ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: gugua
ჟანრი: პროზა
5 ივლისი, 2010


დედის თვალგატანებული

         
(ვრცელი პასუხი ქალბატონ თამარ ბუკიას)

            თამარ ბუკია – შენ კიდე, რავა სულ წნორში დარბიხარ? ჩემნაიროოო!
            გიორგი ალავერდაშვილი – ძვირფასო თამარ! გუშინ კი გიპასუხე მოკლედ, მაგრამ ახლა შევეცდები, ცოტა განვავრცო: შაბათს, დილით, „ურაკპარაკზე“ შატილიონის (ელდარ ჭიჭიაშვილი) ლექსი „ქება ახმეტას“  წავიკითხე. ასეთი კომენტარიც დავუტოვე: „საათნახევარში კახეთისკენ გავწევ. ამ ლექსმა გული გამითბო! ვიცი ეს სითბო მალე თაკარა მზეში გადაიზრდება! ვიცი და ამიტომაც მიმიხარია! გაიხარე ელდარ!“.
            მართლაც, საათნახევარში უკვე სამარშრუტო ტაქსში ვიჯექი და წნორისკენ მივიჩქაროდი. გზაში კიდევ არაფერი, ფანჯრებიდან ცხელი ქარი მაინც უბერავდა... მაგრამ წნორში რომ შევედით, თითქოს გავარვარებულ ქვაბში მოვხვდი... ჩამწკრივებულ ტაქსებს გვერდი ავუარე და ფეხით დავადექი გზას, რადგან ბიძაჩემთანაც უნდა შემევლო (დიდ სამამულო ომში დაკარგული მეორე ბიძის სურათები მქონდა წამოღებული დასასკანირებლად და უნდა დამებრუნებინა). დიდხანს არ გავჩერებულვარ, ვიცოდი რომ დედა ჭიშკართან იჯდებოდა ჩემს მოლოდინში გზისკენ მომზირალი.
          „ბოლო წყალს“ გამოვცდი, წინ „ყვავიაანთ წყალი“ მელოდება... ისეთი ხვატი დგას, რომ სახეზე ოფლი წურწურით ჩამომდის... წესიერად გზასაც კი ვეღარ ვხედავ... უცებ ერთ-ერთი ორღობიდან უცნაურად ჩაცმული ხალხის ნაკადი ამოიზლაზნა და მთავარ გზაზე ორივე მხარეს გაიშალა... უცნაურად ჩაცმული კი იმიტომ მომეჩვენა, რომ უმრავლესობა თეთრ ტანსაცმელში იყვნენ გამოწყობილები: ქალბატონები – ხაზგასმულად გადაპრანჭულები, მამაკაცები – შავი შარვლებით, თეთრი პერანგებით და კისერში მაგრად გაჭერილი თეთრი ჰალსტუხებით. რატომღაც თებგიზ აბულაძის ფილმი „ვედრება“ გამახსენდა, მიცვალებულთა კადრშენელებული მსვლელობით... მზის დაკვრა ხომ არ მივიღე-თქო? გავიფიქრე...
          „ყვავიაანთ წყალზე“ ბირჟაზე მსხდომ ბიჭებს ვეკითხები – ვინ არიან, საიდან მოდიან ან საით მიდიან-თქო? – ვერა ხვდები? იეღოველები არიანო! – ვაი მაგათ პატრონს, ერთი სული მაქვს სახლამდე მივაღწიო რომ ყველაფერი ვიშვლიპო და ეს კისერში გაჭერილი თეთრი გალსტუკები რაღაა-თქო? – რას ამბობ, კონგრესი ჰქონდათ და გალსტუკების გარეშე რაღა კონგრესი ექნებოდათო...
მართლაცდა, ვაი ჩვენ! ამათ გამო გასწირა თავი კახეთის წმინდა დედოფალმა?...

          დედა მართლაც ჭიშკართან მელოდებოდა! ცოტა რომ მოვშინაურდი და სული მოვითქვი, ვისადილე და ეზოში გამოვედი. წინა ჩამოსვლაზე გათიბული ბალახი კარგად გამშრალიყო. ერთად მოვაგროვე და ცეცხლი მოვუკიდე. კახეთის თაკარა სიცხეს ესღა აკლდა და წავიდა შავი კვამლი ცაში...
          საღამოს პირზე ჭიშკრის მეორე მხარეს წყაროზე გადავედი მოსასულიერებლად. ხელ-პირი კარგად დავიბანე, მერე წყალს შევეშვირე და სიამოვნებისაგან ვფრუტუნებდი... ღობის მეორე მხრიდან რაღაც ჩურჩული გავიგონე და გადავიხედე. 5-6 წლის ბავშვები ისხდნენ გაყურსულები...
          – უუჰო, ერთხმად ამოიძახეს – მგელი გვეგონეო! შავი და ბანჯგვლიანი კი ვიყავი, მაგრამ შორტებიანი მგელი სად ენახათ ნეტავ? ხმამაღლა კი ვთქვი – მე კი დათვის ბელები მეგონეთ და მეც შემეშინდა-თქო... დათვის ბელებიო? ამაზე ხომ გადაბჟირდნენ სიცილით და საბოლოოდ მოილხინეს!
          მეორე დღეს, გამომშვიდობებისას, დედამ თვალი შეავლო ჩემს ნახევრად ცარიელ ჩანთას (უნდა რომ მთელი სახლი თავის ეზოიანად ჩამიდოს და გამომატანოს), თან მეუბნება, თბილისიდან სავსე ჩამოდიხარ, აქედან კი აბა, რა მიგაქვსო? სამაგიეროდ დედის თვალს გაგატონო! – ეგ რაღას ნიშნავს-თქო? ვკითხე.
        – რას ნიშნავს და, ჭიშკართან რომ დავჯდები, სანამ თვალს არ მიეფარები, იქამდე გიყურებ, დედის თვალის გატანებაც ეგ არისო!

        * * *
        აი, ამის გამო დავრბივარ წნორში ჩემო თამარ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები