ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: არმენ არუთინოვი
ჟანრი: პროზა
2 სექტემბერი, 2013


მესამე

                                           
დამშვიდდით, სამუდამოდ კი არ ვაპირებ აქ დარჩენასო, - კარი გაიხურა და ღამის სიბნელეში გაუჩინარდა. ქალს გააჟრჟოლა და სავარძელში უღონოდ ჩაეშვა. კაცმა სიგარეტს მოუკიდა და ნერვიულად დაიწყო ბოლთის ცემა.
რაც მათთან მოვიდა, სულ რაღაცას ასწავლიდა, ჭკუას არიგებდა, მითითებებს იძლეოდა. დაიღალნენ და აგრძნობინეს, რომ ზედმეტი იყო.
იმ ღამეს, მორიგი ოჯახური გარჩევა რომ ჰქონდათ, სამჯერ დააკაკუნეს. ამ შუაღამისას ვინ უნდა იყოსო და კარისკენ გაეშურნენ. სტუმარს დაღლილი გამომეტყველება ჰქონდა.
მალე გაშინაურდა. გაუშინაურდნენ. არაფერი უკითხავთ, არც მას გამოუდია დიდად სალაპარაკოდ თავი. მხოლოდ იღიმებოდა. ესენიც უღიმოდნენ.
ცხოვრებაც დალაგდა. რატომღაც აღარ ჩხუბობდნენ. ქმარმა დალევას უკლო, ცოლმა - სცენების მოწყობას. თითქოს მობეზრებული ჰყავდათ აქამდე ერთმანეთი, სტუმარმა კი გაუხალისათ ყოველდღიურობა.
არ ჩქარობდა ბარგის ჩალაგებას. არც აჩქარებდნენ. თანდათან ენაც ამოიდგა. ხშირად გაუღიმეთ ერთმანეთს და თბილ სიტყვებს ნუ დაიშურებთო. მეტი აზრი და გამართლება შესძინეთ თქვენ არსებობასო.
ამ სახლს ბავშვების ჟრიამული აკლიაო. - ჯერ ცხოვრება ჰქონდათ მოსაწყობი.
მშობლები ბოლოს როდის მოინახულეთო. - აღარ ახსოვდათ.
მოწყალება ბოლოს როდის გაეცითო. - დაავიწყდათ.
მეზობელის ქვრივს რატომ არ გაუმართეთ ხელიო. - ჯერ ძველი ვალი არ გაუსტუმრებია და ეგეც არ იყოს, შენ ვინ გეკითხებაო.
ყელში ამოუვიდათ. ეზედმეტათ.
დამშვიდდით, სამუდამოდ კი არ ვაპირებ აქ დარჩენასო, - სხვაგანაც არანაკლებ ვჭირდები ადამიანებსო. კარი გაიხურა და ღამის სიბნელეში გაუჩინარდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები