 | ავტორი: ნარმო ჟანრი: პროზა 30 ივლისი, 2015 |
"-პირუტყვზე გინდა შური იძიო!-შესძახა სტარბეკმა,-პირუტყვზე, რომელმაც ბრმა ინსტინქტით დაგასახიჩრა!ეს ხომ სიგიჟეა" მობი დიკი.
ნანტაკეტში სამი დღის წინ ჩამოვედი ვეშაპმონადირეობაზე ცნობების შესაგროვებლად.ვაპირებდი რომ ადგილობრივები გამომეკითხა,ძველი მეზღვაურები მეპოვა,ისტორიები შემეგროვებინა.აქაურები ყველაფერში მომეხმარნენ.მშვენიერი ოთახი მიპოვეს დასარჩენად,ყველა ღირსშესანიშნაობა დამათვალიერებინეს,მათ შორის ცნობილი სასტუმრო “ვეშაპის შადრევანი” და სამლოცველო.კვებითაც მშვენივრად მკვებავენ.ამდენი ზღვის პროდუქტი დიდი ხანია არ მიჭამია,მაგრამ როგორც კი ვეშაპებზე ვიწყებ ლაპარაკს,ყველა ცდილობს თემის შეცვლას,თუ მათ დავუჯერებთ,აქ არცერთ მათგანს არ ჰქონია კავშირი ვეშაპების რეწვასთან.ამბობენ,რომ რათქმაუნდა,ნანტაკეტში იყვენენ ამ პროფესიის ხალხი,მაგრამ მათთან საქმე არ ჰქონიათ.რაც ცოტა არ იყოს და ძნელად დასაჯერებელია,მაგრამ ძიებას მაინც ვაგრძელებდი,იქამდე სანამ ქუჩაში სეირნობისას უცნობს არ შევხვდი. ნანტაკეთში მრავლადაა ისტორიული ქუჩები,დახვეწილი ვიქტორიანული სტილით ნაშენი სახლებით,სადაც სეირნობისას ნათლად შეიგრძნობთ ნანტაკეტის სულს.ამბობენ რომ ამ სახლებიდან მრავლის ღობეები და კარებები კაშალოტის ძვლით იყო გაწყობილი,ეს ერთგვარ მოდად ითვლებოდა,მაგრამ ახლა ყველაფერი გამქრალია,რადგან აქაურებს არ უყვართ წარსულის გახსენება. სწორედ აქ შევხვდი ჩემს “ინფორმატორს” რომელიც გაურკვეველი ძახილით დამეწია და ნოყიერი სადილის სანაცვლოდ საინტერესო ამბების მოყოლას დამპირდა,მე რადგანაც დავინტერესდი ამ საინტერესო ტიპაჟით და კიდეც მომშიებოდა,დავთანხმდი. იქვე პატარა რესტორნისაკენ გამიძღვა,სადაც უგემრიელესი და ძალიან ნოყიერი კერძი მოგვიტანეს,გამზადებული მოლუსკებით,ორცხობილითა და საქონლის ხორცით. სადილის დროს სიტყვა ვერ დავაცდევინე,რადგან პირი მუდმივად საჭამლით ჰქონდა გამოტენილი და ჩემს შეკითხვებზე მხოლოდ იღიმებოდა,მაგრამ იმის შემდეგ რაც მივირთვით და გემრიელი ლუდით ჩავიწმინდეთ ყელი,მან სუფრის კიდით შეიწმინდა ხელები და ჯიბიდან კაშალოტის ნამდვილი კბილი ამოიღო.იმისათვის რომ წარმოიდგინოთ ამ,უკვე გადაშენებული არსების სიდიდე,მხოლოდ კბილიც კმარა:მტკაველის სიგრძის თეთრი მონოლითი,რომლისთვისაც ალბათ არცერთი ველბოტი არ ყოფილა დაბრკოლება.ბედის ირონიით კი მასზე ვეშაპზე ნადირობის სცენა იყო ამოკვეთილი.ჩემი აღტაცებული სახის დანახვაზე ბევრი იცინა და მირჩია,რომ ქალაქის გაღმა,პლიაჟზე გამესეირნა.იქ,პატარა ქოხში საინტერესო ვინმე ცხოვრობს,ამის შემდეგ კი დარჩენილი პური საპურედან ჯიბეში ჩაიწყო,სამარილიდან ცოტა მარილი მხარუკან გადაიყარა,წამოდგა და გასასვლელისკენ წავიდა,მე დავუძახე რომ კბილი დარჩა,მაგრამ ამის პასუხად მხოლოდ თვალი ჩამიკრა და დამიძახა რომ ფრთხილად ვყოფილიყავი ძველი მეხთამცემის სულთან.მის სიტყვებს არც კი დავუფიქრებივარ,რადგან მივხვდი რომ საკმაოდ ექსცენტრიული ადამიანი იყო. იმ დღეს კი არაფერი,რადგან იქაურ მასპინძლებთან ერთად პატიოსნად გამოვთვერი,მაგრამ მეორე დილით ქოხის საძებნელად გავუყევი სანაპიროს.
***
პლიაჟზე ერთმანეთშია არეული ქვიშა და უთვალავი ნიჟარა,ამიტომ ყველა ნაბიჯი თავისებულ მუსიკას გამოსცემს.თუ ამას ღელვასა და თოლიების ხმას დავუმატებთ,მშვენიერი კომპოზიცია გამოვა,ასეცაა. პლიაჟზე მოხუცთან ერთად მივსეირნობ,რომელიც იმ ქოხში ცხოვრობდა,სახენაყვავილარმა უცნობმა რომ მირჩია.ჩემმა მასპინძელმა სახელის გამხელა არ ინება,წინააღმდეგ შემთხვევაში იქნებ ბევრ თქვენგანსაც კი ეცნო ის. მას არ უარყვია,ის რომ ვეშაპმონადირე იყო წარსულში,იმის გაგონებაზე კი,რომ ნანტაკეტელები უარყოფენ ამას,ბევრი იცინა და მეზღვაურული ლანძღვაც არ დანანებია მათ მიმართ.ჩემი მოლოდინის საწინააღმდეგოდ ის სიტყვაძუნწი არ გამოდგა,მივდიოდით ქვიშაზე და მიყვებოდა,როგორ სერავდა სხვა და სხვა გემით მთელი მსოფლიოს ოკეანეებს.საუბარში ხშირად შეატყობდით ნოსტალგიას და წყალსაც კი უშტერებდა თვალს,მაგრამ არა მგონია რომ ეს საქმე ენატრებოდეს,მიუხედავად იმისა რომ როგორც თვითონ თქვა,ამ საქმეში ნამდვილი კაცები იყვნენ. მან მკითხა,ვიცოდი თუ არა რა იყო ვეშაპმონადირეობა.მე ვუთხარი რომ არა და მაშინ მოხუცმა შორ,კლდეზე მდგარი შუქურისაკენ გამახედა:”ნადირობა ხშირად ორი და სამი წელი გრძელდებოდა,როცა კუნძულს ვუახლოვდებოდით,პირველად ამ შუქურას ვხედავდით,ზოგჯერ გვიხაროდა დანახვა,ზოგჯერ არა,გააჩნია როგორი იყო ნადავლი.ხანდახან მთელ მსოფლიოს ისე შემოვივლიდით,რომ ერთ შადრევანსაც კი ვერ მოვკრავდით თვალს,ესაა ვაშაპმონადირეობა.” როგორ მინდა აგიღწეროთ ეს საოცარი ადამიანი,მაგრამ ის თითქოს თითქოს მორევია რომელიც ყველაფერს ისრუტავს,გარეთ კი არაფერს უშვებს.მე ვერ ვხვდები,რას გრძნობს ის,მის სახეზე ემოციას ვერ ამოიკითხავთ.ის დიდი სიყვარულით ლაპარაკობს ვეშაპებზე ნადირობაზე,მაგრამ ვგრძნობ რომ ეს საქმე ეზიზღება.მე ვკითხე რითი ირჩენდა თავს და მითხრა რომ როგორ ყველა მოხუცი,თევზაობს.როცა ვთხოვე რომ სათევზაოდ წავეყვანე,ხელი აიქნია და ეს უკანასკნელი საქმიანობაა ქვეყანაზე და მასზე მოცდენა არ ღირსო,მომიგო.მაგრამ ერთი ნამდვილად ვიცი,მას ადამიანებთან ურთიერთობა მოენატრა. როცა მოსაღამოვდა,ქალაქში დაბრუნება გადავწყვიტე,მაგრამ მოხუცმა არ დამანება და მითხრა რომ იმდენად არ დაძაბუნებულა რომ ღამით ერთი სტუმარი ვერ დაიტოვოს.დიდი თავპატიჟი არ დავიწყე,ამაზე უკეთესი რა იქნებოდა ჩემთვის. მოხუცის სახლი ზუსტად ისეთია,როგორიც ყველას წარმოგიდგენიათ,ფანჯარაზე გაფენილი ბადე,რამდენიმე სკამი,პატარა ტელევიზორი,ერთი საწოლი და ერთიც ჰამაკი,განჯინა,რომელშიც თუნუქის თეფშები და ჭიქები აწყვია.მან დაბალ მაგიდასთან დამსვა და თვითონ სუფრის გაშლა დაიწყო.გამოიღო სქელ ქაღალდში შეხვული რაღაც,რაც შემდეგ გამოყვანილი თევზი გამოდგა,პური და გამჭვირვალე ბოთლით არაყი,რომელიც შეანჭყრია და მითხრა ნახე როგორ გაქეიფოო.მივხვდი,რომ რაღაც ძალიან გემრიელში და ნამდვილში მოვხვდი.ბოლოს თვითონაც დაჯდა,ზღვიდან ზურგით და ჯიბიდან ამოღებული დასაკეცი დანით პურის საოცრად გემრიელად დაჭრა დაიწყო.მე კი არაყი ჩამოვასხი დაბალ,ყურიან ჭიქებში. -თქვენი გამოხდილია? -ჰოო,აბა რა.არ კი მკითხო რისგან.თევზიც მე გამოვიყვანე,ყველა კაცმა უნდა იცოდეს საკუთარი საჭმლის გაკეთება. -თევზს ყიდით ქალაქში,-ვკითხე მე. -არაა,იმდენს ვიჭერ,რამდენიც მე მჭირდება,პურზე და შაქარზე პენსიაც მყოფნის. არაყი საოცრად ძლიერი გამოდგა,მალე დავთვრებოდი,ამიტომ ლაპარაკით ვართობდი,რომ მეტის გაგება მომესწრო.სიმართლე რომ ვთქვათ,თუ ოდესმე მეზღვაურულად სმის შეძლება ჰქონდა,ახლა დაჰკარგვოდა და უკვე ეკიდებოდა სასმელი. -ერთხელ ჩემთან ვეშაპი მოვიდა,-თქვა მან მოულოდნელად,როცა მორიგი ჭიქა გადაჰკრა და არაყი ალბათ არც იყო ჩასული კუჭამდე,-არა,ადრე არა.იმის მერე რაც გადაშენებულად გამოაცხადეს. -25 წლის წინ გამოაცხადეს. -არა,უფრო მერე იყო,ამ რამდენიმე წლის წინ,გავიხსენებდი,აზრი რომ ჰქონდეს.მოკლედ,დილით გავიხედე და შადრევანს ისროდა ცაში ზუსტად სანაპიროზე,იცი რა იყო?საოცარი,-მოხუცი ძველ ყუთს ურტყამდა ხელს,-ტელევიზორში ამბობდნენ რომ გაქრნენ და ვერცერთ მყრალ ოკეანეში ერთ ვეშაპსაც კი ვერ იპოვიო,დამწყევლოს ეშმაკმა,ხმა მესმოდა წამყვანის,როცა მას ვეთამაშებოდი.ხმა!მე კიდე წელამდე წყალში ვიდექი. -და ვერავინ გაიგო? -ვერა.აქ ვინ მოეხეტებოდა,პლიაჟი არაა და არაფერი.სულ ახლოს მოდიოდა.ნაპირზეც კი გამოცურდებოდა თუ არ შევიდოდი წყალში.მთელი დღე ერთად ვცურავდით.იცი რა იყო?საოცრება.ამხელა და ასეთი ნაზი.ბავშვივით იყო,სულ თამაში უნდოდა.ვიღლებოდი და ზურგით მატარებდა.მოდი დაგისხა ერთიც. ჩვენ საზიზღარ არაყს ვსვავდით მის ქოხს და გამოყვანილ თევზს ვაყოლებდით და მე წარმოვიდინე მოხუცი და ვეშაპი რომლებიც ერთად ცურავდნენ ზღვაში,ისეთი სიცხადით,როგორიც მხოლოდ მთვრალ კაცს შეუძლია. -რამდენი ხანი ვიყავით ეგრე,აღარც მახსოვს,დღეებს დავითვლიდი თუ რა.ჰოოდა ასე,ერთხელაც აღარ მოვიდა და მორჩა ეს ამბავი. ვგრძნობდი რომ მოხუცს ძალიან უნდოდა ამბის მოყოლა,მაგრამ რცხვენოდა ან რამე მაგდაგვარი,მიტომ დავეხმარე და ვკითხე. -ეგრე დამთავრდა? -ჰო,ცუდია? გამეღიმა,მან კი ჭიქა აიღო და ისე ნელა და დაგემოვნებით დაცალა,თითქოს თაფლუჭი სხმულიყო იმ დაჭეჭყილ ჭიქაში. -როგორ სვამთ ასე,-ვკითხე ჭიქის ხელში ტრიალით. -გემრიელ ღვინოს ბედნიერი ხალხი უნდა სვამდეს,ეს არაყი იმისაა რომ ბოლომდე ჩაგანგრიოს.რაც უფრო დარდიანი ხარ მით უფრო მწარეს უნდა სვამდე.ასე მგონია მე.შენ შეიძლება არ გაქვს არაფერი,მაგრამ დღეს ჩემი მენიჩბე ხარ.მიდი,გადაუშვი და ეცადე,არცერთი გრამი არ გადაყლაპო დაუგემოვნებლად.ეს ჩვენი თვითგვემაა.მინახავს როგორ იტყამდნენ ზურგზე ათას ხანჯალს ერთად.ჩვენი ხანჯლები ეს სასმელია.მიდი და ამაზე მწარე არ გეგემოს. როცა როგორც იყო გადავყლაპე სითხე და მუცლის გვრემას ვებრძოდი,მან განაგრძნო: -არა,ასე არ დამთავრდა,ერთხელაც უბრალოდ აღარ მოვიდა მეტანია,ასე ერქვა,მერე ეგრე მივხვდი.გამიკვირდა,მაგრამ არ შევიმჩნიე. დილით გამოვედი არ დამხვდა.შუადღემდე ნაპირზე ვიცდიდი.შემდეგ ქოხში შევედი და ტელევიზორში ჩავრთე.ხო იცი ცუდი ფიქრები რას უშვება კაცს.თუ რამე მოხდა,იტყვიან მეთქი.იმ ღამეს ათასი სიზმარი ვნახე და დილით ქალაქში წავედი.ხალხის ლაპარაკს ვუსმენდი,იქნებ რამე გამეგო.არაფერი.ჩემს გარდა არავინ იცოდა,რომ სადღაც ცოცხალი ვეშაპი დაცურავდა.უკან გულდამშვიდებული წამოვედი. კვირა გავიდა და არ გამოჩენილა.მე ვთევზაობდი ჩვეულებრივ,უთენია გავდიოდი ნავით და ბადეებს ვკიდები,საღამოს კი ვკრეფდი,თან ჰორიზონტზე შადრევანს ვეძებდი,თან ვბრაზობდი,იმაზე რომ ასე წავიდა და მანერვიულებდა,რაღას არ ვფიქრობდი,იქნებ ვინმემ მოკლა ან დაიჭირა,ან უბრალოდ უჭირდა.მე კიდევ ასე ვიჯექი. კვირის თავზე,მორიგი სიზმრის შემდეგ საჭმლის და საჭირო ნივთების შეგროვება დავიწყე.სად მივდიოდი ამხელა ოკეანეში,თან რითი?ჩემი ძველი ველბოტით,ღია ზღვაში,მაგრამ ამაზე რას ვფიქრობდი,გადაბრუნებული მქონდა ჭკუა. საგზალი,წყალი და ერთადერთი იარაღი,რომელიც ქოხში მქონდა,ბარჯი,ნავში ჩავაწყე,რისთვის მინდოდა?ისე ვიყავი შეშლილი შიშით და ბრაზით რომ მზესაც კი ვესროდი ამ ბარჯს,თუ ის აღმოჩნდებოდა დამნაშავე. ქარი ჩემს მხარეს იყო,ერთი-ორჯერ ნიჩბის მოსმა და გამოვედი ყურიდან,გული ოდნაც დამიმშვიდდა,უმოქმედოდ მაინც აღარ ვიყავი,ადრე ვეშაპს ყოველთვის უცებ ვპოულობდი,ყნოსვა აქვსო,ჩემზე ამბობდნენ.ოთხმოცდამეათედი წილი ყველა გემზე მქონდა,რამდენჯერ გამხდარა ოქროს დუბლონი ჩემი. ღმერთი ალბათ დამცინოდა.მოხუცი ვეშაპმონადირე ვეშაპს დაეძებს.ოღონდ მიზეზს არ იკითხავ?!მეც გამეცინებოდა,მაგრამ....იცი რა არის მარტო ყოფნა ოკეანეში?მთელი დღე ფიქრობ,თან მზე გხრუკავს, საკუთარ თავს ელაპარაკები,თბილ წყალს სვამ.მერე ღამდება.თუ მოღრუბლულია,ეგ არაფერი,უბრალოდ ხმა გესმის,თითქოს ტაშტში აჭყაპუნებდეს ვინმე ხელებს.მივიფარებდი ძველი აფრის ნაგლეჯებს და მეძინა,მაგრამ თუ მოწმენდილი ცა იყო,უჰ,ღამე ოკეანე ცოცხლდება,ცის სინათლეები იზიდავთ ალბათ.ჯერ ხომ მთელი წყალი ანათებს,მერე რა ხმა აღარ მესმოდა.წყალი ხომ იცი როგორ ატარებს,ვინ ყმუოდა,ვინ ღრიალებდა,ვინ წნაოდა.არ ვიცი,ხალხს რა გონია,მაგრამ იქ,ფსკერზე უფრო სხვანაირადაა საქმე.გადავყოფდი თავს ნავიდან და ვუსმენდი,მაგრამ ამდენ ხმაურში ვეშაპის სიმღერა ერთხელაც ვერ გავიგე. მერე წვიმა მოვიდა,10 დღე იქნებოდა,რაც ზღვაში ვიყავი გასული,კიდე კარგი,გავავსე,რაც კი დაჰკლდებოდა წყლებს.როგორ წვიმს,იცი?ყველას გონია რომ წვიმა ოკეანეში ქარიშხალია,მაგრამ იქ ნიავი არ იძვროდა.მარტო ამოდენა წყალზე შხაპუნი.გავცოცხლდი თითქოს,ჯერ წყალი დავლიე ბევრი,პირდაპირ აფრაზე ჩამოჭღენთილი,მერე თევზი დავიჭირე,გაგიკვირდება და თევზებს წვიმა უყვარს სასწაულად,მაშინვე მაღლა ამოდიან.მთელი კვირა დამარილებული თევზისგან ტუჩები აღარ მივარგოდა.ახლა ახალ ხორცს უმად ვჭამდი.მერე მივდე თავი და დავიძნე,სახეზე მაწვიმდა და შხაპუნში უცებ დამეძინა.
დილით გამაღვიძეს მოჩვენებებმა.ნახევრად მთვლემარემ წარმოვიდგინე რომ მეტანიას ვეღარ ვიპოვიდი.აი შიში მანდ იყო,შიში კი არა,პანიკა იცი?გრძნობა დავკარგე საერთოდ,რამის ველბოტიდან გადავხტი და ხელებით გავცურე.ეს სხვა ფიქრი იყო,იმისა რომ ვიღაც ცხოვრებას გართმევს. მთელი დღე ნიჩბებისთვის არ გამიშვია ხელი.მიმართულებასაც კი არ ვუყურებდი.უბრალოდ უქმად რომ არ ვმჯდარიყავი და არ მეფიქრა.სიცხე იყო ისეთი.ნავში ეყარა წინა დღით დაჭერილი თევზები და ფუჭდებოდა. დილით რაღაც დიდის ჩრდილმა გადამირბინა თვალებზე და ამან გამაღვიძა.”მეტანია” გავიფიქრე გახარებულმა და მიხვდი,რომ მან მიპოვა,ჩემი ყველა შიში სისულელედ მომეჩვენა და ჩვენ ისევ ერთად ვიქნებოდით,მაგრამ თვალი რომ გავახილე,რკინის დიდი ვარცლი დავინახე,მეთევზეების ორჩხომელი.ზემოდან დამყვიროდნენ რაღაცას.წამოვჯექი,ნავიდან ხელი გადავყავი და სახეზე მოვისვი, -ამოგიყვანოთ მოხუცო?-დამიძახა ერთ-ერთმა. -არ მინდა,გმადლობთ მეთევზეებო,-ცერა თითი დავანახე მე. -იცი სად ხარ?ამ აქ როგორ მოხვდი,-კიდევ ჩამომყვირეს,ეს კაპიტანი იყო. არაფერი ვუპასუხე,ნიჩბების გამართვა დავიწყე,რათა მოვშორებოდი ამ გემს. -მოკვდები აქ მოხუცო,ამოდი!-მიყვიროდნენ ისინი და მე მეცინებოდა,იმიტომ რომ მეხორცეები მებარჯეს აფრთხილებდნენ.მებაჯრეობა იცი რა არის?მთელი საათი ნიჩბის სმა და მერე მოყანყალე ველბოტის ქიმიდან ყველაზე საშინელი იარაღის სროლა გიგანტისათვის,რომელსაც შენი მოკვლა ერთი კუდის გაქნევით შეუძლია. კაპიტანმა ხელი ჩაიქნია და შებრუნდა,მე კი ნიჩბებს ვუსვამდი და ნელ-ნელა ვცდილდებოდი,ერთ-ერთმა მეზღვაურმა რაღაცეები მესროლა რიგ-რიგობით,ყველა ჩაცვივდა ნავში,კონსერვები იყო,მადლობის ნიშნად ნიჩაბი ავწიე,ერთ და დავუქნიე.მანაც მიპასუხა და მაშინაც კი იდგა ბორტზე,როცა მის გარდა აღარვინ იყო იქ. მადლობა კი გადავუხადე,მაგრამ გავბრაზდი,იმაზედ რომ ვიღაცას შევეცოდე და საჭმელი გადმომიყარა და იმაზე რომ ზღვაში ვიყავი და არც ვიცოდი საით წავსულიყავი,თითქოს გამოვფხიზლდი და მივხვდი როგორი საცოდავი ვიყავი.ვის დავაბრალებდი ყველაფერს,მიხვდებოდი შენც.მეტანია.უკან დაბრუნებაზე არც მიფიქრია.თუ შიში ნიჩბების მოსმას მიადვილებდა,ბრაზმა პირიქით,გონის მოკრების შეძლება დამიკარგა,სუნთქვაც კი მიჭირდა,აფრა გავმართე და ნავი ქარს მივეცი ხელში.მე კი ისევ ის ნადირი ვხდებოდა,როცა ბარჯის ლესვის ხმა მესმოდა.
***
ეს შოკია.ამ ამბავს ნებისმიერ გაზეთში ცეცხლის ფასად გავყიდი.”უკანასკნელი ვეშაპი,რომელი უკანასკნელ მებარჯეს შეუყვარდა”.წინასწარ ვზეიმობდი და გეგმებს ვაწყობდი,მაგრამ მოხუცს ენა ებმოდა და სკამზე ყანყალებდა.ამ ამბის დასასრული უნდა გამეგო როგორმე,ისეც კი არაუშავრდა,დასასრულს მეც კი მოვიფიქრებდი,მაგრამ ბოლომდე რეალურს უფრო ექნებოდა ფასი. -მერე რა მოხდა,-ხმამაღლა ვუთხარი მე რათა მიბლეტილი თვალები გაეხილა მოხუცს. -მერე ვიპოვე,-ჩაეცინა მას,-ტყუილად კი არ მეძახდნენ მეხთამცემს!ვეშაპს შუა უდაბნოშიც კი ვიპოვნიდი!და ისიც ვიპოვე,მეტანია.მისი შადრევნის სუნს ყველგან ვიცნობდი.ბარჯი მზად მქონდა,ისევ ისეთი მჭრელი,როგორც ადრე.წვერსაც გავიპარსავდი,რომ მდომებოდა.მაგრამ ახლა მარტო მისი სისხლიანი შადრევნის დანახვა მინდოდა.იმიტომ რომ ჩემგან ასე შორს იყო და მე ასე მარტო.აფრის სიჩქარე არ მყოფნიდა,ნიჩბებს მივუჯექი და მთელი ძალით მოვუსვი,შადრევნის ხმას მივყვებოდი რომელიც რამდენიმე წუთში ერთხელ იფქვეოდა.ბედად სწრაფად არ მიცურავდა ამიტომ ვეწეოდი,კიდევ ერთი შადრევნის ხმა,შემდეგ თითქმის იმავე წამს მეორე.ფეხზე წამოვხტი.მის გვერდით მეორე ვეშაპი მიცურავდა,მასზე დიდი. ბარჯი წყალში გადავაგდე,მაშინვე ჩაიძირა,ვერ დასძალა ფოლადის მძიმე თავი ხის ტარმა.მე ისევ დავჯექი,ნავი შემოვაბრუნე და წამოვედი უკან.იმ მეზღვაურს ატმის კონსერვები გადმოეყარა…ატმის… მოხუცს საბოლოოდ ზეზეულად ჩამოეძინა.მე პირზე ხელი ავიფარე და ისე ვუყურებდი.იმდენი ჰქონდა დალეული,მეტს ვეღარაფერს ვათქმევინებდი.ჯობდა ხვალ დილით გაეგრძელებინა.წამოდგომისას სასმელმა ახალი ძალებით შემომიტია და ადგილზე დამაბარბაცა.მაგრამ გავუძელი და მოხუცს ზურგიდან შემოვუარე,იღლიებში ხელები შევუწყვე და საწოლზე გადავიყვანე,დაწოლისას გამოფხიზლდა და ყვირილი დაიწყო,არყის სუნს მაორთქლებდა სახეში: -ცხოველი შემიყვარდა!თევზი!როგორ მომივიდა,რა დავაბრალო იმას,მე სულელი,რომ ვერ ვხვდებოდი,ვეშაპს სიყვარული რომ არ შეუძლია,ჩემთანაც იმიტომ მოვიდა,რომ მარტო იყო!სანამ მე ოკეანეში მიცურავდი,ის საერთოდ ვერ ხვდებოდა ვერაფერს.როდის იყო ეს ამბავი...აღარც მახსოვს. -დაიძინე მოხუცო,დაიძინე. გაკვირვებული სახით შემომხედა,თითქოს პირველად მხედავდა -მოგეწონა ამბავი? -კარგი იყო,დაიძინე ახლა. მან ალბათ ვერც გაიგო ჩემი სიტყვები,რადგან უკვე ხმამაღლა ხვრინავდა პირგაღებული.ქოხს სუსტი ნათურა ანათებდა,რომელსაც გარშემო რამდენიმე ფარვანა ეხვეოდა.მაგიდას დავხედე,არ ვიცოდი სად წამეღო ჭურჭელი და ყველა განჯინის ერთ თაროზე დავაწყე.მე კი ჯერ გარეთ გავედი,რათა ფეხები გამეგრილებინდა გრილ ტალღებში და იმ დღეს დალეული სასმელი მომეცილებინა.დავბუნდი,ჰამაკში ჩავწექი და მეც მკვდარივით დამეძინა ქანავ-ქანავში.
……………..
იმ ღამეს კიდევ მოხდა რაღაც.ძილში ვეშაპის სიმღერის ხმა მესმოდა.ცოტა ხანს ვუსმინე,შემდეგ კი მივხვდი რომ ჩემი ტელეფონის ზარი იყო და სასწრაფოდ გადმოვხტი ჰამაკიდან რათა რომელიღაც ჯიბეში მეპოვა და მეპასუხა.მაგრამ ვერ მოვასწარი. -მეტანია,მეტანია,მეტანია!-საწოლზე წამოჯდა კაცი და ფანჯარაში გაიხედა.ღრმად სუნთქავდა,შემდეგ მიხვდა რომ ხმა მეორე მხრიდან მოდიოდა და ჩემსკენ მოტრიალდა. -ტელეფონი მირეკავს,დაიძინე შენ,-ვუთხარი მე და გავთიშე მაშინვე,-წყალი ხომ არ მოგიტანო? მებარჯემ თავი გაიქნია და გვერდზე გადაბრუნდა.მე კი მივხვდი რომ ეს ამბავი სულაც არ იყო დამთავრებული.
დასასრული. 15.04.1996.
პ.ს მუდამ მელვილის ფერხთით მხოხავი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. გმადლობთ,გმადლობთ,გმადლობთ.შენიშვნები არ მოგერიდოთ. გმადლობთ,გმადლობთ,გმადლობთ.შენიშვნები არ მოგერიდოთ.
7. კარგი იყო...:-* კარგი იყო...:-*
6. "-გემრიელ ღვინოს ბედნიერი ხალხი უნდა სვამდეს,ეს არაყი იმისაა რომ ბოლომდე ჩაგანგრიოს.რაც უფრო დარდიანი ხარ მით უფრო მწარეს უნდა სვამდე."___ რა კარგად თქვი. ფინალიც. კარგია. "-გემრიელ ღვინოს ბედნიერი ხალხი უნდა სვამდეს,ეს არაყი იმისაა რომ ბოლომდე ჩაგანგრიოს.რაც უფრო დარდიანი ხარ მით უფრო მწარეს უნდა სვამდე."___ რა კარგად თქვი. ფინალიც. კარგია.
5. გაუხარდებოდა ბიძია ჰერმანს ეგ თავდაბლობა:) კარგი იყო http://sweet-live.ru/post219415590/ გაუხარდებოდა ბიძია ჰერმანს ეგ თავდაბლობა:) კარგი იყო http://sweet-live.ru/post219415590/
4. გაუხარდებოდა ბიძია ჰერმანს ეგ თავდაბლობა:) კარგი იყო გაუხარდებოდა ბიძია ჰერმანს ეგ თავდაბლობა:) კარგი იყო
3. ოკეანე.ჰო ჰო,დამნაშავე ვარ.მივინიშნე.სულ ესე დამიწერია.ფუჰ ოკეანე.ჰო ჰო,დამნაშავე ვარ.მივინიშნე.სულ ესე დამიწერია.ფუჰ
2. მე ვარ ამის წამკითხველი :) თავის დროზე, ფრიად დამენანა "მობი დიკის" წასაკითხად დახარჯული დრო, ახლა, კი, ამ პაპანაქებაში, მიუხედავად უამრავი ლაფსუსისა, სიამოვნებით წავიკითხე კიდევ ერთი ისტორია მოხუცსა და ზღვაზე (ვეშაპზე).
ვეშაპები რომ გადაშენდებიან, მაშინ დასაწერი მოთხრობაა :)
შენიშვნების მიცემა არ მიყვარს, მაგრამ ვეშაპებზე დაწერილ მოთხრობაში რომ "ოკიანე" წერია, ვერაა მთლად კაი ამბავი :)
მე ვარ ამის წამკითხველი :) თავის დროზე, ფრიად დამენანა "მობი დიკის" წასაკითხად დახარჯული დრო, ახლა, კი, ამ პაპანაქებაში, მიუხედავად უამრავი ლაფსუსისა, სიამოვნებით წავიკითხე კიდევ ერთი ისტორია მოხუცსა და ზღვაზე (ვეშაპზე).
ვეშაპები რომ გადაშენდებიან, მაშინ დასაწერი მოთხრობაა :)
შენიშვნების მიცემა არ მიყვარს, მაგრამ ვეშაპებზე დაწერილ მოთხრობაში რომ "ოკიანე" წერია, ვერაა მთლად კაი ამბავი :)
1. ჰაჰ.რამხელა გამოვიდა,ვინაა ამის წამკითხველი...... ჰაჰ.რამხელა გამოვიდა,ვინაა ამის წამკითხველი......
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|