ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იოჰან ხევსური
ჟანრი: პოეზია
5 სექტემბერი, 2016


***

I
მდინარის პირას დავიბადე
ივლისის თვეში
აკვნიდან მაჩვევდნენ
ქვიშას და თევზებს
ქარი მიწვავდა თეთრ კანს
და მზე მიწვავდა თეთრ კანს
მეც ვიძრობდი მკვდარ უჯრედებს
მიწას ვაბარებდი
შემინახეთქო
კაენი მერქვა

II
ჩემი ძმა მოვკალი
ხელისგულებში ქვიშა ჩავუყარე
თმებში მზის სხივები ჩავაწანი
და წყალს გავატანე
თევზები აღმა მიცურავდნენ
აბელი ერქვა
აბელი წყალს მიჰქონდა
აღარ ჰქონდა ბრძოლის თავი
ამოისუნთქა
(ირონიაა)

III
აზრი არ ქონდა
რას მივაბარებდი მიწას
კანს თუ ქონებას
ყველაფერი ისედაც მიწა იყო
ცასაც მიწის სუნი ქონდა
აბელსაც

IV
მზისგან კანი გამიშავდა
ქვიშისგან ხელებზე კოჟრები გაჩნდა
მამამ ძმა მომიტევა
დედამ გზა დამითმო
(ორივე ვიუცხოვე)
მდინარეში შემიყვანეს
და წყალში ჩამფლეს
მეგონა მკლავდნენ
ხელებს ვიქნევდი და
ხავსიც არსად იყო
თევზები აბელს მოასვენებდნენ
მიღიმოდა
ამომიყვანეს

V
შვილი ვიყავი
და კაენი მერქვა
ძმა ვიყავი
და კაენი მერქვა
დედამ დამითმო
მამამ მომიტევა
აბელმა გამიღიმა
ქარი მიწვავდა თეთრ კანს
და მზე მიწვავდა თეთრ კანს
მკვდარ უჯრედებს
მიწას ვაბარებდი
შემინახეთქო
კაენი მერქვა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები