ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნეტოჩკა ნეზვანოვა
ჟანრი: პროზა
5 ოქტომბერი, 2009


  ჩამოტვირთვა

წერილი ჰაიტელ კაცს (პატარა უფლისწულის ყვავილის დაწერეილი სულელური წერილი)

                                                          ერთხელ ყვავილი თავის ოთხად ოთხ ეკალზე რომ ლაპარაკობდა, უფლისწულს უთხრა:
                                                                                                        - მობრძანდნენ ერთი ის ვეფხვები, ბრჭყალებს რომ უქებენ.
                                                                - ჩემს პლანეტაზე ვეფხვები არ არიან და ასეც რომ იყოს, ვეფხვები ბალახს არ ჭამენ.
                                                                                                                                                                        - მე ბალახი არ ვარ
                                                                                                                                                                                  - მომიტვეთ
                                                                                                                                                                                            . . . . .
                                                                                                          - ეს მინის სარქველი გადააგდე, ახლა იგი აღარ მჭირდება,
                                                                                                                                                                            - კი მაგრამ ქარი?
                                                                    - არც ისე გაციებული ვარ . . .ღამის სიგრილე მარგებს კიდეც. მე ხომ ყვავილი ვარ.
                                                                                                                                                          . . . .. . . . . . . .  . . . . .. . .
                                                                                                                                              - მემეგობრეთ, მარტო ვარ ქვეყნად!


                                                                                                                                                                  "პატარა უფლისწული"






ისევ ხმაურით გათენდა.
უფფ, ისევ რაკეტა. მას ყოველ დილით აგზავნიან ადამიანები ცაში. არ ვიცი რატომ. მე მათ კარგად არ ვიცნობ. შენ ალბათ მხედავ ან მზიდან ან მთვარიდან ან არ ვიცი, არ ვიცი საიდან, რომ ნაგავსაყრელზე გულაღმა ვაგდივარ და მცვივა ცრემლები.
და ალბათ გიკვირს ამ ნაგავსაყრელზე რა მინდა.
შენს პლანეტას ადამიანები შემოესივნენ. ვერ იცნობ. პლანეტა თავის თავს აღარ ჰგავს. მომგლიჯეს და მომისროლეს. ჩემს ადგილას რაკეტაა აღმართული, ცამდე, მის ქვეშ კი მიწაში ლპება ჩემი ფესვები.
ქარია დილიდან  დაგლიჯა ნერვები.
ვეფხვებმა არ იციან, რომ ყვავილი აღარ ვარ, რომ დამისუსტდა წვეტიანი ეკლები, თორემ ერთიანად გადამსანსლავდნენ.
მე ხომ ვიტყუებოდი, რომ ვერაფერს დამაკლდებნენ მხეცები.
შენ ისევ მოგზაურობ. პლანეტებზე უსხეულოდ დაფრინავ. მე ვერავინ დამიცვა. ფერადი ფოთლები დამცვივდა, აცივდა. ქარმა ამივსო თვალები კენჭბით და
მხოლოდ გულით ვხედავ. ვხედავ ყოველ ღამით, როგორ ინთებიან ვარსკვლავები რიგრიგობით, ვიცი ერთერთზე შენ ხარ, და ალბათ შენც გულით მხედავ.
               
                              ......................................................................
          - იცი? გუშინ ტბაზე მივდიოდით და გზაში რეზომ ჩიტი მოკლა.
              .................................................................

როგორ მინდოდა მეც მემოგზაურა, მენახა პლანეტები, ფესვები მიშლიდა, მიწას ისე მაგრად ვიყავი მიჯაჭვული, თითქოს შევეზარდე, თითქოს მიწა იყო ჩემი სული. ახლაკი აქ სულს ვღაფავ და ვნატრობ, რომ იქნებ შენ მაინც ნახო,
იქნებ ჩემს მაგივრად ნახო პლანეტა სადაც ათასობით ზუსტად ერთნაირი ადამიანი ცხოვრობს.  ეს უნდა ნახო. ეს ყველაზე მრავალფეროვანი პლანეტაა მთელ გალაქტიკაში. მერე რა, რომ აქ ზუსტად ერთნაირი ფორმის ადამიანები ცხოვრობენ, ზუსტად ერთი ფერის, ზუსტად ერთნაირი ნაკვთებით და ზუსტად ერთნაირად გაწეწილი თმებით, ერთნაირი ქალამნებით და ერთფეროვანი თეთრი კვართებით, მათ ხომ სიცილის დროს სულ სხვადასხვანაირად უელავთ თვალები და ეჭმუხნებათ ცხვირები, სხვადასხვანაირად ეჩხვლიტებათ ლოყები და სხვადასხვანაირი სიცილის ხმა, მილიონობით პატარა ზარის რეკვასავით გაისმის, სულზე ნაკადულივით გადადის ეს საოცარი მუსიკა და მე ისინი მიყვარს, მე ყოველ ღამით შორიდან მესმის სიცილების ამ შეუდარებელი ორკესტრის ხმა და მაძლებინებს, ღამეებს მაძლებინებს, მე ხომ მხოლოდ გულით ვხედავ, რადგან მეწვის დაბინდული თვალები.
ღამეები შემზიზღდა, რადგან ყოველ ღამით თითო ფურცელს ვატან გაბერილ მუხლუხოებს, ყოველ ღამით ვუყურებ  როგორ გადადიან ღრუბელი მთავრეზე და სერავენ, ვგრძნობ მთავრე ოხრავს და თითქოს სამგლოვიარო სიმღერას მღერის ისე კვნესის და მეც ასე გაძლება მიჭირს და ვყვირივარ -მასწავლეთ როგორ მოვკვდე!!!, მასწავლეთ როგორ მოვკვდე, ვყვირივარ მთელი ღამე და
მერე როცა თენდება, და როცა ცა ისევ ლურჯდება, როცა ქვიშა ოქროსფრად იელვებს, როცა ვიცი, რომ ზღვაში უდარდელად დაცურავენ პატარა თევზები, ციდან ჯერ უსუსური მზე მეპრანჭება და სამყაროს თავიდან მაყვარებს, მანანებს იმ უგუნურ შეხლა შემოხლას ამ საქმიანად ჩაფიქრებულ კეთილ დამიანებთან რომ გავმართე, როცა მომგლიჯეს. დილაობით მათ არ ვამტყუნებ, ვიცი, რომ სიცოცხლის წესია ასეთი, არსებობის კანონი, რომ გჭირდებოდეს მხოლოდ ის, რაც გადაგარჩენს, რომ მილიონი გადაუთელავთ ჩემნაირი ყვავილი, რადგან არ სცალიათ მცენარეებზე დაკვირვებისთვის, რომ მათ ჩემზე მეტაც უჭირთ ამ შუშის საუკუნეში და გულს მიღრღნის, სულს მიწიწკნის ჩემივე ხმა, ყველაზე საშინელი სიტყვა რომ დაიყვირა გამწარებულმა, როცა მომისროლეს, ყველაზე ულამაზო სიტყვა - "დამპლებო", და თან სიმწრისგან რომ დავიკვნიტე ტუჩები. იქნებ სადმე, ვინმემ გასწავლოს საკუთარი თავის პატიების რეცეპტი და გამომიგზავნო. დამპალი ხომ ჩემი ფესვებია, ჩემი უმაქნისი ფესვები. არ ვიცი, თუ ადამიანებს გულით ხედავს ვასწავლი იქნებ თავი გადავირჩინო.

                    ........................................
          - იცი? გუშინ რეზომ ჩიტი გაიტანა მანაქანით
                        ......................

მაგრამ რა შემიძლია ყვავილს, უფრო სწორად - ყვავილყოფილს, ახლა უკვე ნაგვადქცეულ, ერთფეროვან ნეშომპალას, რომელსაც ყოველდილით უყვარდება სამყარო და ადამიანები, საღამომდე ანუ მანამდე სანამ ხელახლა დაიწყება ქაოსი, სანამ გაბოროტებული მზე წვეტიანი სხივებით დახეთქავს ქათქათა ღრუბლბს, სანამ ოკეანეებში ლიფსიტებს ვეშაპები გადაყლაპავენ, სანამ ზღვა ვინმეს დაახრჩობს, სანამ გეძახი - დაბრუნდიიი, შენი პლანეტა დალაგდა, გადარჩა!
და მეც ყოველ დილით მჯერა, რომ გადავრჩები და სანამ უპატრონოდ დარჩენილი მოქმედი ვულკანი ამოიფრქვევა მოვასწრებ ჩემი ერთადერთი ოცნების ასრულებას: ვიქირავებ ერთერთ მომცრო პლანეტას და უსარგებლო ნივთებით მოვრთავ, ძველ ჩუქურთმებიან კარადას და სწორხაზოვან თაროებს უინტერესო წიგნებით გამოვტენი, ეს იქნება იმედგაცრუებული პროფესორების პლანეტა. ისინი ყოველდღე შემოუსხდებიან ჩვეულებრივ გრძელ და მართკუთხედ მაგიდას და თავიანთ წარუმატებელ თეორიებს განიხილავენ, მათ არ დასჭირდებათ საკვები, ისინი ერთმანეთის შექებით ისაზრდოვებენ. მე კი ყოველ დილით ჩვეულებრივ ფურცლისფერ რვეულებს დავურიგებ მათ და უიმედოდ წაგრძელებულ კისერზე ხის ძველი სათამაშოსავით მოქანავე ჭაღარა თავებს დავუკოცნი. საღამოობით ჩავიბარებ გავსებულ რვეულებს და სიამოვნებით წავიკითხავ მათ უსარგებლო იდეებს, მერე რა, რომ ზუსტად მეცოდინება ამ იდეების აფსურდულობა, სამაგიეროდ ინტერესით დავაკვირდები, როგორ თანდათანობით გაქრება მათი გამომეტყველებიდან დარდი და უიმედობა, მათ თვალებში რომ ჩაგუბდა, როცა მათი არსებობის უსარგებლობაში დაარწმუნეს, როცა მათ ანთებულ და იმედიან თვალებს დამცინავი სიცილი და გესლი შეაგებეს, ეს იქნება ჯილდო ჩემთვის, სამყაროში ყველაზე უსარგებლო პლანეტის შექმნისთვის.
და მე ეს მაკმაყოფილებს და მჯერა, მოვასწრებ, ჩემი ოცნების ასრულებას, მოვასწრებ, ოღონდ ჯერ ადგილი უნდა მოვძებნო. უნდა მოვასწრო, თორე აქ ისევ ყვეაფერი ირევა, თავიდან იწყება, ისევ სიძულვილის ვულკანი იფრქვევა. ვერავინ იცლის ვულკანების გასაწმენდად, ყველანი მნიშვნელოვანი საქმეებით არიან დაკავებული, და ვულკანები შიგნიდან ფეთქავენ, ღელავენ და ვერც ვამჩნევთ ისე აფრქვევენ ტანჯვას და შხამს და ბოროტებას და დარდს, სულ ასე იქნება ვიდრე ადამიანები დაიჯერებენ, რომ "მხოლოდ გული ხედავს", ვიდრე ადამიანები გეომეტრიული ფორმებით ფასდებიან, ვიდრე ადამიანები ტალახიანი ხელებით აშენებენ სახლებს, ვიდრე ადამიანები არ გაიხსენებენ, რომ ერთ დროს ნათლის სამოსელით ბრწყინავდნენ, ვიდრე ადამიანები ღმერთთან დასაახლოებლად რქის ფორმის გვირგვინს იდგამენ თავზე და მბრძანებლობენ: მეფეები ხალხებზე, დიდები პატარებზე, მდიდრები ღარიბებზე, მუხლუხოები ყვავილებზე
და მერე ამინდი ისევ იცვლება, ისევ ირევა, ისევ ომები იწყება. და ისევ გეძახი დაბრუნდი, რადგან აქ უკვე ომია. აქ ისევ ნერვების მსოფლიო ომია. ანთებულ პლანეტებს მშვიდობა მოპარე. ვარდისფერ თავშლაში ჩაყარე და მაგრად გაკვანძე, გზადაგზა რომ არ დაგეპნეს და ეს მშვიდობის თავსაბურავი სახლში შემოსვლამდე შენივე პლანეტას გადააფარე.

ვამთავრებ წერილს და პეპლებს შენთან მოკითხვას ვატან.
შენი
მოშინაურებული ყვავილი.
ასტეროიდი ბ612, ნაგავსაყრელი მოქმედ ვულკანთან.

პ.ს. გთხოვ, შემირჩიე პლანეტა ჩემი პროფესორებისთვის


............
- იცი? გუშინ ტბაზე რომ მივდიოდით რეზოს მანქანას ჩიტი შეუვარდა ბორბლებში.
  ნათიამ თქვა იქნებ შვილებისთვის ჭიების მოსაძებნად იყო წამოსულიო.
- მერე?
- არაფერი. გაიცინეს ბიჭებმა.






კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს