გესმის, ბიჭო?! დაგაგლეჯავ მაგ ვირის ყურებს!“ - ესე მითხრა. ვირის ყურები რატო მაქვს რა?!  ჩემი ყურები მაქ სულაც. დამაგლეჯავს კაია! იცი, რა ძალიან    მჭირდება გრძელი ყურები?!    აი, შუქს რო არ გამორთავენ ხოლმე ოთახში, მე კიდევ რო მეძინება,  შევძვრები სკამის ქვეშ, ჩამოვიფარებ ყურს თვალებზე და ვფშვინააავ!
                    ხო კარგია გრძელი ყურები, არა, ნიიკ? დამაგლეჯავს რა, აღარ უშლიან?!
                    ძმურად, ერთი რაღაც მინდა მოგწერო. ძაან შავ დღეში ვარ და შენ თუ არ გაგანდე, სხვას ვის გავუმხელ. 
გარეთ არ მიშვებენ, ხო უკვე მოგწერე, ჰოდა, ძმურად, ჩამოდი და ქალებში  წამიყვანე რა!  ტენდი შენ უარს არ გეტყვის. 
ადრე, ჯერ კიდევ ლეკვობაში, ერთი გოგო მიყვარდა. ძაღლი-გოგო კი არა, ნიკ, ნამდვილი გოგო!  მოკლე კაბა ეცვა, ძალიან ლამაზი ფეხები ჰქონდა, ზურგჩანთა ეკეთა და სკოლაში დადიოდა. მაშინ ზოისა და სედას ქათმებს ახლოს არ ვიცნობდი და მიშვებდნენ გარეთ. გავეკიდებოდი ამ გოგოს, მივაცილებდი სკოლაში, რამდენჯერმე მივაკითხავდი, მერე სახლამდეც  მივყვებოდი,  . რა ვიცი, ვინმემ რამე არ უთხრას-მეთქი. ერთხელ მაღაზიაში შევიდა, ველოდე კიბესთან, ველოდე და რო არ გამოვიდა, შევვარდი მაღაზიაში. ერთი, გენახა, ნიკ, რა ამბავი ატყდა და რა წივიკ-კივილიიიი!  ეხლაც მეცინება. მერე ის გოგო დაიკარგა. შეიძლება, სულაც  სხვა სკოლაში გადაიყვანეს.
                      ამის შემდეგ ერთი ძაღლი-გოგო მიყვარდა, თეთრი იყო ფუმფულა. მოვიდოდა, დამიძახებდა, მე გავიხედებოდი ფანჯარიდან, ტენდი  გამიშვებდა  ეზოში და ვსეირნობდით ერთად.
მერე, ერთ დღესაც არ გამოჩნდა და იმისმა „დედამ“ მოგვაკითხა. ჩემი ლულუ ხომ არ გინახავთო. ტენდიმ  ყავაზე შემოიპატიჟა, თან ძაან მეჩხუბა: „ბიჭო, სიდედრს თუ მიპატიჟებდი სახლში, ცოტა ადრე ვერ გამაფრთხილეო?!“ .  ნიკ, რომელი სიძე ეპატიჟება სიდედრს სახლში, მითხარი ერთი,რა! მე რა ვიცოდი რო მოვიდოდა! მერე ის ლულუ სხვა ბიჭებთან დავინახე და თავი დავანებე. რათ მინდოდა ეგეთი გოგო, სხვა ბიჭებთან რო დადიოდა!
                      ბოლოს სუზი მიყვარდა, ნიკ. აი, ძაან მაგრა მიყვარდა. ჩვენთან რო მოვიდოდა და , მადლობაო,  ტაქსის მძღოლს ეტყოდა, უკვე  ვიცოდი, რო სუზი  იყო. მაშინვე კართან გავიქცეოდი და  ტენდის ვეუბნებოდი, მოდი, ჩქარა, კარი გაუღე, სუზია-მეთქი. ცოლად მოყვანასაც კი ვაპირებდი. არც ტენდი  ამბობდა უარს, უყვარს ძალიან, მაგრამ მერე ისეთი რამე მითხრა, ძაან გავბრაზდი. აი, ხო  მიხაროდა მაგისი მოსვლა, სუ ზედ ვახტებოდი სიხარულით და მეჩხუბა „რა იყო, ჯონიკა, ამხელა ძაღლი ხარ და რა ლეკვივით იქცევიო!“ მართლა მაგრა გავბრაზდი რა! სანამ ცოლად მოიყვან გოგოს, ეგეთ რამეს რო გეტყვის, მერე უარესს არ გაკადრებს?  ეხლაც  კი მიყვარს, მაგრამ ცოლად მოყვანა გადავიფიქრე.  იყოს გასათხოვარი, სულაც აღარ მენაღვლება.
                      ერთი-ორი თვის წინ სკაიპით  გამაცნეს გოგოები, ერთი საფრანგეთში ცხოვრობს, მეორე იტალიაში, მაგრამ ზედაც არ შემიხედია, ბებრები იყვნენ.
                    ჰოდა, ეხლა ვარ ესე რა!
                    ამიტომ  გთხოვე, წამიყვანე-მეთქი. ხო გახსოვს, რომ მპირდებოდი, გოგოებს გაგაცნობო, ერთი ავსტრიელიაო, ერთი პრიბალტიკელიო. ეგენი, ეტყობა, არ ჩამოვიდნენ.
                    არ დავეძებ, ნიკ!
                    ჯანდაბას ჩემი თავი, ნუ იქნებიან ფირმა გოგოები, ქუჩის გოგოები იყვნენ, თუ გინდა!  თორე, დამავიწყდა, ქალი რისთვის არი საჭირო!  ვიცი, ეგენი სადაც დგანან. ტენდის სოფელში როცა მივყავარ, ბენზინკალონკებთან  და სასადილოებთან ვხედავ-ხოლმე  ჯგუფ-ჯგუფად. ჰოდა, ძმურად, წამიყვანე და გამიშვი რა!  სახლში არ შემომაყვანინებს ტენდი, თორე კი მაქვს ორსაწოლიანი "ჯონის ლოგინი".
ოღონდ,  ტენდისთან არ თქვა რა,  მომკლავს! „ჩვენს ოჯახს ქუჩის გოგოები არ ეკადრებაო“, მეტყვის.
                    აბა, მე ტი რაღა მოგწერო, ნიკ.  ვიცი, კაცურ ამბავში გამიგებ, ძაან ცუდ დღეში ვარ.

                  შენი ძმაკაცი, ჯონიკა.

02.12. 2015 წ.





პ.ს.  შეგიძლიათ "გამიცნოთ" ილუსტრაციებში




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლილიტი_ ვულოცავთ დაბადების დღეს