ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიდი ძმა
ჟანრი: პროზა
15 დეკემბერი, 2014


სიბნელეში

ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, ძალიან ბნელოდა, მაგრამ ეგ არ იყო მთავარი. სიბნელე რომ თავზე მეტად უყვართ იმათ რაღაცომანები ჰქვიათ, დამავიწყდა, მგონი ეგ ვარ დაბადებიდან.
მზე დიდად არასოდეს მომწონდა, თვალს რომ ვარიდებდი ეგ ხომ ბუნებრივია, მაგრამ თავსაც ვარიდებდი და ზაფხულში ხო ეგეც ბუნებრივია, აი, ზამთარშიც, როცა საზეიმოდ გამოანათებდა და ჩემ გარშემო ყველას (განსაკუთრებით კი მოხუცებს და ბავშვებს) ახარებდა, მე მაშინაც ვარიდებდი თავ/თვალს.
მერე იყო და, როცა ბინაში ვცხოვრობდი, ამ ბინის ძალიან ბნელ ტუალეტში საკმაოდ დიდი ხნით შევედი, მოვიმარაგეც რაღაცები (რაღაცები რა, წიგნი და რვეული შევიტანე, პასტაც) და უნიტაზზე განცხრომით რომ ჩამოვჯექი, მერე წიგნიც გადავშალე და იქვე პასტა ფურცელიც საბრძოლო მზადყოფნაში მოვიყვანე, მაგრამ უცებ ძალიან ცუდი რამე მოხდა, უხარისხო ბურთივით ჩამიფუშა რამდენიმე საათზე გაწერილი გეგმები - შუქი ჩაქრა. ის ოთახი კიდევ ძალიანზე მეტადაც ბნელი იყო, ფანჯარა არსად ჰქონდა და შუქი აბა საიდან შემოვიდოდა, ეგ მულტფილმებში ანათებენ ხოლმე ადამიანის თვალები, მე კიდე მულტფილმში კი არა, ბინაში ვიყავი, უფრო ზუსტად კი ტუალეტში და უზუსტესად - უნიტაზზე მედო ბუნჩულა დუნდულები (სადღაც 16 წლამდე პუტკუნა ბავშვი ვიყავი).
მოკლედ იქმნა ბნელი,  და ვნახე (რა ირონიულადაც არ უნდა ჟღერდეს), რომ ბნელი კარგი იყო, ანუ საკაიფო.
თვალების ხამხამს აზრი დაეკარგა, დახუჭვასაც. ერთი პირობა ისიც ვიფიქრე, რომ დავბრმავდი, მაგრამ არ შევშფოთებულვარ, რადგან მეორე პირობა ვინატრე, ნეტა სულ ასე ვიყო-მეთქი. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს არსებობა შევწყვიტე და რაღაც სოლიდურად მძიმე მომშორდა. შევმსუბუქდი რომელია, გამიკვირდა ფარფატი რომ არ დავიწყე. გავიფიქრე - აი თურმე რას გრძნობენ პეპლები და რატომ კიდიათ სამ დღეში რომ ჩაძაღლდებიან-მეთქი.
მოკლედ მაშინ მივხვდი რომ მე და სიბნელე საუკეთესო მეგობრები ვიყავით, მეტიც, შემიყვარდა და ხელებიც გავშალე რომ ჩავხუტებოდი. არ ვიცი, შეიძლება ჩამეხუტა კიდეც.
მერე შუქი მოვიდა და სიმსუბუქეც გაქრა.
ჰოდა, სიბნელე რომ იყო (თუმცა ბოლომდე არც), ეგ კი არ მაშინებდა, პირიქით, ანუ მსიამოვნებდა, მამხნევებდაც. მაგრამ სხვა პრობლემა იდგა ჩემ წინ, თავხედურად იდგა, უტიფრადაც, ფეხის მოუცვლელად, თან მიყურებდა კი არა, თვალებით მბურღავდა და ცოტა ხანში, ეჭვი არაა, მომიახლოვდებოდა და შემლახავდა, როგორც ღირსებას.
და მე ვთქვი:
-ჩემი კატა მსოფლიოში ყველაზე დეპრესიული არსებაა.
როცა სიჩუმე იმდენი ხნით ჩამოვარდა, რომ შეშმუშნვა დავაპირე, მომესმა:
-შემოდგომა კიდე ჩემი საყვარელი დროა, იმიტომ რომ ყველაფერი ქრება და წარმავლობს.
ეს რომ თქვა, თავი, რომელიც არ უჩანდა, ოდნავ ასწია. ძალიან შევეცადე თემისთვის არ გადამეხვია. ძალიან:
-ჩემი ფეხსაცმელი გახეულია, ჯინსის შარვალი არამოდურად გახუნებული, ქურთუკი ჩემზე ოდნავ უმცროსი, ქუდი არ მიყვარს, ხოლო კაშნე მაქვს, მაგრამ პოეტებმა შემაძულეს.
არ გასცინებია, ვერც გაღიმებაზე დავდებ თავს, მაგრამ ისე კი შემომხედა, თითქოს სასაცილო რამე ვთქვი. გამიკვირდა, არ ჩანს და როგორ ახერხებს ემოციები წამაკითხოს-მეთქი. მაგრამ ფაქტია, მაკითხებდა.
მომიახლოვდა და სანამ სუნთქვა შემეკვრებოდა, ამიყოლია, როგორც ქარმა ფოთოლი, ფურცელი, პარკი, ერთჯერადი პროდუქტების ძირს დაგდებული შეფუთვა, ბავშვის ხელიდან გავარდნილი ბუშტი და კიდევ რაღაცები, რაც იმ წამს არ გამახსენდა.
მივაბიჯებდით.
ის იყო რაღაცის თქმა დავაპირე, მივხვდი, დამასწრებდა და ხმა გავკმინდე, ასეც მოხდა:
-აზრი რომ თურმე უაზრობიდან უაზრობამდე იბადება, აი, ეგ მართალია, ერთხელ შევესწარი.
მე გავიფიქრე, რომ თუ აღარასოდეს არაფერი შეიცვლებოდა, ყოველთვის ბედნიერი ვიქნებოდი. მერე ვკითხე:
-რას შეესწარი?
-შობას. ბებიაქალი ვიყავი და ჭიპიც მე გადავჭერი.
ჩვენი მხრები დროდადრო ერთმანეთს ეხებოდა და ყოველი შეხებისას ვხვდებოდი, რომ მართლა არსებობდა. შეხებასა და შეხებას შორის კი ეჭვები ჩემს შეპყრობას ასწრებდნენ.
-იტირა აზრმა?
-აზრმა აზრიანი თვალებით ამომხედა, მაგრამ ძაან მშრალად და უსიყვარულოდ. არ უტირია.
ველოდი როდის შემეხებოდა მხარი მხარზე და მერე მივხვდი, მოლოდინს მოუთმენლობა, მოუთმენელ მოლოდინს შიში, შიშნარევ მოუთმენელ მოლოდინს კი ჩემი ხმა შეერია:
-ერთხელ მეც მეყოლა და როგორც კი წამოიზარდა, დავკარგე.
როგორც იქნა, მხარზე შეხება ვიგრძენი. მაგრამ მხრის კი არა, ხელის. გავჩერდით. ხელი მძიმე ჰქონდა და თან თბილიც, ამიტომ გამიხარდა ან უბრალოდ მესიამოვნა, ზუსტად ვერ მივხვდი. მაინც მოვიკუნტე და არ გავუღიმე, არადა, ძალიანაც მინდოდა. თვალებით აღარ მბურღავდა, უტიფარიც აღარ იყო, ფეხი ხომ მოიცვალა და მოიცვალა.
კარგად დავინახე, მაგრამ უკეთ ვიგრძენი, რომ ლამაზი იყო, როგორც სასიამოვნო მოგონება.
მაინც არ გავიღიმე და ხელი რომ შემსუბუქდა, მივხვდი, გაქრაც. შემცივდა მერე და სიჩუმეში რომ სიბნელეც იყო, ან პირიქით, ზედმეტად კარგად გავარჩიე.
რას ვიზამდი, გზა გავაგრძელე, მალე გათენდებოდა, გარდაუვალი იყო ეგ და კვლავ დავმძიმდებოდი, ჩემს მხარს კი აღარაფერი ეხებოდა.
მივაბიჯებდი.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები