ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მექანიკური ფორთოხალი
ჟანრი: პროზა
23 სექტემბერი, 2012


პარიზიანი კაბა

    მიყვარხარ მეთქი, რომ გითხარი, გაგეცინა. მერე შემრცხვა და გადავთქვი, რა სულელი ხარ, როგორ დაიჯერე, ეგ უბრალო, მორიგი ჩემი მაიმუნობა იყო მეთქი, ამაზე კიდევ უფრო გაგეცინა. გავბრაზდი და გადავწყვიტე წუთი და ოცდარვა წამი შენთვის ხმა არ გამეცა პროტესტის ნიშნად. ამაზე კიდევ უფრო გაიცინე. იცინოდი და არაფერს ამბობდი, ან რა უნდა გეთქვა, სულელად მთვლიდი და შენი თქმით სულელები არ გიყვარდებოდა...
    ქუჩის გასწვრივ ჩაყოლებულ მოაჯირზე ვიყავით ჩამომსხდარები, ვფიქრობდი როგორ დამეწყო, არადა მთელი ერთი კვირა ვემზადებოდი სახლში ამ დაწყებისთვის. შენ თქვი, რომ მძიმე ხასიათი გქონდა, მე კიდე მიყვარდა ეგ შენი მძიმე ხასიათი, შენ ისიც თქვი, რომ როცა ადამიანი გულწრფელია და მას მართლა უყვარს, ამ დროს ცა ვარსკვლავებით უნდა იყოს მოჭედილიო, ინსტიქტურად ავიხედე მაღლა, მხოლოდ ერთი ვარსკვალვი ჩანდა, მთხოვე რომ ჩამეფიქრებინა რამე და უსათუოდ ამისრულდებოდა. შენ ხმამაღლა არჩევდი სურვილებს, ბოლოს პარიზიან კაბაზე შეჩერდი. დაგპირდი, რომ აგისრულდებოდა, გამიღიმე...
    სამი მარტია, წესით ამ დღეს დედებისთვის მიაქვთ საჩუქრები, მაგრამ იცი, რომ დედაჩემი... ისევ იმ გზისპირა მოაჯირთან გელოდებოდი, როგორც წესი დაიგვიანე, ჩემს ნერვიულ მოქმედებას შორიდიან ადევნებდი თავალს, იცინოდი და ჩემზე ისევ ფიქრობდი, რა სულელიაო. როგორც იქნა გამოჩნდი, დაბადების დღე მოგილოცე, მუყაოს ყუთი მოგაწოდე და გთხოვე, სახლში მისვლამდე არ გაგეხსნა. მალე დაგემშვიდობე... საღამომდე ჩემი ტელეფონი დუმდა, ისევ აგვიანებდი, როგორც იქნა დარეკე და შეხვედრა მთხოვე, რა თქმა უნდა ნახევარ საათში ადგილზე ვიყავი, ამ ჯერად არ დაგიგვიანია, ზუსტად დროზე მოხვედი, რამდენიმე საათის წინ, ნაჩუქარი პარიზიანი კაბა გეცვა. არაფერს ამბობდი, ისე ახლოს დადექი ჩემთან, სუნთქვა მიჭირდა. მიყვარხარ მეთქი და გაკოცე, არ გაგიცინია...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები