ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თაკა სელეპანიშვილი
ჟანრი: პოეზია
14 მარტი, 2011


13 სადგური დანიშნულების ადგილამდე

მოდი, ავითვალოთ ჩვენს შორის ნაბიჯები.
ბოლო ნაბიჯი – ნაღმ საშიშია,ნერვზე ვაბიჯებთ...
და თუ მაინც გადავურჩებით იმ აფეთქებას,
ნუშის ყვავილივით უეცარ ნაყოფს
მოგახლიან ჩემი ტუჩები..
და რა იქნებოდა,რომ არ მეპოვნე
იმ სუსხიან საღამოს - წვიმიან ნოემბერში,
სევდისფერი რომ ემოსა თბილისს
და სადგურისკენ აპარებდა
ფიფქმომდგარ მზერას?!

ვით თებერვალში ხეში –  წყალი,
დუმილი ჩადგა ახლა ჩვენში და
ვეღარ ვგრძნობთ თვალებს..
ვეღარ ვხედავთ, უკვე,
თოვლისაგან დაფარულ ტკივილს..
დღეს ფიფქები ააკრა  –
ზეცამ მარადმწვანე ცხოვრების დრამებს..
იქნება დროა,
რომ ჩვენ თავებს დავარქვათ რამე..
მე პირობითად – ხე ვიქნები,იყავი წყალი.
ანუ მარტივად ადექი და ჩადექი ჩემში..

იქამდე სანამ, თბილისის ხეები –
– ჩითის კაბებს შემოიცვამენ,
იქამდე სანამ, მზეებ ანთებულ ქალაქში,
დაბრუნდება – ჩვენი რელსს ამცდარი
მატარებელი..
ეს სამყარო, ხომ
ზედმეტად დიდია – ორისათვის.
ზედმეტად პატარაა სივრცე –
– ათვლის წერტილიდან – რუკაზე
წერტილებად ასახულ სადგურებამდე ...

საოცრად ნელი სვლით დადიან
სითბონაკლული თებერვლის ღამეები.
მარტის სიგიჟესთან მიახლების ეშინიათ,
მი ახ ლო ვე ბის..
მოდი,ავითვალოთ ჩვენს შორის ნაბიჯები.
მე არ წამოვალ შენსკენ,
წელში გავსწორდები
და რხევის იმიტაციით,
გაიძულებ,
თავად გააკეთო ყველა სვლა..

და ბოლო ნაბიჯი
თუ მართლაც ნაღმ საშიში აღმოჩნდება,
საკუთარი ფეხსაცმლის ძირებს –
მიახატე შენივე ნერვები.
ფეხის მარტივი მოძრაობით.
თუნდაც, აფეთქდე!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები