ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეთი...
ჟანრი: იუმორისტული
12 ოქტომბერი, 2014


„აპლიკანტის CV“ ძლიერი ქალებისთვის, ანუ როგორი უნდა იყოს „სამამულო წარმოების“ ქართველი კაცი

ამას წინათ ნაცნობ ასტრო-ეზოთერიკოსს ჩავეკითხე, სად ვიპოვო ჩემზე ძლიერი კაცი-მეთქი. პასუხმა არ დააყოვნა, თუმცა ის საკონტროლო გასროლასავით მომხვდა გულში. ეგეთი არ არსებობსო, – მითხრა მან. რა თქმა უნდა, არ დავუჯერე და „მძიმე განაჩენი“ გავაპროტესტე. ეგეთი ერთია და ისიც დაკავებული – პრემიერი!
ასტრო-ეზოთერიკოსის ამ ფუჭმა, მაგრამ  სადღაც მაინც „დამაიმედებელმა“ ფრაზამ ქართული მულტფილმი „სიზმარა“ და ძილის მინისტრი გამახსენა, როცა მან მეფეს სამეფო კარის სიზმრების დაწუნების შემდეგ, ერთი გლეხის „სულ თოთო სიზმარი“ გააცნო… კარგად მესმის, რომ ზღაპრებიც და ასტრონომიული პროგნოზებიც ყველასთვის ჰეფი-ენდით არ სრულდება, მაგრამ (პრემიერი იქით იყოს და) გულში მაინც გავიფიქრე, რომ რაღაც შანსი მქონია…
დიახ, მე ვარ ძლიერი, ემანსიპირებული, რეალიზებული, თავისუფალი ქალი და რთული არჩევანის წინაშე ვარ: თან მინდა ეს „მდიდარი“ მონაპოვარი შევინარჩუნო, ძირეულად არაფერი შევცვალო ჩემს ხასიათში, ცხოვრების წესსა, თუ ქცევებში და თან ვიპოვო ისეთი ქართველი მამაკაცი, რომელიც ამ ყველაფრიანად მიმიღებს, არაფერს შეცვლის ჩემს ცხოვრებაში, ვეყვარები, იზრუნებს და, რაც მთავარია, ჩემზე ძლიერი იქნება!
ჩემნაირი ბევრია. თუმცა ცნება – „ძლიერი კაცი“ ყველას სხვადასხვანაირად გვესმის.

მაინც რა არის ის ძირითადი თვისებები და უნარ-ჩვევები, რაც მამაკაცს ჩვენს თვალში „ძლიერს“ ხდის?

* ბრძენი, ავტორიტეტული, სხარტი, პრინციპული, კეთილი, ჭკვიანი (ეს უკანასკნელი მხოლოდ ნაკითხობას არ გულისხმობს);

* როდესაც არ გაურბის პასუხისმგებლობას;

* არის მზრუნველი და ყურადღებიანი;

* სექსუალურად მიმზიდველი (ამ სფეროში აუცილებელი პირობაა „პროფესიონალიზმი“);

* არის წარმატებული საკუთარ საქმეში, რეალიზებულია და აქვს სტაბილური შემოსავლის წყარო;

* არ არის ეჭვიანი, ერთგულია;

* აქვს ინდივიდუალური ხასიათი;

* არის თავისუფალი როგორც ქცევებში, ისე აზროვნებით, დამოუკიდებელია;

* როდესაც ის არ ექცევა სხვისი გავლენის ქვეშ (განსაკუთრებით დედის);

* როდესაც არ ცდილობს  ქალის ცხოვრებაში უხეშად ჩარევას, მის გადაკეთებას;

* აქვს კონფლიქტების „მშვიდობიანი გზით“ მოგვარების უნარი (ფლობს „მშვიდობის ენას“);

* აქვს იუმორის გრძნობა, გემოვნება, გალანტურია, ჯენლტმენია;

* არ არის ზარმაცი და არ უფრთხის სირთულეებს;

* აქვს სწორი ანალიზის უნარი;

* მოძრაობის „ჯი-პი-არ-ესი“ წელს ზემოთ აქვს;

* აქვს ნებისყოფა და დროის შეგრძნება.

მოკლედ, მგონი ისეთი “cv”  გამომივიდა, ქვას გახეთქავს და გამოცხადებულ ვაკანსიაზე უალტერნატივოა.  ბუნებრივია, რომ კიდევ ბევრის მოფიქრება შეიძლებოდა, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ თუკი მამაკაცი ამ თვისებებით გამორჩეულია,  დანარჩენი პატარ-პატარა „სისუსტეები“  შეიძლება ეპატიოს, მაგალითად, ალკოჰოლისადმი მიდრეკილება (ნორმის ფარგლებში), კიდევ  ფეხბურთის დაუსრულებელი მატჩებით ტკბობა და დაე,  საღამოობით ტელევიზორსაც „ეჩხუბოს“… ასატანია ეს მაინც!
პირადად მე „აუცილებელი მოთხოვნების“ ნუსხაში კიდევ რამდენიმე პუნქტს დავამატებდი, მაგალითად იმას,  რომ „ჩემი“ მამაკაცი არ უნდა იყოს პედანტი და ნარცისი, მაგრამ ქალების უმეტესობა ძლიერი სქესის წარმომადგენლებს ხასიათის ამ სიმძიმეებსაც პატიობს.
მთელი უბედურება ის არის, რომ როდესაც ქალები „საკუთარ მამაკაცს“ აღმოვაჩენთ ხოლმე, მის შესახებ ჩვენი წარმოდგენები თავიდან, როგორც წესი, ზედაპირული და, სამწუხაროდ, ხშირად მცდარია. ეს დაახლოებით იმას ჰგავს, როდესაც არქეოლოგი  ახალ აღმოჩენას გააკეთებს, თუმცა „ნივთიერი მტკიცებულების“ დეტალურ შესწავლამდე, არ იცის, რამდენად ფასეულია, თუ ფასდაუდებელია ის… მაგრამ, პირველი „აღმოჩენით“ აღფრთოვანებულია და  ემოციურ ფონზე, ხშირად საბედისწერო შეცდომებს უშვებს.
რა ხდება მაშინ, როდესაც  ჩვენი რჩეული „არტეფაქტები“ იმედს გვიცრუებენ და ვხვდებით, რომ ერთი შეხედვით, სანიმუშო „cv”-ს მქონე  ჩვენი „აპლიტანტები“  „სამუშაო პროცესში“, საჭირო მოთხოვნების დიდ ნაწილს ვერ აკმაყოფილებენ?

დიდი იმედგაცრუება და პრობლემები –  ანუ, რა ხდება, როდესაც  ძლიერი ქალი სუსტ კაცთან იწყებს ურთიერთობას

* საქმეში არარეალიზებული კაცის შემთხვევაში: ჩვენ ვეხმარებით მას სამსახურის საქმეებში და, ამავდროულად, ვცდილობთ ამით მისი „მამაკაცური“ ღირსებები არ დაკნინდეს. გაუთავებლად ვეუბნებით, რომ  ყველაფერს მან მიაღწია, რომ  ჩვენ კი არ დავეხმარეთ, ის არის გენიოსი! მერე ეს დახმარება ან ვალდებულებებში გადადის, ან მამაკაცები საკუთარ „გენიალურობას“ იჯერებენ და იწყება პრობლემებიც;

* როდესაც მამაკაცი სუსტია და ეს ყოველდღიურ ყოფაში მკაფიოდ ჩანს, ის ხშირად ცდილობს წარმატებულ და რეალიზებულ  ქალს წინსვლაში  ხელი კი არ შეუწყოს, პირიქით, უკან სწევს მას, რათა მის „დონეზე“ დააქვეითოს და  „გაითანაბროს“. თუკი ქალი მას წინააღმდეგობას უწევს, ამას, როგორც წესი, კონფლიქტები მოჰყვება. ხშირად  მამაკაცი საკუთარი სისუსტის გადასაფარად ძალადობასაც მიმართავს. ცდილობს, რაიმე ფორმით დაამტკიცოს, რომ „მუჟიკია“. საქართველოში ეს ყველაზე გავრცელებული ფორმაა (ასეთი შემთხვევები  შემდგომ ხშირად თავისი გრაფიკული სტატისტიკით წამყვანი მედიასაშუალებების პირველ ბლოკში ხვდება );

* როდესაც სუსტი მამაკაცი ხვდება, რომ ძლიერ ქალთან ადაპტირება არ შეუძლია, მას ან ტოვებს, ან ღალატობს, ეძებს თავისზე სუსტს, სადაც შეუძლია გახდეს „ხელმწიფე“ და დაიმონოს ის (ქალი „კუხნაში, ან „დუხოვკაში“);

* ცდილობს ძლიერი ქალი „გადააკეთოს“,  რაც,  ძირითადად, მისთვის  მთელი რიგი აკრძალვების დაწესებაში გამოიხატება – ეს კი  ფატალურ შედეგამდე მიდის;

* ხშირად ურთიერთობები სუსტი მამაკაცის უპასუხისმგებლობის მიზეზით ინგრევა;

* როდესაც მამაკაცი „ალფონსია“ და მშვენივრად იყენებს ძლიერი ქალის სიტუაციას და მდგომარეობას. იშვითად, მაგრამ ძლიერი ქალი ეგუება ბედს და რადგან „სხვა გამოსავალი“ არ აქვს,  იტანს „ბუტაფორია“ მამაკაცს, რადგან სულ მარტო არ დარჩეს და სოციალურად კონტექსტური იყოს.

ისევე, როგორც “იდეალური მამაკაცის“ „cv“-ს შემთხვევაში, აქაც ვრცელი ჩამონათვალის  მოყვანა შეიძლება, თუმცა რა აზრი აქვს იმაზე საუბარს, რაც ყველამ ისედაც კარგად ვიცით და, მით უმეტეს,  რისი მოსმენაც არ გვსიამოვნებს.  მთავარი გამოსავალია.  ასეთი მზა და უტყუარი რეცეპტები კი, რაც შეცდომების თავიდან აცილებაში დაგვეხმარება, სამწუხაროდ, არ არსებობს.

არსებობს მხოლოდ რამდენიმე  რეკომენდაცია, რაც კარგი იქნება, რომ გავითვალისწინოთ, როდესაც სასურველ მამრს ვარჩევთ;

* ემოციების მართვა, რაც რეალობის და რეალური ადამიანის აღქმაში დაგვეხმარება;

* დრო – პირველი „ეფექტის“ დაძლევა, რაც მოგვცემს შესაძლებლობას კარგად გავიცნოთ, შევისწავლოთ და „შერჩეული აპლიკანტის“ შესახებ სწორი აზრი შევიქმნათ;

* დროის „მენეჯმენტი“ – პირადი და სამსახურებრივი დროის სწორად გადანაწილება;

* პირადი ცხოვრების გარკვეული ნაწილის ხელშეუხებლობა;

* ვისწავლოთ ზრუნვა, სითბოს გაცემა,  მოსმენა და ხშირად დუმილი;

* „აპლიკანტის“ საბოლოო „მიღება“ მხოლოდ სექსის შემდეგ უნდა მოხდეს;

* საყვარელ მამაკაცს ზუსტად იმდენივე დრო უნდა დავუთმოთ, რამდენსაც ის ხარჯავს ჩვენზე ზრუნვაში;

* პირველ რიგში, ჩვენი თავი უნდა გვიყვარდეს, რომ მან შეძლოს ჩვენი შეყვარება;

* ვემეგობროთ საკუთარ თავს და საყვარელ მამაკაცს;

* არ უნდა დავკარგოთ ფორმა და კონტენტი (მაშინაც კი, როდესაც უკვე საყვარელი მამაკაცი, რომელსაც გულის ტკივილამდე უყვარხარ, გეუბნება, რომ ასი კილოც ეყვარები);

* ყოველთვის ვიბრძოლოთ საკუთარი მამაკაცის შენარჩუნებისთვის და არასოდეს დავიჯეროთ, რომ ის უკვე ჩვენია, ისევე როგორც მამაკაცს სულ უნდა ჰქონდეს შეგრძნება, რომ თქვენ მისი „ნაალაფარი“ არ ხართ;

* მამრს დაუტოვეთ განცდა, რომ ეს მან მოგიპოვათ და არა, თქვენ,  რომ მისი რენომე არ იყოს შეურაცხყოფილი;

* არ შევეცადოთ მის გადაკეთებას (ლოჯიის და „ზალის“ მიშენება დამღუპველია);

* ქალის და მამაკაცის ურთიერთობა მდინარეს ჰგავს და არ უნდა ვაქციოთ ის გუბედ;

* პატივი ვცეთ მას და მისი გარემოცვის აზრს, ვეცადოთ, „გაგებით მოვეკიდოთ“;

* ცხოვრებისეული გამოწვევები სისუსტედ არ ჩავუთვალოთ და გავამხნევოთ რთული პერიოდების დაძლევისას;

* გავანებივროთ კულინარიული გემო-ვნებებით;

* არ ვიქექოთ მის წარსულში, მობილურ ტელეფონში და ფეისბუქის ინბოქსში – პერსონალური ინფორმაციის ხელშეუხებლობა;

* გადავახალისოთ სექსუალური ურთიერთობები – რებრენდინგი, რეფრეში;

* მოვიშოროთ შუბლზე “მოძრავი მორბენალი სტრიქონები“ – როდის დავაკანონოთ ურთიერთობები, რა სტატუსი მაქვს მე, რას იტყვის სამეზობლო-სანათესაო ველი;

* შევუქმნათ უნისონში გარდამავალი იდილია (ჩაი ლიმნით, ყავა კონიაკით, ვისკი ყინულით  – ზრუნვა კომფორტსა და რელაქსზე);

* არასოდეს მოვახდინოთ საკუთარი „ძლიერი სქესის“ დემონსტრირება (დავაბალანსოთ ხმის ტემბრი, ვაკონტროლოთ ქცევები და სიტყვები);

* თუკი დავრწმუნდით, რომ „აპლიკანტი თანამედროვე გამოწვევებს“ ვერ აკმაყოფილებს, უნდა დროულად დავითხოვოთ ის (ზედმეტი თვითგვემის, პირად ასტროლოგთან, თუ მოძღვართან კონსულტაციების გარეშე).

ეს ყველაფერი იმის გარანტია, რომ,  არა მარტო ვიპოვოთ საკუთარი მამაკაცი, არამედ დავტკბეთ მისით…და – პირიქით.

ხშირად იმასაც ამბობენ, რომ იდეალური მამრი არ არსებობს, რისიც არ მჯერა, უბრალოდ ცოტანი არიან, დინოზავრებივით გადაშენების გზაზე და პოვნა უნდა. ეს  გამართლებაზეცაა, ჩვენს უნარზე, რომ ის „დავინახოთ“ და, რაც მთავარია, შევინარჩუნოთ (როგორც უკვე ავღნიშნე, პოვნა კიდევ ადვილია ამ მეორესთან შედარებით)!
სხვა რა გზაა,  ჩვენს სასურველ მამაკაცს კონსტუქტორივით ვერ ავაწყობთ, პლასტელინით ძერწვის ნიჭი  კი ბევრ ქალს არ აქვს, რომ ის ახლიდან გამოძერწოს…გვინდა კი,  ჩვენ მიერ გამოძერწილი კაცი?  მასალაც ხომ უნდა გიწყობდეს ხელს ბოლოსდაბოლოს (ბუნებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ)…
ამიტომ,  რახან პირადად მე  ვერ ვიპოვე, ვზივარ  ასე, ჩემთვის და ველოდები, როდის მიპოვიან.  გზადაგზა  ვცდი ხოლმე ბედს, ჯერ უშედეგოდ, ვაშენებ, ვანგრევ, ვაშენებ, ვანგრევ… მაგრამ მაინც არ ვწუწუნებ… ეს წვრილმანი ურთიერთობები, თუნდაც დაშორებისთვის განწირული, უბრალოდ მზრდის და ეგეც საჭირო გამოცდილებაა.

PS: ამას წინათ, ბათუმის ბულვარში ორი ადგილობრივი გოგონას, ამ შინაარსის დიალოგს შევესწარი:
– რაფერ ხარ, ცავ?
– კაცი არ არის, ფული არ არის, რაფერ ვიქნები?
ამ გოგონებმა ორ მარტივ ფრაზაში  ჩაატიეს ის, რასაც ჩვენ მრავალსაათიან ღრმად ფილოსოფიურ განხილვებს ვანდომებთ. თანაც, რა შორს არიან ასტრო-ეზოთერიკების, მეზღაპრეების, თუ სიზმარებისგან … და, კაცმა რომ თქვას, რა ახლოს არიან რეალობასთან…

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები