ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირინკა
ჟანრი: პოეზია
24 ნოემბერი, 2009


უფრო სავსე შენით...

დროის ნებიერა გახდა ჩემს ჯინაზე
თითქოს ზამთარი და ქარიც შოლტის ცემით
დადის...თითებს ვითბობ ყავის ცხელ ფინჯანზე,
გზა კი უამინდო გველის, მეტად ვრცელი...

სანამ ჩემს სარკმელთან ჩავანაცვლებ მერცხლებს,
ყინვით ფეხებდამზრალ ბეღურებს და როცა
გაზაფხული კედლებს შეუმშრალებს ცრემლებს,
სულ სხვა შეგრძნებებით მზეს დავუწყებთ მოცდას...

ახლა, ოთახია უფრო სავსე შენით,
მესმის, ღრუბლებს მიღმა, მთვარე როგორ ბოდავს,
თვალებს შეეყარა უცნაური სენი,
გულის ხმაზე ქმნიან სატრფიალო "ოდას".

თუმცა, შოლტის ცემით გარეთ დადის ქარი,
დროის ნებიერა გახდა ჩემს ჯინაზე,
სანამ ამინდებში ფესვს გაიდგამს დარი,
ტუჩით ფიქრებს ვალხვობ ყავის ცხელ ფინჯანზე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლილიტი_ ვულოცავთ დაბადების დღეს