ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტენდი
ჟანრი: პროზა
27 თებერვალი, 2011


Le spektakle est fini !!! _ წარმოდგენა დამ_თავ-რე-ბუ-ლია!!! - I ნაწილი

_ ვერიკო, გაიცანი, ლექსო ახალაძე, ჩემი მეგობარი, ფილოსოფოსი და ხელოვნებათმცოდნე.
_ Корнет Оболенский ! _ მხედრულად მიესალმა ლექსო და ღიმილით აკოცა ხელზე ვერიკოს
_ სასიამოვნოა, მე ვერიკო ვარ .” მე შენ გიცნობ, ლექსო ახალაძე, Корнет Оболенский »
_ ბატონო კუკური, ეს ვერიკოა, მესამე „გენიოსი“ ჩემსა და ლექსოს შემდეგ.
_ ვერიკოც ხატავს? _ კუკურიმ ცოტა ხნით გააჩერა ქალის ხელი ხელში და თავიდან ბოლომდე მუშტრის თვალით აათვალიერ-ჩაათვალიერა.
_ ხან ხატავს, ხან წერს, როცა როგორ ხასიათზეა _ თემურიმ, მასპინძელმა სკამი მოართვა შემოსწრებულ ვერიკოს.
_ ესე იგი დაფრინავს ?! _ გაიცინა კუკურიმ.
_ ვერიკო არ დაფრინავს, ბატონო კუკური... მოდი, ვერიკო, ჩემს გვერდით დაჯექი _ დათომ ვერიკოს ხელი მოხვია _ ვერიკო სულ იქ ცხოვრობს, მაღლა და მე მგონი, იქ დაიბადა, ცაში. წარმოდგენა არა აქვს, მიწა თუ არსებობს. თან „რეკლამასაც უკეთებს, „ ნახეთ ხალხო, რა მშვენიერიაო, აქ !“... _ დაასრულა ვერიკოს დახასიათება _ ასე არ არის, ვერიკო?.
ლექსომ ჭიქები შეავსო:
_ "ახლა თოვს,
    სცრიან თეთრი ნისლები
    უნაზეს ფიქრის სევდიან თოვას.
    კარგია, როცა არავის ელი,
    არავის ელი და ვინმე მოვა ! "
თქვენს მოსვლას გაუმარჯოს, ვერიკო.
_ ლექსო, ეს ვერიკოა, რომელიც მუდმივად მენატრება, მუდმივად მაკლია. გაგიმარჯოს. იმდენჯერ მითქვამს შენი საგღეგრძელო, ახალს უკვე ვეღარაფერს გეტყვი. _ თქვა დათომ
_ ყველას ვერიკო აკლია, ყველას ვერიკო ენატრება._ გაიცინა ლიზამ _ მშურს, მშურს! თეთრი შურით მშურს. !
_ ჩემო ლიზა, შური შურია, გინდ თეთრი იყოს, გინდ მწვანე, ბოლოს მაინც შავდებააა _ თქვა ლექსომ უკმაყოფილოდ.
_ თქვენ გაგიმარჯოთ,ვერიკო, რაკი, დათოს ასე ყვარებიხართ_ მრავალმნიშვნელოვნად გაუღიმა კუკურიმ !
_ კუკური _ დათო აილეწა  _ ეს, ის სიყვარულია, სადაც ადამიანი მარტო ქალი და კაცი არ არის...
იმ საღამოს ლექსომ ორჯერ ეკზიუპერის და სამჯერ ვერიკოს სადღეგრძელო დალია .
_ რა გენაღვლება, რა, სამივე მფრინავები ხართ ! _ იცინოდა თემური.
_ მფრინავებზე გამახსენდა.  ზოგი დაფრინავს, ზოგი დახოხავს, ზოგს ჰგონია, რომ დაფრინავს და სინამდვილეში მიწას არ ასცილებია ერთი გოჯითაც კი. ზოგს ხორცი არ უშვებს გასაფრენად, ზოგს ჭამა უყვარს ორივე ხელით და გაფრენის ცდას აზრი არა აქვს, ისეა მიწაზე მიჯაჭვული, ზოგი ყიდის იმას, სადაც გაფრენა შეიძლება, თუმცა ცალი თვალითაც კი არ უნახავს ის, რასაც ყიდის. მოდით, ხალხო, ცას გაუმარჯოს !

უცნაური ხალხია ეს მხატვრები !
ვისთან არ მონახავენ საერთოს !
ვის არ ნახავთ მხატვრის სახელოსნოში !
მხატვრების გარდა: მუსიკოსებს, პოეტებს, მწერლებს, პოლიტიკოსებს, საქმოსნებს, უსაქმურებს, ნიჭიერებს და უნიჭოებს, კახპებს, ლოთებს, მაღალზნეობრივებს და ზედმეად უზნეოებს, ვაჭრებს, ხარაზებს და თქვენ წარმოიდგინეთ, მებარგულებსაც კი!..და არ გაინტერესებთ ერთიმეორესთან რა ურთიერთობები აქვთ?!
ერთიმეორეს თქვენობით მიმართავენ და სულ „მაღალ მატერიებზე „ და ხელოვნებაზე საუბრობენ, თითქოს, მხატვრის სახელოსნო,ჯადოსნური სასახლე იყოს, სადაც ღმერთი ადამიანს ადამიანთან ათანასწორებს წარმოშობისა და მდგომარეობის მიუხედავად და ამ სასახლეში მხოლოდ ხელოვნების სიყვარულით ცხოვრობენ.
აქ ერთიმეორეს თავისი შინაგანი სამყაროთი ხედავენ, გულით ხედავენ, მოკლედ, მღვდელს ჭილობში სცნობენ.
თუმცა აქ ხანდახან ისეთებიც მოდიან „თქვენ გიყვართ ბრამსი?“, მაგრამ მაგნაირები მალე მიდიან.

„ Корнет Оболенский ვერ მიცანი, ნეტავ, თუ არ მიცანი?!  თუმცა სულ ერთხელ შევხვდით ერთიმეორეს დათოსთან და ისიც მთელი ამდენი წლის უკან . შეიძლება ვერც მიცანი...“
_ ბატონი კუკურის სადღეგრძელო შევსვათ _ თემური უკვე მთვრალი იყო _ დღეს ჩემს სახელოსნოში ბატონი კუკური გვმასპინძლობს და მინდა ეს სადღეგრძელო განსაკუთრებით შეისვას.
_ ხვალ რომ სხვა გაგიმასპინძლდეს და ბატონი კუკურიც იქ იყოს, ნეტავ ვის სადღეგრძელოს შესვამ განსაკუთრებით?!
_ ლექსო, არ გინდა! _ დათომ ნანას გიტარაზე ანიშნა, დაუკარიო.
კუკურის სადღეგრძელო ყველამ დალია.
- თქვენც მიირთვით ჩემი სადღეგრძელო? _ ღიმილით ჰკითხა კუკურიმ ვერიკოს _ - აბა აიღეთ ჭიქა.
ლექსოს რაღაც არ მოსწონდა.
_  "За искренность
    За нежной дружбы ради
    Хвалью тебя, друг мой
    И с переди и с зади."  _ გაგიმარჯოთ, ბატონო კუკური _ თქვა ვერიკომ.
_ თქვენი ლექსია? _  იკითხა კუკურიმ
_ ჩემი და Александр Сергеевичис _  ღიმილით უთხრა ვერიკომ.
_ ვისი ?!
_ Александр СергеевиЧ Пушкин-ის _ განუმარტა ვერიკომ. _ გაგონილი გექნებათ, ცნობილი კაცია, ჩემი ბავშვობის მეგობარი.
_  ააა ! _ მრავალმნიშვნელოვნად ჩაილაპარაკა კუკურიმ.
_ შენი ჭირიმე ! _გაეცინა ლექსოს.
მთელი ამ ხნის განმავლობაში ლექსო ცდილობდა ვერიკოსთვის თვალი აერიდებინა , მაგრამ არაფერი  გამოდიოდა.
„ ახლაც თითქმის ისევ ისეთია, როგორიც მაშინ ვნახე... ახლაც ისეთია... მხოლოდ უფრო თავდაჯერებული. მაშინ კრემისფერი კოფტა ეცვა.“
ჩვეულებრივი საღამო იყო, ჩვეულებრივი ქართული სუფრა ცოტა პათეტიკით, ცოტა ვულგარულით, სიმღერით, პოეზიით და ასე შემდეგ.
ნანა მშვენივრად უკრავდა გიტარაზე,
ლიზა კუკურის ეკეკლუცებოდა,
კუკური ვერიკოს თვალს არ აცილებდა,
თემური სვამდა,
დათო ლექსოს პოეზიის არსზე ესაუბრებოდა, მაგრამ ლექსო არ უსმენდა.
როგორც ქართული სუფრის წესია.
_ „ რა შეაჩერებს მეტეხის მორევს,
რა დააწყნარებს ლექსს ნიავქარულს?
მტკვარში ცოცხალ თევზს ვერვინ გამოლებს,
გულში _ სიყვარულს!!! „
მღეროდნენ.
_ ეს ამ კანალიზაციით სავსე მტკვარზეა სიმღერა?! - ხრინწიანი ხმით იკითხა თემურიმ.
_ ოჰ, თემურ, შენ თუ ყველაფერი არ გააფუჭე, არ შეიძლება!
_ დავლიოთ, რა დროს სიმღერაა ! გოგოებო, მე თქვენ დაგხატავთ „პასტელში“.
_ თემური, ენას ამოგგლეჯ..
ყურადღება აღარ მიაქციეს თემურის, ნანა ბოშურს უკრავდა.
ლექსო და ვერიკო ცეკვავდნენ.
ცეკვა რომ დამთავრდა, მაშინ გაეხსნა კუკურის „მეორე სუნთქვა“ :
_  ვერიკო, ჩემო მშვენიერო ქალბატონო, მითხარით, სად ისურვებდით წასვლას და დღესვე, ამაღამვე წაგიყვანთ. ასეთ მომხიბვლელ ქალს ჯერ არ შევხვედრივარ.
სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. კუკური მიხვდა, რომ რაღაც მოხდა, მაგრამ იხტიბარი არ გაიტეხა და გაიმეორა:
_  რუქაზე დაადეთ ხელი და ამაღამვე იქ იქნებით. ფული მაქვს.
_  ბევრი გაქვთ, ბატონო კუკური?!  _ მშვიდად იკითხა ვერიკომ.
_ ჩვენ გვეყოფა! თქვენ  მხოლოდ  რუქაზე დაადეთ  ხელი!
_  საქართველოს რუქაზე, ბატონო კუკური, თუ მსოფლიო რუქაზე ?! _  გაუღიმა ვერიკომ
კუკური ირონიას ვერ მიხვდა, სუფრის დადუმებულ წევრებს გადახედა და ნერწყვი გადაყლაპა:
_  ჯერ საქართველოს რუქაზე ჩემო მშვენიერო ქალბატონო და მერე, თუ წესიერად მოიქცევით, მსოფლიო რუქაზე.
_  ბატონო კუკური ! _ ლექსო ფეხზე წამოდგა _  თქვენ ახლა, ამ წუთში მაგ „გალსტუკით“  აივნიდან გადაგკიდებთ და სულ დაგავიწყდებათ ვერიკოცა და ორივე რუქაც.
_ ლექსო, არ გინდა ! _ დათომ ლექსო დასვა! _ კუკური, აქ ისე არ არის, შენ რომ გგონია!
_ ლექსო, შენ წეღან ამბობდი, მეჩქარებაო, არა?! _ უცბად გამოფხიზლდა თემური.
_ მეც უნდა წავიდე _ წამოდგა ვერიკო _ სად არის ჩემი პალტო ?
- შენ დარჩი, რა გეჩქარება, მანქანით გაგიყვანენ. კარგით რა !  ნუ ჩამოუშვებთ ხოლმე ცხვირებს. კაცი ნასვამია და რაღაც თქვა, რა მოხდა მერე!
ლექსომ თემურის არაფერი უპასუხა.
_  სადაც ეგ არის, ყველგან რაღაც ხდება ! _ უკმაყოფილოდ და კუკურის გასაგონად თქვა ლიზამ ვერიკოს მისამართით.
_  ახლავე მოვდივარ, უჩემოდ არ წახვიდეთ _ მიაძახა თემურიმ ოთახიდან გასულებს.
_  თუ შეიძლება, მიგაცილებთ სახლამდე _ უთხრა ლექსომ ვერიკოს _ Я плохо одет, но хорошо воспитан !
_  კარგით, გამაცილეთ ! _ ვერიკო კორიდორში უკვე პალტოს იცვამდა.
_  შენ რატომ უნდა გააცილო ჩემი სტუმარი ?! ჩემთან მოვიდა და მე გავაცილებ.
_  კარგით, ლექსო, თემური გამაცილებს.
_ " თქვენ მაპატიეთ,
ცისფერი ფრაკის ჭრელი ღილები
გადასასვლელზე დავკარგე ალბათ.
შესანიშნავად თამაშობთ ჭადრაკს, ბედოვ ბატონო,
ჩემი ძვლებისგან გათლილ ფიგურებს ელეგანტურად  აცეკვებთ, მაგრამ
შავია დაფა...
სიკვდილივით შავია დაფა. „
სამწუხაროა, რომ რუქების ტარება ჩვევად არა მაქვს ! კარგად ბრძანდებოდეთ! _ ლექსომ კარი გაიხურა.

(გაგრძელება იქნება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები