ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამუ
ჟანრი: პროზა
11 ივნისი, 2010


მიყვარხარ დედა.

თვალი გაახილე და ახდა ოცნება გენახა სამყარო, რომელიც ასე გაინტერესებდა და გიხმობდა თავის შეუცნობელ, სიხარულით თუ ტკივილით სავსე უსასრულობაში. მოინდომე და გადადგი ნაბიჯი იმ ნივთისაკენ, რომლისთვისაც გინდოდა უბრალოდ ხელი შეგეხო, დაელოდე შენს შიგნით, რომელიღაც ორგანოს ჩამოყალიბებას, რომ გეთქვა სიტყვა, რომლითაც იცოდი გააბედნიერებდი იმ ადამიანს, რომელიც შენთვის ასე ეწამა და თქვი კიდეც სიტყვა:
– დედა! –
მერე?... – მერე, თითქოს თავისით აეწყო ყველაფერი, შენი ბავშვური თვალებით, ყველაფერი ლამაზი და რატომღაც უზარმაზარი გეჩვენებოდა. სულ ცდილობდი მისთვის გეჩუქებინა სიხარული, იბრძოდი კიდეც ამისათვის, სულ ნატრობდი მალე გაზრდილიყავი და უფრო მეტად გაგეხარებინა ადამიანი, ვინც სიცოცხლე გაჩუქა. ცდილობდი…
მოვიდა დრო, რომელსაც ნატრობდი. ბევრსაც მიაღწიე. ცხოვრებაც მოიწყე და აი, აქ კი აღმოაჩინე, რომ რაღაც ისე არ არის, როგორც გინდოდა. თითქოს, რაღაც გბოჭავდა, გეთქვა მისთვის სიტყვა, რომელსაც სხვასთან ადვილად ამბობდი. ის კი ელოდა, ელოდა მოთმინებით. მძინარეს ჩუმად გეფერებოდა და გაუთავებლად ამბობდა სიტყვას, რომელიც გიჭირდა გეთქვა მისთვის:
– მიყვარხარ! –
  შემდეგ მოხდა ის, რისიც ყველაზე მეტად გეშინოდა, გაუცნობიერებლად გეშინოდა. ალბათ, რომ გცოდნოდა…
  საავადმყოფოს ჰოლში, თითქოს ბნელოდა და საშინლად ციოდა. ჩქარი, კაცური ნაბიჯით მიიწევდი წინ და მხოლოდ მასზე ფიქრობდი.  ოთახის კარი ფრთხილად შეაღე, საწოლზე იწვა ის, თითქოს, ძლივს იცანი. არადა სულ ცოტა დრო გასულიყო რაც არ გენახა. შორს იყავი და ამით იმართლებდი თავს. ის, თითქოს დაპატარავებულიყო, გალეულიყო, თვალები დაეხუჭა და გელოდა… მხოლოდ, შენ გელოდა. მიხვედი, გვერდით ჩამოჯექი. ძლივს გაბედე ხელი შეგეხო მისი ხელისთვის. მან თვალი გაახილა, გადმოგხედა. შენ ისევ ის ნაცნობი, დიდი სიყვარული დაინახე, მის ლოდინით სავსე თვალებში. თითქოს, რაღაცის თქმა უნდოდა. ბაგე შეერხა, მაგრამ…
დედა! – უსრულობას გასძახე შენ.
თვალიდან მოწყვეტილი ცრემლი, მძიმეთ დაეცა გაყინულ ხელს.
– მიყვარხარ! დედა! – იყვირე და გულში რაღაც ჩაგწყდა… მიხვდი, რომ დააგვიანე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები