ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
4 მაისი, 2015


გადაფიქრება

წვიმა წვრილი, გრძელი თითებით,
მიხაზავს სარკმელს.
დაფანტული ძველი ნივთები
სხვენს უდევს თავქვეშ...
ჰგვანან ფიქრები აბლაბუდას
ჩამწყდარ ძაფებით.
ცუდ მოგონებებს ვანადგურებ,
სხვა არაფერი...
ღამე, ქუჩა და ბლოკის ლექსის
ამონარიდი...
წვიმა ირიბად თავს მესხმის და
თვალსაც მარიდებს...
ლამპიონები იღვრებიან
ყვითელ ლაქებად.
მთვარე, ჩემსავით დაღვრემილი,
მიფერმკრთალდება...
მიხმობს საწოლი სასიზმარედ,
ცისფერპერანგას,
მგონი, ორივემ დავიზარეთ
ის რომ გვენახა,
როგორ წაიღებს წყალი სიზმრის
უსიამურებს.
ეს ღამე გვერდით მიზის, მიმზერს
რა უცნურად...
დარჩა სარკმელზე სველი კვალი,
წვიმის თითების.
ფიქრები ხელში შევიკალი,
გადაფიქრებით...
    30.05.15


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები