ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რ____ო____ი
ჟანრი: პოეზია
12 იანვარი, 2009


იანვარი

მამაჩემი

ღამეა სხვათა შორის
განცდათა შეჯერება,
რთულია უსაშველოდ
პოეტის განაჩენი,
ძალიან არაფერი,
უბრალოდ მეწერება
და ახლა მამასავით
მაკლია მამაჩემი.

ქარი ზის ფორთოხლებზე,
ფანჯრისკენ მივტრიალდი,
იმედი თუ იმედობს
იქნება დანარჩენიც,
დავდივარ ქუჩებში და
ვრწმუნდები იშვიათი,
ძალიან უმნიშვნელო
ქუჩაა მამაჩემი.

გავლენით არავითარ,
ვაგრძელებ ჩვეულებრივ,
ქრონიკას რეალობის
ტოტები ავაჭერი,
ვიღაცას არ სჯერა და
მე მართლა გეუბნებით
აი ეს ეპოქაა
(მარტივად)  მამაჩემი.

ცხადია როგორც წესი
ლექსებიც ბერდებიან,
შენ უკვე დამარცხდი და
კუთხეში აიტუზე,
მამებიც შიგადაშიგ
ცოცხალი ხეებია
და ქმნიან გარდაცვლილი
მამების ჰაბიტუსებს.

ბავშვობას უმარილო
კადრებად ვალაგებ და
მშორდება იშვიათად
რაღაცა ირონია,
სხვას თავი დავანებოთ
არც მეტი, არც ნაკლები,
საბრალო მამაჩემი,
აი ეს სტრიქონია.

ღამეა გეფიცები
განცდათა შეჯერება,
რთულია უსაშველოდ
პოეტის განაჩენი
და ასე უმეტესად
ძალიან მეწერება
და ასე იშვიათად
მეც მქვია მამაჩემი........................



    სასაცილოა

წვიმდა, ციოდა, ვარიდებდით ფეხებს გუბეებს,
ქარი ქოლგაში დავიჭირეთ, სასაცილოა,
წვიმა თუ არა მაშ რა აჩნდა თვალის უპეებს,
მე გაცილებდი, შენც მაცილებდი და გაცილებით -
ენრგიული მოძალებით გვღლიდა ამინდი.
მე წავედიო - მითხარი და ასე უსიტყვოდ
დამტოვე, ალბათ ამაყობდი კიდეც ამითი...
სასაცილოა, მაგრამ ახლა გამოგიტყდები -
რომ შემოდგომამ მოიტანა ის ეგოიზმი,
რომ გული მაშინ იმ უარმა ისე მოტეხა,
წამები ჩვენი მონატრების კადრად აქცია
და დამრჩა მხოლოდ სიყვარულის ბიბლიოთეკა.

სასაცილოა,  უშენობას ვერ შევეგუე,
თვალებში იწვა სველი ზოლი სანაპიროთა,
და ვეღარ გრძნობდა ფეხი უკვე მსუყე გუბეებს,
და ვეღარ ვგრძნობდი რომ საშინლად -
წვიმდა, ციოდა.

მერე მივუშვი!  ალკოჰოლში ჩავდე საღამო,
ეს ლექსიც უკვე აღარ მესმის რა საჭიროა,
მე ვარ მთვარლი თუ მთვარეს მართლა ფიქრთან აბამენ???
არა! უბრალოდ ერთია რომ - სასაცილოა... 


ნოემბერი. 2008



              რაღაცნაირი

ვკითხულობ, უმეტეს რემბო და მარკესი,
ვარ ერთი უბრალო ლექსი და მოხევე,
თუ ძლიერ დავთვერი დღის ბოლოს სარკეში,
ვიჩეჩავ შუაზე გაყოფილ ბოჰემას.

რა ბოღმა, უბრალოდ ხელებით დამუშტულ,
მე მხოლოდ კანკალს ვცემ და სუნთქვას ვაფასებ,
ფილტვებში ვერ ვატევ აშკარად და ბუშტში,
გავუ-შვი-დი წამი და ორი ნაფაზი,

ვენებიც - ნებითურთ, კალკი და კავშირი
და სანამ გაჩუქე შედევრი გამისკდა,
ხოლო შენ ასეთი ქერა და თმახშირი,
ტიროდი ულექსოდ, არც ღირდა გარისკვა,

რომ ერთი სტრიქონი მაგ თმაშიც ჩამეწნა,
სიმთვრალე დაღლილს და სიმთვრალე ალეწილს,
მინდოდა რომ შენთვის სიცოცხლე გამეცა
და მხოლოდ სარკე და ბოჰემა გავეცი.
.
მერე კი ორსულად იყავით შენ და მზე
და როცა ის ცხრა თვე იმ ცხრა თვეს ჩაბარდა
და როცა ჩაბარდა იმ ცხრა თვეს ის ცხრა თვე,
შენ ტყუპი ჩვილი და მზემ ჩრდილი დაბადა.

ამ ბოლოს უმეტეს რემბო და მარკესი!...


          exsperiment

ბანალური ფოთოლცვენა თოვს,
უშედეგო ექსპერიმენტს ვმკი,
ნეტა როგორ შეეჩვევა დროს,
საერთოდ თუ გადაურჩა კი...

ბუზი ძროხის არ ასვენებს კუდს,
შვილი - რუსულს, მამა - ვენახს სხლავს,
"მი პასმოტრიმ ჩტო პადსკაჟეტ სუდ"
ყველაფერი გადაწყდება ხვალ.

ფორთოხალი დედანია მზის!...
ერთურთს ისე შეეჩვივნენ წელს -
რომ ორივე ხის ერთ ტოტზე ზის
და პოეტი მეტაფორად წერს.

დრო წყეული მოგონებებს ზრდის,
დაგივიწყო? გამომივა არ!
თუ ვერ ხვდები როგორ მიყვარ-დი...
რას გაიგებ როგორ მიყვარხარ...


          თხოვნა

მიფშვნილი როგორც დაფზე
ცარცი,
თუთათა დასი ცვიოდა
ისე,
ზურგს უკან შენით და ჩემგან
მარცხნივ,
იებმა ხეთა
ფუღურო -  ქისა -

დალუქეს მყისვე, ეს მოხდა
დღისით.
არ გახსოსვს ვიცი, მე ვცდები
ნუთუ,
დაამთქნარორთქლა ცამ მყრალი
ნისლი,
და მაშინ ჰოი რამდენი
თუთა -

გათელეს, ერთიც არ დარჩა
მწიფე,
ჩაახშო ქარმა წვიმათა
მუზა
და მკვდარი თუთა იმდენ ხანს
ვკრიფე,
რომ იმ დღის შემდეგ ვატარებ
კუზად...

და ხვდები ალბათ რატომ ვარ
უშნო
და რატომ შემრცხვა მეკოცნა
გუშინ,
გიყვარვარ, მაგრამ გრძნობაზე
უფრო,
მსურს ერთხელ მაინც -
ჩემხედო
სულში.


შეჯამება

ანუ ბანალური
არაამინდია,
რადგან ვითავისებ იმიჯს
უგუნებო,
ჰოდა პოეტურიც შეწყდა
არითმია,

ვწერ და იშვიათად უკან მივუბრუნდე...

ასე მისრულდება ზამთრის
პოეზია,
შენი მონატრების აღარც
ტავტოლოგი
მქვია და ეს გრძნობა
უმანკოესია,
ახლა მარტოობას ვირჩევ
ეპილოგად.

(მაგრამ ყველაფერი არცთუ
იოლია,
სუსხი ხეებს შორის ზამთარს
ატრიალებს,
სადღაც მატიანე
გალაკტიონია,
სადღაც ახალ მეფეს ითხოვს
მატიანე.)

ღამე დაემსგავსა
ღამეგანათენებს,
ქარმა იდავა და თოვას
მიაღწია,
მე კი მერჩივნა რომ ჩვენთვის
დაეთოვა,
ისე შეამცირა ხეთა
დისტანცია.

უკვე საუბარიც
არამარტივია,
ადრე ვახერხებდი უფრო
მხიარულად,
ახლა იანვარიც ისე
დაღლილია,
როგორც შვილის გამო ცოლის
სიყვარული.

ბოლო შეჯამებით ასე
არეული,
მე შენ მიყვარხარ და გელი
უგუნებო,
მთვარე ბორიალობს როგორც
მთვარეული,

ვწერ და იშვიათად უკან მივუბრუნდე!..


                      შეზოფრენია

და სადღაც ფიქრებში, სიზმრებში, სურვილი შვილების
და გარეთ ათასი და შიგნით წვეთების გავლენა,
მე და შენ გახდამდეც ცოტა ხნით თვალებით შიშვლები
და მერე იტყვიან პოეტზე და თვითონ აფრენენ.

ქარები გამჭოლი, ან კიდევ გაჭორვა, რაღაცა,
ქალაქი, წვიმები, სარკმელი, წვეთები_მორალი,
დავიწყეთ თავიდან მორიგი დაღლილი აბზაცით,
ოთახი, ცისფერი? (ორჭოფი) ჯანდაბას, მოხელე.

აბსურდი, ფანჯარა, საოცრად სულელი ქარები,
ყვავილი - ხეების ძალიან ზედმეტი დიეტა,
შენ ზაფხულს ამთქნარებ, მე კიდევ ერთ-ერთი ტაეპი...
რომელსაც გწერდი და რომელიც ძილის წინ მიკეტე.

დაბნევა, საღამო, უძილოდ შექმნილი პატივი,
და მაღლა ნაფიქრი განცდების ლექსებად გაფენა,
მიყვარხარ შენ ჩემი შვილების დედა და... მარტივი
პასუხი -  პოეტზე ამბობენ და თვითონ აფრენენ.


დაუწერელი ლექსის პირისპირ

დაუწერელი ლექსის
პირისპირ,
მთელი დღე ვდუმდით
მე და ჭიდილი,
მხოლოდ და მხოლოდ მივხვდი
ძილის წინ,
რომ ისე მაკლდი, როგორც
სიკვდილი.

წახვედი, ფოტო დამრჩა
ალიბად,
ანუ საკუთარ თავის
ცდუნება,
დავრწმუნდი ჰგავდნენ
ტყუპისცალივით,
ჩემი ბედი და შენი
გუნება.

დრო გადის, მე კი წარსულით
ვცხოვრობ,
შენ ალბათ ისევ მადას
იზოგავ,
ხოლო ეს ლექსი მკვიდრდება
როგორც,
არარსებული
მარადისობა...


                  მიმოზების პერიოდი

დრო იყო პოზაში ქაოსურ, დრო იყო მოლბერტი,
ქართულად ხატავდნენ პერიოდს მხატვრები უნიჭო,
მიმოზებს სიმორცხვე და მერე ჰაერი მოჰკვეთეს
და ასე ძალიან მარტივად ქალაქი გაფუჭდა.

დღემ ნისლი ჩაიცვა, შენ - ქალი, ხოლო მე სიმთვრალე,
სკდებოდა დაისი, ვისმენდი, ამიცრეს ბალზაკი
და შენთან მოსვლამდე დღეები იმდენ ხანს ვითვალე,
ქრონიკულ გრიპივით შემოგრჩა ბავშვობის ასაკი

და გიხსნი სიყვარულს, სიტყვებით, სიტყვებით იგივე
და ლექსებს გიკითხავ, პირველად, მეოცედ, მეასედ,
პაუზებს ეცვლება წვიმები, წვეთების რიგი და
ჩემს მხრებზე სრულდება მაგ შენი თვალების სეანსი.

ქარია, მაისში  ქარების  სეზონი  მაოცებს,
დაღლამდე გიგროვებ სიმორცხვე მოკვეთილ მიმოზებს
და თუ გსურს ჩვენს შორის სრულიად დაიმსხვრეს ქაოსი,
სანამ გულს მომანდობ... ბავშვობის ასაკი მიბოძე!...


იანვრის დიალოგები

ასე ვსაუბრობთ ქარაგმებით
ჩემო სოფიო,
დგას უარაფრო იანვარი
როგორც დევნილი,
ფანჯრის მინაზე კვდება
წვიმის ფილოსოფია
და გარეთ მოსჩანს ქუჩა
გაშლილ მაკრატელივით.

ძველმა რადიომ ხველა ხველით
ფლანგა შოპენი,
ღრუბლებს შესცივდათ და უნიჭო
ფიფქებს როშავენ,
სთვლემს მთვარე,
როგორც სრულყოფა და...
ტაქსის <შოფერი>,
ჩვენს საუბარს კი ენაცვლება
დროგამოშვება.

ვხედავ იანვარს ფანტელებმა
მხარი აუბეს,
საღამო დადგა ფანჯრის მიღმა
როგორც შპიონი
და ისმენს ახლა ორ სხვადასხვა
ჟანრის საუბარს -

ჩვენსას პირველად...

თოვისას კი მემილიონედ...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები