ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლ. ლორია
ჟანრი: პროზა
18 ივლისი, 2014


ორი მეგობარი

                                                                                                                          ეძღვნება  აკაკი მინაშვილს

სოფელს მდინარე ჩაუდიოდა და შუად ჰყოფდა. რაღაცა ჰყოფს, რაღაცა აერთიანებს.  მდინარე რა მდინარეა თუ ხიდი არ აქვს. ჰოდა ამ მდინარესაც ხიდი ჰქონდა გადაკრული არტახივით -  გამაერთიანებელად. სანამ მშრალი ამინდები და გვალვები იყო, ჰგუობდა მდინარე არტახს, მირაკრაკ-მიჰღუღუნობდა თავისთვინ. გაავდრდებოდა,  შფოთვას დაიწყებდა, აფორიაქდებოდა, გადიდებ-ადიდებოდა,  საძირკველს გამოაცლიდა და მოშლიდა ხიდს, თითქოსდა თავისუფლებადანატრებული...
ორი  მეგობარი ცხოვრობდა სოფელში -  სოფელში რა, ერთი ხიდის ერთ თავთან, მეორე კიდე მეორე. ერთ წელს და ერთ დღეს, ერთ სამშობიაროში  დაბადებულები, - თვალი რო აახილეს, პირველად ერთმანეთი დაინახესო, ასე ხუმრობდნენ. წლებმა იცის ჭირი და ლხინი, ყველაფერს ერთად იზიარებდნენ,  ჰოდა პირველად ისინი იწყებდნენ ხიდის აგებას,  აქეთA და იქეთა სოფელიც ეხმარებოდათ და ააგებდნენ ხიდს და ისევ ერთიანდებოდა სოფელიცა და მეგობრობაც. 
მიდიოდა წლები. დაბერიკაცდნენ მეგობრები, ერთს შეთხელებულ თმებზე ჩამოათოვა, მეორეს აღარც ის თეთრი თმა არ შერჩა. მეგობრობა არ დაუბერდათ მხოლოდ,  ისევ ისეთივე ლაღი დაურჩათ, როგორც ბავშვობაში. ერთხელაც, ორნი  რომ უსხდნენ სუფრას, ასეთი რამე წამოცდა ერთს – თითქოს და ხუმრობით: ხიდის ერთ თავთან  შენ იდარაჯე, მეორესთან მე ვიფხიზლებ, სიკვდილი ერთმანეთთან არ  გადავუშვათო. 
გამოხდა ხანი. დაიძინა ერთმა და ვინ იფიქრებდა, თურმე სამუდამოდ... ცა შეძრა კივილმა. მოვარდა სოფელი ხიდს აქედან და ხიდს იქედან.
ხოდა ქალების კივილს  კაცის ბღავილის ხმაც შეუერთდა:  „მაპატიეო, არ გადმომიშვიაო, ბიჭო,  სიკვდილი, გადმომეპარაო...”

18.07.2014 წელი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები