ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტენდი
ჟანრი: პროზა
20 აპრილი, 2014


ჭიმია (დასასრული)

ხალისი აჰყვა დილიდან. რთველი ჰქონდა. მერე რა რო შვილები არ ელაპარაკებოდნენ! ერთი მაგათიც! ნუ დაელაპარაკებიან რა! ის დიდი  რო ქალაქში გაიქცა, რა ხეირი ნახა რო! ეს კიდე, პატარა, სახლი და ეზო კი გაუყო, მაგრამ რა, ჭიმიას დააკლდა რამე რო?! არც არაფერი! სუ რძლების ბრალია! განა არ იცოდა უფროს ბიჭს ცოლი აუტყდა, გინდა თუ არა, აქედან წავიდეთ, ამ ნაწყევლ ეზო კარზე არ ვიცხოვრებო! ნუ იცხოვრებენ რა! ერთი ეგ იყო, რო შვილიშვილები ენატრებოდა ხოლმე. უყვარდა შვილიშვილები. მაგრამ ვინ აკარებდა  ახლოს?!
ცხოვრობდა ჭიმია როგორღაც, ყველას გარეშე. ცოლისა და მოხუცი დედის ინაბარას. თითონაც განა პატარაღა იყო, ორმოცდა თექვსმეტი წლისა ხდებოდა გიორგობას.
არც დედასა და არც ცოლს არ ახსომდათ ბოლს ჭიმია ხალისიანი როდისა ნახეს. უკვე ათი წლი იყო, რაც ციხიდან გამოვიდა. სულ მოღუშული კი დადიოდა. ორი ადამიანი რო დაენახა ერთად, ეგონა ჩემზე ლაპარაკობენო.
ვიღასა სცხელოდა ჭიმიასთვის! ვიღას ახსომდა ჭიმია! ხალხმა ისეთი გაჭირვება გამოიარა ომის შემდეგ, ჭიმიაც დაავიწყდათ და იმისი ნამოქმედარიც.
ომის შემდეგ უფრო დიდი გაჭირვება იყო. დღე და ღამე პურის რიგში ათენებ-აღამებდნენ. რამდენჯერ ქატო გაუცრიათ და ის გამოუცხვით შვილები რო შიმშილისაგან გადაერჩინათ. ეხსომებოდათ ჭიმია ვინმეს?! გადაათრია ხალხმა ის გაჭირვება როგორღაც. ცხოვრებაც ნელ-ნელა გამოსწორდა. ისე გასულიყო ათი წელი, იმ გაჭირვებაში ვერც ვერაფერი გაიგეს.
გარეთ რო ეგეთი გაჭირვება იყო, ციხეში რაღა იქნებოდა?! ისედაც ჩია ჭიმია კიდე უფრო დაჩიავებული გამოვიდა ციხიდან. ათი წელი ცოტა არ იყო.
არჩილას ერთი დღითაც კი არ მიუტოვებია. ციხეშიც იმასთან ერთად იჯდა, მიმაგრებაშიც იმასთან ერთად მუშაობდა და გათავისულლებულიც არჩილასთან ერთად განთავსუფლდა. სულში ჩასჭიდებოდა არჩილა. მოსვენებას არ აძლევდა. აღარ ელაპარაკებოდა, მაგრამ ისევ სულ თან დაჰყვებოდა.
ისედაც სიტყვაძუნწი ჭიმია ციხიდან გამოსვლისას, სულ დამუნჯდა. ორ სიტყვას თუ გადაუგდებდა დედას, ან ცოლს. ამიტომ უკვირდათ  დღევანდელი ხალისი.
იმ ღამეს ნინელა ნახა სიზმარში. ჭიმიას ხალისიც ეგ იყო.  არასდროს დასიზმრებია და იმ ღამეს დეესიზმრა.  მოსახვევი არ ეკეთა და წითელი თმა გეეშალნა. თეთრი ღამის პერანგი ეცო ჩითისა, განიერი. თეთრი მკლავები უჩანდა მოკლე სახელოებიდან. საიდანღაც მოდიოდა ჭიმიასკენ. ბაღჩიდან თუ ეზოდან, ვერ გაარკვია ჭიმიამ. თითქოს ჯერ ლანდი იყო ნინელასი და მერე თანდათან ხორცი შეისხა. ახლოს მივიდა ჭიმიასთან, აი, სუ ახლოს. ჭიმია კუშეტკაზე იწვა. მითომ გვერდით ჩამოუჯდა და ხელები მოხვია. კოცნიდა ნინელა. ჭიმიაცა ჰკოცნიდა. თითქოს სველი თმები ააქო, გრილად ეხებოდა ჭიმიას გულზე.  რაღაცნაირი კარგი სუნი ჰქონდა ნინელას თმას, ატმისა. ეს წესიერი ქალი ეგრე ღამის პერანგით როგო გამოვიდოდა სახლიდან ამ შუაღამისასო, სიზმარში უკვირდა.  არჩილას გემეეპარა, უყვარვარო და ჩემთვის გამოიპარაო სახლიდან, სიზმარში ფიქრობდა.
რო გაეღვიძა, ოფლში იყო გაწურული. ბედნიერი იყო, ნეტა ჯერ არ გამღვიძებოდა, როგორა მკოცნიდაო. სიბერეში ხო მაინცა ვნახეო.
იმის თვალებში რო სიხარული არავის უნახამს, ეხლა სიხარულისაგან თვალები უბრწყინამდა. დილა იყო, ის იყო, ნათდებოდა. ხალისიანად დააწყო გოდრები ცხენის ტაჭკაზე. ხალისიანათ  ჩამაასხა ღვინო დოქებში.  ჭიმიას ეგეთი ხალისი  გაუხარდათ. თითონაც ცოტა გახალისდნენ. იმედი მიეცათ, უფროსი ბიჭი არ გვეკარება, არ გვეკარება და იქნება ამ ბიჭს მაინც შეურიგდესო,. გვერდიგვერდა ჰქონდათ ვენახები. როგორია, შენ გვერდით ვენახში შვილს რო რთველი აქ, მხირულება როა და შენ არ გელაპარაკება. პურ-მარილი ჩააწყეს პრავიზონკებში, ტაჭკაზე დააწყეს და წავიდნენ. ჭიმია ტაჭკაზე იჯდა, ქალები ფეხით მიდიოდნენ, იუარეს ტაჭკაზე დაჯდომა. ახლოსა ჰქონდათ ვენახი.
მარიამმაც ნახა იმ ღამით სიზმარი, ვენახში იყო და ყურძენსა ჰკრეფდა. ცუდათა ჰქონდა დაცდილი ყურძნის ნახვა სიზმაში, „შაბათ ღამის სიზმარი, კვირას სადილობამდეო“- გაიფიქრა. მაგრამ თავი დაიმშვიდა, რთველი გვაქ და იმაზე ახდებაო. კვირა დილა თენდებოდა.

...
ვაზის ძირში ჩაჯდა. ცოტა ღვინო მეეკიდა და წათვლემაც უნდოდა.თვალი გააყოლა მწკრივებს. დახუნძლული იყო ვაზი მტევნებით, ვისთვის უნდოდა?! არც ერთ შვილი არ ეკარებოდა ახლოს. ვერც რძლის ნათესავებმა შეარიგეს. ხელში ატრიალებდა ჯიბის დანას.  არჩილა დაუჯდა წინ. მეორე მწკრივის ვაზთან.
- რა იყო, ჭიმი, დაიღალე? - არჩილამ.
- არა. რა დამღლიდა?
- მა ეგრე რათა ზიხარ?
ჯერ გაჩუმდა ჭიმია. არ უნდოდა ეთქო, მაგრამ იცოდა, არჩილას ვერაფერს გამააპარებდა. ციხეშიც ჭიმიასთან იყო, მიმაგრებაშიც,  გამოსვლითაც ჭიმიასთან ერთად გამოვიდა ციხიდან. დიხანს იყო ჭიმია გაჩუმებული, მერე არჩილას შეხედა თვალებში.  ადრე თვალებში რო ვერ უყურებდა, ეხლა შიში აღარ ჰქონდა. 
-კაცის მოკვლა მომინდა..- თვალები ჩასისხლიანებოდა -აი, რო ესვრი, რო შეტორტმანდება, თვალები რო გეეყინება და ბარბაცით რო გადმოდგამს ერთი - ორ აბიჯს,  სანამ  წაიქცევა...
-მერე..მიდი , მოკალი! _ სინანულით გაეცინა არჩილას
-როგორ მოვკლა, შვილია.
-განა მე შვილზე გითხარი, მოკალი-მეთქი?! - ისევ სინანულით გაეცინა არჩილას.
-ხო იფიქრე?
- შენ რა იცი, მე რა ვიფიქრე?
-როგო არ ვიცი...ვიცი...შენ ყველაფერი იცი,  გულში რაც მიდევ...შენი ბრალი იყო, რო მოგკალი...
-ჭიმი...
-ჭიმიას ნუ მეძახი, სახელი მქვიან - გაბრაზდა.
-არა, ჭიმი, შენნაირებს სახელი არა ჰქვიათ, არც გვარი აქთ, შენნაირები მგლები არიან...რამდენის ცოდო გაწევს...
-უჰ, შენი..-  ჭიმიამ დანა მოუქნია.

...
საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გადრაიცვალა. ექიმმა თქვა, გულში  ორ სანტიმეტრამდე ჰქონდაო დანა ჩასული.
ეგრე როგო გაიმეტა თავი, რო ჯიბის დანით მაიკლაო თავი, ხალხმა. იმ ჯიბის დანით ჭრიდაო ყურძენს. ან ეგეთი რა მეელანდაო. ცოდვებმა არ მაასვენესო.
მაშინ გაახსენდა ხალხს კიდევ ერთხელ ჭიმიას ნამოქმედარი. კიდევ ერთხელ გაიხსენეს.
დაილოცოს ღმერთო შენი სამართალი!
ცოდვა არავის შერჩენია!
რაც დათესა, ის მოიმკა!

...
საღამო იყო, სონას რო ჭიმიას სიკვდილი გააგებინეს მეზობლებმა. ადგა ქალი, სასაფლაოზე წავალო შვილებთან. მეზობელს გაყოლა უნდოდა და არ გაიყოლა, მარტო წავალო.
სასაფლაოზე რო ავიდა, უკვე სიბნელე იყო. შვილისა და რძლის საფლავებს შუა ჩაჯდა. საფლავებს ხელი გადაუსვა, თითქოს ეფერებაო.
- თქვენ მოგიკვდეთ დედა, შვილო, როგორა ხართ? მოკვდა, შვილო ჭიმია, თავი მაიკლა...მოკვდა.
... დაკრძალვის დღეს იმდენი ხალხი იყო, ეზოში არ ეტეოდა. ზოგი ხალხის დასათვალიერებლად მოვიდა, აბა, ესა და ეს თუ მოვაო გასვენებაში,აი, მაგისი პაპის ძმიშვილი იყოვო მძინარა...აბა, როგორ დაიტირებსო ბოლოს ან ცოლიო და ან დედა..აბა, ბიჭებს როგორი სახეები ექნებათ, დარდობენ თუ არაო. აბა, რძლები რას იტყვიანო...ზოგი კი ნამდვილად უთანაგრძნობდა ოჯახს.
სონა მოდისო, ხალხი შეჩოჩქოლდა. ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა, გეგონება, ყველა ერთად დაყრუვდ-დამუნჯდაო. ხალხი ორად გაიყო.  გაატარეს სახლისკენ სონა.  სანამ სახლის კართან მივიდოდა, მარიამს უკვე უთხრა რძალმა, სონა მოდისო. შვილის სიკვდილზე არანაკლები ელდა იყო სონას მოსვლა.
ოთახში შემოვიდა სონა, კართან ერთი წამით გაჩერდა და მარიამი, გეგონება, ვიღაცამ ძალით ააგდოვო ფეხზე. დიდი დარდი იდგა სონას თავლებში. ორი დედაკაცი უყურებდა ერთიმეორეს.
-სონა, არა მგონია, სიმწარეს ისე გაექვავებინე, შვილის დასაფლავების დღეს ნიშნის მოსაგებად იყო მოსული.
-არა, უბედურო, შვილმკვდარი დედა ვარ და სამძიმარზე მოვედი. ვიცი, ეგ სიმწარე რაც არი!  ღმერთო, გველსაც ნუ მოუკლავ შვილს!

...
p.s.    ჭიმიას დასაფლავების მეორე დღეს სონას  მეზობელმა დაუძახა და რო არ გემეეპასუხა, სახლში შევიდა.
სონა ლოგინში მამკვდარიყო 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები