ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლუიზიანი
ჟანრი: პროზა
8 თებერვალი, 2011


  ჩამოტვირთვა

მ ტ ვ ე რ ი

  მაგიდაზე თითები ნერვიულად ამოძრავდნენ. ნახევრად განათებულ ოთახში სრული ქაოსია, ნესტისგან დაობებულ კედლებზე ძველისძველი შპალერია ჩამოხეული რამდენიმეგან. ოთახში სულ სამიოდ  ძველი ნივთია: ფეხებმოტეხილი, კომუნისტების დროს აწყობილი სავარძელი, იმავე დროის წიგნების კარადა და მაგიდა, რომლებიც მტვერს ერთიანად დაეფარა. თითქმის ცარიელ ოთახში ექოსავით ისმის კედელზე გამაყრუებელი კაკუნის ხმა...
-ნინო! რას აკეთებ ამ მტვერში? გამოდი გარეთ, დააცადე ხალხს მუშობა!გაისმა ქალის მკაცრი, არც თუ ისე წვრილი ხმა, რომელიც ხელების მოძრაობით ოთახში შევიდა. გოგონას დედის ხმის გაგონებაზე, უხერხულობისგან ღაწვებზე სიწითლე შეეპარა, თავი ოდნავ ჩაღუნა, სისხლისფერი ტუჩები ნერვიულად მოიკვნიტა. მისმა გრძელმა, წაბლისფერმა თმამ მთლიანად დაუფარა სახე, თუმცა დროდადრო მაინც ახერხებდა მაგიდისკენ გახედვას, რომელზეც თითების მოძრაობა არ ჩერდებოდა.
-აბა ბიჭებო! როდის დაამთავრებთ ამ ოთახს? მიუბრუნდა ქალბატონი ხელოსნებს, რომლებსაც სახეზე მტვერი გრიმივით დასდებოდათ.
-ქალბატონო ლია, დღეს დავიწყეთ და დამთავრებამდე ჯერ ძალიან შორსაა.. სიცილით უპასუხეს ხელოსნებმა. გოგონა კი დგას ისევ გაუნძრევლად და მაგიდაზე მოძრავ თითებს თვალს არ აშორებს.
-ნეტავ რას აკეთებს, რას? რატომ არ მიყურებს? იქნებ ვერ მხედავს? შემომხედე! შემომხედე მეთქი! ერთხელ მაინც.. ერთი, ორი და.... მაგიდაზე თითების მოძრაობა შეწყდა. გოგონას მთელ ტანში სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა, ეკალმა დააყარა. აღელვებისგან თვალები უმისამართოდ აამოძრავა. გული ვეღარ ითმენდა, ჩქარობდა მკერდიდან ამოვარდნას. ვეღარ უძლებდა დაჟინებულ მზერას, რომელზეც წამების წინ თავად ოცნებობდა. წამით გახედა მაგიდის მეორე მხარეს, თვალები ოდნავ მაღლა აწია და აი, დაიჭირა კიდეც ხავსისფერი, წყლიანი თვალები.ნინომ 15 წლის გოგონას ჩვეული სიკეკლუცით მზერა მიაპყრო და გაბუტულ ტუჩებზე გამომწვევმა ღიმილმა გადაუარა.
-ალექს!  რა იყო რას გაჩუმებულხარ, თქვი შენც რამე, სტუმარსაც ხომ აქვს რჩევის უფლება?! ღიმილით მიმართა ქალბატონმა ლიამ მაგიდასთან მდგომ ახალგაზრდას.
-მე უკვე ვთქვი ჩემი სათქმელი. ახლა კი თქვენის ნებართვით, დაგემშვიდობებით. დაბალი ხმით უპასუხა 25 წლამდე ახალგაზრდამ. კიდევ ერთხელ შეხედა გოგონას და წავიდა.
საღამო, იგივე ოთახი, ოდნავ შეცვლილი ინტერიერი. ისევ მაგიდა, ოღონდ თითების გარეშე. ისევ გოგონა იგივე სახით, იგივე გამომეტყველებით, ოღონდ არა მაგიდასთან, მაგიდა-ზე. არა მასში არეკლილი, უბრალოდ მაგიდის მტვერზე თითებით დახატული.
დღეს სწორედ ეს გოგონა 2 შვილის დედაა, მშობლების არჩეულ მეუღლესთან უსიყვარულოდ შექმნილი ოჯახი მალევე დაენგრა. ყველაფერს გაიღებდა, ოღონდ  ერთხელ კიდევ შეხვედროდა წყლიან თვალებს, შეხებოდა ნიჭიერ თითებს, რომლებმაც, მტვრის ზედაპირზეც კი შეძლეს მისი დახატვა. რომ სცოდნოდათ მშობლებს როგორი სპეტაკი სიყვარულით უყვარდა უბრალო მხატვარს მათი გოგონა, როგორ სათუთად ექცეოდა ამ გრძნობას, იქნებ არ დაეწუნათ ოჯახური პირობისა და სტატუსის გამო. 
მოსკოვის ერთ-ერთი გარე უბანი. თოვლში ჩაფლული მატარებლის ვაგონი. რამდენიმე არაყის ბოთლი,უამრავი წიგნი და ნახატი,  ყოველ მათგანზე კი ერთი და იგივე სახეა გამოსახული.
აი, კვლავ ამოძრავდნენ სიცივისგან გათოშილი თითები, ოღონდ უკვე ფანქრით, სიძველისგან შეყვითლებულ ფურცელზე. იგივე სახე: სისხლისფერი, გაბუტული ტუჩები,  წაბლისფერი, გრძელი, სწორი თმა, ოდნავ აბრაწული ლოყები. პატარა ცხვირი, ოდნავ ამოწეული კეხით.
                უკვე წლებია უშედეგოდ ეძებს სხვა ქალის სახეს, მაგრამ მისი თითები დღემდე იგივეს ხატავს. წლების წინ მტვერზე გამოსახულ 15 წლის გოგონას...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები