ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თაკა სელეპანიშვილი
ჟანრი: პოეზია
29 დეკემბერი, 2010


დეკემბერი

მე რომ წავალ

სულ ცოტაც და გადმოვა
მოთმინება გულიდან.
განა ეგ გედარდება?!
დღეს ვაუქმებთ სამყაროს...

მაშინ როცა განცდები
გაგვიძარცვეს სრულიად,
ცარიელი დავრჩით და
ვფიქრობთ თავი ვახალოთ
(ქვას),

ან სულაც ერთმანეთს,
გავუცვალოთ განწყობა.
მონაცრისფრო მზეების -
- სითბო იქნებ ვიკმაროთ.

ცხოვრებაში ყოველთვის
მთავარია ბავშვობა,
მერე როცა ვიზრდებით,
ვცდილობთ გამოვიცვალოთ.

ვსაყვედურობთ გაფრენილ
წამებსა თუ ოცნებებს,
მოვიგონეთ ძაძებში
გახვეული სამყარო.

მერე ღმერთსაც ვივიწყებთ,
ვეუბნებით: მოგვძებნე,
დაგვიძახე უფალო,
თუკი მართლა აქ ხარო...

...
ვერდამხვდარი სიკეთე 
ალბათ ქარმა წაგვართვა...
დღეს ღრუბლებიც უთუოდ,
დაუკრავენ არიებს.

თითქოს უნდა გათენდეს,
მაგრამ ახლა დაღამდა...

მე რომ წავალ,
შენ, ჩემი -
- ლექსები მაპატიე!




დეკემბერი

დეკემბრის ცაზე თეთრი ხაზებით რეისებს ვითვლი.
ჩემს ხელის გულებს დაემართათ ტახიკარდია...
თუ რამ შევცოდე,არ შემრჩა და დღითი–დღე ვიმკი.
სადღაც კი უფლის შესაწირად ისევ ანთია,
სანთელი და  შენ მუხლზე დგახარ –
ლოცულობ ვინმეს, ისევ ასე ძლიერ უყვარდე.
მე ღიმილები მოგპარე და თვალებით დამაქვს.
ჩემი ოცნება ცამდე უშვებს ხის დირიჟაბლებს.



"დიალოგი"

-მე ვიცი, რა ფერი აქვს ჩვენს თავისუფლებას.
პატარა ოთახს,ჭიქა ყავას,
ნაცრისფერ კედლებს.
და მაღალ მკერდზე
აშლილ შენს სუნთქვას.
მუხის კონიაკს
პატარა სურით.

-შენ იცი,როგორ ძლიერ მტკიოდი მერე..
ოთხი კედლით და
საძილე აბით,
შეშლილი მზერით.
და უშენობით გამაძღარი ფარსი განცდებით,
როცა ჩემივე შენგან წასვლას არ ჰქონდა ბოლო,
მე კი თვალები აგარიდე,მუხლზე დავეცი
უფალთან,
რომლის რწმენას არ ჰქონდა ბოლო,
უფალთან,
რომლის რწმენას არ ჰქონდა აზრი,
დავეცი,
დაგენახა რომ ბოლო–ბოლო
არაფერი არ გამაჩნდა გრძნობების ფასი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები