ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნეტოჩკა ნეზვანოვა
ჟანრი: პროზა
10 ივნისი, 2009


ბოლო კარი ანუ წერილი გარდაცვლილ ნაწილს

აქ გაზაფხულია ლელ,
მინდვრებში ვალსს ცეკვავენ ფურუსულები,
წერილებს მოგწერ ხოლმე ლელ,
შენ ნუ მიპასუხებ, ძაილიან დაღლილი ხარ,
დაისვენე.


დანართი N1
ის სამყარო, რომელიც პირველად აღვიქვი ძალიან პატარა იყო: ერთი აგურის სახლი დიდი ეზოთი და ათიოდე სულიერი. იქ, ოთხნი ვიყავით ერთი ზომისები და ერთ ენაზე ვლაპარაკობდით, დანარჩენები დიდები იყვნენ და უცნაურები. ოდნავ რომ წამოვიზარდე გავიგე, რომ ჩვენ, ოთხნი, ბავშვები ვიყავით, დანარჩენები კი - უფროსები.
ოთხივე თითქმის ტოლები ვიყავით, მხოლოდ ერთი იყო სულ ოდნავ დიდი. ჩვენ არასდროს არაფერში ვეჯიბრებოდით ერთმანეთს და ის ერთი მაინც ყველაფერში გვჯობდა. ახლაც, რატომღაც ადგა და წავიდა, წავიდა და პირველმა შეაღო ბოლო კარი.
ლამაზი, ხშირი და ხუჭუჭუ თმები ქონდა და ორი უცნაური ჩვევა: ერთი ის, რომ რა საკრავსაც დაინახავდა ყველაფერზე უკრავდა, მეორე - გაშტერება იცოდა, ეძახდი: "ლელა, ლელა, ლელა", ის იჯდა, მერე რომ შეაჯანჯღარებდი (თუ შეჯანჯღარებისთვის ძალა გეყოფოდა) დაგიყვირებდა: მესმის ხო, რა გამიჭირე საქმეო.


......
ლელ, ხომ არ გწყინს ნაწილს რომ გეძახი?
ვიცი ახლა ჩაიცინებდი, თვალებმოჭუტული  და მაგ ხუჭუჭა თავს გააქნევდი.
რაღაც მარტივი და არაფრისმთქმელი კადრები მახსენდება ჩვენი ბავშვობიდან ლელ, ისე, უბრალოდ, სენტიმენტალურობის გარეში:
აი, მაგალითად, შენ წითელი შორტები გაცვია, ლურსმანს გამოედე და გაგეხა. დგახარ ნაწყენი და გაბრაზებული სახით და დუდღუნებ, ვერ გაგიგია რატომ გეჩხუბებიან შენ და არა ლუსრსმანს. ხო, რა მოხდა? ლურსმანი გამოედო შენ წითელ შორტს და გახია, ზედ დუმაზე. ოოოოო, სულაც არ არის სირცხვილი? დუმაა რაა და ჩვენი მარტივი არითმეტიკის გაკვეთილები: "აააბა რამდენია ერთ დუმას მივუმატოთ, ორი დუმა?" და ჩვენ ოთხად ოთხი ბავშვი ვიყავით მთელ დედამიწაზე, რომლებმაც ამ კითხვაზე სწორი პასუხი ვიცოდით. ვიცი ეხლა ზოგი იტყვის მერე რააო, მაგრამ ხომ ვთქვი, რომ მარტივ და არაფრისმთქმელ კადრებს ვიხსენებ, აი ისეთს: მე და სოფო რომ რეზინობანას ვთმაშობთ და შენ და გიორგი ფეხბურთს,
ან ბროწეულის ხეზე ასვლას, რომ მასწავლი და მე ვერაფრით ვერ ავდივარ, დიდია ეს ბროწეულის ხე და რა ვქნა?
იცი ლელ? ახლა ისე ადვილია იმ ბროწეულის ხეზე ასვლა, მოიღუნა და დაპატარავდა დარდისგან, სულ გტირის, თურმე ხეებიც გრძნობენ, თურმე ხეებიც განიცდიან.
ან ის, კიბეებიდან რომ ვხტებით და ძალიან მონდომებულები რომ ვვარჯიშობთ, რაც შეიძლება მაღალი საფეხურიდან გადმოვხტეთ. იცი ახლა მაგ კიბის პირველ საფეხურზე, შენ რომ წევხარ იმ საშინელი ნივთის თავსახური ააყუდეს. მე კიდევ ვერ ვშორდები მაგ კიბის პირველ საფუხერს, სულ იმ თავსახურის გვერდით ვზივარ და: - ნინოო ადექი, მანდ მზეა,  - ნინო, ქვაზე ნუ ზიხარ გაცივდები. - გული გამიწყალეს.
- ვახ, მე ეს კიბე მიყვარს, მე ეს კიბე მიყვააარს!!
იცი? მეგონა ის ეზო შემზიზღდებოდა ჩვენი ბავშვობით რომ არის გაჟღენთილი, ადრე რომ საღამოობით ჩაი ვსვამდით ხოლმე  ყევლანი ერთად და ბევრს რომ ვიცინოდით და ახლა ზუსტად იმ ადგილას შენ რომ დაგასვენეს. მაგრამ მერე ვიგრძენი ყველგან რომ ხარ, იმ ეზოს ნიავიც რომ შენ ხარ, რომ უბერავს თითქოს შენ მიღუტუნებ, ხო, კუთხეში გყავარ მიმწყვდეული წრუწუნასავით და მიღუტუნებ, და მე ვყვირივარ - "მოვკვდებიიიიიიიი" შენ კიდევ დამცინი და მამშვიდებ - "ნუ გეშინია, არ მოკვდები". ხო, ვიცი რომ არ მოვკვდები, გპირდები, არასოდეს აღარ ვიტყვი მაგ საშინელ სიტყვას და მერე, დიდი ხნის მერე, მეც რომ შემოვალ შენ გაღებულ ბოლო კარში, შენ მანდ დამხვდები, კარზე ჩამოყრდნობილი, დიდი ხუჭუჭი თმებით, ღონიერი და თავდახრილი, წარბაწეული ამომხედავ, ისე მაგრად გამიცინებ რომ სულ მოგეჭუტება ეგ სევდიანი თვალები და მეტყვი: "ჯოობ, მოხვედი ქალო?" და მე აღარაფრის აღარ შემეშინდება.

ლელ მე ამდენს გწერ და შენ სულ მპასუხობ - ნუ ტირი-ს,
"ნუ ტირი თუ მართლა გიყვარვარ".


ჩანართი N2
რამდენი რამე ვისწავლე ამ ბოლო რამდენიმე თქვეში. თურმე რაც შეგვიძლია იმაზე მეტი უნდა გავაკეთოთ ადამიანებისთვის.
რაც შეიძლება მეტი გასართობი უნდა მოვიგონოთ ბავშვებისთვის. რადგან ბავშბობა და ბედენიერება პარალელურად იზრდებიან, იზრდებიან და იქ ყვავიან სადაც იკვეთებიან. იკვეთებიან და მერე ჰორიზონტალურად, ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით მიფრინავენ და ერთმანეთს კარგავენ დროსა და სივრცეში.
არ ვტირი, მივხვდი, რატომ ვცხოვრობ სულ ბავშვობაში, იქ, სადაც ოთხნი ვართ, ერთი ზომისები და ბედნიერები.
არ ვტირი, მხოლოდ ხანდახან, თავისით მოდის თვალებიდან ცრემლი კი არა, გაწყალებული სისხლი.
არ ვტირით, ეს ის ტკივილია ტირილი რომ ვერ შველის, იწყებ ტირილს და ხვდები, რომ აზრი არ აქვს და მერე იწყება საუკუნოვანი გაშტერება ...


....
ლელ, მაპატიე რომ ვერ მოგეფერე, შენ არ იყავი, ის შენ არ იყავი. ხომ იცი რა მშიშარა ვარ. გახსოვს ბავშვობაში მარტო დაძინების რომ მეშინოდა და ოთახში მიგათრევდი ხოლმე. შენ ჯუჯუღუნებდი მაგრამ მაინც მომყვებოდი. მერე გეხვეწებოდი მარტო ოცდაათ დათვლამდე გეყარაულა. მერე თვალებს მაგრად ვხუჭავდი და ვცდილობდი ოცდაათ დათვლაში დამეძინა. იცი რისი მეშინოდა? ეხლა გეტყვი: ქრისტეს ხატის, ეკლის გვირგვინი რომ ადგას თავზე. სულ საყვედურიანი თვალებით მიყურებდა და ყველაფერს მახსენებდა, რაც დავაშავე.
ლელ, მარტო თმებზე, მარტო მაგ ლამაზ თმებზე  გავბედე ხელის დაკარება, ზუსტად ისევ ისეთივე თმები გქონდა, ხშირი და ხუჭუჭი, თმები ხომ არასოდეს იცვლებიან, თმები და ფრჩხილები.
ლელ, მაპატიე ძალიან გვიან რომ ჩამოგიტანე წყაროს წყალი - ერთადერთი რითიც შემეძლო ცოტათი გამეხარებინე, ძალიან გვიან, აზრი რომ აღარ ჰქონდა.
ლელ, იცი? შენ რომ სულს ლევდი მე სისხლი წამსკდა ცხვირიდან, ხო, ესე მეგონა მე შენი სისხლისგან დავიცალე, ნუ დამცინი, მართლა შენი სისხლი მეგონა და დიდხანს ვერ ვაგდებდი იმ ცხვირსახოცსს.
მაპატიე, რომ ვერსად ვიშოვე შენი მოგონილი ყველაფრის წამალი - ბანჯადორემი.
გახსოვს რომ ვმღეროდით? "ბანჯადორემ, ბანჯადორემ აბა დელიაა, აბადელიაა...."
- ლელ, ლეელ, ლეეეეელ, - ეხ როგორ მინდა ახლად შენებურად იყო გაშტერებული, მაგრად შეგაჯანჯღარო და დამიყვირო, მესმის რა გამიჭირე საქმეო, მაგრამ შენ აღარ ხარ, ვეღარ გეხები, მხოლოდ საიდანღაც იმეორებ სულ:
"ნუ ტირით თუ მართლა გიყვარვართ! მე მხოლოდ გაღმა გავედი".



დანართი Nბოლო
ერთხელ უცნაური სიზმარი ვნახე: სკოლიდან მოვდიოდით. უკვე ალბათ მილიარდმეათასედ უნდა გაგვევლო ეს გზა - სკოლიდან სახლამდე, მოვდიოდით ადრინდელივით ოღონდ ახლა მხოლოდ სამნი, უცნაურად გაზრდილები და დიდები, სკოლის ჩანთების და ჟივილ-ხილივის გარეშე.
ყველა წერტილი რაღაცას მახსენებდა ამ გზაზე. ისევ მხოლოდ უაზრო და არაფრისმთმქმელი კადრები: ჭერმის ხე, ისევ მკვახე. და ჩვენ, ჩვენი ბავშვობის აჩრდილებზე ბევრად დიდები - მაინც ვერ ვწვდებოდით მკვახე ჭერმებს.
გასვენების პროცესია - მე შემეშინდა და დამცინეს, მე გავიქეცი, მაშინ რა ვიცოდი, რა ვიცოდი რომ ...
მოვდიოდით და თან მთელი გზა ვცდილობდი გამეხსენებინა რაიმე, რაშიც ერთხელ მაინც  შევჯიბრებივართ ერთმანეთს. ან რა გვქონდა შესაჯიბრებელი - ნიჭებიც განსხვავებული გვქონდა ოთხივეს და მერე პროფესიებიც. ის მაინც ყველაფერში გვჯობდა. ახლაც რატომღაც გვაჯობა და ასე ნაადრევად, პირველმა შეაღო ბოლო კარი და ღია დატოვა.
და უცბად მივხვდი, ყველაფერს მივხვდი, როგორც კი სახლს მივუახლოვდით და ჩვენი სახლის ცისფერი და დაღლილი ჭიშკარი დავინახე, ჩვენი რკინის ჭიშკარი, უკვე ძლივს რომ იკითხება ზედ ათეულობით წლების წინ ამოკაწრული სახელები: ლელა, სოფო, ნინო, გიო.
ისევ ბავშვობისდროინდელმა სულელურმა ჩვეულებამ გამახსენა ყველაფერი. გამეცინა. იმათაც . იქნებ ისინიც მიხვდნენ?
მე მაინც დავასწარი. გავიქეცი კარებს მივეჯახე, ეზოში ხმაურით შევვარდი და დავიყვირე: "ბოლო კარგს კეტაავს".
ისინიც ხმაურით გამომყვნენ და ეზოში ერთმანეთის შემოსწრებას ცდილობდნენ, მართალია ახლა უკვე ორნი, მაგრამ ბევრად უფრო დიდები.
ის, ვიცი, არ აგვყვებოდა, მშვიდად გაგვწევდა სამივეს და მაინც პირველი შევიდოდა ჭიშკარში. როგორც ახლა, იმ ბოლო კარში.
კარებს გავხედე. ორივე შემოსულიყვნენ და მაინც ღია იყო - არავის უნდა ბოლო იყოს, არავინ აღიარებს.
ეზოში ადრინდელივით მწიფდა ბებერი თუთა - მაგრამ არავის ქონდა ახლა იმის დაბერტყვის თავი.
ჩვენ ჩამოცვენილ თუთებში დავწყაპუნობდით და ეზოს ვაყრუებდით ხმაურით:
- გვშიააააა
- დეეეეე გიორგი მაწვალებს,
- იტყუება სოფო, არ დაუბანია ხელები
- გვიშველეეეთ, ლელამ ტუალეტში ჩაგვკეტა
უფროსები ისევ ადრინდელივით იდგნენ გაბრაზებული სახეებით და გვიყურებდნენ. სახეები მოღრეჯოდათ ჩვენ შემხედვარეს. ვიცი, მართლა აუტანელი სანახავი იყო ეს სიმწრის სიცილი და მიწაში არეული ცრემლები, მაგრამ ახლა გაბრაზების უფლება არ აქვთ, ვერაფერს გვეტყვიან, ვერაფერს: 
ჩვენ - ჯვრის მთავარი ფრთა გვაქვს მომსხვრეული, ჩვენ - ხორცი და სისხლი გვაქვს მიწაში ჩანთხეული, ჩვენ - ერთმანეთს ვეჯიბრებით სიკვდილში, იმიტომ, რომ -
ბ      ო      ლ      ო      კ      ა      რ      ს      კ      ე      ტ      ა      ვ      ს


….
აქ ახლა მილიარდოცდამეექვსე გაზაფხულია ლელ,
ყოველ საღამოს დაგტირიან წვიმა და ფურუსულები,
წერილებს მოგწერ ხოლმე ლელ,
ნურაფერს მიპასუხებ,
ნუ შეწუხდები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს