ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დებორა
ჟანრი: პოეზია
14 სექტემბერი, 2010


საახლობლონი (ახალი ვერსია)

***
ნუ უხმობ მამას თავგამეტებით.
მას ხომ თვითონვე ეშინია,
არ მიატოვონ.

***
დედაჩემს მოარგეს სხვისი ფეხსაცმელი.
დედაჩემის კაბა სხვას ერგო,
მე - სიჩუმე.

***
როცა სიკვდილმა ჩამოიარა.
ბაბოჩემი მატყლსა პენტავდა,
საპენტელი  ბალახში დარჩა.

***
ჩიბუხს ჩაბერა,
მერე მუხლზე დაიბერტყა.
ცას პაპაჩემის დარდის ღრუბელიც აემატება.

***
და:
შინ  - ვერაგი,
გარეთ -  ქომაგი.

***
ძმა - გალავნის კარი
უგალავნო ეზოს წინ.
ნაშალ ყორეს კი რახანია ხავსი ედება.

***
მამიდამ თონე გაახურა.
ობოლს შეერგოს კუტი პური,
მარილიანი.

***
ძალუამ ჭანჭური მომიკითხა.
შავი თავშალი ჭაღარაზე გადაუცურდა.
ძიაჩემი ?! - ქორწინების სურათით ვიცი.

***
დედინაცვალმა რა იცოდა,
რომ დამალული მქონდა ხოლმე
წინასწარვე დარჩეული ფეტვის მარცვალი!

ვინც ზღაპარგარეთ დარჩენილა ჩიტის იმედად,
ბრალი იმისი!
დარჩეულსაც აუკენკავენ.

***
მეზობელმა ღობე ჩვენკენ გადმოსწია.
ჩვენს ძველ ლეღვამდე
ხელს კი არა, ჯოხსაც ვერ ვაწვდენთ.

***
მეგობარი -
მუდამ ერთგული,
გვერდით მდგომი ... თავისი თავის.

***
ნათლულმა კელაპტარი დამინთო.
ჭირისუფლები დაიღალნენ.
- დრო არის?
- დროა!

***
გამვლელმა ჩემს ქვაზე ჩამოისვენა.
გზა კი მიდის ალაგამდე
შეუსვენებლად.

***
შენ? - მადლობა გაძლებისათვის!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები