 | ავტორი: ტენდი ჟანრი: პროზა 1 დეკემბერი, 2014 |
სააბაზანოში ხელებს იბანდა, კარზე რომ ვიღაცამ დააკაკუნა. თინა იქნებაო, კარის მეზობელი. არავის ეგონა მისი გადარჩენა: არითმიამ, ჰაერის უკმარისობამ, ქრონიკულში გადასულმა ბრონქების ანთებამ, მაღალმა ქოლესტერინმა, ლოგინად ჩააგდო. ახლა, ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ, როგორღაც ფეხზე დგებოდა. თინა ყოველ საღამოს შემოდიოდა სანახავად. ვიდრე სააბაზანოდან გამოვიდა, კარი თორმეტი წლის შვილიშვილმა გააღო, საბამ... აზრზე რომ მოვიდა, სამივე - თვითონ, ქალიშვილი და შვილიშვილი შემოსასვლელის კედელზე იყვნენ აკრულები და პირზე ხელი ჰქონდათ აფარებული. ისინიც სამნი იყვნენ. ერთი ძალიან მაღალი, მეორე საშუალო, მესამე იმ ორზე საკმაოდ დაბალი. საშუალოს სახეზე სვირტის საყელო ჰქონდა აფარებული - მხოლოდ თვალები უჩანდა. დაბალს კაშნე ჰქონდა შემოხვეული - იმასაც თვალებამდე. სულ მაღალი კი სახეს არ მალავდა. შავგვრემანი ჩანდა ოთახიდან გამოსულ შუქზე. -არ გაინძრეთ! - თქვა ძალიან მაღალმა და ოთახში შუქი გამორთო. რას გაინძრეოდნ, შიშისაგან ფეხები აღარ ემორჩილებოდათ, ძლივს იდგნენ. სიბნელე იყო, იყო, მაგრამ მაინც დაინახა, როგორ კანკალებდა შვილი და შვილიშვილს შიშისაგან თვალები როგორ ჰქონდა გაფართოებული. ხელისკვრით შეყარეს ოთახში. საშუალომ ქალს თავზე ერთი ხელი ისე დააჭირა, ქალი იძულებული იყო ჩამჯდარიყო. მეორე ხელი ისევ პირზე ჰქონდა აფარებული. წელი ეტკინა, მაგრამ რას დაგიდევდა. შვილს და შვილიშვილს გახედა. ბიჭი ოთახის კედელთან ატუზულიყო. წინ ის აყლაყუდა ედგა, ქალიშვილს კი ყველაზე დაბალი და რაღაცას ეუბნებოდა ხმადაბლა.- ქალმა ვერ ვერ გაიგო, რას. საღამოს ათი საათი იყო ზუსტად, როცა ეს მოხდა. ათი საათი კი იმიტომ ახსოვდა, ვიდრე სააბაზანოში ხელების დასაბანად შევიდოდა, საათს შეხედა. -ჩქარა, ოქროული და ფული! -რა ოქროული და ფული? - ქალი თანდათან აზრზე მოდიოდა. -ხმამაღლა ნუ ლაპარაკობ, თორემ განანებ-უბრძანა საშუალომ. -შვილო, შეხედე ჩემს სახლს, ფულის და ოქროულის პატრონისას რა უგავს?! საშუალო ქალთან ერთად ჩამჯდარიყო ოთახის კუთხეში და განძრევის საშუალებას არ აძლევდა, აყლაყუდას ანიშნა მოდიო. ყურში რაღაც უთხრა. ქალმა გაიგო, რაც-მაგას ოქროს ჯაჭვი უკეთია, მოხსენი. აყლაყუდა გოგოსთან მივიდა და ჯაჭვი მოიხსენიო, უბრძანა. -ჯაჭვი ლომბარდში მაქვს ჩაბარებული. დედაჩემს სჭირდებოდა სამკურნალოდ. - ეს უკვე კარგად ისმოდა. ამ დროს შვილიშვილმა დრო იხელთა და ოთახში შუქი აანთო. აყლაყუდამ ბავშვი დაიჭირა და ისე გააწნა სილა, ბიჭი კედელს მიენარცხა. - არ გაინძრე, ვირიშვილო! - და მკლავში ხელი მოჰკიდა, რომ არ გაქცეულიყო. ქალი უცბად გამოფხიზლდა: -ბავშვს თავი დაანებე! - საშუალოს მიუბრუნდა. - უთხარი ბავშვი ჩემთან გამოუშვას. არ იფიქრო შენი მეშინია, თვალებს დაგთხრი, მაგას რომ რამე დაემართოს - და თვითონაც ვერ გაიგო, როგორ ჩამოგლიჯა სვიტრის საყელო სახიდან. საშუალოს გაეღიმა და საყელო მშვიდად ისევ აიწია სახეზე. ისევ ააფარა პირზე ხელი ქალს.-ახლავე გამოუშვას ბავშვი ჩემთან-გაიმეორა. -ცისანას თავი დააბენეთ. ავად არის - თითქმის წაუტირა ბიჭმა. -უთხარი, გამოუშვას ბიჭი ჩემთან.-ისევ თქვა ქალმა. საშუალომ აყლაყუდას ანიშნა, ბიჭი გამოუშვიო. ბიჭი ბებიას ჩაეხუტა. -ნუ გეშინია, ბები. -მოიხსენი საყურეები! - აყლაყუდამ . მხოლოს ის ერთი ლაპარაკობდა და ძალიან ხმადაბლა. -ნინ, მიეცი, დედი, საყურეები - თქვა ცისანამაც. წაიღეთ, რაც ნახოთ, ოღონდ წადით და ნუ გადამირევთ შვილებს. - რაღაც ხდებოდა, თანდათან მშვიდდებოდა. შიშის გრძნობამ გაუარა, გამოსავალზე ფიქრობდა. საბა ცისანას ეკვროდა. ნინო ისევ კედელთან იდგა და საყურეებს იხსნიდა. - გამიშვი, არ ვიყვირებ. - უთხრა ცისანამ საშუალოს - ისედაც ჰაერის უკმარისობა მაქვს, ვერ ვსუნთქავ. შუათანამ ხელი კი გაუშვა, მაგრამ ადგილიდან არ დაძრულა. მობილურმა დარეკა შემოსასვლელში დაკიდულ ჩანთაში. დიდხანს რეკავდა. ბოლოს ზარი შეწყდა. მეორე მობილური აწკრიალდა. ისიც დიდხანს რეკავდა. აყლაყუდამ ტანსაცმლის კარადა გახსნა. ყველაფერი დაბლა ჩამოყარა. ფეხით გაქექა ჩამოყრილი ტანსაცმელი და ლოგინის თეთრეული. ვიღაცამ დააკაკუნა. ოთახში ყველა ადგილზე გაიყინა. -ხმა არ ამოიღო, თორემ მოგკლავ! - ჩურჩულით უთხრა შუათანამ და ისევ პირზე ააფარა ხელი. ეს ისე იყო ნათქვამი, ცისანამ დაიჯერა მუქარის. -ცისანა დეიდა! -ვინ იქნება?! - იკითხა შუათანამ. -მაკაა. მეზობელი. -რა უნდა? -არ ვიცი. -ცისანა დეიდა! - კიდევ ერთხელ დააკაკუნა მაკამ და კარი რომ არავინ გაუღო, წავიდა. -რას ხედავ აქ წასაღებს?! -ცისანამაც ჩურჩულით ჰკითხა შუათანას. - რამე რომ მქონდეს ასე ვიცხოვრებდი?! ან ასეთი კარი მექნებოდა, ან ასეთი ავეჯი?! იმდენი თვეა ავად ვარ, რაც მქონდა, ისიც აღარ გვაქვს. აქ წასაღებს ვერაფერს ნახავთ. - ეს უკანასკნელი გაბრძოლება იყო. -ასე არ მგონია, მაგრამ თუ მართლა მასეა, ყველაფერი უკან დაგიბრუნდებათ. - აშკარა ირონია იყო. -ხელი გამიშვი, ფეხზე ავდგები. არ ვიყვირებ. - უთხრა ცისანამ. აყლაყუდა ისევ ტანსაცმლის კარადას მიუბრუნდა. შუათანამ აყლაყუდასკენ გადაიტანა ყურადღება და ცისანა ვერასდროს გეტყოდათ, ვერ აგიხსნიდათ, საიდან მიეცა იმდენი ძალა, შუათანას ხელი ჰკრა და გასასვლელი კარისკენ გაიქცა. გასაღების ძებნა დაიწყო კარში. ვერ იპოვა. ისღა მოასწრო, კარზე მუშტებით დაებრახუნებინა და მთელი ხმით ეყვირა: -გვიშველეთ! პატრულში დარეკეთ! ჯერ დაბნეული და აზრზე მოსული შუათანა, კართან დაეწია, წააქცია, იქვე შემოსასვლელში და პირზე ხელი ააფარა. კარის მეზობელი გამოვიდა ხმაურზე. დააკაკუნა: -ცისანა! აყლაყუდამ ბიჭს რაღაც უთხრა ჩუმად და ხელისკვრით მიიყვანა კართან. -თინა დეიდა, შენ ხარ? -ჰო, საბა, რა ხდება თქვენთან? ხომ მშვიდობაა? -არაფერი თინა დეიდა, არფერი არ ხდება. მშვიდობაა. -პატრული! პატრული! - ღმუოდა პირზეხელაფარებული ნინო, რომელიც დაბალს იატაკზე წაექცა. თინამ გაიგო თუ არა, ნინოს ღმუილი, არავინ იცის. წავიდა. ისევ ოთახი შეათრიეს სამივე. აქ ცისანამ გარისკა: -ახლა ეგ პატრულს გამოუძახებს, გირჩევნიათ წახვიდეთ, თორემ თუ სროლა დაიწყეს, არც თქვენ დაგადგებათ კარგი დღე და არც ჩვენ. ისევ ვიღაცის ფეხის ხმა გაისმა სადარბაზოს კიბეზე. ისევ მაკა იყო: -ცისანა დეიდა! - რამდენჯერმე დააკაკუნა, დაიძახა და წავიდა. -წადით, შვილო, ვიდრე მშვიდობაა. - ცისანა შეტევაზე იყო გადასული. აყლაყუდაც, შუათანც და დაბალიც, სამივე, დაბნეულები იყვნენ. შეშინებულებიც. ცისანამ იგრძნო, შუათანას ხელები უკანკალებდა. ამან ძალა მისცა: -წადით. ტყუილად მოხვედით აქ. წასაღები არაფერია. აყლაყუდა ნინოსთან დადგა და დაბალმა შემოსასვლელში დაკიდული ჩანთები გადმოაბრუნა. ორი მობილური და საფულედან ოთხმოცი ლარი ამოიღო და - „აუ, პატრულში დარეკავდნენ, წავიდეთო“ - თქვა. ამ დროს სადარბაზოს კიბე ვიღაცამ ჩამოიარა და თინასთან შევიდა. გასასვლელად გამზადებულები, ადგილზე გაჩრდნენ. მერე კიდევ ვიღაცამ ჩამოაირა და ისიც თინასთან შევიდა, მერე კიდევ ვიღაცამ და ისიც იმ ორივით შევიდათინასთან ...მერე იქიდან ვიღაც გავიდა ეზოში. აყლაყუდა კარში დატანებული მინის თვალედან იყურებოდა: -აუ, ბიჭო, სადარბაზოში ხალხი დადის. -წადით და რაც შეიძლება ჩქარა, ვიდრე პატრული მოვა - ,კიდევ თქვა ცისანამ. რატომღაც დარწმუნებული იყო, თინა პატრულს არ გამოუძახებდა, მაგრამ უნდოდა ეს სამივე მალე გასცლოდა იქაურობას, შვილი და შვილიშვილი რომ დაწყნარებულიყვნენ.- მაგრამ იცოდეთ, საფლავიდან ამოგთხრით სამივეს...განანებთ. მუქარა კი გაიგეს, მაგრამ ყურადღება აღარ მიუქცევიათ, კუთხეში მომწყვდეულ შეშინებულ ვირთხებს ჰგავდნენ. როგორც იქნა სადარბაზოში სიწყნარე ჩამოვარდა. კარი გააღეს და გაიქცნენ. კარი ჩვეულებრივად გააღეს, გასაღები არ გადაუტრიალებიათ! თურმე მთელი ამ ხნის განმავლობაში კარი გასაღებით დაკეტილი არ იყო და არავის მოსვლია აზრად კარის გაღება. - არც მეზობლებს, არც თვითონ, - ოთახში მყოფებს. -დაგვაყაჩაღეს. - უთხრა კარის გაღების ხმაზე სადარბაზოში გამოსულ მეზობლებს ცისანამ და ლამის ჩაიკეცა. საღამოს თერთმეტის ოცი წუთი იყო. ოცწუთიანი ჯოჯოხეთი დამთავრებული იყო.
ერთი თვით წავიდა შვილისა და შვილიშვილის სანახავად მოსკოვში და რვა წელი დარჩა. ხაფანგივით არის მოსკოვი,- მოხვდები იქ და - წკაპ! - ხაფანგში ხარ. მოსკოვზეა ნათქვამი - „ჩახვალ და ვეღარ ამოხვალ, ვაიმე, შენი ბრალია“. იმ რვა წლის განმავლობაში ისე გრძნობდა თავს, როგორც ძროხა ყინულზე - რომ იცი, აუცილებლად დაეცემა. თავისი საქართველო მსოფლიოს ერჩივნა. არც ის უნდოდა, შვილიშვილი რუსულად გაზრდილიყო. მერე უკვე მიხვდა, რაც გინდა ყოფილიყო, უნდა დაბრუნებულიყო. აღარ შეეძლო იქ დარჩენა. და დაბრუნდნენ. ჯერ ცისანა ჩამოვიდა, მერე შვილი და შვილიშვილი. სიძემ დროებით ისევ იქ არჩია დარჩენა. საქართველოს მიწაზე რომ ფეხი დადგა, სიხარულისგან ტირილი უნდოდა. თურმე ტირილი ჯერ სად ხარ!
ზუსტად ხუთ წუთში ბინა სავსე იყო ხალხით. აქ იყო საპატრულო პოლიცია, საგამომძიებლო, მეზობლები... თვითონ, სამივე, გაფითრებულები პასუხობდნენ გამომძიებლის შეკითხვებს. აღმოჩნდა, რომ მაკასთან ცისანას უფროსი შვილი რეკავდა ავსტრიიდან, რაკი მობილურზე არ უპასუხეს. როგორც უკვე ვთქვი, მოსკოვიდან ახალი დაბრუნებულები იყვნენ და ჯერ საქალაქო ტელეფონი არ ჰქონდათ. ორჯერვე მისი თხოვნით ჩამოვიდა მაკა დასაძახებლად. ისიც აღმოჩნდა, რომ თინამ გაიგო ხმაური, მაგრამ პატრულს არ გამოუძახა, შეეშინდა, ჩემს შვილს გადაეკიდებოდნენო, მაგრამ მეზობლებს დაურეკა, ცისანასთან რაღაც ხდება და ჩამოდითო ჩემთან. -იმისი არ შეგეშინდათ, მთელი ოჯახი რომ ამოეწყვიტათ, ქალბატონო, თქვენი გულგრილობის გამო და იმისი შეგეშინდათ, რომ თქვენს შვილს გადაეკიდებოდნენ?! - გაუკვირდა გამომძიებელს. - ან, როგორ გადაეკიდებოდნენ, როცა მაგათ სამივეს ჩავსვამთ. -ჯერ მონახეთ. - ირონია ვერ დამალა თინამ. -მოვნახავთ. - დაამშვიდა გამომძიებელმა. მაგნაირები მოგვინახია?! ახლობლებიდან იქნება ვინმე. უცხო უცხოსთან არ შევა. ასეთ შემთხვევაში ოჯახის ნაცნობები არიან. -არა, რას ამბობთ?! - ეს ცისანა იყო - არავის არ ჰგავდნენ ნაცნობებიდან და არც ისეთი ნაცნობები გვყავს, დასაყაჩაღებლად მოსულიყვნენ. -გულუბრყვილო ხართ, ქალბატონო - გაეღიმა გამომძიებელს. -მე ვიცანი - ძლივს თქვა ნინომ - ერთი ვიცანი.- მეზობელს მიუბრუნდა - შენი ამხანაგი იყო, ირა - კახა, მინდორაშვილი. -რას ამბობ, ნინო?! არ არსებობს! - ტუჩების გრეხვით უპასუხა ირამ. - კახა წესიერი ბიჭია, ეკლესიური. მოძღვარი ჰყავს. -ის იყო. დედაჩემმა რომ საყელო ჩამოუწია სახიდან, მაშინ დავინახე. ცხვირით ვიცანი, ჩაჭყლეტილი ცხვირი ჰქონდა, როგორც კახას. მაშინ, შენთან, დაბადების დღეზე მიაქცია ყურადღება ჩემს სამკაულებს. -გითხარი, ნინო, ნუ იკეთებ სამკაულებს-მეთქი. -კახა მინდორაშვილი როგორ არ ვიცით. ვინ არის თქვენი?-ჰკითხა ირას გამომძიებელმა. -ჩემი მეგობარია - ძალიან ამაყად უპასუხა. -ასეთი მეგობრები გყავთ?! - გაუკვირდა გამომძიებელს. -ძალიან წესერი და კარგი ბიჭია, კიდევ ერთხელ ვამბობ. მე არასდროს შემიმჩნევია რამე. საბას პოლიციელი თავზე ხელს უსვამდა: -შენ არ შეგეშინდებოდა. კაცი ხარ უკვე. -შემეშინდა. მეგონა, დედა მოკვდებოდა, იგუდებოდა. - და თვალები ცრემლებით აევსო. -მაგათ დავიჭერთ, შენ არ იდარდო. -რომ დაბრუნდნენ უკან? -არა, საბა, არ დაბრუნდებიან. ეგენი ახლა თქვენზე მეტად არიან შეშინებულები. ამ უბანშიც კი არ გაივლიან. -კიდევ კარგი, დავაკაკუნე, თორემ ეგენი კიდევ დიდხანს იქნებოდნენ. შეეშინდათ დაკაკუნების. - თინამ გადაწყვიტა ესარგებლა საბას ნათქვამის გამო უცბად ჩამოვარდნილი სიჩუმით. -ქალბატონო, დაკაკუნებას ჯობდა, პოლიცია გამოგეძახათ. -ვერ გავბედე. -მეზობლებთან დარეკვა ხომ გაბედეთ?! უჰ! თქვენნაირები რა! - გამომძიებელმა სათქმელი აღარ დაამთავრა. - ხელი მომიწერეთ, ქალბატონო ცისანა აქ. ეგ კახა ხვალ უნდა გამოცხადდეს პოლიციაში, თავდებით არის გამოშვებული და სელი აქვს მოსაწერი. ჯარიმაც აქვს გადასახდელი ორი ათასი ლარი. ეტყობა, დღეს „საშოვარზე“ გამოვიდნენ. ის ორიც ვიცით, ვინც იქნებიან. ერთად „მუშაობენ“. სამივე შემჩნეულები არიან. მოსვენებას არ გვაძლევენ. ამას წინათ მანქანის მოპარვა უნდოდათ. კარგა ხანს იყო ქაოსი. ვიღაც შემოდიოდა, ვიღაც გადიოდა. ყველა რაღაცას ეკითხებოდა სამივეს. მერე, როგორც იქნა, ყველა წავიდა. მარტო დარჩნენ. უკვე ღამის პირველი საათი იწყებოდა. გადაღლილები კი იყვნენ, მაგრამ რა დააძინებდათ. სამივე ფეხზე იყო. ბოლოს ბავშვს ჩაეძინა, მაგრამ თვითონ დედა-შვილი არც კი დაწოლილან. ისე უნდოდა დაბრუნება, ეგონა, ვერ ჩავაღწევო თბილისამდე. არ შეიძლება რამის ისე მონატრება და სიყვარული, როგორც თავისი თბილისი უყვარდა. თვითმფრინავით არ გამოფრენილა. ვერ იტანდა თვითმფრინავს და მატარებლით არჩია მგზავრობა. ვლადიკავკასიდან ლარსის გავლით წამოვიდა ტაქსით. ყაზბეგზე, იცოდა, საბაჟოზე ყოველთვის რიგები იყო და დიდხანს მოუწევდა ლოდინი. ეჩქარებოდა. უამინდობის გამო ზვავები და მეწყერი ჩამოწოლილიყო, კლდეები იშლებოდა, გზადაგზა ლოდები ცვიოდა. თოვდა მთაში. თბილისში ოცდახუთი გარდუსი სითბოაო, ამინდის ბიურომ. მაისი იყო მაშინ. ხუთი მაისი. ახლა კი. ახლა ყველაფერს სხვანაირად უყურებდა. შეშინებული ბავშვები. გაფითრებული სახეები. იმ საშუალოს აკანკალებული ხელები...ყველაფერი ერეოდა თავში მგზავრობიდან დაწყებული ამ საღამომდე. პოლიციისთვის მაშინ დაურეკიათ, როცა დამყაჩაღებლები გაიქცნენ. ესეც ბედის ირონია. ათი წუთით ადრე დაერეკათ, ან მაშინ, როცა ცისანამ კარზე ბრახუნი ატეხა, გვიშველეთო. ქართული ნათქვამია, „სხვისა ჭირი-ღობეს ჩხირიო“. ეს საშინელი კოშმარი კი დამთავრდა, მაგრამ რამდენ ხანს გაგრძელდებოდა ამის მოგონება, ეს არ იცოდა. ან ბიჭს დაავიწყდებოდა თუ არა როდისმე.
მეორე დღესვე აიყვანეს კახა მინდორაშვილი. ცისანამაც იცნო, ნინომაც. თვითონ უარობდა, მე არ ვყოფილვარ, მიგონებენო. რას უგონებდნენ! ის იყო. იმის ხმას რა დაავიწყებდა ცისანას. შემოსასვლელში როცა იატაკზე წააქცია, ლოყაზე რაღაც მჭრელი დაუსვა, ყელს გამოგჭრიო, თუ ხმას ამოიღებ. ცისანა მიხვდა, ეს დანა არ იყო, ნეკზე წაზრდილი ფრჩხილი დაუსვა. საინტერესო იყო, ცისანა იმ კოშმარული ოცი წუთის განმავლობაში, თითქოს სულაც არ ყოფილა ავად - შიშმა ძალა მისცა.
დაკითხვა სამ დღეს გაგრძელდა. საბოლოოდ დანაშაული აღიარა, - დაყაჩაღებას არ ვაპირებდი, იმ დაბადების დღეზე ნინოს ისე ამაყად ეჭირა თავი, გადავწყვიტე, შემეშინებინააო. გაირკვა, რომ კახა მინდორაშვილს ცხრაწლიანი პატიმრობის მუხლი ესადაგებოდა. ეს საგამომძიებლოში გაიგო ცისანამ. ის ორი მაინც არ გათქვა. „შემთხვევით შემხვდნენ, უცნობები იყვნენო“. ვინ დაუჯერა, მაგრამ ვერ ათქმევინეს. ვისზედაც პოლიციას ეჭვი ჰქონდა, ალიბი აღმოაჩნდათ - იმ დროსა და იმ წუთში თავისი ბინის ეზოში იყვნენ, მოწმეების ჰყავდათ.
-მაგის პატრონის დედაც!..რაღაც ღლაბუცისთვის ცხრა წელს როგორ აძლევენ. - ძალიან უკმაყოფილო მამის ფრაზა იყო ეს. - უკან დავაბრუნებთ იმ მობილურებსაც და იმ ფულსაც, რაც წაიღეს. -ჩემი შვილიშვილის და ჩემი შვილის შიშს თუ უშველით რამეს, ეს ორი ღამე რომ ვერ იძინებენ და ძილში ტირიან? - ძლივს იდგა ფეხზე. მაგრამ ცხრა წლიანი პატიმრობისთვის კი შეეცოდა ძალიან.
საგამომძიებლო განყოფილების უფროსი გაკვირვებული უყურებდა. არ სჯეროდა, რასაც ქალი ეუბნებოდა. თავიდან იფიქრა, შეიძლება ნივთები დაუბრუნეს უკან, ან ფული შესთავაზესო. მერე მიხვდა, ასე არ იყო და პირდაპირი გაგებით, პირდაღებული უსმენდა ქალს, რომელიც იმ მინდორაშვილის პატიებას ითხოვდა. ბოლოს ხმა ამოიღო: -ქალბატონო, ყაჩაღების მფარველობაა ეგ და სასჯელს ექვემდებარება. თქვენც ჩაგსვამენ და მეყოლეთ მერე ვარდივით. არკვიეთ იქ თქვენ და მინდორაშვილმა, რატომ უნდოდა თქვენი შვილის შეშინება, რატომ შემოგივარდათ სახლში, რატომ სცემეს თქვენს თორმეტი წლის შვილიშვილს, რატომ გათრიეს ავადმყოფი ქალი იატაკზე და როცა გაარკვევთ, მერე ორივეს გამოგიშვებენ, ალბათ, მაგრამ მაგას დიდი დრო დასჭირდება, იცოდეთ. -ეგენი ყაჩაღები არ იყვნენ. მთელი მაგათი უბედურება ის არის, მგლური კანონების დროს დაბადნენ. ის მინდორაშვილი ცხრამეტი წლისაა...მკვდრის ფერი ედო, როცა პოლიციელებმა ხელბორკილით გამოიყვანეს დაკითხვიდან. -ბევრი დაიბადა იმ დროს და ბევრს უჭირს ახლაც, მაგრამ ან სწავლობენ, ან მუშაობენ. ყაჩაღობა ყველას არ მოსვლია აზრად. თქვენ არ იცით და ეგ მინდორაშვილი ნატრობდა ორი წლით ჩაჯდომას, მაინტერესებსო იქ რა ხდება. ჰოდა, ახლა უფრო კარგად გაიგებს, რაც ხდება იქ, მგლებთან. -და იქიდან უფრო დიდი მგელი არ გამოვა?! -უფრო დიდი მგელი გამოვა და კიდევ დავიჭერთ. მაგნაირები საზოგადოებისაგან იზოლირებულები უნდა იყვნენ. -მე მგონი, მაგათ ციხე კი არა, მკურნალობა უნდათ... -მკურნალობა თქვენ გინდათ, ქალბატონო, და თქვენნაირებს, ასეთებს, ყაჩაღებს თავზე ხელს რომ უსვამთ და მფარველობთ. -კი არ ვფარველობ და კი არ ვამართლებ, მაგრამ ამდენწლიანი პატიმრობისთვის ცოდვაა. თან, არ მინდა ჩემს გამო მომავალი დაენგრეს. მეგონა, შეაჯანჯღარებდით, შეაშინებდით, და გაუშვებდით. -შეჯანჯღარება რომ შეიძლებოდეს, ისე შევაჯანჯღარებდი, ფეხქვეშ გავიგდებდი და იმ ორსაც მშვენივრად დაასახელებდა... -ახალგაზრდაა. ახლა ისეთი დროა, საჭიროა რაც შეიძლება მეტი ფსიქოლოგი, ფსიქიატრი, მღვდელი და პოლიციელი...ასეთებს რომ დაიჭერთ, კი არ უნდა ჩასვათ, უნდა გადაანაწილოთ ზოგი მღვდელთან, ზოგი ფსიქოლოგთან, ზოგი ფსიქიატრთან. ეგება გვეშველოს რამე. ისე ბევრი ხომ არ ვართ, ასე ადვილად გავიმეტოთ ადამიანი. ნახევარ საქართველოს ხომ ვერ ჩასვამთ?! -ჩავსვამთ, ქალბატონო და მერე როგორ ჩავსვამთ! ორს და ათს რომ ჩავსვამთ, სხვები დაფიქრდებიან. თქვენ არ იცით ეგ კახა და მაგის ამფსონები მოსვენებას რომ არ გვაძლევდნენ თვეების განმავლობაში...- გაჩუმდა. - რაღაცას ფიქრობდა. ქალი თვალებში უყურებდა და ელოდებოდა რას გადაწყვეტდა. - ეგ ხომ სულელია, ქალბატონო, თქვენ რომ დაგაყაჩაღათ. ნამდვილად სჭირდება პოლიცია და ჰყავს. აი, თქვენც სულელი ხართ და თქვენ ფსიქიატრი გჭირდებათ, მაგნაირს რომ იცავთ და მე თქვენზე მეტად სულელი ვარ, - დაყაჩაღებააო, რომ დამირეკეს და წინა ღამეგანათევი გიჟივით წამოვხტი ლოგინიდან, ახალი ჩაძინებული, შარვალს რომ მანქანაში ვიცვამდი. უნდა ავმდგარიყავი მშვიდად, ყავა დამელია, დავლოდებოდი, როდის გამოგჭრიდნენ ყელს სამივეს, მერე მოვსულიყავი ადგილზე და მღვდელიც მომეყვანა, დაგჭირდებოდათ... თქვენ ახლა ვერ გაიგებთ, რას ხართ გადარჩენილები, მერე მიხვდებით, როცა დრო გავა...ისე, არ შეგეშინდათ, როცა სახეზე ნიღაბი ჩამოაცალეთ?! - ცოტა შეურბილდა ხმა - ხომ შეიძლება მოეკალით?! -არა. მაგ დროს უკვე აღარ მეშინოდა... ქალს მეტი აღარფერი უთქვამს. ისევ ის ღამე გაახსენდა, როცა ბიჭმა კარი გააღო. ის შოკი, რაც სამივემ გადაიტანა იმ ოცი წუთის განმავლობაში, გაახსენდა შვილიშვილის შიშისაგან გაფართოებული თვალები, გაახსენდა იმ აყლაყუდამ როგორ გააწნა... ტირილი უნდოდა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. 10 გვერდში უნდა ჩავტეულიყავი, ნათი და "მოკლე შინაარსი" დავწერე :) 10 გვერდში უნდა ჩავტეულიყავი, ნათი და "მოკლე შინაარსი" დავწერე :)
12. რომ არ მოგატყუოთ, აშკარად დამაკლდა თქვენი ნაწერებისთვის დამახასიათებელი გემრიელი ,,გაშლები". მეცოტავა კიდეც.
ზუსტად ისევე მსუბუქად იკითხება, როგორც ზოგადად იკითხება ხოლმე თქვენთან, მაგრამ მაინც დამაკლდა =) რომ არ მოგატყუოთ, აშკარად დამაკლდა თქვენი ნაწერებისთვის დამახასიათებელი გემრიელი ,,გაშლები". მეცოტავა კიდეც.
ზუსტად ისევე მსუბუქად იკითხება, როგორც ზოგადად იკითხება ხოლმე თქვენთან, მაგრამ მაინც დამაკლდა =)
11. მადლობა, მუხა. :) თემური57, მიკვირს, რომ მოგეწონათ. :) ნექტარ, ორიოდე სიტყვაც დაგეწერათ რამე :) მადლობა, მუხა. :) თემური57, მიკვირს, რომ მოგეწონათ. :) ნექტარ, ორიოდე სიტყვაც დაგეწერათ რამე :)
10. კაი ამბების და კარგად მოყოლა იცი, ჩვენო კარგო ტენდი! კაი ამბების და კარგად მოყოლა იცი, ჩვენო კარგო ტენდი!
8. საინტერესოა. კომენტარებიც წავიკითხე. ჩემი აზრით, მათში სიმართლე სანთელივით კიაფობს, რადგან რომ დავწერო ბრდღვიალებს-თქო, ვიღაცეები მაინც არ დაიჯერებენ. თუმცა, არც სანთლის შუქს აქცევენ ასეთები ყურადღებას. ++ საინტერესოა. კომენტარებიც წავიკითხე. ჩემი აზრით, მათში სიმართლე სანთელივით კიაფობს, რადგან რომ დავწერო ბრდღვიალებს-თქო, ვიღაცეები მაინც არ დაიჯერებენ. თუმცა, არც სანთლის შუქს აქცევენ ასეთები ყურადღებას. ++
7. ვიცი, ლიჩელ. :) მადლობა, რომ წაიკითხე. ერთმა მეგობარმაც მომწერა, შენი რომ არ იყოს, კარგიაო :))
პატივისცემით. ვიცი, ლიჩელ. :) მადლობა, რომ წაიკითხე. ერთმა მეგობარმაც მომწერა, შენი რომ არ იყოს, კარგიაო :))
პატივისცემით.
6. სუსტიაო, ვერ იტყვი, მაგრამ თქვენი დონიდან გამომდინარე მეტს ველოდი. მეტისმეტად ზედაპირზეა ყველაფერი. სუსტიაო, ვერ იტყვი, მაგრამ თქვენი დონიდან გამომდინარე მეტს ველოდი. მეტისმეტად ზედაპირზეა ყველაფერი.
5. ნეფერტაროოო! :***** ოი, რა კარგიააა! :*** ნეფერტაროოო! :***** ოი, რა კარგიააა! :***
4. დიდი ადამიანების ხვედრი ისტორიის შემობურნებაა, ტარაკანების ბოლო - "დიხლოფოსი..." დიდი ადამიანების ხვედრი ისტორიის შემობურნებაა, ტარაკანების ბოლო - "დიხლოფოსი..."
3. ოი, ნეფერტარ! :) თუ ვერ გაიგებენ, მით უარესი..ჩემთვის :))))) ოი, ნეფერტარ! :) თუ ვერ გაიგებენ, მით უარესი..ჩემთვის :)))))
2. მომეწონა. კაცთმოყვარეობა დიდი ადამიანების ხვედრია, მაგრამ ტარაკანები რას გაიგებენ ამას...
5. მომეწონა. კაცთმოყვარეობა დიდი ადამიანების ხვედრია, მაგრამ ტარაკანები რას გაიგებენ ამას...
5.
1. აშკარად პროზა მივუთითე. :) აშკარად პროზა მივუთითე. :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|