ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიდი ძმა
ჟანრი: პროზა
28 ნოემბერი, 2014


ქალაქი, რომელიც წვიმისთვის მზად არ იყო

ქალაქი პატარა იყო, მაგრამ ფუსფუსა, თვითკმარი, ყველაფრისგან შორს. მოქალაქეებიც იმდენი ჰყავდა, რამდენიც საჭირო იყო, არც ერთი ადამიანით მეტი ან ნაკლები. მოზრდილი ცენტრიც ჰქონდა, სადაც ყველას შეეძლო სამოქალაქო, ან ზოგად მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება.
სწორედ ამ მიზნით გაუდგნენ გზას სულხანი და საბა, რომლებიც შედარებით განაპირა, მოგარეუბნო ალაგას ცხოვრობდნენ. ორივე ახალგაზრდა იყო, ორივეს სისხლი უხურდა და ორივეს ქალი უნდოდა, ცენტრში კი ჯიბეგასაწვდომი ბორდელი ეგულებოდათ, არც ისე ლამაზი, მაგრამ დამაკმაყოფილებლად ვნებიანი მეძავებით. საბა მოგამხდრო იყო, სულხანზე მაღალი, სულხანი კი მომსუქნო, საბაზე ოდნავ უმცროსი. ძმაკაცები იყვნენ და ამ საგმირო საქმეზეც (რომლისთვისაც ფულს აგერ უკვე რამდენიმე კვირა იყო, აგროვებდნენ) ერთად მიდიოდნენ.
-ჯერ მე ამარჩევინე, რა, - თავიდანვე აღიარა საბას უპირატესობა სულხან-მსუქანმა და მუდარის თვალით ახედა მეგობარს. იმანაც მოწყალება მოიღო:
-კარგი, ჰო. ოღონდ, იცოდე, ფასზე მე მოველაპარაკები, შენ ხმა არ ამოიღო, ჯერ გოგოებს უნდა ვებაზროთ. იქ მთავარი ბოზია, ეგ თუ დავითანხმეთ, ზედმეტიც მოგვრჩება და მერე სადმე ვჭამოთ. - სახელდახელოდ შეაკოწიწა გეგმები საბამ.
-ბაზარი არაა. - სიხარულით დაეთანხმა სულხანა, მოშიებოდა.
ერთხანს ჩუმად მიდიოდნენ, ორივე ისე რა, მსუბუქად ნერვიულობდა, უფრო გული უფრთხიალებდათ დიდი სიამოვნების მოლოდინში.
-ისე, შენი შეყვარებულიც კაი ნაშაა, - დაფიქრებით წარმოთქვა სულხანმა, თან თავიც მონდომებით დააქნია, თვალწინ წარმოუდგა „კაი ნაშის“ ღირსშესანიშნავი ადგილები - და რაღას იხარჯები, შეჩემიტა?
-არ იძლევა ეგ ჩემისა, - დანანებით თქვა საბამ. კარგი ბიჭი იყო, კეთილიც ეთქმოდა, მაგრამ სიყვარულის და მსგავსი მაღალი გრძნობებისა არ სწამდა. - მაგან რო მომცეს, იმ მახინჯებთან რაღა მინდა... ჰოდა, თავის თავს დააბრალოს, - დაასკვნა ბოლოს და გამხიარულდა, ეტყობა, სინდისი მაინც აწუხებდა მსუბუქად. - და ნაშას მოგცემ, შე ახვარო, ხო გითხარი წესიერად ილაპარაკე-მეთქი სალომეზე?!
ისეთნაირად გაბრაზდა რომ მსუქან სულხანს ოდნავადაც არ შეშინებია, კაი, კაიო ჩაილაპარაკა და ისევ ჩაფიქრდა, კვლავ სიჩუმე ჩამოვარდა. სულხანი მოძრაობებზე ფიქრობდა, თავი არ შევირცხვინოო, ღელავდა, საბა კი სალომეზე გადაერთო.
სალომე მართლა ნაშა იყო, ამ სიტყვის კლასიკური გაგებით, მაღალი, მიმზიდველად გარუჯული, მიმზიდველადვე თეძო-მკერდსავსე, ყველაფერ თანამედროვესა და მოდურს სნობურად აყოლილი. ქალაქი ასე პატარა და ტრადიციათა ცხრაკლიტულში გამოკეტილი რომ არ ყოფილიყო, საბა დიდი ხნის წინათ დატკბებოდა მისი მკვრივი სხეულით, მაგრამ ვაგლახ, რომ გარემოება ხელს არ უწყობდა. „მეც ხო კაცი ვარ და მოთხოვნილებები მაქვს, რა გასაკვირია, იქ მივდიოდე, სადაც მივდივარ, თავის სამართლებელი არაფერი მჭირს!“ - ასე იმართლებდა თავს და მსუბუქ დისკომფორტს მეტ-ნაკლები წარმატებით უმკლავდებოდა.
სულხანმა უცნაური მოძრაობა გააკეთა, საბამ შეხედა:
-რას შვები, შეჩემა?
-არაფერს. - შერცხვა.
ცენტრს უახლოვდებოდნენ.
ამასობაში ცენტრიდან ორი გოგო ბრუნდებოდა, ქეთი და ანა. ერთმანეთს ფარულად ვერ იტანდნენ -  ორივეს ერთი საუკეთესო მეგობარი ჰყავდა, ამიტომ ხშირად უხდებოდათ ერთურთზე ეჭვიანობა. ახლაც იმ საერთო და ერთადერთი მეგობრის სახლიდან ბრუნდებოდნენ, მათი ვიზიტის დროები საეჭვოდ დამთხვეოდა ერთმანეთს, ხოლო როცა ზომიერად გაბრაზებული ანა აწრიალდა და თქვა, წავედი სახლში, ხვალ გნახავო, ამ ორ უფსკრულს შორის გადებულმა ხიდმა უპასუხა:
-ცოტაც მოიცადე და ქეთისთან ერთად წადი, ერთი გზა გაქვთ, თან გვიანია, გოგო! - დემონსტრაციულადაც შეშფოთდა. „შტერი“, გაიფიქრა ანამ, მაგრამ ვერაფერს იზამდა, ქეთიც ზრდილობიანად ჩაერთო:
-ჰო, ერთად წავიდეთ, მაინც ერთი გზა გვაქვს... – „ჯანდაბა, დამეგობრება მოგვინდომა ამ სულელმა მაჭანკალმა.“
ერთადაც წამოვიდნენ, ერთხანს უხალისოდ და უხმოდ მიაბიჯებდნენ, ერთმანეთისგან ზომიერად დისტანცირებულნი. ბოლოს, ინიციატივა ხელში ქეთიმ აიღო, უფრო აქტიური იყო და მონდომებული (ან, ანას სიტყვებით, ცანცარა და თავქარიანი):
-სად ცხოვრობ?
ანა გაბრაზდა, მაგრამ მაინც უთხრა სადაც ცხოვრობდა, მერე თვითონაც ჰკითხა:
-შენ?
აღმოჩნდა, რომ კარგა ხანი უნდა ევლოთ ერთად, ორივეს კიდევ უფრო წაუხდა ხასიათი, ორივე იმ ერთ მეგობარს ლანძღავდა და გულში ორივემ დადო პირობა, ხვალვე თმებით ეთრიათ. დუმილი როცა გაუსაძლისად იქცა, ქეთიმ თქვა:
-რას ფიქრობ კვანტური ფიზიკის პერსპექტივებზე ჩვენს ქალაქში? - გაიხუმრასავით, მაგრამ არ გაუცინია.
ანამ გაკვირვებით შეხედა, არც მას გაუცინია (რამაც ქეთი გაანაწყენა), ერთხანს არაფერი უპასუხა, ბოლოს კი ამოღერღა:
-ვფიქრობ, ჯერ ის სასიცოცხლო მნიშვნელობის მეტაფიზიკური პრობლემები უნდა გადავჭრათ, ასე ძალიან რომ გვაწუხებს. - ამჯერად ქეთის არ გაუცინია, შური იძია.
საუბარს სარკასტული კალაპოტი მიეცა, დაძაბულობა და უხერხული დუმილი გაქრა, რამაც ორივეს საგრძნობი შვება მოჰგვარა. ქეთიმ მთლად აიწყვიტა, ასე იცოდა, თუ რამის ეშხში შევიდოდა, აღარ გამოვიდოდა:
-ჩვენი ქალაქის სასახელო მეცნიერებმა უკვე მიაგნეს ქვეცნობიერის რამდენიმე საყურადღებო ბილიკს, რომელიც ჩვენს ცივილიზაციას მეტაფიზიკური საიდუმლოებების გამოქვაბულისკენ უნდა გაუძღვეს. ყველაფერი დროის ამბავია.
ანა ეშხში არ შესულა, ამისთვის ზედმეტად იყო გაღიზიანებული, თითქოს დაჩაგრეს და ყველაზე მეტად ის აბრაზებდა, რომ ამ ყველაფერში მისი ერთადერთი მეგობრის ხელი ერია. გადაწყვიტა, რამდენიმე დღე არც გავიხედავ მაგისკენო.
-მერე ჩვენი სასახელო მეცნიერები იმ გამოცანასაც მონდომებით დაეძგერებიან, დროის ფენომენი რომ ჰქვია და სულ ბდღვნას ადენენ. - ქეთი ვერც ამჩნევდა ანას სიბრაზეს. ან არ იმჩნევდა.
-ნეტა გაგვარკვევდნენ, რატომ მიიზლაზნება ხოლმე ლოკოკინასავით, მაინცდამაინც მაშინ, როცა მის აჩქარებას მთელი გულით ნატრობენ. - ამგვარ მინიშნებაზე თვალის დახუჭვა ეშხში შესულ ქეთისაც კი არ შეეძლო:
-ალბათ იმიტომ, რომ ადამიანებს დაახლოების შანსი მისცეს. დრო ხომ ისედაც ცოტა გვაქვს.
ანა კიდევ უფრო გაბრაზდა, თითქოს შეურაცმყოფელი მოწყალება გაიღეს, ყველაფერს ერჩია, ეთქვა - „წატი შენი!“ და გზის მეორე მხარეს აჩქარებული ნაბიჯით გადასულიყო, მაგრამ გამბედაობა არ ეყო (რამაც მის სიბრაზეს ახალი სიმაღლეები შეჰმატა):
-მაგრამ, ხომ არსებობენ ადამიანები, ეს შანსი რომ არაფერში სჭირდებათ? არსებობენ. და იჩაგრებიან. - ანამ რაღაც მოიფიქრა, აცქმუტდა.
-მთავარი ისაა, რომ მეცნიერები... - გოგოებს შუაში ორმა მზეჭაბუკმა ჩაუარა და ქეთის სიტყვა გაუწყდა. მომაღლო მზეჭაბუკი ჩაფიქრებული იყო, არცერთისთვის შეუხედავს, ჩასუქებულმა მზეჭაბუკმა კი ქეთის ხალვათად შეფუთულ მკერდს უტიფრად შეავლო მსუნაგი მზერა. ქეთი აირია, დაავიწყდა რაზე ლაპარაკობდა, უნებურად მკერდზე დაიხედა და შეძლებისდაგვარად მიმოდაიფარა. ანამაც ძღვნად მოვლენილი პაუზით ისარგებლა და, როგორც იქნა, გადაწყვეტილება მიიღო:
-მე მეგობარს შევუვლი, აქვე ცხოვრობს. - უცნობი სახლისკენ გაიშვირა ხელი.
-კარგი. ნახვამდის. - უთხრა ქეთიმ და სრულიად უადგილოდ დასწყდა მოღეღილი გული.
-ნახვამდის. - გამოემშვიდობა ანაც და ქუჩა ფეხათრევით გადაჭრა.
ამ ყველაფრის პარალელურად სულხან-საბა ბორდელს უახლოვდებოდნენ. მსუქანი იმდენად იყო აღგზნებული, გზად ერთ მომიმზიდველოდ ჩაცმულ გოგოს კინაღამ აეკიდა, მაგრამ დროზე შეიკავა თავი, რომელი დონ ჟუანი მე ვარ, უცებ არ დავკეროო, თან სამიზნისკენ ეჩქარებოდა. საბას კი ეტაპობრივად წაუხდა ხასიათი, მექანიკურად მიაბიჯებდა და ის კი უნდოდა, რისკენაც მიაბიჯებდა, მაგრამ სალომედ შემოპარული უცნაური სევდა განუწყვეტლივ ანამუსებდა. „არ ეხსენებინა მაინც ამ სირს“, გაბრაზებულმა გადახედა მეგობარს, რომელიც რაღაცას მონოტონურად ღიღინებდა და შიგადაშიგ ხელებს იფშვნეტდა.
-ნუ ცქმუტავ, შეჩემა! - მსუბუქად წაუთაქა. არადა, როგორ უნდოდა ფეხქვეშ გაეგდო.
იმას გაბრაზება არც უფიქრია:
-აბა, ამოვჭრათ ჩვენი სახელები გამოცდილი ბოზების გულებში, ისე, რომ დიდხანს და ტკბილად მოგვიგონონ! - ყოველთვის საჭიროზე მეტად პრეტენზიული იყო, ზოგჯერ კი ბილწ აზრებს ისე მაღალფარდოვნად გააჟღერებდა, ნებისმიერს გააცინებდა. საბასაც გაეცინა. ბორდელი გამოჩნდა.
მზეჭაბუკებმა ერთმანეთს გადახედეს.
მსუქანი სულელურად გაიკრიჭა, დიდი შემართებისა და ენთუზიაზმის მიღმა მღელვარება გამოუჩნდა. საბასაც აუჩქარდა გულისცემა.
მზეჭაბუკები ბორდელში შევიდნენ.
როცა ქეთი თვალს მიეფარა, ანამ შვებით ამოისუნთქა და აუჩქარებლად დაიძრა შინისაკენ, გუნებაც ცოტათი გამოუკეთდა (თუმცა იმ თავის ერთადერთ მეგობარზე მაინც ძალიან იყო გაბრაზებული), ოდნავ წაუამაყა კიდეც იმის გამო, რომ არ შეეგუა ზედაპირული ზრდილობისა და ფორმალობების არცთუ სუსტ ჯაჭვებს და ასე, ერთი ხელის აქნევით, გაწყვიტა.
იდილიური სიჩუმე ერთმა ყველაზე ხმამაღალმა ფიქრთაგანმა დაურღვია - „რატომ უნდა მევლო იმ ადამიანთან ერთად, რომელიც არ მომწონს?“ - მიხვდა თავის მართლების რეჟიმში იყო, სინდისი ზომიერად ჰკიცხავდა (ჯერ მხოლოდ ხურდებოდა), კარგი განწყობის შენარჩუნება თითქოს მაინც მოახერხა. ერთხანს გაღიმებული მიუყვებოდა ლამპიონებით განათებულ ღობეებს, მაგრამ მალე ცვლილების ქარმა დაუბერა - ღიმილი თანდათან შეაშრა, შემდეგ საბოლოოდ გაუქრა, უემოციო სახე ნელ-ნელა მოექუფრა, წარბები ავ(დრ)ისმომასწავლებლად შეჰყარა, ტუჩები უკმაყოფილოდ ააცმაცუნა, თითქოს რაღაცას ბურტყუნებდა, გაბრაზებული იყო, ერთ-ერთ ღობეს მომწყდარ ხმაურიან ძაღლს ისე შეუყვირა, სახლში შუქი აანთეს, ძაღლმა კი კუდი ამოიძუა. ფეხს აუჩქარა, ცოტა ხანში სირბილზე გადავიდა და მერე ისეთი თავდავიწყებით გაიქცა, თავადვე შეეშინდა საკუთარი სიჩქარის. თითქოს ქეთის მისდევდა. როცა ფეხები ასტკივდა, შეჩერდა, მაგრამ ერთბაშად ვერა, ცოტა ხანიც ინერციით მირბოდა, აქოშინდა, პირღია თავი უკან გადააგდო - ცა მოღრუბლული იყო, არც მთვარე ჩანდა, არც ვარსკვლავები. „მოწვიმდეს მაინც!“ კიდევ ერთხელ წამოენთო ბრაზისგან, მიმოიხედა, სიმწრის ცრემლებმომდგარმა ქვას ხელი დაავლო და თავისი ჭკუით ღრუბლებს გაუქანა.
რაც შეეხება ქეთის, ერთხანს ისიც გუნებაწამხდარი მიაბიჯებდა, მაგრამ მალე ფიქრების სხვა ტალღაზე გადაერთო და ანასთვის მის თავში ადგილი აღარ დარჩა. მივიდოდა სახლში და ცოტას შეჭამდა, ცოტასაც წაუმეცადინებდა, მერე კი, ძილის წინ ბევრს იფიქრებდა იმ ბიჭზე, აგერ უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში რომ უყვარდა (სავარაუდოდ, ძილშიც დაესიზმრებოდა). ყველაფერი გაწერილი ჰქონდა და ყოველდღიურობის ყალიბში მტკიცედ ჩამოსხმული, ცვლილებები არ უყვარდა. მაგრამ, როცა სახლში შევიდა, ანგარიშმიუცემლად გაიფიქრა: „რა მოსაწყენია ეს ყველაფერი.“ მერე ისე შეკრთა, თითქოს ეს სიტყვები ვიღაც სხვამ წასჩურჩულა, ერთხანს უმოძრაოდ იდგა, რაღაცას შიშით ელოდა, შემდეგ გამოერკვა, თავი ენერგიულად გააქნ-გამოაქნია, აბეზარ ფიქრებს გაექცა და სწრაფი, არეული ნაბიჯებით დაიძრა სამზარეულოსკენ.
-ჰა, როგორი იყო? - მსუქანმა იკითხა, დაღლილი ჩანდა.
-გაასწორა. - ნეტარი ღიმილი მოეფინა - შენი?
თითქოს დააპირა, დეტალურად აღეწერა ყველაფერი, მაგრამ მალევე გადაიფიქრა:
-ჩემმაც გაასწორა.
ეს იყო და ეს. საბამ სიგარეტი დააძრო, სულხანი ჩაეწილა, მიდიოდნენ და აბოლებდნენ.
-რამე არ ვჭამოთ? - საბა მშვენიერ ხასიათზე დადგა - მომშივდა.
მეგობარმაც ფიქრიანად დაუქნია თავი და მორჩენილი ფულით უახლოესი სასადილოსკენ დაიძრნენ, მაგრამ, სანამ შევიდოდნენ, ორი უჩვეულო და ორიც უცნაური რამ მოხდა.
ჯერ ერთი, როცა გზაზე გადადიოდნენ, საბა შეჩერდა, ხელის გულები ამოატრიალა, მერე მაღლა აიხედა - წვიმდა. თითქოს აქ განსაკუთრებული არც არაფერი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ამ პატარა ქალაქში ერთი წელი იქნებოდა, არ მოეწვიმა: ცა ყოველ ღამით იღრუბლებოდა, საწვიმრად ემზადებოდა, შიგადაშიგ ელავდა კიდეც, მაგრამ დილით საწვიმრად გამზადებული ღრუბლები კვლავ უკვალოდ ქრებოდა. ასე ხდებოდა გადაბმულად. სულხანიც შეჩერდა, ჯერ მეგობარს გახედა, შემდეგ თვითონაც აიხედა. იდგნენ შუა ქუჩაში და სახეზე აწვიმდათ, თავიდან ცრიდა, შემდეგ კი ადელგმდა.
-წვიმს, ტო! - უადგილო სიხარულით წამოიყვირა, საბამ გამოხედა. ხელის გულებით წვიმის მსუქან წვეთებს გრძნობდა. ერთხანს უაზროდ უყურა სულხანს (წყალი წურწურით ჩამოსდიოდა სახეზე), მერე მიუახლოვდა და მეორე უჩვეულო რამ მოხდა:
-ვინაა შენი ნაშა?! - დაუყვირა და პუტკუნა სახეში მუშტი გამეტებით ატაკა.
მთელი ღამე დიდხანს და გადაუღებლად წვიმდა. ქეთიმ სახლში შესვლა კარგა ხნით ადრე მოასწრო, ანა კი ერთიანად გაილუმპა, მაგრამ არ გაქცეულა, გახარებული იყო, მაშინვე რამდენიმე ზებუნებრივი შესაძლებლობა მიაწერა საკუთარ თავს და გაამაყებული, მედიდური ნაბიჯებით მიუყვებოდა გზას შინისაკენ, მაგრამ ეს სიხარული, სიამაყეც და მედიდურობაც ზედაპირული იყო და მათ მიღმა რაღაც ისეთი იმალებოდა, რაც ერთდროულად მოიცავდა სევდას, შიშსა და ბრაზს.
ორ უცნაურობათაგან პირველი მაშინვე მოხდა, როცა სულხანი მოწყვეტით დაასკდა აწყლიანებულ გზას, საბა მარცხენა ხელის გულით შეეხო მარჯვენა ხელის ნატკენ ზურგს, ანა საკუთარი სახლის ჭიშკარს მიუახლოვდა და საკეტს ხელი შეავლო, ქეთიმ კი ჭამა მოამთავრა და ის იყო, წიგნი გადაშალა. ამ რამდენიმეწამიან მონაკვეთში ოთხივე მათგანმა გარკვევით დაინახა საკუთარი თავი. თითქოს უკუნი სიბნელე ელვამ კლაკვნით გააპო, ფარდასავით გაფხრიწა და მის მიღმა სულხანმა დაინახა ნამდვილი სულხანი, საბამ ნამდვილი საბა, ანამ ნამდვილინ ანა, ქეთიმ კი ნამდვილი ქეთი.
მეორე უცნაურობაც მოგვიანებით, იმავე ღამეს დატრიალდა: ქალაქის ოთხ სხვადასხვა სახლში ოთხმა ადამიანმა თითქმის ერთდროულად და ერთნაირად მოიკლა თავი.
რაც შეეხება ქალაქს, რომლის ქუჩებშიც წვიმის წვეთები გახურებულ ტაფაზე მოსხმული ზეთივით აშიშინდა, აღმოჩნდა, რომ ის სრულიად მოუმზადებელი იყო მსგავსი ამინდისთვის. წყალსადენები ერთიანად მოშლილიყო და ქუჩები თვალის დახამხამებაში დაიტბორა, ნორმალური გადაადგილება შეუძლებლად იქცა და მოქალაქეები, ამ ერთი წლის განმავლობაში ასე რომ შეჰნატროდნენ წვიმას, ახლა გინებით დააბოტებდნენ მუხლამდე წყალში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები