ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჭრელი
ჟანრი: პროზა
14 მაისი, 2015


ოთახში ერთი ქალი წევს.

ოთახი გადაივსო. ძალიან ბევრნი არიან.
მრგვალ მაგიდასთან ხუთი ქალი ზის. სულ ათი კვადრატულია ოთახში სივრცე და ყველა პირღია სუნთქავს. მგონი ყველა იხრჩობა. არადა რამდენიმე იღიმის კიდეც. როგორ შეიძლება იხრჩობოდე და ამას ღიმილით ხვდებოდე? - ალბათ, ასეთი სუნთქვის მანერა აქვთ და მოჩვენებითია მათი გაგუდვა.

ფოტოებით მორთული კედლისკენ ზურგით ორი ქალი ზის. ერთი დაახლოებით ოცდათხუთმეტი წლის არის. ჭაღარა არ აქვს და, ზოგადად, გარეგნობით ოც წელზე მეტს ვერც მისცემ. ოღონდ, მართლა ოცდათხუთმეტისაა. ძალიან უბედურია, ყველა ნაკვთი ამას ამბობს. უნაოჭო, ბუნებრივი წაბლისფერი თმით, მაგრამ უბედური, ბებერი თვალებით. ოთახის ვერც ერთი მკვიდრი ვერ იტანს. ჰაერს ნაცრისფერი ამონასუნთქით წამლავს. უბედური CO2-ით, რომელის სხეულიდან გარეთ ოხვრის სახით გამოაქვს. „რამდენი ვიცხოვრე. როგორ დავიღალე, ამდენი უბედურება, გასაჭირი, ბარიერი და მე მაინც, ისევ, ამ წყეულ დედამიწაზე დავდივარ. განა სასაცილო არ არის, მეგობრებო?“  - ყურადღებას არავინ აქცევს. უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, ცდილობენ არ შეიმჩნიონ.
ყველა ერთმანეთს უყურებს, და ვერც ერთი ვერავის ხედავს. 

უბედური ქალის გვერდით თითქმის სრულწლოვანი გოგო ზის. გამუდმებით ცქმუტავს, მუხლს მუხლზე იდებს, ფეხებს მაგრად უჭერს ერთმანეთს, მერე უშვებს. ტუჩები სულ დაიკვნიტა, ფანჯრისკენ იხედება, ვითომ მინის იქეთ რამე ძალიან, ძალიან საინტერესო ელოდებოდეს. „როგორი მოწყენილი ხართ ყველა... რა საშინელებაა... როგორ შეიძლება, მე ახლა თქვენთან ვიჯდე და არ ვტკბებოდე იმ საოცარი სურნელით, მაისს რომ მოაქვს?!  ფუ!“ - ყველა ალმაცერად უყურებს და თითოეული ქალის ტვინში ერთი ფიქრი ტრიალებს - „პატარა, ტუტუცი ბოზი.“ მოუსვენარი გოგო დგება, სკამს მაგიდისკენ წევს, ოთახში თეძოების რხევით სეირნობას იწყებს და რაჰმანინოვს ღიღინებს. როგორც ყველა მისნაირი ქარაფშუტა, ისიც ყურებამდეა შეყვარებული კაცზე, რომელსაც მხოლოდ გარეგნულად იცნობს, საკუთარ გონებასა და სამეგობროში ქრონიკულად არგებს სათავისო უნარებს, თვისებებს, აღმერთებს და ყველას აიძულებს, იგივე გააკეთოს. კაცი, რომელშიც შეყვარებულია, რეალურად, ჩვეულებრივი ცხოველია, როგორც ადამიანთა უმრავლესობა, არც ერთი იმ  ღირსებათაგანი არ გააჩნია, რომელზეც ქარაფშუტა ყოველდღე უფრო და უფრო აღტაცებული ლაპარაკობს. „ვუყვარვარ, უბრალოდ ვერ ხვდება, რომ ჩემთან ყოფნა ჰაერივით სჭირდება. დამიჯერეთ, გიჟდება ჩემზე, თქვენ ხომ გწამთ ის, რასაც მე ვამბობ, არა?!“ - ოთახში მჯდომი არც ერთი ქალი არ არის საიმისოდ სულელი, რომ მისი ბოდვა ყურად იღოს. ყველამ იცის, რომ ის ღმერთი, რომელსაც „პატარა, ტუტუცი ბოზი“ უკვე თვეებია ეთაყვანება, უბრალოდ მისივე დადგმული გაცია, ან გაიმი, ან რომელიმე კერპი,რომელსაც ჯერ სახელი არ აქვს.

ფანჯრის მხარეს, ზურგშექცეული ზის ოთახში მყოფთაგან ერთადერთი ქალი, რომელიც მართლა ჭკვიანია. ცდილობს მოუსმინოს ყველას ბოდვას, მაგრამ აზრი ვერც ერთი წინადადებიდან ვერ გამოაქვს. „რა ტვინცარიელები ხართ ყველანი. როგორ შეიყარეთ ყველა ერთად? სად იპოვეთ ერთმანეთი? ნუთუ, მართლა გჯერათ ყველა იმ საცოდაობის, რომელსაც ერთმანეთს თავს ახვევთ? - ეჭვი მეპარება, უბრალოდ დამოკიდებული ხართ საკუთარ ფანტაზიებზე და არც ერთი არ ცდილობთ, მომისმინოთ. არ გინდათ სწორ გზაზე დადგეთ და მე ვერ გაიძულებთ... (თუმცა, დიდ ხანს ვცდილობდი ამის გაკეთებას, მაგრამ ყველამ მომიძულეთ ჩემი კეთილსინდისიერების გამო). ღმერთო, რა მოხდება, ახლა, უცებ, გავჩნდე დიდ დარბაზში, რომლის სცენაზეც გედების ტბის კულმინაციური მომენტი მიმდინარეობს. ვუყურო, როგორ კვდება თეთრი გედი და დავივიწყო ამდენი საკუთარი თავითა და სურვილებით შეპყრობილი იდიოტი?“ - მისი ფიქრები არავის ესმის. არც ჩუმი, არც - ხმამაღალი.
საპატიო სავარძელში გაღიმებული გოგო ზის. ორივე ხელისგული იასამნების კონაზე აქვს შემოჭერილი,  წუთში ერთხელ ყნოსავს. წყნარდება. ასე შესაძლებელი ხდება მასთან ერთად მყოფი  ქალების ატანა. მუხლებზე ჩარჩო უდევს, რომელშიც გათენებისთანავე მეგობრის ნაჩუქარ, უკვე გამხმარ იასამნებს ჩადებს და იმ კედელზე ჩამოკიდებს, რომელთანაც ქარაფშუტა იჯდა. მაჯებზე ვანილის სუნი ასდის, ფრჩხილებში ჩალექილ ლიმონის წვეთებს ენის წვერით ილოკავს. მუხლები უკანკალებს. ჩერდება. გონს მოდის და ისევ იასამნებს ყნოსავს. გაქცევა უნდა. კაცთან, რომლის სუნითაც მაჯები აქვს გაჟღენთილი და ვისი სიყვარულის შემორჩენილ ნაწილაკებსაც ყოველი გულის ფეთქვა ცხვირთან აბნევს, როგორც სახლიდან გასვლის წინ დასხმულ ხარისხიან პარფიუმს. რა თქმა უნდა, არსად გარბის. მათ გარეშე ვერ წავა. ასეთია წესი. გონების გასათიშად აპრობირებულ ხერხს იყენებს, „მისგან“ დანატოვარ სულ რამდენიმე უმნიშვნელო მოგონებას მნიშვნელობას ანიჭებს და კინოფირივით ატრიალებს ფერად ტვინში. ფანჯრისკენ თვალებს აპარებს და მზის ამოსვლას ელოდება, რომ პატარა კედელზე შემორჩენილი მცირე თავისუფალი ადგილიც შეავსოს.
კარისკენ მჯდომი ნერვიული ქალი, რომელიც სულ ჩუმადაა, უცებ დგება და მაგიდას ატრიალებს. არაფერს ამბობს, უბრალოდ, როგორც ყოველთვის, ყველაფრის არევას ცდილობს. დაუჯერებელია და - ხმა ამოიღო. „როგორ მძულხართ ყველა. როგორ მაღიზიანებთ, ზუსტად ახლა, ღამის ოთხზე, როცა ცდილობთ, ერთმანეთს შეეჯიბროთ, გამარჯვებულს კი არაფრით აღიარებთ. თქვენ არ გესმით, რომ ერთმანეთის გარეშე... არავინ  არ ვართ. ერთნი ვართ ჩვენი უტვინობითა და გამჭრიახობით, კახპობითა და პატიოსნებით, სიყვარულითა და სიძულვილით. უბრალოდ, არ გესმით... თქვენ არაფერი გესმით...“ - იმეორებს და ინტერვალებში ტუჩებს თითქოს ვნებიანად, არადა, ნერვიულად იჭამს. – „ამას შეხედეთ“ - თითქმის სრულწლოვანს გაწეწილ თმაში ხელი ჩაავლო - „ის ნამდვილი კახპაა. ბოზია. იაფფასიანი. სახეზევე შენიშნავდით ამას, ალბათ. მაგრამ უყვარს ის, ვინც არის და ეს სიყვარული იმაზე ნამდვილია, ვიდრე მთელი ჩვენი ნაძალადევი ერთობა, გაღიმებული სახეებით სიარული ქუჩაში, საერთო მეგობრებთან გამოგონილ ბედნიერებაზე ლაპარაკი! ისევ არაფერი გესმით! ტუჩებს ნუ იჭამ, ნუ მბაძავ! ღელავ? - ვიცი, შენ არავინ გეუბნება, რომ ბოზი ხარ. არადა, ეს შენც იცი, ისევე როგორც ყველამ. უბრალოდ, ძალიან ჩვენი ხარ, ძალიან ერთნი ვართ და ვერ გიმეტებთ. არ ვიმჩნევთ, როცა სახლში ფერშეცვლილი საცვლებით, ლოყებზე კანგადამძვრალი, ნირწახდილი, ნასიამოვნები ბრუნდები. არაფერს ვამბობთ, როცა მთელ ღამეს საყვარელთან ლაპარაკში ატარებ. იცი რატომ? - იმიტომ, რომ ამ ყველაფერს ჩვენ, შენთან ერთად ვაკეთებთ და ასე იქნება მანამ, სანამ ცოცხლები ვართ. არასოდეს გექნება სექსი მარტოს, ყოველი შენი აქტი  ჯგუფური იქნება. საწოლში იწვები სხვა ქალებთან ერთად და შენს კაცს ხან მე მოვეფერები ნერვიულად, ხან აი ეს, ჩემ პირდაპირ მდუმარედ მჯდომი გადაუსვამს ხელს თავზე, მკაცრი მასწავლებელივით და ხან შენ გვერდით მჯდომი ჩაასუნთქებს კოცნისას უბედურ ჰაერს. სხვა გზა არ გაქვს. უნდა შეეგუო!“ - ქარაფშუტა ანერვიულებული იცინის, სახეზე ცივი ოფლი ასხამს, აზღუდის კიდეები ისე უსველდება, თითქოს საყელოდან წყალს ასხამდეს ვიღაც. ხმას ვერ იღებს, რადგან ზუსტად იცის, ის, რასაც ნერვიული ქალი ამბობს, სრული სიმართლეა და არასოდეს ექნება სხვა არჩევანი, გარდა მათთან ერთად პატარა ოთახში ცხოვრებისა.

ჭკვიანი ქალი სიგარეტს იღებს პატარა ჩანთიდან, ღერს თითებს შორის მისთვის დამახასიათებელი გრაციოზულობით იდებს, ტუჩებთან მიაქვს, უკიდებს და ღიღინებს მელოდიას ,,გედების ტბიდან’’. თავს აყოლებს თავისივე ტუჩებიდან, კვამლთან ერთად გამოსულ მელოდიას, თვალებს ნასიამოვნები ხუჭავს. – „ თენდება. მაგიდიდან ადექით. გაიღიმეთ. გარეთ გავდივართ.“ - არავინ ეწინააღმდეგება.

ოთახში მხოლოდ ერთი ქალი წევს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები