ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თ.კომლაძე
ჟანრი: პოეზია
30 ივნისი, 2015


იცი როგორ ვარ?

ასეთი დღეები
მახსენებენ, სწორედ იმ დღეებს,
როცა ამ დღეებზე ვფიქრობდი...
და ეს დღეები სულაც არ ყოფილა მოულოდნელი..
არც იდუმალი პიროვენება გამოჩენილა
და არც ჩიტები გაფრენილან აფრიკისაკენ...
ხეებიც ისევ ნაცრისფერია.
და მზის სხივები უმისამართო.
გაგიკვირდება, და არც ჩემი ხასიათი არ შეცვლილა რადიკალურად.
ყველაფერს აქვს ჯერ დასაწყისი
და შემდეგ მიზეზი.
მიწიდან ახლადამოხეთქილ ნაკადულს ვგავარ ამ დროს.
არ ვიცი საით დაეშვება ეს ფერდობი.
და არც ის ვიცი, როგორი ნიადაგი მელის გამოსახრავად.
ყველა მდინარე ნაკადული იყო პირველად.

და მაინც,რა ვქნა, ეს დღეები დამჩემდა ფიქრი.
შესაბამსად შუალედი ნაფაზებს შორის გავანახევრე.
მე მიყვარს კვამლი როგორ მიქრის,  მიქრის და მტოვებს ოთახებს შორის
და თან ასეთი მარტოობა ერთიორად მანატრებს შენს თავს.
ალბათ ჩემს სულსაც მალე მოითხოვს უფალი..
მე კი ვხედავ, რომ გარედან ჩემი სახლი
იაფასიან სიგარეტის დაჭმუჭნულ კოლოფს დამსგავსებია,
რომელშიც საცოდავად ჩარჩენილ უკანასკნელ  ღერს, 
ანუ საკუთარ სულს
ვიღაც უცხო მთხოვს,
რომელსაც დიდი ხინს წინ შეიძლება ვიცნობდი კიდეც..
და, ალბათ, ისიც საკითხავია,
ჩვენ ორს შორის ვინ დაივიწყა ერთმანეთი პირველად..
მე ახლა ახლადჩასხმულ საძირკველს ვგავარ.
არ ვიცი როგორ ამაშენებს არქიტექტორი..
და არც ის ვიცი თუ იცხოვრებს ჩემში ოდესმე..
ვინმე...
ყველა სახლი ხომ საძირკველი იყო პირველად..

და მაშინ, როცა მოდიოდნენ ის დღეები
როდესაც ასეთ დღეებზე ვფიქრობდი ხოლმე,
როგორიც ახლა დგას ჩემს ცხოვრებაში,
მე ვამბობდი:
და, აი წავლენ ისინი და  მერე იტყვიან
"დიდება შენდა.. "
ხანდახან ისეც ხდება, რომ წასვლა დარჩენის ნიღაბია
"აწ და მარადის.."
იცი როგორ ვარ ახლა?
ახლდდაბარულ მიწასავით,
რომელიც მშვიდად, აუჩქარებლად ელოდება ცისგან წყალობას.
არ ვიცი ჩემში რა გაიზრდება,
სარეველა თუ ბიბინა ყანა.
ან იქნებ წვიმამ სულ ჩამომრეცხოს.
ყველა კაცი ხომ მიწა იყო პირველად.

და მაინც,
სულ უფრო ხშირად
მოდიან ჩემთან ასეთი დღეები.
ამიტალახეს სახლის კარებიც და ცხოვრებაც.
მოდიან ერთად და მახსენებენ, როგორ ვფიქრობდი მათ მოსვლაზე.
რთულია წარსულთან ერთად მარტო ცხოვრება.
არ ვიცი.
ზოგჯერ, ძალიან მინდა ერთი რიგითი დებილი ვიყო
და არც ლექსები დამყვებოდეს უკან ჩრდილივით.
მზეს შეიძლება დაემალო, გაექცე, გასცდე,
პოეზიას კი ვერასოდეს დაემალები.
მე ახლა  სათაურივით ვარ..
არაფრის მომცემი,
მანამდე სანამ ვინმეს ხელი
რაიმეს,
თუნდაც უკვე ნათქვამს, გულით მიმაწერს..
მოდი დავივიწყოთ სიტყვები!
მოდი მიმაწერე შენი სახელი!
უბრალოდ მოდი!
კარგადსათქმელი სიტყვებივით მოდი!
და ნუ დაელოდები კარგ გამგონეს...
ჰაერს ყველაფერი ესმის..
ყველაფერი ხომ სიტყვა იყო პირველად...

როცა მიდიან ასეთი დღეები, ყოველთვის ტოვებენ ღამეს..
მთვარიანს
ცივს
ცარიელს
მძიმეს
და შიგადაშიგ ძაღლების ღრენა მესმის ფანჯრებთან..
და ვნატრობ:
ღმერთო, ოღონდაც ძილი მაღირსე...
ღამით ყვავილებიც მიწაში ჩადიან.
ღამეს ყვავილები არ უყვარს.
ღამემ ყველაფერი იცის.
ღამე მეფეა გზების.
გარეთ გაგდებული ძაღლივით ვარ ახლა.
ვდგავარ ფერდობზე და ნერვებს მიღრღნის მთვარის სიცივე.
არსად არ არის შვება..
არსებობს მხოლოდ გამოსავალი.
და ერთი ღერი გადანახული.
კარგია, როცა ერთი გზა გაქვს და ვერასოდეს ვერ გადაუხვევ.
კარგია ღამით გასეირნება, როცა იცი რომ გელოდებიან.
კარგია თავისუფლება და არა მარტოობა.
კარგია.
ყველა ძაღლი ხომ მგელი იყო პირველად.

აი ასე ვარ ეს დღეები.
ალბათ გამიგებ.
მოდიან, დადიან და ისევ მიდიან ასეთი დღეები
და მახსენებენ სწორედ იმ დღეებს,
როცა მათ მოსვლაზე ვფიქრობდი...
არაფერია მოულოდნელი.
არც იდუმალი პიროვნება გამოჩენილა
და არც ჩიტები მოფრენილან შორი ქვეყნიდან.
ხეებსაც ისევ სტკივათ ფესვები.
და მზის სხივებიც ზამთრის ყინვას ჩოქვით მიაპობს.
არც ჩემი ხასიათი არ შეცვლილა რადიკალურად.
უბრალოდ, იცი როგორ ვარ ახლა?
როგორც ღმერთი
რომელიც დაივიწყეს
და აღარავის ადარდებს მისი სიდიადე.
ხანდახან, მობეზრებული, მოხუცის სახეს რომ მიიღეებს და ხალხთან ჩადის.
არა მათ საშველად, უფრო თავისთვის,
რომ იქნებ ვინმეს ცივ თვალებში იპოვოს შვება.
გადარჩენილი სიყვარულის მცირე მარცვალი.
მოდი დავივიწყოთ სიტყვები.
უბრალოდ მოდი და ამ
მთვარიან
ცივ
ცარიელ
მძიმე ღამეში
შენს შიშველს სხეულს წავუკითხავ
ლოცვას.
სიყვარულის ლოცვას.
სიყვარული ხომ ღმერთი იყო პირველად.
დავიწყებული ღმერთი.
ღმერთი კი მაინც ღმერთია ყოველთვის.
"დიდება შენდა..
აწ და მარადის..."

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები