ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ჩაკვეტაძე.
ჟანრი: პროზა
23 დეკემბერი, 2014


ხვამლის ბეჭედი

„წარსული მეორე გულივით მიცემს მკერდში“
ჯონ ბენვილი

. . . . . . . .
ჩვენი სახლის ფანჯრიდან, ხვამლის მთა ისე მოჩანდა, თითქოს ღობის ძირში ყოფილიყოს, მაგრამ ანიკოს დიდი ბაბუა ამბობდა, იქიდან ჩვენი სახლები სათამაშო კოჭებივით ჩანსო. ანიკოს ჯეროდა მისი და უნდოდა იქიდან გადმოეხედა ოდესმე. მეც მინდოდა იქ ასვლა, მაგრამ არა ამ მიზეზით. ისტორიის მასწავლებელმა გვითხრა, რომ იქ მეფეები განძს ინახავდნენ და ეს განძი ახლაც იქ იყო. ახლა, რომ ვფიქრობ, რატომ მქონდა თითისტოლა ბიჭს განძის პოვნის სურვილი, ერთადერთ მიზეზს ვხედავ _ მინდოდა ანიკოსთვის დედოფლის ბეჭედი მეჩუქებინა, მიუხედავად იმისა, რომ მას, მაშინ პეპლების ჭერა უფრო აინტერესებდა ვიდრე ოქროს სამკაული.

დიდი თოვლი იცის ლეჩხუმში. ჩვენს სხვენამდე აღწევდა ლამის. ვიჯექით ხოლმე მე და ანიკო ფანჯარასთან და ველოდებოდით გაზაფხულს, რადგან ანიკოს ბაბუა ამბობდა თოვლში ვერ ახვალო მთაზე. მე კი ანიკოს შევპირდი, რომ იქიდან ბეჭედი უნდა ჩამომეტანა მისთვის.

გაზაფხული ნამდვილად მალე მოვიდა, თუმცა ჩემდა გასაკვირად არა ხვამლის ძირში. შუა თებერვალში, მამამ ამერიკის რომელიღაც სახელოვანი აკადემიის კონკურსში გაიმარჯვა,  ჩემთვის მაშინ გაუგებარ მეცნიერულ კვლევაში და ჩემი გაზაფხული ლას-ვეგასში დადგა. მაშინ არ მიფიქრია, რამდენად განსხვავდებოდა ჩემი და ანიკოს გაზაფხული, როცა ანიკოს ფანჯრიდან ხვამლის მიუწვდომელი გამოქვაბულები, ჩემი ფანჯრიდან კი ხვამლთან შედარებით მაინც დაბალი ცათამბრჯენები ჩანდა.

მას შემდეგ ბევრმა გაზაფხულმა ჩაიარა და ერთადერთი, რაც ანიკოს ბუნდოვნად მახსენებდა მამაჩემის საამაყო, რაიონში პირველი, ფერადი ფოტოაპარატით გადაღებული ფოტო იყო, სადაც მე და ანიკოს ერთმანეთისთვის ხელები გადაგვეხვია და ხვამლის ფონზე გაჯგიმულები ვიდექით. მე ვიღიმოდი. ანიკო ტიროდა. რატომ? არ მახსოვს. ფოტოაპარატის ეშინოდა ალბათ.

………………………

ლას-ვეგასში ახალი წელი ისეთი გრანდიოზულია, კაცს სიმშვიდე მოგენატრება. ჩემი მეუღლის ემას გადამკიდე, მყუდრო ახალი წელი დიდი ხანია აღარ მქონია, რადგან გაუთავებელი ღამისთევა მისი საახალწლო შვებულების განუყოფელი ნაწილია, და აბა მე რა კარგი ქართველი ქმარი ვიქნებოდი, მეუღლის სამეგობროსთან არ ჩავძმაკაცებულიყავი ან ის მარტო გამეშვა  სადღესასწაულო კოქტეილით გამომთვრალი ოჯახების გარემოცვაში.

ეს ახალი წელიც ისეთივე იყო, როგორც დანარჩენი. მე და ემამ ამოუცნობი შენობის, მეორმოცე სართულის, ვერანდაზე მოვილხინეთ და ესეც სიმბოლურად, რადგან ორივენი ორმოცი წლის ვიყავით. რა დასამალია, რომ სახლში მისვლის ბოლო წუთები არც მახსოვს და სწორედ ამას ვიხსენებდი დილით, როდესაც წინა ღამის ამბების გონებაში დეტალურად აღდგენას ვცდილობდი. ერთადერთი, რაც მახსენდებოდა ის იყო, თუ როგორ ჯიუტად ვსვამდი ჩემი ფანჯრებიდან, ორ ნაბიჯზე მდგარი ხვამლის სადღეგრძელოს და როგორ ვიგონებდი ანიკოს, თუმცა მის სახეს ვეღარ ვიხსენებდი. როგორი იქნებოდა ახლა ?!  ერთ საგაზეთო სტატიაში ვკითხულობდი, ორმოცი წლიდან უფრო ნოსტალგიური ხდებაო ადამიანი. არ ვიცი, იქნებ ასეა.

კარზე კაკუნი უჩვეულოდ ადრე გაისმა, მით უმეტეს ახალი წლის დილისთვის უჩვეულოდ ადრე. საწოლიდან კარამდე სანამ მივედი ბახუსმა სხეულში საბოლოო მისამართი იპოვა და კეფასთან აუტანელი სიმძიმე ვიგრძენი. კართან ფოსტალიონი იდგა, რომელიც ფორმაზე ვეღარც ვიცანი, რადგან ინტერნეტის საუკუნეში მას ჩემთან არასოდეს მოუტანია წერილი. ახალი წელი  ნამორიგალი თვალებით მომილოცა და წერილი გადმომცა.

სამზარეულოში შევედი, მაცივრიდან კოკა-კოლა გამოვიღე, სიგარეტს მოვუკიდე და ბარათიდან ამოღებული წერილი გავშალე.

„ ბატონო გიორგი, დედა ცოტა ხნის წინ დავკრძალეთ. თქვენ მე არ მიცნობთ, მაგრამ დედამ მთხოვა თუ მოგძებნიდით ეს წერილი გამომეგზავნა თქვენთვის“ – გოგოს ლამაზ ხელს ჰგავდა კონვერტზე წაწერილი ეს რამდენიმე სიტყვა.

ნაბახუსევზე ძველი რვეულის ფურცლის სუნი სასიამოვნოდ მეჩვენა, თუმცა სუნის, ხმის, მზერისა და სხვა ადამიანურ ჩვევათა შეგრძნება სრულიად დავკარგე, როცა წერილის სათაური წავიკითხე – „შენი ანიკო“. მოცელილივით დავეშვი სკამზე და სიგარეტი შესაბრალებლად დავაკალი საფრეფლეს. ხელების კანკალი შევიკავე და გავაგრძელე:

„არ ვიცი ახლა მაქანე რა გქვია, ან როგორ გეძახიან. ჩემთვის კი ისევ ზემოუბნელი გოგლიკო ხარ შენ. ახლა მანდაც ზამთარი უნდა იყოს ასე მგონია. აქანე ბარდნის, მე ფანჯარასთან ვზივარ და… არა კი არ ვზივარ ვწევარ. აქედან ხვამლი თეთრი გოლიათივით ჩანს. წლები მოგვემატა გოგლა, ბევრი არა მაგრამ მაინც მოგვემატა. ახვლედიანების შალიკო ექიმი, ხომ გახსოვს. ქე მითხრა მაგან, არ შეიძლებაო შენიზა სიცივეებიო, მაგრამ აქოურობა ხომ იცი, უშრომელად არაფერი გამოდის მაინც. ორმოცი მაქვს სიცხე, არ კლებულობს. ვიცი მე, არ მჭირს ადვილი ამბავი და მინდოდა რაცხა გამომეგზავნა შენთვის.

შენ სხვა სამყაროში ცხოვრობ ახლა, აქანე ისევ ისეა ყველაფერი. ისევ ხვამლი ჩანს ჩვენი ფანჯრებიდან და ისევ გაზაფხულს ველოდები ხოლმე. რატომ? რა გითხრა აბა. ასე მგონია ისევ გვერდი-გვერდ ვსხედვართ და შენი ბალღური მხრები ჩემს მხრებს ეხება. ქე ვხვდები მაშინ რას ვგრძნობდი, მაგრამ გვიანია ახლა. ვერც მაშინ და მით უმეტეს, ვერც ახლა გეტყვი რას ნიშნავდა და ნიშნავს ჩემთვის, რომ შენ საერთოდ ხარ, თუნდაც ასე შორს. ბებიას ფრონტი ეგონა ქვეყნის დასალიერში, ბაბუა რომ წავიდა, შენ კი ოკეანე გადაიარე და ასე მგონია მეც ბებია ვარ ახლა, თუმცა ის ელოდა მაინც, მე კი…

კონვერტში ბეჭედი დევს გოგლა. ნამქერმა ჩამოიტანა ნოემბერში სოფლად. კაცი ვერ იპოვის იმ განძს, თორემ ბუნებამ კი იცის სანეა გაბნეული მაგ. ხვამლის ნამქერი, ხომ გახსოვს რაცაა და რა შოუძლია. დედოფლის არ უნდა იყოს ეგი ბეჭედი, მაგრამ შენთვის ვინახავდი თუ ჩამევიდა როსმე ქე ვანახებ-თქვა, შენ მინდოდა გეჩუქებინა ჩემთვის, ახლა მე გჩუქნი აქით, ბავშვობაა ამაში ბიჭო და გქონდეს შენ, თუ დოუძვერი ავადმყოფობას, გნახო იქნება დუნიაზე, თუ ვერა ქე იცოდე, ჩევიტან საფლავში ამ მონატრებას.

ჩემი სოფიკუნა ჩადის ქალაქში და ჩეიტანს ფოსტაში ამ წერილს, მევიდეს იქნება შენამდე. გკოცნი გოგლიკო ლოყაზე, როგორც მაშინ, ხვამლის ძირას.

შენი ანიკო.“

გავშრი.  მხრები დამიმძიმდა, თითქოს ორმოცი წლის დარდი და მონატრება ერთად დამაწვა. ტირილი მინდოდა. სველი თვალებიდან ცრემლის გადმოგორებას ემას ქოშების ხმამ, თუ შეუშალა ალბათ ხელი, რომელიც სამზარეულოში თვალების სრესით შემოვიდა და მაგიდაზე დადებული ბეჭედის დანახვაზე თვალები გაუნათდა.

- Is it a New Year’s present for me? – იკითხა და იქვე გაჩუმდა, რადგან მიხვდა, რომ მე არ ვგავდი იმ კაცს, საახალწლო საჩუქრის ჩუქების დროს, რომ ვიყავი.

– ეს ჩემი წარსულია ემა.

ვთქვი და ავტირდი.

გარეთ თოვდა.

რატომღაც ჩემი და ანიკოს მორყეული სკოლის მერხი წარმოვიდგინე და სრული სიზუსტით ჩამესმა მასწავლებლის დამაჯერებელი ხმა: „პრომეთე, რომელმაც მოიტაცა ცეცხლი… მიჯაჭვული იქნა ხომლის მწვერვალზე და მას ყორანი უკორტნის გულ- ღვიძლს.“

ალბათ ანიკოს საფლავზეც თოვდა ახლა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  თიკუნა, მედეა მოლოდინი ვულოცავთ დაბადების დღეს