 | ავტორი: წკეპლა ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 28 მარტი, 2016 |
ტომ სოიერივით ბიჭი მატარებლიდან
ერთი ტომ სოიერივით სასაცილო ბიჭი გამახსენდა თბილისი-ბათუმის მატარებლიდან. 2010 წლის ნოემბერი იყო, ღამე...რაღაც კონკურსზე ჩავდიოდი ბათუმში. ცხოვრებაში პირველად სიმპათიური ბიჭი დამიჯდა გვერდით მგზავრობისას... გორში თუ კასპში 3 ბიჭი ამოტანტალდა. პატარები, ასე 16-17 წლისები. ჩემთან ახლოს იყო მათი ადგილები...ეს ტომივით ბიჭი მათ შორის იყო... თავდაჯერებულად გამომხედავდა ხოლმე პერიოდულად. მე ჩემის მხრივ ამ სიმპათიური თანამგზავრის ყურადღების მიპყრობას ვცდილობდი, მარა ნურას უკაცრავად... რაღაც დაქსეროქსებულ თაბახებში იყო ჩამძვრალი. ეს ცანცარა ბიჭები სვამდნენ, აი, რომ დიდბიჭობენ ხოლმე ამ ასაკში დალევით, იმნაირად. მერე მღეროდნენ, "ტომმა" ლექსებიც წაიკითხა...თუმცა სრულად არცერთი იცოდა. მერე უცებ მოვიდა და ამ ჩემს თანამგზავრს ადგილის გაცვლა სთხოვა. ესეც ადგა და გაუცვალაა (აუუუუ, გავბრაზდიიიიი!)... ფანჯრის მხარეს დაჯდა. დაჯდა და დაიწყო ტლიკინი, რომ ძალიან ლამაზი თმა მქონდა, თვალები...რომ შევუყვარდი ერთი ნახვით. სასაცილო იყო... მახსოვს,რომ დედა ემიგრანტი ჰყავდა, ბაბო და პაპასთან (ზუსტად ასე თქვა) ცხოვრობდა... მგონი, ბექა ერქვა(უბრალოდ იმდენად ჰგავდა ჩემს წარმოსახვაში არსებულ ტომ სოიერს, მისი ნამდვილი სახელის დამახსოვრება გამიჭირდა)... ღამე გამომეღვიძა... რაღაცნაირი სურნელი ვიგრძენი. მისი პიჯაკი მეფარა (ჰო, პიჯაკი ეცვა დიდი ბიჭივით). სურნელი პიჯაკის საყელოდან მოდიოდა, რომელიც ცხვირთან ძალიან ახლოს იყო, თითქმის მეხებოდა... თვითონ... თვითონ ცერა თითზე დიდბიჭურად ჩამოედო ნიკაპი და კანის ექიმივით მიყურებდა ჭორფლიანი ცხვირის იქით-აქეთ ჩასკუპებული ჭინკებიანი თვალებიდან. ძალიან სასაცილო ბიჭი იყო. ნომერი მითხარიო... გეტყვი, ოღონდ მხოლოდ ერთხელ, ჩქარა და არ ჩაიწერო მეთქი. კარგიო. ვუთხარი ერთხელ, ხმადაბლა და ჩქარ-ჩქარა. დილით გამაღვიძა, სავარცხელი ხომ არ გაქვსო. შევხედე, თმა 0,5-ზე რო გადაიპარსავენ ხოლმე, ეგრე ჰქონდა. გამეცინა, მაგრამ არაფერი ვუთხარი და სავარცხელი ვათხოვე. ძალიან სასაცილოდ "დაივარცხნა"... ჩემი ზურგჩანთა ჩამომატანინა მატარებლიდან ჯენტლმენურად... მეორე დღეს დამირეკა, სად ხარო... ვუთხარი, სადაც ვიყავი. ძალიან მალე ისევ დარეკა და გარეთ გამოსვლა მთხოვა... 2-3 წუთით ვნახე, დრო არ მქონდა... მერე არ მინახავს. რეკავდა ხოლმე, მიყვარხარო... დიდბიჭობდა, მოსწონდა დიდი გოგოს სიყვარული... მერე ნელ-ნელა გავწყვიტე მასთან კონტაქტი... ვცადე უმტკივნეულოდ...ვცადე... სევდიანი ბიჭი იყო, მაგრამ მაინც ძალიან სასაცილო... სახელი და გვარი მაინც მახსოვდეს..."
ჩემი ბავშვობის მეგობარი "უტა"
პირველი კადრი, სადაც მას ვიხსენებ 18 წლის წინ იყო... საზღვარგარეთ ვიყავით მე და დედა.რომ დავბრუნდით, სკოლა რამდენიმე თვის დაწყებული იყო. ახალი საკლასო ოთახი, შეცვლილი კლასელები... ის იდგა კუთხეში და თვალების ფახულით გამოაპარებდა ჩემკენ მზერას... შავი შარვალი ეცვა და პერანგივით საყელოიანი ჯემპრი მეწამულ, შავ და სპილოსძვლისფერ ფერებში... ყველა გადავკოცნე... ყველა, მის გარდა...
მაშინ ექიმობაზე ვოცნებობდი. ( ჰო, მაშინ ჯერ კიდევ შემეძლო ოცნება)... წარმოვიდგენდი, რომ ექიმი ვიყავი, ის ავად იყო და მე ვმკურნალობდი... ეს იყო ჩემს ბავშვურ წარმოსახვაში რომანტიკის პიკი...
წლები გავიდა...
"მე შენ იმაზე ადრე მიყვარდი, ვიდრე შევიცნობდი, თუ რა იყო კაცი და ქალი... შენ რაინდებზე ადრე მიეახლე მეფის ავაზას... შენ ისეთი წმინდანი ხარ, უმძვინვარესი მხეცებიც ვერ შეგბედავენ...თუ სიყვარული ღმერთი ყოფილა, შენა ხარ ჩემი სიყვარული და ღმერთი თავად!" - კითხულობდა არსაკიძის დიალოგს და მის ხელებში მომწყვდეული ჩემი ხელები გრძნობდნენ, რომ ეს არ იყო უბრალოდ სკოლის ბოლო ზარისთვის მომზადებული სპექტაკლი, ეს არ იყო არსაკიძის სიტყვები კოლონკელიძის ასულისადმი... ეს არ იყო თამაში :)
მერე იყო აგვისტოს ომი. ის გორში იბრძოდა... სატელეფონო კავშირი ჭირდა. თუ მოახერხებდა, მწერდა, რეკავდა... მისი ოჯახი კი ჩემგან ცდილობდა სიახლეების გაგებას... "საფლავებს შორის ვწევართ, ქალაქს ბომბავენ, ალბათ აქვე ჩავიმარხებიო... მომაკითხე ხოლმე საფლავზე... მაპატიე, რომ შენს მეგობრობას ვუღალატე და შემიყვარდიო..." "მეც მიყვარხარ! ჩემთვის იცოცხლე" მეთქი...მოვატყუე - არ მყვარებია. თუმცა, როგორ არა, მიყვარდა... მეგობრულად მიყვარდა...
კიდევ გავიდა წლები და... საკუთარი ქორწილის წინა ღამეს ჩემს ჭიშკართან მოვიდა, გულში ჩამიკრა ნეკნების ტკივილამდე და მიყვარხარო ისე მიჩურჩულა, ხმაზე მეტად მისი ტუჩების ჩემს ყურის ბიბილოზე შეხებით გავიგე ნათქვამი... მიყვარხარო, იმეორებდა მომაკვდავის ანდერძივით...
ბოლოს რომ ვნახე, ცოლთან ერთად იყო და... ზუსტად ისეთნაირი თვალების ფახულით გამოაპარებდა ჩემსკენ ქურდულ მზერას, როგორც მაშინ, საკლასო ოთახის კუთხეში მდგარი...
ახლა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილშია და მე შიშით ვეცნობი ახალ ამბებს მისი სამყოფელიდან... შიშით ვკითხულობ აფეთქების მსხვერპლთა გვარებს და ყველაზე ეგოისტური სიხარულით მიხარია, როცა დაღუპულთა შორის მისი გვარი არ წერია...
მეტი? მეტი არც რა... უბრალოდ მომინდა მომეყოლა ერთ თვალებფახულა ბიჭზე, ერთ შონიზე, ერთ უტაზე... ჩემს ერთ ბავშვობის მეგობარზე...
გაგრძელება იქნება :)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ოქრო-წკეპლა . ოქრო-წკეპლა .
3. მადლობა, ჩემო კარგებო... უძილობა მაქვს და ღამ-ღამობით მახსენდება ჩემი ცხოვრების კადრებად ქცეული ადამიანები...ხანდახან ვწერ მათზე, ძირითადად ფეისბუკის პოსტებად... ჰოდა, კიდევ რომ დამეწერება, აუცილებლად მოვიტან. მადლობა, ჩემო კარგებო... უძილობა მაქვს და ღამ-ღამობით მახსენდება ჩემი ცხოვრების კადრებად ქცეული ადამიანები...ხანდახან ვწერ მათზე, ძირითადად ფეისბუკის პოსტებად... ჰოდა, კიდევ რომ დამეწერება, აუცილებლად მოვიტან.
2. აი რა კარგებია....კიდევ გაგახსენდება და მოგვიყევი :) აი რა კარგებია....კიდევ გაგახსენდება და მოგვიყევი :)
1. მომეწონა ,კარგია ასეა სიყვარული ხშირად შეხასენებს... .გაგრძელებასაც სიამოვნებით წავიკითხავ. მომეწონა ,კარგია ასეა სიყვარული ხშირად შეხასენებს... .გაგრძელებასაც სიამოვნებით წავიკითხავ.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|