ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარიამ თორია
ჟანრი: პოეზია
25 ივნისი, 2015


საკუთარ (დავიწყებულ) თავს

თენდება,როცა იღვიძებ და ფანჯრიდან უმზერ
გამოძინებულ ქალაქს,ქუჩას,პროეპექტს და ბინას,
მერე იხსენებ,თუ რა იყო გუშინ და წუხელ
და ახალი დღე შენთვის როგორ არაფერს ნიშნავს.
იწყები ასე,ქუჩის კუთხეს ადევნებული
უპატრონო და უსახლკარო ძაღლის ლეკვივით,
უყურებ ამ ხალხს-მშფოთვარეს და გამოძინებულს,
და ძლიერ გინდა,რომ აქ დასვა ბოლო წერტილი.
ყავას სვამ მარტო,შენ და მზე ხართ ახლა ოთახში,
ხვდები,ამ ბოლოს სხვა თანმხლები აღარც გჭირდება,
შენ ცხოვრობ ასე,ხალხით სავსე მარტოობაში,
შენს სახლთან ისევ ჩაიარეს ვიღაც ბიჭებმა.
მერე თაროსთან მიდიხარ და იწყებ ბავშვობას,
ფოტოებიდან,ალბომიდან,ძველი წლებიდან,
გრძნობ,საკუთარ თავს,რა ხანია ძლიერ დაშორდი,
ადრე ქალაქის ტელეფონზეც ვიღაც რეკავდა.
მოგიკითხავდა ბანალურად,სავალდებულოდ,
იყო დრო,ესეც გხიბლავდა და გძენდა სურვილებს,
ახლა ფიქრებიც დაგრჩენია მოპოეტურო,
იმიტომ წერ,რომ თავი მაინც გაისულელო.
დაღამდა ისე,როგორც დილა მოასკდა ფანჯრებს,
ქალაქი...ქუჩა...ტელეფონი...ბინა...პროსპექტი...
უკვე წლებია,შენი თავიც ვერ დააჯერე,
და სულ ნაკლებად გინდება,რომ გითხრან-მოვედი.
ხვალ კი მორიგი დღე იქნება,ამინდზე ფიქრით
დაგიუძლურდა სხეული და გრძნობ,რომ გაქვს სიცხე,
შენ თვლი,რომ უფრო მარტივია იცხოვრო ასე,
სადაც ტუსაღი უფრო ხარ და ოთახი-ციხე!
ისჯები ასე,მზე გაღვიძებს რძისფერ კედლებში,
კვდები...ცოცხლდები...ლოგიკური ჯაჭვია ყოფა,
ასე ერთფერად და წამებით დასრულდა ეს დღეც
და ხვდები, რომ შენ საკუთარი თავიც არ გყოფნის.
ოთახში ახლა მარტო დარჩი შენივე სულთან,
ქუჩის კუთხეში აგეტუზა ძველი ცხოვრება,
რომლისგან დარჩა არაფერი,დასკვნა ერთია:
საკუთარ თავთან დაგემართა გაუცხოვება!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები