 | ავტორი: მაა.საა. ჟანრი: პროზა 18 მაისი, 2016 |
მოსაცდელში ვდგავარ, ადამიანების თვალიერებით დავიღალე.ახლა ყურსასმენებს ვაწვალებ თან მობილურზე შემოსულ გაუთავებელ ზარებს ნერვიულად ვთიშავ.ვგრძნობ რომ უკვე ყველა შევაწუხე და ალბათ გულში ლოცულობენ ან ხმა გავუთიშო ან საერთოდ გამოვრთო ეს ტელეფონი. არც მე მსიამოვნებს საკუთარი თავი ამ მომენტში მაგრამ არც მეს და არც მით უმეტეს იმათ ყურადღებას არ ვაქცევ და უკვე მეექვსედ ვრთავ archive-ს again-ს და ვაგრძელებ წინ და უკან სიარულს. არ ვიცი ნერვიულობისგან თუ სიცივისგან ერთ ადგილას ვერ ვისვენებ, დაჯდომაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია ან ვინ დაგაჯენს აქ ხალხი ცარიელი სკამისთვის ისე იბრძვის პოლიტიკოსებსაც შეშურდებოდათ მათი სულისკვეთება. ვერ ვიტან ლოდინს და საავადმყოფოებს. ქლორის და წამლების სუნს განსაკუთრებით. ცუდად ვხვდები ხოლმე, ჯერ ვარწყევ, მერე კი გულზე მიმდის იმიტომ რომ რწყევის მეშინია სასტიკად. ჰოდა ახლა როცა ამ გრძელ დაქლორილ და წამლების სუნით გაჟღენთილ დერეფანში ვდგავარ ვფიქრობ რომ როცა ჯოჯოხეთში მოვხვდები ჩემთვის განკუთვნილ წამებათა სიაში აუცილებლად იქნება ასეთ გულისამრევ სისუფთავეში დგომა და ლოდინი. უკვე ვხვდები რომ ფერს ვკარგავ, საცაა ვარწყევ და მერე გულზე წამივა, რომ უცებ ვიღაც მხარზე მადებს ხელს, მოულოდნელობისგან ვხტები და გაკვირვებული ვიხედები ზურგსუკან, გაღიმებული ექთანი შემრჩა ხელში. დაკვირვებულები ხართ როგორ ჩუმად დადიან ექთნები? გეგონება მიწაზე საერთოდ არ ადგამენ ფეხს, ჰაერში დაფარფატებენო. ისე ძალიან კარგი მკვლელები ან ქურდები გამოვიდოდა მათგან. წარმოიდგინეთ როგორ ეპარებიან ჩუმად მსხვერპლს სკალპელით და ბაც თვალის დახამხამებაში გვამი მზადაა მორგში გადასატანად. -ჩაწერილი ხართ არა? 15 წუთში მიგიღებთ ექიმი -ძალიან კარგი. ანუ მოწევას მოვასწრებ -კი ოღონდ შორს არ წახვიდეთ მოსაწევად გავდივარ. გარეთ უფრო ცივა. სიგარეტის ბოლო ღერს ვუკიდებ და ვგრძნობ თბილი ბოლი როგორ სიამოვნებით მეღვრება ყელსა და ფილტვებში. კოლოფს ვუყურებ "მოწევა გავნებთ როგორც თქვენ,ისე თქვენს გარშემო მყოფთ.მოწევა სერიოზულ ზიანს აყენებს ნაყოფს ორსულობის დროს" . ბედის ირონია, მეცინება კოლოფს ვჭმუჭნი და დაუფიქრებლად ვაგდებ მიწაზე. ახლა ნამდვილად არ ვარ სანაგვის ყუთის ძებნისა და ამაღლებული სამოქალაქო თვითშეგნების ხასიათზე. ა ჰო, მე და ჩემ მეგობარს გვქონდა ცარიელი ყუთის თეორია შემუშავებული. როცა სიგარეტის კოლოფი სავსეა ის საჭიროა და აუცილებელია მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად მაგრამ როგორც კი დაიცლება მაშინვე სანაგვეში ვაგდებთ, ასევე ვექცევით ადამიანებსაც. სანამ გვაინტერესებს და გვჭირდება ვუფრთხილდებით, ყურადღებას ვიჩენთ, მაგრამ როგორც კი ბოლომდე ამოვწურავთ და ინტერესს ვკარგავთ ისევე მოვისვრით ხოლმე ჩვენი ცხოვრებიდან როგორც სიგარეტის ცარიელ კოლოფს. უკან ვბრუნდები. ექთანი კაბინეტში მიმყვება. გაიხადეთ და ხალათი ჩაიცვით. მე უსიტყვოდ ვემორჩილები, მიუხედავად იმისა რომ ოთახში თბილა კანკალი მიტანს განსაკუთრებით როცა შარვლის ჩახდას ვიწყებ. ხალათს ვიცვამ და სკამზე ვჯდები. დანტისტის სკამზე კომფორტული კი არის მაგრამ ახლა დანტისტთან ჯდომა მირჩევნია აქ ყოფნას. ექიმი შემოდის. სასიამოვნო გარეგნობა აქვს. შევერცხლილი თმები და დიდი ცისფერი თვალები ნდობას ერთი შეხედვითვე აღძრავს .შეგნებულად ავირჩიე მამაკაცი რადგან მგონია რომ დიდაქტიკურ სწავლებას და ჭკუის დარიგებებს არ მოჰყვება. არც შემცდარვარ. თბილად მომესალმა და მაშინვე პაციენტის ისტორიის შესწავლა დაიწყო. - 6 კვირა. კარგი იქნებოდა ადრე მოსულიყავი ტაბლეტით გამოვიდოდით, მაგრამ არაუშავს. პირველი ორსულობაა არა? -კი თან მეორე ჯერზე ამყვა. -ჯანმრთელი ყოფილხარ, ანალიზებიც კარგი გაქვს. ახლა არ დავიწყებ იმის ახსნას რომ შეიძლება გართულებებმა იჩინოს თავი, შეიძლება ბავშვი მომავალში რთულად აგყვეს და მისთანები. რადგან მოხვედი გაცნობიერებული გაქვს ყველაფერი. ბავშვის მამამ იცის? -იცის რა რომ ორსულად ვარ თუ მოშორებას რომ ვაპირებ? -ორივე. -იცის -გასაგებია .ახლა გამაყუჩებელს გაგიკეთებთ მაგრამ ყრუ ტკივილს მაინც იგრძნობთ ამიტომ არ შეგეშინდეთ. ღრმად ვსუნთქავ და ვცდილობ გონება გავთიშო. თვალებს ვხუჭავ არ მინდა დავინახო რის გაკეთებას აპირებენ. მეგონა რომ საკმაოდ ძლიერი ვიყავი მაგრამ თურმე ვერ.. მაინც ვგრძნობ როგორ შეყავთ მაშა საშვილოსნოში. ხრაშუნის ხმა მესმის აი სტაფილოს რომ ჭამ რაღაც მაგდაგვარი. ყურები მიგუბდება, გული გამალებით მიცემს და ხმა ტვინში მირტყამს.მალე შეწყდეს რა. სიმღერას ვიწყებ რომ ეს ხმა გადაფაროს მაგრამ არა ეს არ არის სიმღერა ეს მოთქმას უფრო გავს, ხავილს, აგონიას. სახე მისველდება თურმე ვტირი. რამდენი ხანია არ მიტირია დამავიწყდა კიდეც როგორ უნდა ტირილი. -პირველ ეტაპს მოვრჩით ახლა დანაწევრებული ნაყოფი უნდა გამოვფხიკო. კარგად უნდა გამოიწმინდოს რომ გართულებები არ მოყვეს ცივი ხმით მიხსნის ექიმი თავზე ვიღაც ხელს მისვამს. ავიხედე და ექთანის თანაგრძნობით სავსე თვალებს წავაწყდი. როგორ მინდოდა ახლა აქ ვინმე ჩემიანი ყოფილიყო ან თუნდაც ის მდგარიყო და უბრალოდ თავზე ხელი გადაესვა მაგრამ არავინაა აქ საერთოდ არავინ მედდის ექიმის და ცივი მაშების გარდა. ვგრძნობ როგორ იცლება საშვილოსნო.დაჩეხილ ნაყოფთან ერთად ყველაფერი გამოდის ჩემი სხეულიდან.მისი თითოეული შეხება, სიტყვა, დაპირება, ყვირილი, ჩხუბი, კოცნა და შერიგება, ნაკვთები, სუნთქვა, თითები, სუნი, ორი წითელი ხაზი, მისი გაკვირვებული და შეშინებული სახე.. ზიზღი. გაუცხოება. -მოვრჩით. შეგიძლია თვალები გაახილო. კიდევ კარგი ექოსკოპია რომ არ გადაიღე და ბავშვის გულისცემა არ მოისმინე თორემ უფრო გაგიჭირდებოდა. ყოჩაღი გოგო ხარ. თვალებს ვახელ. ჩემ ოთახში ვწევარ. გაოფლილი და ნამტირალევი. Archive-ს again არის ჩართული. მობილურს დავხედე 22 გამოტოვებული ზარი და ესემესი "ტელეფონი სად გაქვს მიპასუხე". დილის 5 საათია რამდენი ხანი მძინებია. შუქს ვანთებ. თავბრუ მესხმის და გულის რევის შეგრძნება მაქვს. თაროზე ორსულობის ტესტი დევს. არა ხვალ აუცილებლად უნდა შევამოწმო. 2 ხაზიც რომ აღმოჩნდეს მაინც. საშინელებაა ლოდინი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. მე გენიოსი არ ვარ, ჰემინგუეიმდე გზა შორია.ვერც მივაღწევ მაგ სიმაღლეებს..საფანტიანი თოფით ტვინის გასხმა კიდევ შეიძლება მაგრამ აი წერის მხვრივ ნაკლებად :) პ.ს. ზუსტად გაუბრალოების მიზანი მქონდა მე გენიოსი არ ვარ, ჰემინგუეიმდე გზა შორია.ვერც მივაღწევ მაგ სიმაღლეებს..საფანტიანი თოფით ტვინის გასხმა კიდევ შეიძლება მაგრამ აი წერის მხვრივ ნაკლებად :) პ.ს. ზუსტად გაუბრალოების მიზანი მქონდა
2. ჰომ. ასეთი რაღაცები არ მიყვარს. ზედმეტად ინტიმური რაღაცების ზედმეტად გაუბრალოება მგონია. არ იყო კარგი შესრულება, ჩემი აზრით.
ამ თემაზე ჰემინგუეია გენიალური. ,,თეთრი სპილოების მსგავსი მთები".
მუსიკამაც არ უშველა ჰომ. ასეთი რაღაცები არ მიყვარს. ზედმეტად ინტიმური რაღაცების ზედმეტად გაუბრალოება მგონია. არ იყო კარგი შესრულება, ჩემი აზრით.
ამ თემაზე ჰემინგუეია გენიალური. ,,თეთრი სპილოების მსგავსი მთები".
მუსიკამაც არ უშველა
1. უდავოდ საინტერესო ავტორი, მიუხედავად ამ ტექსტის არცთუ მაინცდამაინც დიდი ორიგინალურობისა.
"გულისამრევი სისუფთავე"- რა ზუსტი შეფასებაა.
უდავოდ საინტერესო ავტორი, მიუხედავად ამ ტექსტის არცთუ მაინცდამაინც დიდი ორიგინალურობისა.
"გულისამრევი სისუფთავე"- რა ზუსტი შეფასებაა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|