ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გოგონა
ჟანრი: პროზა
10 იანვარი, 2010


სიზმრად დედასთან

  დედა, დედა! შენ ნუ, ნუ ნერვიულობ, ნუ განიცდი, თავს ნუ იდანაშაულებ. შენი ბრალი ხომ არაფერი არის გარდა იმისა, რომ გამაჩინე და მერე გამზარდე. შენ ნუ იფიქრებ რომ ყურადღება მომაკელი, ან სითბო ან ზრუნვა. ან რაიმეთი დამტვირთე. არა დე!
ეს მე აღმოვჩნდი სუსტი და მშიშარა – თავი გამოვიდე სიმამაცაზე სიკვდილის წინაშე და სულ დამავიწყდა რომ ამის გამო, ღმერთი მხარზე ხელს არ მომითათუნებდა. მართლა არ მიფიქრია მერეზე. არც მაგქვეყნიურზე და არც ამქვეყნიურზე. უბრალოდ... იცი რა მოხდა? ვიგრძენი რომ დავიღალე, მომბეზრდა და მეზარებოდა. ჩემს თავს ავყევი და... თუ გაინტერესებს და ისეც, რომ იცოდე, არ მტკენია. ვიცი რომ შენ გეტკინა, ვიცი რომ ბევრს გეტკინათ და მიკვირს – რატომ? კარგი არავისთვის გამიკეთებია, არც მდომებია. განსაკუთრებული ყურადღებით და მოსიყვარულეობით არ გამოვირჩეოდი, არაფერზე ვზრუნავდი, არაფერს ვგეგმავდი, წინდაუხედავი, უპასუხისმგებლო, 1 წამის ადამიანი ვიყავი, არავინ მიყვარდა და არავის ვუბრთხილდებოდი, მარტო ჩემი თავისთვის ვიყავი და ეგეც არ...
შენი ნაწილი რომ ვიყავი იმიტომ გტკივა ნეტავ? მოგლეჯილი ნაწილი არ ვარ მერე? წამებით, ტკივილით და ლამის სიკვდილით მოგლეჯილი.
კარგი! შენს საქმეში არ ჩავერევი.
  არა რა! ნეტა იცოდე მეზობლები რეებს ლაპარაკობენ. შენი ამბავი რომ ვიცი, გაბრაზდებოდი, მე კიდევ მეცინება. რამხელა უნარი აქვთ ფანტაზიის და როგორ არ ეზარებათ ამსიგრძე ენის წაღმა-უკუღმა ტრიალი. რა გასაოცარ სამსახიობო ხელოვნებას ფლობენ.!? სამძიმარზე რომ შემოდიან, ლამის ავქვითინდე, მერე მახსენდება რომ ეგ მასკარადი მე მეძღვნება და ვმშვიდდები, თავი ხელში ამყავს, როგორც იტყვიან. ისე, კი აპირებენ მოხმარებას რაღაცეებში. ვერ დაუკარგავ, გვერდში შემოდგომა იციან. უბრალოდ ეგ სიყალბე აქ წამოსულსაც კი მტანჯავს.
მშიშარა არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ ბოლო პერიოდში განსაკუთრებულად ფრთხილი გავხდი და ჩემი თავი შიშზეც დავიჭირე. რისი მეშინოდა? წარმოდგენა არ მაქვს. აი... ყველაფრის. ჩემი ქცევების და მათი შემობრუნების, ჩემი ფიქრების და მათი შემობრუნების, ჩემი არაფრისმაქნისობის, ჩემი უსაფუძვლობის, არშემდგარობის, ბურუსის, გაურკვევლობის, დაულაგებლობის, ო ბ ო ბ ი ს ქსელების. იცი როგორ შემეშინდა? სული მიზრიალებდა, მუხლები კი არა, ძვლები მიკანკალებდა, შიშისგან თვალები გაფართოებული მქონდა. შემეშინდა იმის, რომ ვაკვირდებოდი ცხოვრებას, მაგრამ არა ჩემსას, ზოგადად. ვხსნისიდი სხვების ქცევებს, ჩემსას არა... მე ვითომ შეუცდომელი ვიყავი? თუ რა მეგონა? კი, ვისწავლე რაღაცეები, მივეჩვიე რაღაცეებს, რაღაცეებს გადავეჩვიე, ასე თუ ისე გავუგე, ნუ ვეცადე მაინც... მაგრამ, ჩემს ცხოვრებას რატომ არ ვუკვირდებოდი არ ვიცი. იცი, შევეცადე, მართლა შევეცადე შეცვლას, ნელ-ნელა ყველაფერს გამოვცვლიდი ცუდს და ახალი კარგით შევავსებდი, შევუთავსებდი, მოვაწყობდი, გავამშვენებდი, მაგრამ მარტოს დამეზარა. არავინ ჩანდა ირგვლივ და ის უფრო ცუდი იყო – არ ვიცოდი ვინ მინდოდა ან რას მოვითხოვდი. ისე ძალიან მინდოდა ვინმე მოსულიყო და ჩემს მისახვედრს მიმხვდარიყო...
მაგრამ რავიცი, რავიცი. მეცლია ცოტახანს არა?! ვინ არ დაღლილა არა? სხვებმა რა ქნან, ჩემნაირად მოიქცნენ, არა? ვის არ გასჭირვებია არა? ჩემზე უარესადაც კი  არიან, არა? კი!! მაგრამ მე ხომ ჩემსას განვიცდიდი?! ჩემსას ვფიქრობდი და ჩემი მომბეზრდა. სხვამ თავისი იდარდოს და თუ უნდა ჩემნაირად მოიქცეს, თუ უნდა გაუძლოს და დაელოდოს ყვავილებიან მინდორზე შესვლას, სადაც სიფრიფანა პეპლები საუკუნეობით ცოცხლობენ. იმათ უთხარი, აუცილებლად უთხარი რომ შავ- თეთრი რეალურად არ არსებობს, ყველაფერი ფერადია. შავიც და თეთრიც ფერადია, მაგრამ ის შავ-თეთრი, რომელსაც განიცდიან ისევ ჩვენი შექმნილია, ისევ ჩვენი მეტი ვერგაქანების გამო. ფერადი არის გაშავ-თეთრებული, მხოლოდ იმიტომ, რომ გონებაში საკმარისი პიგმენტები არ გავქვს, მსგავს ფერადოვნებას ვერ წვდება სულჩაბერილი ხორცი. ვიწროა და ამ სივიწროვეში მსგავსი სილაღე ვერ ეტევა. მას ფართობი სჭირდება, სივერცე, გასაქანი უნდა. ამას მაშინ ცოტათი ვხვდებოდი, ეხლა აქედან... რომ გიყურებთ გული მიკვდება, ხასხასა ფერების ზვავი, ცუნამი გიდგათ სულის კარიბჭესთან და თქვენ... საიდან ასეთი სიმყარის ჯებირი? ასწავლეთ მშენებლებს და რამდენი კატასტროფა აღარ მოხდება ვინ იცის. იცით როგორ ხართ? გეცინებათ და პირს იკერავთ, გეცეკვებათ და თავს იბოჭავთ, გემღერებათ და იოგებს იცობთ, სირბილი გინდათ და ფეხებს იკოჭავთ. საკუთარ თავებს საკონცენტრაციო ბანაკის ტყვეებზე უარესად ტანჯავთ, აწამებთ და მერე, ამ ყველაფრის მერე, საყვედურის ფიქრები ღმერთთან. ღმერთმა რაღაAქნას? გაძლევთ და არ იღებთ. დაგაძალოთ? დაძალებული ყველაზე გემრიელი, ჰაეროვანი, ზომიერად ტკბილი ნამცხვარიც კი არ გვიყვარს და ის მოგვეწონება? თან იმას, იცი, მზადყოფნა სჭირდება.
ოო! რამდენი შეგიძლიათ თქვენ, ადამიანებო და რას აკეთებთ.
კარგი დე, ნუ ტირიხარ თქო ხომ გითხარი, რის გამოც შენ ტირიხარ, აგიხსენი რომ არ არის სატირალი და რა, ჩემი არ გჯერა? ეხლა მე შენზე მეტი ვიცი. ხედავ სად გაჯობე? გაგისწარი ყველაფერში.
ეხლა, 20 წუთში, ერთი მეზობელი მოვა. ჩემს ჩასასვენებელთან ჩამოჯდება და შენს დასანახად მუხლების ზელვას, ტანის ზედა ნაწილის ქანაობას დაიწყებს და ტირილსაც შეეცდება. სიტყვებით კი იტირებს, მაგრამ ცრემლები რა ვიცი... პანაშვიდისთვის შემოინახავს ალბათ. ჰოდა არ დაიჯერო დე! მაგრად კიდია. ეგ ჩემს დანახვაზე სულ ფიქრობდა, სად დადის ისეთ ადგილას, ერთი ნაცნობიც რომ ვერ ვიპოვეო. აზრზე ხარ? “KGB”  საბჭოთა კავშირს კი არა, ამას აქვს თუ აქვს. დაკრძალვის დღეს, შენზე უკეთესად ეცოდინება, ფული რამდენი გაქვს და რამდენი დაგჭირდება. რა მუღამი აქვს ჭირისუფალთან დაახლოებას არ ვიცი. სკოლიდან ჩემი დამრიგებელი თუ მოვა, უთხარი იმ თავის ახალ კლასს მაინც ნუ გაუშრობს სისხლს, შატალოებზე იარონ, ეგრე გადმოგცა თქო. გარეკავს საწყალი. სამაგიეროდ, გარანტიას გაძლევ, ორმაგად შეეცოდები – გაგიჟდა საბრალოო და მაგას ერთი კარგი ფსიქოლოგი ყავს ნაცნობი, იმასთან უფასო სეანსებს მოგიწყობს. ისე, გულიანი კია, ვინც უყვარს იმისთვის.
ერთი ბიჭი მოვა და შუბლზე კოცნას დამიპირებს, უფლება არ მისცე, ვერ ვიტან ეგეთებს.
გეხვეწები, ნურაფერს ჩამაყოლებ, ისედაც ვიწროდ ვარ.
ამინდები კარგი დაემთხვა. დამიჯერე. რუსთავი ორის პროგნოზს კი არ გეუბნები. ასე რომ, ეგ სადარდებელი მოგიხსენი.
ჩემი მეგობრები ძალიან დაგიდგებიან გვერდში და დაიყენე. კარგები არიან.
საღამოობით რაღაცეები გაიხსენეთ და მეც გამაცინეთ ხოლმე რა.
მოკლედ. დედა, არ იდარდო თქო ვერ გეტყვი. არნოლდი ხომ არ ხარ, შვარცნეგერი, მაგრამ შენი თავის დადანაშაულებას შეეშვი. ყველაფერი, ყველაფერი ჩემი ბრალია, ჩემი გადაწყვეტილებაა და მე ვაგებ პასუხს. ის გახსოვდეს, რაც არ გკლავს, გაძლიერებს. მე აქედან, რითაც შევძლებ, დაგეხმარები.. ოღონდ იმ წამოძახებებს არ ვართ: “რა ენაღვლება, დაიკრიფა გულზე ხელი და წევს მიწაში არხეინად.” მიწაში არხეინად წოლა მე არ გამიგია და მეორესერთი, მე მიწაში არ ვარ, მე ზემოთ ვარ. მანდ გიდევთ ძვლების ხორცშებმული კონსრუქცია, საადამიანოს აწ უკვე უსულო ექსპონატი..

უი, უი, რა დრო გასულა. მიდი, ადექი ეხლა, ის “KGB- ს დირექტორი”  მოდის და აბა შენ იცი, როგორც გითხარი ისე მოიქეცი.
არ დაითრგუნო. იმიტომ რომ, ერთ დღესაც, შევხვდებით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები