ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: საბა აფხაზი
ჟანრი: პოეზია
10 ივნისი, 2013


  ჩამოტვირთვა

შენ კი ამბობ რომ ორღობეში მტვერია მხოლოდ

ვინმეს გინახავთ გლეხი გოგონას განარბენზე, ორღობის ბოლოს ადენილი მტვრისა გორგალი,
გაშლილ დალალში ჩარჩენილი ხორბლის თავთავი,
ნაცვეთ ტყაპუჭში ჩავარდნილი კენჭი მომრგვალო,
გამხმარ ბალახის სურნელებით გაშლილი მკლავი...

მწიფე ზვირთებად ჩამოშლილი ხუჭუჭა თმები,
და ავგაროზად ყელ-კისერზე სხივების წვიმა,
გადაყვლეფილი უბიწობით, ქალწულის მხრები,
და იმ მხრებს ქვევით, მკერდ-კატარში კერტები მძივად.

თვალთა ლაგვანში, მოლაჟვარდო ცეცება ნების,
ლალ-იაგუნდის ნაპერწკლები მთრთოლვარე სირმად,
შემოპარება პირ-ბაგიდან ხავერდი ხმების
და აზრით თრობა, გადაქცევა ბგერის ჩილიმად...

სიმორცხვისაგან ალეწილი ატმის ღაწვები,
და მყინვარწვერის უზანგივით გადრეკა წარბთა,
ან ჩამოქნევა გიშრისფერი წამწამთა ფრთების,
შურით ავსება მაცქერალის თვალების ხარბთა...

ან ცალ ბაგისკენ გაღიმებით გადაწეულებს,
თუ შეხვედრილხართ მედიდურად მოარულ ქალთა,
წელის ნარნარით, კოკით მხარზე გადარწეულებს,
ალბათ უცქერდით, ლაღ ასულებს, თუნგებით წყალთან...

ყელით ყირმიზებს, ხოხბის კანტი გასდევთ სტრიქონად,
ღიმილის ფარდით იფარავენ ბროლების ბრიალს,
თითქოს თავგასულ ანგელოზსაც ქარი მიქონდა
ისე მოხდენით ტანხერტალნი მიწაზე ქრიან...

ჩვენ კი შევყურებთ ამ ყველაფერს ორღობის ჩრდილში,
მეზობლის გოგო გაუყვება აღმართებს ქვიანს,
კაბის კალთების ჩაგრეხილად ტანზე ფოფინში,
ხარ ღობის აქეთ, იმ ორღობეს ცხოვრება ჰქვია...

                                                                    04.06.2011

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები