კაბინეტში ღმერთთან
არ მეგონა ოდესმე ღმერთის კაბინეტს თუ ავღწერდი. არ ვიცი თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, მოსაცდელში მარტო ვიჯექი და ძალიან დიდხანს ველოდებოდი ჩემს რიგს. აქამდე სულ ვფიქრობდი თეთრ ვეებერთელა ჭიშკარზე და ამ ჭიშკრის მიღმა ვეებერთელა ტახტრევანზე, როგორ დაფრინავენ ანგელოზები ირგვლივ, როგორ ღიღინებს თეთრ შარვალკოსტუმში გამოწყობილი "თუფაქი" ივრითულ ენაზე და ა.შ. ოდესმე ალბათ თქვენც აღმოჩნდებით ამ მოსაცდელში და შეგეცვლებათ წარმოდგენა, ანგელოზები არ იფრენენ... მაქსიმუმ საშუალო ასაკის უხეში მსუქანი მდივანი მიიქცევს თქვენს ყურადღებას. უყურებ და მხოლოდ ერთი აზრი გიტრიალებს თავში - ფრთები აქვს? ან რა ფრთები ახერხებს ამხელა მასის წამოწევას? ფიქრობ და თან ცდილობ არც ისე რბილ სავარძელში მოხერხებულად მოწყობას, როგორც ჩანს ოფისმენეჯერი საკმაოდ უვარგისი ყავთ, რა უცნაურია როცა ღმერთთან მუშაობ ოფისმენეჯერად და უვარგისი ხარ. მსუქანი, უშნო პირადი მდივანი, რომელიც რაღაც ძალიან მასიურ კომპიუტერთან ზის და ბოტოტა თითებით კლავიატურაზე ბეჭდვას ცდილობს (თუმცა ძალიან კი უჭირს). კადრების განყოფილება აქვთ ნეტა? ან მე რატომ მიწევს ამდენი ხანი ლოდინი მიდი და გაასაჩივრე?!
-უკაცრავად ტუალეტი საით არის? მდივანი თითქოს ელოდაო ამ კითხვას - თქვენთვის საერთოდ არ არის აქ - და ლოდინი დიდხანს მომიწევს? - ალბათ.
მალე კარი გაიღო, იდეაში თეთრი ვეებერთელა ჭიშკარი, რომ უნდა ყოფილიყო და იქიდან ულვაშებიანი კაცი გამოვიდა. ძალიან ბედნიერი ჩანდა, ერთი წამით მზერა მომაპყრო, შეკრთა თითქოს რაღაც გაახსენდაო, შეტრიალდა და თავი უკან კაბინეტში შეყო - ხვალ თუ ვერ მოვახერხე დაგირეკავთ კარგი? ასე 6-ისკენ ... დიახ დიახ დავუტოვებ ჩემს ნომერს მდივანს, კარგი მადლობა აბა დროებით .. გაიხარეთ დიდი მადლობა, მადლობაა კარი მოიხურა და გაღიმებული ჩქარი ნაბიჯებით გავიდა მოსაცდელიდან.
-შებრძანდით, მომიტრიალდა მდივანი მე. ოჰო! მახსოვს 10 წლის ასაკში სპორტის მინისტრსთან შევედი მარტო რაღაც დაფინანსების თხოვნით და მაშინაც ასე ვნერვიულობდი. ოთახში მდივანი შემიძღვა, უფრო სწორად შემიგორდა - ლორთქიფანიძეა მოსული -რომელი ? რადიოს დიქტორივით გაწმენდილი ხმით გაისმა, იფიქრებდი მაღალი ხარისხის მიკროფონით ლაპარაკობსო ვინმე?! - აი ის თქვენზე, რომ წერს - ლორთქიფანიძეა ეგ? შემოუშვი ... ნელ-ნელა თითქოს უფრო დაიწმინდა ხმა და მივხვდი არაფრით გამორჩეული ხმის ტემბრი არ ჰქონდა, უცნაურია როცა აცნობიერებ. რომ 118-ის ქოლ-ცენტრის ოპერატორადაც კი შეიძლება არ აიყვანონ ღმერთი, ნუ თუ არ გამოტყდა, რომ ღმერთია.
შევედი ოთახში. ველოდი, რომ დიდხანს ვივლიდი, დიდხანს და მერე სადმე კამკამა რუ-ს პირას ვისაუბრებდით კაკლის ხის ძირში წამოწოლილები. თუმცა მალევე მივედი მის მაგიდასთან და შემოუთავაზებლად დავჯექი, ისედაც შეგრძნება მქონდა თითქოს მუხლები მიკანკალებდა.
პირდაპირ სახეზე მივაშტერდი - და აი ღმერთს ვუყურებ, ისიც მიყურებს. ზუსტად ისეთია როგორიც წარმომედგინა! ზუსტად ისეთი როგორზეც მიფიქრია, ზუსტად ისეთი როგორსაც დაბადებიდან ვიცნობ. არ შემიძლია მისი აღწერა, რადგან დამიჯერეთ ის ისეთია როგორიც წარმოგიდგენია. დიდი ხნის წინ როცა ყოვლისშემძლე ბრიუსს ვუყურე მეგონა ღმერთი მორგან ფრიმენივით ფერადკანიანი და თეთრთმიანი მოხუცი იქნებოდა. თუმცა თეთრკანიანი და შავთმიანი მოხუცი აღმოჩნდა. მოხუცი?! როცა ათობით ტრილიონი წლის ხარ (ან მეტის) იქნებ არც იყოს მკრეხელობა მოხუცდე.
-ესე იგი ლორთქიფანიძე? უფრო და უფრო ემსგავსებოდა ადამიანურ ხმას -დიახ, შეიძლება ჩავიწერო? - კიარ უნდა ჩაიწერო, წერა უნდა შეწყვიტო! ძახილის ნიშანი კი დავსვი, მაგრამ ეს არც ბრძანება იყო არც თხოვნა. - რა წერა?! -ჩემზე წერა... -თქვენ რა კითხულობთ? -არ ფიქრობ, რომ ასეთი კითხვა აქ არ უნდა დასვა? -კარგი, და რატომ უნდა შევწყვიტო? -არ შეიძლება და იმიტომ, არ მომწონს და იმიტომ, უკვე ზედმეტი მოგდის და იმიტომ! მეტისმეტად მშვიდად ლაპარაკობდა, არადა ასეთ დროს წესით სიბრაზე უნდა შერეოდა ან ხმაში ან სახეზე დატყობოდა რამე. -ვერ ვხვდები აქ რატომ ვარ და ასე მშვიდად რატომ ვლაპარაკობთ?! თითქოს უცნაური არაფერი არ ხდება, თან რაიმე არჩევანი მაქვს? - ლორთქიფანიძე ხო? -დიახ - მისმინე "მეგობარო", წარმოდგენა არ მაქვს ვინ გაწვდის ამ ინფორმაციას ან საიდან იცი ამდენი, მაგრამ უნდა შეწყვიტო წერა და მორჩა, რა არჩევანი გჭირდება უბრალოდ უნდა შეწყვიტო.
ფეხზე წამოვდექი და თითქოს გაბრაზებულმა ბოლთის ცემა დავიწყე კაბინეტში. ვცდილობდი დეტალურად დამემახსოვრებინა ყველაფერი, ნივთების განლაგება, ფარდების ფერი. თაროებზე დალაგებული წიგნები, ოთახის ბოლოს გაშლილი ჭადრაკის დაფა და უცნაურად ჩვეულებრივი ფიგურები, კედლის კალენდარი და ა,შ, წარმოვიდგინე როგორ ვწერდი ამ ყველაფერზე და სიამოვნებისგან ჟრუანტელმა დამიარა. - გამორიცხულია, წერას ვერ შევწყვეტ. ისიც წამოდგა ხელები მაგიდაზე დააწყო, ოდნავ ჩემკენ გადმოიახარა და ისევ ისეთი მშვიდი ხმით მითხრა - შენ რა სულელი ხარ შვილო? ღმერთი გთხოვს წერა შეწყვიტო, ამაზე უცნაური რა უნდა მოხდეს შენს ცხოვრებაში? - სწორედ მაგაშია საქმე, რახან ღმერთი მთხოვს ესე იგი შემიძლია უარი ვთქვა, რომ ებრძანებინა კიდევ ხო, თუმცა არამგონია ღმერთი ბრძანებებს გამოსცდემს.
გაეღიმა და სიცილით მითხრა: - ხო იურიდიული ძალა არ აქვს ღმერთის ბრძანებას - აი ხომ ვამბობდი, მეც თითქოს გავმხიარულდი -ჩათვალე, რომ ოქროს თევზი დაიჭირე, წერას თავი დაანებე და რაც გინდა მთხოვე! - ბოლოს რა გთხოვეთ გახსოვთ? ან რა შემისრულეთ? - იქნებ არასაკმარისად მთხოვე, თვითონვე არ მოეწონა საკუთარი პასუხი - იქნებ არასაკმარისად მთხოვთ მეც?
წამოდგა, სარკეში ჩაიხედა და თმა გაისწორა, შემდეგ ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოიღო და გამომიწოდა. - ლორთქიფანიძე ხო? - თქვენ ეწევით? - მე არ ვეწევი, შენ ეწევი. - არა მადლობა მაქვს. კოლოფი შეინახა და ჩემ ადგილას დაჯდა იქ სადაც მე ვიჯექი. მე ოთახში დავდივარ და ყველაფერს ხარბად ვიმახსოვრებ. ღმერთის კაბინეტში მეორედ როდის აღმოვჩნდები კაცმა არ იცის. თან ასე თავისუფლად არასდროს არ ვყოფილვარ, ვგრძნობ არცერთ შემთხვევაში არ დავთმობ ჩემსას.
ოთახის ბოლოს მდგარ ჭადრაკს მივუახლოვდი და არეული ფიგურების დალაგება დავიწყე. ცოტათი გამიკვირდა, ხის ფიგურები გაცრეცილიყვნენ და რამდენიმეს ლაკიც აფხეილი ჰქონდა, აშკარად ხშირად თამაშობდნენ ამ ჭადრაკით. -ჭადრაკს თამაშობთ? ალბათ მიხვდით თქვენობით მე ვსაუბროვ მხოლოდ. -ნუ მთლად კასპაროვის დონეზე ვერა, შენ? - მე 11 წელი დავდიოდი. აზარტულად წამოდგა ფეხზე, ჩქარი ნაბიჯით მომიახლოვდა და დაფას მიუჯდა - ვითამაშოთ, თუ მოგიგე წერას შეწყვეტ. ხმამაღლა გამეცინა - რომელი იდიოტი დათანხდმება ღმერთთან ნიძლავზე ჭადრაკის თამაშს? - მართალი ხარ, მაგრამ თუ მოიგე დაწერ რომ ღმერთს ჭადრაკი მოუგე და მიუხედავად იმისა რომ არავინ დაგიჯერებს, შენ ხომ გეცოდინება, რას იტყვი? აზარტი, ჩემი სუსტი წერტილი... ჭადრაკი ჩემი სუსტი წერტილი. ვიფიქრე რატომაც არა?! რომც მომიგოს მაინც დავწერ, არამგონია გაუკვირდეს.
არაფერი მითქვამს მეც მივუჯექი დაფას და პირველი სვლა გავაკეთე პაიკით e4 პასუხმაც არ დააყოვნა პაიკი e5 მარტივად ვხვდები როგორ თამაშობს უცნობი მოწიააღმდეგე ჭადრაკს მხოლოდ ფიგურაზე შეხებით. პროფესიონალი მოჭადრაკეები ფიგურებს ისე ეხებიან როგორც მოცარტი ეხებოდა კლავიშებს, თითქოს ქალს ეფერებიან, მოყვარულები კი გეგონება საბეჭდ მანქანაზე ბეჭდავენ, ხმაურიანად ურტყამენ ფიგურას დაფას და თითებში ძლივს იმორჩილებენ. თუ დამიჯერებთ, ღმერთმა ჭადრაკის თამაში არ იცის, უფრო სწორად ცუდად თამაშობს... თითოეულ სვლაზე ბევრს ფიქრობდა, თითქოს მიხვდა, რომ არასწორად შეარჩია მოწინააღმდეგე და უკვე უკან ვეღარ დაიხევდა. ოთხი მხედრის დაცვა გავითამაშეთ და მალე საკმაოდ მნიშვნელოვან უპირატესობას დავეუფლე, თუმცა ის ისევ ისე მშვიდად იჯდა და ფიქრობდა, უშნოდ და დინჯად აადგილებდა ფიგურებს. ცოტა ხანში კუს ტიპური შეწირვა გამორჩა h7-პაიკზე და ფაქტობრივად გარდაუვალ შამათამდე მივედით (იმ პოზიციას ალბათ კასპაროვთანაც აღარ წავაგებდი). - ვინ გასწავლა ჭადრაკის თამაში? - ღმერთი თქვენ ხართ და წესით უნდა იცოდეთ - ჭადრაკს რომ მიგებ ეგ არ გიკვირს? - გულწრფელად რომ გითხრათ კი - იშვიათად ვთამაშობ, და თვითნასწავლი ვარ. თავისუფალ დროს ვზივარ და აი იმ წიგნებს ვკითხულობ, თაროზე მიმითითა - ბრონშტეინის, ბოტვნიკის, კაპაბლანკას და ლასკერის წიგნები იყო ჩალაგებული. - იცით ჩემი აზრით ნაადრევია თქვენთვის ეს წიგნები, ჯერ უფრო მარტივებით უნდა დაიწყოთ და სასურველია ვინმემ უფრო კარგად აგიხსნათ, ისე ცუდად არ თამაშობთ.
ხმა არ ამოუღია განაგრძო თამაში და სადღაც სამ სვლაში შამათი ჩავუსვი. უნდა გაბრაზებულიყო მაგრამ ისევ ისე მშვიდად წამოდგა და ახლა თვითონ დაიწყო ოთახში სიარული. ფიგურები დავალაგე და გამარჯვებული მზერით დავუწყე ყურება. ისეთი სასიამოვნო საყურებელია როცა ღმერთი ფიქრობს, თან ნერვიულობს ... მშვიდად ნერვიულობს. ხანგრძლივი დუმილი ისევ მე დავარღვიე -კარგი აბა მე წავალ არც ამოუხედავს ისე მითხრა -კარგი.
წამოვდექი და ნელი ნაბიჯებით კარისკენ წავედი. - ლორთქიფანიძე ხო? -დიახ. -შენი მწვრთნელი კარგი მასწავლებელი იყო? - ძალიან მიყვარს მე - ნომერი დაუტოვე მდივანს. -------- რამდენიმე დღის წინ ქუჩაში ჩემი ჭადრაკის მასწავლებელი შემხვდა. დიდი ხნის უნახავი მყავდა და თბილად მოვიკითხეთ ერთმანეთი, ბოლოს მეუბნება ერთი უცნაურობა დამჩემდა ბოლო დროსო. უკვე 1 კვირაა ყოველღამე მესიზმრება შავთმიანი მოხუცი და მთხოვს ჭადრაკში მამეცადინეო.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. :) წავალ დავიძინებ აწი , ისე კაცს ღმერტისტვის პარტია რომ აქვს მოგებული ,კი უნდა წერდეს :) :) წავალ დავიძინებ აწი , ისე კაცს ღმერტისტვის პარტია რომ აქვს მოგებული ,კი უნდა წერდეს :)
5. ყოვლისმწერ ლორთქიფანიძეზეც კარგი ფილმი გამოვიდოდა . კარგი მოთხრობა. კარგი იუმორი . 5. ყოვლისმწერ ლორთქიფანიძეზეც კარგი ფილმი გამოვიდოდა . კარგი მოთხრობა. კარგი იუმორი . 5.
4. შესანიშნავი მოთხრობაა! რატომღაც მგონია, რომ სადღაც წამიკითხავს. +5 შესანიშნავი მოთხრობაა! რატომღაც მგონია, რომ სადღაც წამიკითხავს. +5
3. თემურ ელიავა რომ იყოს აქ, ამ გვერდზე დავპატიჟებდი. :)
თემურ ელიავა რომ იყოს აქ, ამ გვერდზე დავპატიჟებდი. :)
2. კარგი იყო.
იუმორს ღმერთთან შეხება და მისი ინტერპრეტირებაც ეპატიება. კარგი იყო.
იუმორს ღმერთთან შეხება და მისი ინტერპრეტირებაც ეპატიება.
1. მოგესალმებით და ჩემს სუბიექტურ აზრს მოგახსენებთ: პირველი იმას ვიტყვი, რატომ წავიკითხე - სათაურიდან გამომდინარე დავინტერესდი. მეორე, ის რომ დამაინტერესა რა უნდა ყოფილიყო მოვაჭრე ღმერთზე უარესი და არ დააყოვნა სიგარეტის კოლოფმა, მწეველიც ყოფილა. კიდევ რა შეიძლებოდა უარესი ყოფილიყო დავინტერესდი და თურმე ჭადრაკის თამაშიც კი არ სცოდნია. რელიგიაზე რომ საერთოდ არაფერი ვთქვათ. გამიჩნდა ერთი კითხვა - ნამდვილად ღმერთთან იყო კაბინეტში ეგ ადამიანი თუ სხვაგან მოხვდა?! - ღმერთთან შეუსაბამობა აშკარაა.
მომეწონა თხრობა და გმირი, რომელიც წერს ღმერთზე, აი რას წერს ეგ სხვა თემაა.
პატივისცემით მოგესალმებით და ჩემს სუბიექტურ აზრს მოგახსენებთ: პირველი იმას ვიტყვი, რატომ წავიკითხე - სათაურიდან გამომდინარე დავინტერესდი. მეორე, ის რომ დამაინტერესა რა უნდა ყოფილიყო მოვაჭრე ღმერთზე უარესი და არ დააყოვნა სიგარეტის კოლოფმა, მწეველიც ყოფილა. კიდევ რა შეიძლებოდა უარესი ყოფილიყო დავინტერესდი და თურმე ჭადრაკის თამაშიც კი არ სცოდნია. რელიგიაზე რომ საერთოდ არაფერი ვთქვათ. გამიჩნდა ერთი კითხვა - ნამდვილად ღმერთთან იყო კაბინეტში ეგ ადამიანი თუ სხვაგან მოხვდა?! - ღმერთთან შეუსაბამობა აშკარაა.
მომეწონა თხრობა და გმირი, რომელიც წერს ღმერთზე, აი რას წერს ეგ სხვა თემაა.
პატივისცემით
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|