ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფო88
ჟანრი: პროზა
26 იანვარი, 2018


გიორგი და ნიტა

ტყუილზე დაფიცება არ შეიძლება გიორგი, დედა მოგიკვდებაო ეუბნებოდა პატარა, თაფლისფერთვალება პრინცესა საუკეთესო მეგობარს. თავისი საყვარელი თოჯინის გაუჩინარება, ბიჭის მორიგი ცუღლუტობა ეგონა ენაჭარტალა ქალბატონს და გაანჩხლებით არწმუნებდა სიმართლე ეთქვა...
სამი წლისაც არ იქნებოდა გოგონა, როცა მათ უბანში ახალი ოჯახი გადმოვიდა საცხოვრებლად, გიორგი კი ამ ოჯახის ერთადერთი იმედი და ყველაზე პატარა წევრი იყო, მშობლებისგან შესაფერისად განებივრებული, ბავშვურად ლაღი და ასაკთან შედარებით ზედმეტად ჭკვიანიც.
აქტიურიც იყო პატარა ბიჭი, სწორედ თავისი სითამამითა და მხიარული ხასიათის წყალობით მოახერხა, იმ დღესვე, ონკანთან მდგარი, თამაშისაგან თმაშემოწუწული და მათზე ცნობისმოყვარე მზერით მიმართული, ნიტას გაცნობა. პირველივე წუთებიდან დაუახლოვდნენ პატარები ერთმანეთს და მას შემდეგ არასდროს გაუშვიათ მაგრად ჩაკიდებული ხელები. ხშირად კამათობდნენ ხოლმე მეგობრები დიდებისთვის უმნიშვნელო, მაგრამ მათთვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე, ვერ თანხმდებოდნენ თუნდაც იმაზე მხოლოდ კარაქიანი პური ჯობდა თუ თაფლთან ერთად, ლიმონათი თუ ლიმონათი(ამაზე ერთი აზრისანი იყვნენ)) ანკესაობა თუ თოჯინების შემოსვა, ფეხბურთი თუ წრეშიბურთი, გიორგის პირველი უყვარდა, ნიტას კიდევ მეორე და ცხადია მათი კინკლაობის ძირითადი დროც  ნიტას სასარგებლოდ იწურებოდა. ასეთი იყო პატარა ბიჭი, ყველაფერს უთმობდა თაფლისფერთვალებას, აბა იმ ერთ ციცქნა გულს ხომ არ ატკენდა უსაფუძვლო სიჯიუტით?..
მსგავს ცელქობაში, ონავრობასა და თამაშ-თამაშში გაფრინდა წლები, ისე სწრაფად აღმოჩდნენ უნივერსიტეტის კართან ვერც კი გაიაზრეს სად და როდის გაეპარათ ბავშვობა. ორივე ერთ ფაკულტეტზე, ერთ კურსზე ჩაირიცხნენ, წარმატებითაც დაასრულეს. მთელი ამ წლების განმავლობაში დღე არ ყოფილა ერთმანეთის გარეშე, ხანდახან თუ შეხვედრას გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოახერხებდნენ, ფიქრით მაინც ერთად იყვნენ და სხვა დღეს ასმაგად ინაზღაურებდნენ ცალ-ცალკე გატარებული წუთების სითბოს. დიპლომების აღების შემდეგ კი ცოტა ხნით გაიყო მათი გზები, სულ რამდენიმე წლით...ერთს ინგლისში მოუწია სწავლის გაგრძელებამ, მეორეს კი ამერიკაში. არ უნდოდათ, მაგრამ მათ მომავალს სჭირდებოდა ასე...ფიზიკურად ვერ იყვნენ ერთად, თორემ გული და სული გაცვლილი ჰქონდათ და საკუთარზე მეტად უფრთხილდებოდნენ...
მორჩა ამერიკაც, ინგლისიც...მათ კვლავ ისე ჩაკიდეს ხელი, როგორც წლების მიღმა, ბავშვობის ბილიკზე და მას შემდეგ დროებითაც კი არ დაუცილებიათ მაგრად ჩაკრული თითები. არც მაშინ როცა საპატარძლო კაბა ქალურობას უწინასწარმეტყველებდა ბიჭისთვის მაინც პატარა პრინცესას და არც იმ დღეს, როცა გიორგის თანამგზავრად ქალი კი არა ქალღმერთი იდგა.
სულით და გულით ისედაც დანათესავებულებმა ღვთიური ნათესაობა შვილებში გაამყარეს, თავიანთ პატარებს ისეთივე მეგობრობა ასწავლეს, როგორიც თვითონ შეინახეს სუფთად და გაუსვრელად ცხოვრების ბოლომდე.
ადამიანები იცვლებიან, წლებთან ერთად იცვლება ურთიერთობებიც. ზოგი ამას დროის უქონლობას აბრალებს, ზოგი კიდევ მანძილს. მე კი ვფიქრობ, რომ იქ, სადაც წრფელია ფიქრები, იქ, სადაც სული ნამდვილი და თავისუფალია, მეგობრობა გრძელდება და მხოლოდ მაშინ სრულდება, როცა სიცოცხლე დანაოჭებულ თითებს დაღლილად დაგვიქნევს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები