ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მახარია
ჟანრი: პოეზია
27 მარტი, 2010


ყინული

-მარტინი ყინულით?
-ყინულის გარეშე.
-ჰო, ცოტა არაყიც
და თხელი ნაჭერი
ლიმნის მიაკიდეთ ჭიქას
რომ გამომშრალ
ტუჩებზე არ შემრჩეს
ვინმესთვის სათქმელი
სიტყვები,
რომლისაც შენ ალბათ გჯეროდა,
ხორხიდან დაძრული ფერადი ფრაზები
იკარგებიან და საკუთარ ჩემოდანს
ერთხელაც გზისპირას ჩამოდებ,
დაჯდები
იქ, სადაც ორპირი ქარები მოდიან
და კარებს ურდულით ვერასდროს კეტავენ
საქსაფონს მკლავებზე უწევს მელოდია
ხანდახან ქალივით ირხევა,
მეკარე-
ბოლომდე გაღებულ ჭიშკართან
ნარჩენებს
აგროვებს ცხოვრების
და მერე კადრებად
იჭრება, ლაგდება და კინოჩვენება
იწყება იქ, სადაც წლები არ გაკლდება.
ეს მერე,
მანამდე
ტანსრულ ოფიციანტს
უკანა კარისკენ თვალებით ვანიშნებ
ეს მხოლოდ იმიტომ,
რომ მგონი მაციებს...
-მარტინი ყინულით?
-არა
მის გარეშე


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები