- შენი კრუასანი უფრო გემრიელად გამოიყურება. - მეუბნება ოლი, თუმცა არ ვტყუვდები. ვიცი, რომ მისი კრუასანი შოკოლადით არის სავსე და ჩემი კი მხოლოდ ტკბილი პურია, რომელიც ძლივს იპოვა ჩემთვის.
ოლის ცხოვრებას სანელებლების სურნელი აქვს. როცა სკოლაში წასვლამდე 5 წუთით ადრე მაკითხავს, დარიჩინის სუნი ასდის ლოყებზე. შუადღეზე ციტრუსს მაგონებს, ფორთოხლისფერს, მწიფეს და სასარგებლოს, რომელსაც სიამოვნება მოაქვს. საღამოს ის წითელი წიწაკაა, ცეცხლოვანი, მწარე და პირქუში, მაგრამ სიცოცხლით სავსე.
მშობლების ფერმაში პატარა ნაგლეჯი გამომიყო, ცოტაოდენი ჩალა და შალის საბანი მაჩუქა და დამაიმედა, რომ მთელი ზამთარი სიცივე და შიმშილი არ მემუქრებოდა. რა თქმა უნდა, ჩემი კუჭი უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ჩემი სოფლის მანდარინების სურნელი და კრიალა სარკმლები. არ მქონდა მადლიერი თვალები, არც ერთგული ღიმილი. ზამთრის ჭირხლი მიბინდავდა თვალებს. არ ვიყავი ღარიბი, არც ობოლი, არც მაწანწალა. გარემო მჭირდებოდა, რომ შემექმნა ჩემი მარტოობა. ჩემს მარტოობაში კი გამომეძებნება პატარა ნაგლეჯი და შემეფარებინა იგი.
ყოველდღე მოჰქონდა ჩემთვის რაღაც. ჩირი, ნუში, ორცხობილები და სითბოდაკარგული ჩაი. იჯდა საათობით შეშის ნაფოტებზე და მათემატიკას მეცადინეობდა. უხეში თმა კაპიუშონის შიგნით იმალებოდა. ცალი ხელით ორცხობილას ჭამდა, ცალით ჩემს ცალთვალა კნუტ როჯერს ყურებზე ეალერსებოდა. ვამზადებდით მურაბებს, რომელსაც მეორე სოფელში ვყიდდი ძალიან იაფ ფასად, მაგრამ მაინც ყოველთვის მრჩებოდა ფული, რომ ლურჯი საღებავი მეყიდა. სადღაც გამეგონა, რომ ვან გოგი ბედნიერებისთვის ყვითელ საღებავს ჭამდა, მე კი ჩემი ბედნიერება ლურჯად წარმომედგინა, ამიტომაც ყველაფერი ლურჯი იყო. იატაკი, ფანჯრის რაფები, ჩემი თმა და როჯერის კუდიც. მურაბისთვის ხილსაც ერთად ვკრეფდით. შაქარს ჩუმად იპარავდა დედამისის საკუჭნაოდან, რომელსაც გულმოდგინედ ვმალავდით და ამის გამო თითქმის არასდროს მაკლდა ჩაი.
*** - ოლი, შენი თმები კუპრს გავს. მზის ნაკლებობას განიცდი, - დავუსვი დიაგნოზი და ჩემს შალში გავახვიე. - შენი თმები კი მუქ თაფლს, - თქვა და თბილი პურის ნატეხი ლოყაზე მომადო გასათბობად.
- ჭუჭყი უფრო ამშვენებს სიყვარულს. უფრო მძიმეა, უფრო სასიამოვნო, - ვლაპარაკობ ნელა, რომ სიცივემ არ გადაყლაპოს ჩემი სიტყვები. ვსაუბრობ ჭუჭყზე და ვფიქრობ დედამისის ნათელ, სუფთა საძინებელზე. კრემისფერ აბაჟურებზე, ნუშის ზეთზე, საშობაო მაგიდებზე და დამშეულ კუჭზე, რომელსაც ოლი ორი მოხარშული კვერცხით მივსებს. ვსაუბრობ ჩემი სოფლის მყუდრო სახლებზე, გაჭვარტლულ ბუხრებზე, თაფლსა და ნუშზე, ბოროტი მოხუცების კეთილ ძაღლებზე. ოლის კი ეძინება და მის დავალებას მე ვასრულებ.
- მეშინია წითელი ფერის, - ვეუბნები და უკან ვუბრუნებ იმ ფარდას ჩემი ცივი ფანჯრებისთვის რომ იშოვნა. ოლიმ იცის, რომ მშიშარა ვარ. მეშინია ხალხმრავლობის, ბნელი სახლის, დიდხნიანი მარტოობის, უჭმელობის, ბედნიერების და ფერადი ტანისამოსის. მეშინია იმ დღის, როცა ჩემთან არ მოდის. მეშინია ნელ-თბილი საუბრების. მეშინია, როცა როჯერი ახველებს. მეშინია, რომ ერთ დღესაც ოლის ფერმაში კარგი მოსავალი არ მოვა.
როცა არ მუშაობს ან სწავლობს, ჩემთვის ქოთნის ყვავილებს ყიდულობს 60 წლის მარტოხელა ქალისგან. მათ მიმართ დედის ინსტიქტს განვიცდი. თავს დავტრიალებ, ვესაუბრები, რძეს ვუსხამ, ძილის წინ ზღაპრებს ვუყვები. ვამპირ ყვავილებს მიაქვთ ჩემი ცუდი განწყობა.
როცა ჩემთან რჩება, ოთახში ყავისფერი სითბოა. მამეცადინებს ქიმიაში. მოაქვს 1 კვირის სამარაგო ყავა. არ გვძინავს ღამე. არც დილით. გამთენიისას მის თვალებს ძილი ეჭიდება. სითბო ელამუნება ავარდისფერებულ ლოყებზე და თითებზე, რომლებიც ჩემს წელს გველებივით ეხვევიან.
როცა ვიცინით, იგი კმაყოფილია. მე კი მისი ქათქათა საყელო მაკმაყოფილებს. უხეში ხელები, რომელსაც სანელებლების სუნი ასდის. ოლი სკოლის მოსწავლეა, რომელსაც სწამს, რომ ზამთარს სიცივის გარდა სინათლე მოაქვს. სჯერა, რომ მოსავალი ყოველთვის კარგი მოვა, თუ მცენარეებთან ვისაუბრებთ. რომ ქალის მკერდი სიცოცხლის წყაროა და რომ ჩემი ორსულობა ყველაზე სასიამოვნო ტრაგედია იქნება მის ცხოვრებაში.
მე ვუვლი ოლის, რომელიც სკოლაში დადის და ჩემთან დავალებები, საჭმელი და სიყვარული მოაქვს. რომელიც საუბრობს ბევრს მოსავალზე, მცენარეებზე და ამაყ დედაზე, რომელიც ყოველ დილით მას საყელოს უხამებს. ჭამს მშვიდად და ღელდება მაშინ, როცა ღამე მის სიზმრებს ვაფრთხობ.
ოლის უყვარს ჩვენი არაფორთოხლისფერი დღეები.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. კარგი ნაწერია, სუფთა. +5 კარგი ნაწერია, სუფთა. +5
4. ხომ არაფორთოხლისფერი დღეებია, მაგრამ ფორთოხლისფერ მზეს ნამდვილად ვხედავ აქ. ქიმიაში მეცადინეობამაც კი ვერ შემიშალა ხელი ბოლომდე. ხომ არაფორთოხლისფერი დღეებია, მაგრამ ფორთოხლისფერ მზეს ნამდვილად ვხედავ აქ. ქიმიაში მეცადინეობამაც კი ვერ შემიშალა ხელი ბოლომდე.
3. სანელებლების სუნი იგრძნობოდა.
სანელებლების სუნი იგრძნობოდა.
2. ოლი ბიჭია თუ მე ვერ გავიგე? ოლი ბიჭია თუ მე ვერ გავიგე?
1. მე მომეწონა :)))
რა ცუდი ნიკი გაქვთ :) მე მომეწონა :)))
რა ცუდი ნიკი გაქვთ :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|