ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
7 ოქტომბერი, 2008


პატარა თეონას პატარა ისტორიები -1

დაბადება

ჩემი თეონა აქეთ გადმოინაცვლებს.
ამიტომ, ახალი მკითხველი რომ არ დავაბნიო, მოყოლა სუუულ თავიდან უნდა დავიწყო, თეონას დაბადებიდან.


ახალგაზრდა ცისფერთვალა ქალი, თინიკო რომ სამშობიაროში მიიყვანეს, საღამოს 9 საათი იყო.
ექიმმა მშობიარე გასინჯა და თინიკოს მეუღლეს, გიზოს უთხრა:
- ბავშვი ღამის 2-3 საათზე დაიბადება. წინასწარ შემიძლია მოგილოცოთ ვაჟიანობა,
ტიპიური ბიჭის მუცელი აქვს თქვენს მეუღლეს... მანამდე შეგიძლიათ სახლში წაბრძანდეთ, მოისვენოთ...

ექიმს ერთი უცნაური ჩვევა ჰქონდა: თუ ბიჭი დაიბადებოდა, ”ოჰ, ეს მამაძაღლიო”, ამბობდა, გოგონას დაბადების დროს კი - ”ოჰ, ეს მაიმუნიო”...

ბიჭის დაბადებას თინიკოს, ლამის, წინასწარ ულოცავდა მთელი საავადმყოფო, - ამ ექიმს ჯერ არასოდეს შეშლია ბავშვის სქესი... და თუკი მან თქვა, რომ ბიჭი დაიბადებაო...

ბავშვი ზუსტად ღამის  2.30-ზე დაიბადა, ისე, როგორც ეს ექიმმა განსაზღვრა, მაგრამ...
- ოჰ, ეს მაიმუნი ბავშვი!  უი, ნახეთ რა უცნაური ბავშვია? ეს რა აქვს ცხვირზე?

სამშობიარო ტკივილებით გათანგულ თინიკოს გულზე მოხვდა ექიმის ”დაშვებული შეცდომა”...
- რაღა ჩემს შვილზე შეეშალა?... ”მამაძაღლის”  ნაცვლად ”მაიმუნი” თქვა... ალბათ დაიღალა, გვიანი ღამეა  უკვე... - გაიფიქრა...
- გილოცავ, გოგონა შეგეძინა! - გაიგო ექიმის ხმა და გაოცებულმა შეხედა.
- გოგონა?... არა, მე ბიჭი უნდა გამეჩინა...
- კი, ალბათ გინდოდა, რომ ბიჭი გაგეჩინა, მაგრამ - გოგოა...
- და გოგო უნდა წავიყვანო აქედან? აბა - ბიჭიაო?... - ისე ალალად გაუკვირდა თინიკოს, რომ ექიმსაც და ექთნებსაც გულიანად გაეცინათ.
- რა ვიცი, აბა, ხვალ ჩამოვივლი პალატებს და თუ გაგიცვალა ვინმემ... ვნახოთ!...

მაშინ ნამშობიარები დედები და ბავშვები ცალ-ცალკე პალატებში ჰყავდათ.
მეორე დღეს თინიკოს თეონა მოუყვანეს.
თინიკომ დახედა და...
- მიშველეთ, ბავშვი მარჯვენა თვალით ბრმა არის, - შესძახა მან.
- როგორ თუ ბრმა? ჯერ რა იცი, გუშინ დაბადებული ბავშვი ბრმა არის თუ არა? - გაუკვირდა პალატის ექთანს.
- აი, მარჯვენა თვალი დახუჭული აქვს, მარცხენა კი - ღია! და თანაც, ეს რა აქვს ცხვირზე? გეხვეწები, ექიმს დაუძახე, რა?
- მართლა რა უცნაური ცხვირი აქვს? ასეთი არაფერი მინახავს... თან როგორი მელოტია?!  თმის ერთი ღერიც არ აქვს თავზე...

თეონას პაწაწა ცხვირზე კანის წვრილი ძაფით ”პომპონი” ჰქონდა ჩამობმული. ”პომპონი” თმით იყო დაფარული და აქეთ-იქით ქანაობდა.

და ახლა, ამ ”პომპონიან” ცხვირს დახუჭული ცალი თვალიც რომ დაემატა, თინიკომ სიმწრით იყვირა:
- დაუძახეთ, რა , ექიმს?!...

მალე ექიმი შემოვიდა და თინიკოს მიუახლოვდა.
- აბა, სად არის ჩვენი ცალი თვალით ბრმა ახალშობილი? რომელი თვალი აქვს დახუჭული?
- მარჯვენა, ექიმო...

ექიმი ბავშვთან მივიდა, დახედა და...
- კი, მაგრამ, ახლა რომ მარცხენა თვალი აქვს დახუჭული?
- არა, ექიმო, მარჯვენა...
- რას ამბობ, გენაცვალე, მარჯვენა და მარცხენა ვეღარ გამირჩევია, თუ იცი?

თინიკოც მივიდა ბავშვთან და...
- უი, ახლა მარცხენა თვალით დაბრმავებულა... - ამოისლუკუნა.
- გოგონი, ბავშვი 40 დღე ვერაფერს ხედავს... ამას მე-40 დღეს დაადგენ, ბრმა არის თუ არა... ჯერ კი მხოლოდ თვალს გვიკრავს პატარა...  - დაამშვიდა თინიკო ექიმმა.
- და ხელებს რომ პარჭყავს? რომ ვხსნი, ხელებს პარჭყავს... არა, მე ამას ვერ წავიყვან...
- აბა, ვის უტოვებ ამ ხელებგაპარჭყულ კუტუზოვს? შენი გაჩენილი ეგ არის, ბიძიკო და... შენვე მიხედე... ქმარი ხომ გყავს?
- კი, აბა ისე როგორ გავაჩენდი?
- ნუუუუ...  ხო, რა თქმა უნდა!...

თინიკო მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, ეს მახინჯი, პარჭყია ბავშვი როგორ ეჩვენებინა ოჯახის წევრებისთვის... რას ეტყოდა გიზო?... ან დედამთილ-მამამთილი?...  ახლობლები?... მეზობლები?...

მოვიდა გამოწერის დროც.
გულის კანკალით გამოიყვანა თინიკომ ბავშვი მოსაცდელში, სადაც უამრავ ხალხს მოეყარა თავი. ყველას აინტერესებდა ახალშობილის ნახვა.
- უი, ნახე, ცხვირზე რა აქვს?
- აბა, აბა... ასეთი ცხვირი არც გამიგონია...
- ცხვირია თუ ქუდის ”პომპონჩიკი”?...

გიზოს სისხლი შემოაწვა სახეზე, მაგრამ... მართლები იყვნენ ”ისინი” და ხმა ვერ ამოიღო!...  ბავშვს ხელი დაავლო და მოსაცდელი სწრაფად დატოვა.

თინიკოს სახლში ბავშვის ულამაზესი სარწეველა საწოლი დახვდა. საწოლში უზარმაზარი თოჯინა იჯდა და პატრონს ელოდა....
. . . . . . . . .

სწრაფად გავიდა  40 დღე.
ბავშვი 3.600 კგ დაიბადა და ნელ-ნელა წონაში იკლებდა, 40 დღისა - 2.500 კგ-ს იწონიდა....
რომელ ექიმს არ აჩვენეს, რა არ გაუკეთეს, - თეონა კატასტროფულად იკლებდა წონაში.
თინიკოს ძალიან კარგი, ნოყიერი რძე ჰქონდა... თან ბევრიც... რასაც თეონა ვერ ჭამდა, თინიკო თავის რძეს ბოთლით აძლევდა მეზობელ ბავშვს, რომლის დედასაც რძე არ ჰქონდა.
პატარა ელენე, თინიკოს რძის წყალობით, მოსუქდა და დამშვენდა... თეონა კი - ძვალი და ტყავი-ღა იყო დარჩენილი.

იმ დღეს თინიკო სამსახურში დაიბარეს და, ”შემთხვევით არ დამაგვიანდეს და ბავშვი მშიერი არ დამრჩესო”,  - თეონასთვის ბოთლით დატოვა რძე.
თეონას ჭამის დრო მოვიდა, თინიკო კი - არ ჩანდა, ამიტომ ლიტა მამიდამ  რძიანი ბოთლი შეათბო და თეონას ისე მიუმარჯვა, რომ ბავშვს თავისით შეეძლო დალევა, საწოლიდან ამოყვანის გარეშე, - ეშინოდა ამ ძვლებადქცეული ბავშვის ხელში აყვანა. მერე იფიქრა, ”მოდი, ბოთლს ქვემოდან რამეს დავუფენ, რომ რძე საწოლში არ ჩაეღვაროსო”, შებრუნდა, პირსაწმენდი აიღო და ისევ თეონას მიუბრუნდა, - რძის ბოთლი ცარიელი იყო...
- ვაიმე, რძე დავღვარე! - შესძახა ლიტამ და თეონა სწრაფად ამოიყვანა საწოლიდან.
საწოლი მშრალი იყო, ბოთლი კი - ცარიელი!!!

ლიტას ყვირილზე ნინო ბებიაც გამოვიდა.
- დედა, ბოთლში რძე გაქრა!
- რას ქვია ”გაქრა”? დაგეღვარა ალბათ...
- მეც მასე მეგონა, მაგრამ... ნახე, საწოლი მშრალია!
- აბა სად წავიდა რძე?!
- არ ვიცი, დედა! გავგიჟდები! შევბრუნდი, პირსაწმენდი ავიღე და მოვტრიალდი... არსად წავსულვარ! ბოთლში რძე გაქრა... ბავშვი მშიერი დაგვრჩა!...მაგრამ ესეც რომ არ ტირის?
- ნეტა მაგი როდის ტირის? შია, - ჩუმად არის,  ჩაიფსამს, - მაინც არ იღებს ხმას...
- დედა! შეხედე! ”პომპონი” აღარ აქვს!... აი, აქ გდია, საწოლში!...
- თავისით მოძვრა? გიზო გაგიჟდება სიხარულით...

ამ დროს თინიკომაც შემოაღო კარი.
- თიკი, მოდი, რა, აჭამე თეონას! რძე დამეღვარა, მაგრამ... სად დავღვარე, ვერ ვნახე...
- ახლავე, ტანზე გამოვიცვლი ოღონდ...

თეონამ ძუძუ პირში ჩაიდო, ერთი ორჯერ მოქაჩა და... ჩაეძინა.
ხან ცხვირზე მოქაჩეს, ხან ლოყაზე მოუთათუნეს ხელი, - თეონა ვერ გააღვიძეს.

- ლიტა, ხვალაც წასასვლელი ვარ უნივერსიტეტში... რძეს ისევ ბოთლით დაგიტოვებ, კარგი?
- კარგი... თიკი, სად წავიდოდა რძე?
- დაგეღვარა ალბათ... არაფერია, გაიღვიძებს და მერე ვაჭმევ.

თეონამ მალე გაიღვიძა და ძუძუს დაუწყო ძებნა.
მთელი საათი ჭამდა თეონა და ასე, ჭამაში ჩაეძინა...

მეორე დღეს ლიტამ რძიანი ბოთლი სახესთან რომ მიუტანა, თეონა აწრიალდა, აცქმუტუნდა, შემდეგ ბოთლის საწოვარას პირით წაეტანა და... ერთ წუთში ჩაცალა კუთვნილი ულუფა!
ლიტა გაოგნებული უყურებდა ხან თეონას  და ხან ჩაცლილ ბოთლს...
- შიებია ბავშვს! დედა, ნახე, რა! ზუსტად ერთ წუთში დაცალა ბოთლი... იქნებ ბავშვი ვერ ჭამს ძუძუდან?
- რას ამბობ, ლიტა! ჩვენ ელიკოს ვაძლევთ რძეს და ამ დროს თეონა მშიერი რჩება?

თინიკო დაბრუნდა თუ არა სამსახურიდან,  სტაცეს ხელი და იქვე, მეზობლად მცხოვრებ პედიატრთან გადაიყვანეს თეონასთან ერთად.
ექიმმა თეონა ჭამამდეც აწონა და ჭამის შემდეგაც. 1 საათის განმავლობაში თეონამ სულ 10 გრამი შეჭამა, ნაცვლად 200 გ-სა...

ამის შემდეგ თინიკო თეონას მხოლოდ ბოთლიდან აჭმევდა და ბავშვმაც სწრაფად დაიტყო მატება.

ამასობაში ზაფხულიც დადგა.
თეონა დედულეთში წაიყვანა თინიკომ.
სოფელში თინიკოს დეიდა, ეკატერინე ცხოვრობდა და ის ეხმარებოდა ბავშვის მოვლაში.

1,5 თვის შემდეგ ჩამოაკითხა ნინო ბებიამ.
თინიკო და ეკატერინე ეზოში დახვდნენ. სამზადში შეიპატიჟეს ნინო.
- თიკი, ბავშვი სად არის?
- ზევით, სახლში...

ნინო მაშინვე ზევით ავიდა, აივანზე დაფენილ ლეიბზე დაგორებულ თმახუჭუჭა, ზღვისფერთვალება ბავშვს გვერდით ჩაუარა, ”ვისი ხარ ნეტავი?...ნეტაი შენს მშობლებს, ასეთი ლამაზი რომ ხარ...სულ ჩვენსას არ გავხარო?”- ჩაილაპარაკა და სახლში შევიდა.

ნინო თეონას საწოლთან მივიდა და...
საწოლი ცარიელი დახვდა!
- თიკი, თეონა სად არის? - გადმოსძახა აივნიდან.
- მანდ არის... სად იქნება?
- აქ არ არის ბავშვი!
- რას ამბობ, დედა? სად უნდა წასულიყო სამი თვის ბავშვი?! - თინიკომ კიბე აირბინა და...
- რატომ მაშინებ? აგერ არ არის თეონა? - თინიკომ თმახუჭუჭა, ზღვისფერთვალება ბავშვი ხელში აიყვანა და გულზე მიიხუტა.
- ეს... ეს... თეონაა?... - გაოცებისაგან ნინოს პირი დარჩა ღია.
- დიახაც, ასეთი კარგი გოგო ვარო, ბებოოოო! - თქვა თინიკომ და თეონა ნინოს გაუწოდა.

სწრაფად გაიარა ერთმა კვირამ.
თბილისში დაბრუნებულ ნინოს თეონას საწოლში 3-4 ახალი დიდი თოჯინა დახვდა.
- გიზი, თეონა ყველა ამ თოჯინას ჯობია! ასეთი ბავშვი მე ჯერ არ მინახავს!!!
- ჰო, აბა რა!  მასეთ ბავშვს სად ნახავ სხვაგან?!
- არა, გიზი, თეონა რაღაც საოცრად არის გალამაზებული... შენ აუცილებლად უნდა ჩახვიდე სოფელში და შენი თვალით ნახო ბავშვი...
- კაი, კაი, დედაჩემო... მომავალ კვირას წავალ!... ჩემი გაჭირება მყოფნის... ნუღარ მახსენებ მაინც?! - გიზომ ხელი ჩაიქნია და სამსახურში წავიდა.

შემდეგ კვირას გიზო  ჩავიდა სოფელში... და წამოსვლა აღარ უნდოდა!
ძლივს დაითანხმეს გიზო, რომ აგვისტოს ბოლომდე დაეტოვებინა დედა-შვილი სოფელში.
თბილისში ჩამოსულმა ყველა თოჯინა ამოალაგა თეონას საწოლიდან, - ”ამ საწოლს უკეთესი პატრონი ყავსო!”...
სოფელში ყოველ შაბათ-კვირას  ჩადიოდა გიზო ბავშვის სანახავად და ყოველი წამოსვლის დროს სულსა და გულს თეონასთან ტოვებდა!
თბილისელი მეზობლები თავს იქნევდნენ და ჩუმად ჩურჩულებდნენ:
- რას იზამ, ყვავსაც უყვარს თავისი ბახალაო!...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები